Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    507
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ინფორმაცია ირმა ბერიშვილი

  • დაბადების დღე 01/27/1972

Profile Information

  • Gender
    Female

უკანასკნელი ვიზიტი პროფილზე

12.304 profile views

ირმა ბერიშვილი'ის მიღწევები

  1. გლდანის დიდი ტბის გადასარჩენად აქტიური ბრძოლა მოქალაქეებმა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს, მაშინ, როცა მისი გაქრობის საფრთხე თვალსაჩინო გახდა და ერთ დროს გლდანელთა (და არა მარტო გლდანელთა) საუკეთესო დასასვენებელი ადგილი ჭაობად და ანტისანიტარიის წყაროდ იქცა. დაინტერესებულმა პირებმა ტბის გადასარჩენად საპროტესტო აქციების და სხადასხვა აქტივობის მეშვეობით სცადეს, ხმა ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურამდეც მიეწვდინათ. პარალელურად, საკუთარი ძალებით დაიწყეს იმ მიზეზების მოკვლევა, რამაც ტბა ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა. გაირკვა, რომ 2012 წელს შემოვლითი რკინიგზის ტრანშეის გაყვანისას ტბის მკვებავი სანიაღვრე არხები დაზიანდა, მას წყლის რესურსი მოაკლდა და შრობა დაიწყო. ასევე, აღმოჩნდა, რომ ტბა და მიმდებარე ტერიტორია იყო დანაწევრებული, გაყიდული და მას სამი მესაკუთრე ჰყავდა. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ის ფლობდა მხოლოდ ფსკერს, წყალი მას არ ეკუთვნოდა და შესაბამისად, არც მასზე პასუხისმგებლობასაც იღებდა. როგორც მოძიებული მასალებიდან ირკვევა, 2006 წელს გლდანის თემის საკრებულომ, ორი დეპუტატის (ელგანდარაშვილი, ყირიმელი) მოხსენების საფუძველზე, დაადგინა, რომ ტბა იყო ხელოვნური წარმოშობის ტბორი და განეკუთვნებოდა სახნავ-სათესი მიწის კატეგორიას. დადგენილებას მცხეთის გამგეობაც დაეთანხმა და ამ ცნობების საფუძველზე, გლდანის ბუნებრივ ტბას სტატუსი შეუცვალეს, ის დაარეგისტრირეს, როგორც სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. ამ გადაწყვეტილებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, ტბის ტერიტორია გლდანის მაცხოვრებელმა გია აბუაშვილმა სწორედ სახნავ-სათესი მიწის სტატუსით, დაახლოებით, 3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად იყიდა. ორი წლის შემდეგ, 2008 წელს ხსენებული ფართობი აბუაშვილისგან იგივე თანხად (ყოველ შემთხვევაში, მათ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი 5960 ლარი) უკვე მოქალაქე ნატალია კვანტალიანზე გასხვისდა. ის, რომ გლდანის დიდი ტბა არა ხელოვნური ტბორი, არამედ ბუნებრივი ტბა იყო, კარტოგრაფიის მასალებიდან ნათლად ჩანს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებითაც დასტურდება. მისი ფართობი გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, დაახლოებით, 3 ჰექტარს შეადგენდა. ტერიტორიის ამჟამინდელი ოფიციალური მფლობელი ნატალია კვანტალიანი, ჟურნალისტებთან საუბარში, ტბის ხელოვნურობის დამამტკიცებელ ფაქტად წყალში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძის არსებობასაც ასახელებს, მაგრამ როგორც ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, თავიდან ტბას შდარებით ნაკლები ფართობი ეკავა და ანძა მის ნაპირზე სწორედ იმ დროს დაამონტაჟეს. შემდეგ კი, მიწისქვეშა და ჩამდინარე წ####ბის მეშვეობით, ტბის საფარმა მოიმატა, რაც მის ბუნებრივ წარმოშობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა წლების აეროსურათების დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაციდან ჩანს, რომ ტბა სტაბილურ მდგომარეობას 2015 წლამდე ინარჩუნებდა, შემდეგ კი მისმა ზედაპირმა თანდათან კლება დაიწყო. 2022-23 წლებში ეს პროცესი იმდენად დაჩქარდა და ვითარება იმდენად სავალალო გახდა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და ტბის გადასარჩენად მოსახლეობამ აქტიური მოქმედებები დაიწყო. შეიქმნა ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებმაც არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტომდე მიიტანეს და მათგან ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვეს. ტბის აღდგენის მოთხოვნით შეგროვდა ხელმოწერები და დაეგზავნა იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელსაც ამ განცხადებაზე რეაგირება ევალებოდა. ასევე, საინიციატივო ჯგუფმა მოიპოვა ყველა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ტბა ნამდვილად ბუნებრივი წარმოშობისაა და ძველი თუ მოქმედი კანონით მისი გაყიდვა დანაშაული იყო. მოქალაქეების მიერ გამართული აქციების და არაერთი მიმართვის შემდეგ, საქმეში თბილისის მერია ჩაერთო და ტბის მდგომარეობის მოკვლევაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია ,,გამა კონსალტინგმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თებერვლის ბოლომდე უნდა მოეძიებინა ოპტიმალური ვარიანტები, თუ როგორ უნდა მოხდეს ტბის შევსება და გაჯანსაღება, თუმცა, ზამთრის პერიოდში ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ,,გამა კონსალტინგმა“ გადაწყვიტა, კვლევისათვის კიდევ ორი თვე დაიმატოს. ორგანიზაციის განცხადებით, შემკრები არხების სწორად დასაპროექტებლად, საგაზაფხულო პერიოდი უფრო ხელსაყრელია, რადგან საშუალება ექნებათ, წყაროებს, გრუნტის წ####ბს, მათ მარშუტს, ასევე, ტბის დონის მატების დინამიკას უხვი ნალექების ფონზე დააკვირდნენ. რაც შეეხება მოკვლევის პირველ ნაწილს, ,,გამა კონსალტინგმა“ იანვრის დასაწყისში გამოკვეთა ტბის შევსების რამდენიმე გზა, რომელთაგან ყველაზე სავარაუდოა კომბინირებული ანუ ბუნებრივი (სანიაღვრე არხების გამართვა) და ხელოვნური გზა (ჟინვალიდან მომავალი ბოდორნა-ღრმაღელის არხიდან საჭიროებისამებრ ტბის შევსება). როგორც ცნობილია, ხელოვნური გზის უზრუნველსაყოფად თბილისის მერიამ განცხადებით უკვე მიმართა კომპანია ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს,“ რათა ჟინვალის არხში გამავალი წყლის იმ ნაწილის შესყიდვა შეძლონ, რაც ტბის აღდგენისთვის იქნება საჭირო. კვლევის საბოლოო შედეგებს აღნიშნული კომპანია 20 აპრილისთვის დადებს და ამის შემდეგ გაირკვევა, ტბის გადარჩენის რა სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას აირჩევს სახელმწიფო. მანამდე კი, იმის გასაგებად, გამოიკვეთა თუ არა ტბის გადარჩენის პერსპექტიული გზები ამ ეტაპისთვის, რა წინასწარი დასკვნები გაკეთდა, ენდობიან თუ არა მერიის მიერ დაქირავებულ ,,გამა კონსალტინგს“ და რამდენად მონაწილეობს ,,საქართველოს რკინიგზა“ ტბის აღდგენის სამუშაოებში, ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრს, ჟურნალისტ მედეა გოგსაძეს ვესაუბრეთ. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პირადად ესაუბრა ,,გამა კონსალტინგის“ ხელმძღვანელ ზურაბ მგალობლიშვილს, რომელმაც მოკვლევის საფუძველზე ტბის დაშრობის მიზეზები დაასახელა. ეს არის: შემოვლითი რკინიგზის გაყვანა და გარკვეულწილად, სანიაღვრე ტრასაზე საცხოვრებელი სახლების აშენებაც. თუმცა, მისი თქმით, ზიანის მეტი წილი მაინც შემოვლითი რკინიგზის ტრანშეაზე მოდის. რაც შეეხება რკინიგზის დეპარტამენტს, გოგსაძე ამბობს, რომ კოლექტიური განცხადებით მათ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიმართეს და მოითხოვეს, გარკვეული სახით მონაწილეობა მიეღოთ მიყენებული ზიანის გამოსწორების პროცესში. მედეა გოგსაძე: დეპარტამენტისგან ვითხოვდით, ტბის აღდგენის პროცესში როგორც ფინანსური, ისე სხვა რესურსებით ჩართულიყვნენ. მათგან მივიღეთ პასუხი, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში (რომელიც, ასევე ჩვენი მოთხოვნით, გასულ წელს დაიდო) რკინიგზის ბრალეულობა მითითებული არ არის და ამიტომ მსგავსი ვალდებულება არ ეკისრებათ. ეს აბსოლუტურად მიუღებელი პასუხია. სანიაღვრე გზები რომ ტრანშეითაა გადაჭრილი, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ამის უარყოფა, უბრალოდ, არასერიოზულია. სამწუხაროდ, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში არ არის გათვალისწინებული სანიაღვრე გზების დამზიანებლის დადგენა. ჩვენ გლდანის მაჟორიტარს, ბატონ კონსტანტინე ზარნაძეს კოლექტიური განცხადებით მივმართეთ, რათა ეშუამდგომლა მერიასთან და „გამა კონსალტინგისთვის“ მიცემულ დავალებაში ტბის დაშრობის მიზეზის დადგენაც შესულიყო. მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გვაუწყა - კვლევის ანგარიშში ტბის დაშრობის სავარაუდო მიზეზიც განხილული იქნებაო. ეს ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს არა სავარაუდო, არამედ ზუსტი მიზეზი და ამ მიზეზის შემქნელის ვინაობა; მიყენებული ზიანის ზუსტი იდენტიფიცირება; ზიანის აღმოსაფრხვრელად დასაკისრებელი თანხის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვახერხებთ, „საქართველოს რკინიგზას“ სათანადო რეაგირება ვაიძულოთ. კოლექტიურ განცხადებებში ვითხოვდით, ტბასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მერიას გლდანის დიდი ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებიც ჩაერთო, მაგრამ თხოვნა, სამწუხაროდ, არ შეასრულეს და ამით საქმე დაზარალდა. რადგანაც „საქართველოს რკინიგზა“ თავის ბრალეულობას არ აღიარებს, დოკუმენტურ მტკიცებულებაზე ზრუნვა ცალკე მოგვიწევს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება იურიდიულად გამყარებული მოთხოვნა წარვუდგინოთ. თუ მაინც გაჯიუტდება, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებიც არსებობს. სასაცილოა, რომ ევროკავშირის წევრობის პრეტენზია გვაქვს, მაგრამ დღესაც ვრჩებით ქვეყნად, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს. ცხადია, ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა. მჯერა, რომ მოქალაქეები პრინციპულობას გამოიჩენენ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რაც შეეხება ტბის შევსებას, ,,გამა კონსალტინგის“ უფროსმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, ტბის მთლიანად აღსადგენად სანიაღვრე და მიწისქვეშა წ####ბი საკმარისი არ იქნება. ცხელ სეზონში ერთი კვადრატული მეტრი 24 სმ-ით იკლებს, ანუ წელიწადში, დაახლოებით, 200 ათასი ლიტრი წყალი ორთქლდება. ზურაბ მგალონლიშვილის თქმით, ტბას აშკარად ჯერ კიდევ მიწისქვეშა წყაროები კვებავს, თორემ აქამდეც ამოშრებოდა. ისინი მერიას სთავაზობენ, ტბის შესავსებად წყალი ჟინვალიდან წამოვიდეს. უახლოეს დღეებში ჯი ვი პი-ს წარმომადგენლებსაც უნდა შეხვდნენ და ყველა ტექნიკური საკითხი გაიარონ. პირადად ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა „გამა კონსალტინგის“ პერსონალმა. თავდაპირველად, მოქალაქეები ამ კომპანიას დაეჭვებით უყურებდნენ, რადგან მერიის დაქირავებული იყო, მაგრამ როდესაც საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობაზე წამოვიდნენ და თავიანთ საქმიანობაში ჩაგვახედეს, ყინული გალხვა. კომპანიისადმი უნდობლობის მეორე ტალღა მაშინ გაჩნდა, როდესაც კვლევისთვის დამატებითი დრო მოითხოვეს. ამიტომაც შევხვდი ზურაბ მგალობლიშვილს და ყველა ის კითხვა დავუსვი, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა. მან ამ კითხვებზე სავსებით დამაკმაყოფილებელი პასუხები გაგვცა. ერთადერთი, რაც ხალხში კიდევ ეჭვს ბადებს, ტბის ფეკალური აგენტებით დაბინძურების საკითხია, რაც ,,გამა კონსალტინგის“კვლევის თანახმად, საქონლის ,,დამსახურებაა“ და კანალიზაციის ჩადინების ფაქტები არ დასტურდება. თუმცა, მაინც მუსირებს აზრი, რომ ეს დასკვნა მერიის კარნახით დაიწერა, რომელსაც ტბის დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგებაზე თანხის გამოყოფა ენანება. მჯერა, რომ საბოლოო დასკვნას დროულად დადებენ და ის სრულფასოვანი იქნება. რაც შეეხება კანალიზაციის საკითხს, დაუშვებელია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილი ცივილური კანალიზაციის ნაცვლად „მამაპაპური“ ორმოებით სარგებლობდეს. ასეთი ორმოები ფეკალური მასების გრუნტში გაჟონვის და მიწისქვეშა წ####ბის გავლით, ტბის (აგრეთვე, სასმელი წყლის) დაბინძურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, განცხადება ტბის დასახლებაში კანალიზაციის მოწესრიგებაზეც შევიტანეთ. ჯერჯერობით, საიმედო არაფერი ისმის, ამიტომ ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, საქართველომ გარემოს დაბინძურების პრევენციისა და წყლის რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის ვალდებულებაც აიღო. ხელმოწერა ფიქციად არ უნდა დარჩეს. ჩვენ დავინტერესდით, სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო გამოხმაურება ტბის ტერიტორიის უკანონო გასხვისების საკითხის მიმართ და ხომ არ დაწყებულა გამოძიება დამნაშავეების გამოსავლენად, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებს არავითარი ინტერესი ამ დრომდე არ გამოუვლენიათ. მედეა გოგსაძე განგვიმარტავს, რომ გლდანის ტბის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფმა საკრებულოს მაჟორიტარ კონსტანტინე ზარნაძეს ამ საკითხზეც თხოვა, ეშუამდგომლა ზემდგომ ორგანოებთან, რათა ტერიტორიის გასხვისების საქმის შესასწავლად შექმნილიყო საპარლამენტო კომისია, რომელიც მოძიებულ მასალებს საგამოძიებო სტრუქტურებს გადასცემდა. ჯგუფის ინფორმაციით, ზარნაძემ განცხადება პარლამენტში გადაგზავნა, რომელზე რეაგირებაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაია ბითაძეს დაევალა, თუმცა მისგან ჯერ პასუხი არ მიუღიათ. მედეა გოგსაძე: რა გახდა 2006 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება?! მაშინ გლდანის თემის საკრებულომ და მცხეთის გამგეობამ ბუნებრივი ტბა ხელოვნურ ტბორად შერაცხეს, ტერიტორიას კი სახნავი მიწის სტატუსი მიანიჭეს. თუმცა გლდანის დიდი ტბა გარემოს ეროვნული სააგენტოს კარტოგრაფიაში ისევ ტბად ფიგურირებს. ანუ, გამგეობამ მიიჩნია, რომ ტბორია, სამინისტროს დონეზე კი ისევ ტბად ირიცხება. რა გამოდის? ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც სახელისუფლებო სისტემის ზედა რგოლი აზრზე არაა, რა ხდება ქვედა რგოლში. ხოლო როდესაც ქვედა რგოლი ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, საჭიროდ არ მიიჩნევს, ზედა რგოლი საქმის კურსში ჩააყენოს. მონდომების შემთხვევაში, სულაც არ არის რთული სიტუაციის გამოსწორება. საკმარისია დაიწყოს გამოძიება, ჩადენილ დანაშაულს მიეცეს კვალიფიკაცია, შემდეგ კი დოკუმენტები ტბის ხელოვნურ წარმომავლობასა და ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიწად გამოცხადებაზე ბათილად იქნას მიჩნეული. ამის შემდეგ გაყიდვის აქტის გაბათილებაც არ წარმოადგენს პრობლემას, ვინაიდან, კანონის თანახმად, ტბის ფსკერის გაყიდვა იკრძალება. ამჟამად ნაკვეთი მეორე პირის ხელშია, რომელიც პატიოსანი მყიდველის უფლებით სარგებლობს. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის, მაგრამ ამის მოგვარების პროცედურაც არსებობს; მაგალითად, ადგილმონაცვლეობა, ან გამოსყიდვა. რაღა აყოვნებთ?! ცალკე პრინციპული საკითხია, რომ ყველა ოფიციალურმა პირმა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, აუცილებლად აგოს პასუხი კანონის წინაშე. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა თუ დაგვაიგნორა, ვფიქრობ, პირდაპირ პროკურატურაში ვიჩივლოთ. თუ პროკურატურამაც გააჯანჯლა ეს საქმე, მაშინ იურისტებთან მოგვიწევს კონსულტაციის გავლა იმის დასადგენად, თუ რა უნდა ვიღონოთ. მართლაც აბსურდში ვცხოვრობთ. ველურ ტომებშიც კი არავინ გაუტარებს თვისტომს სოციუმის დაზარალებას. სამაგიეროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოში გავლენიან პირს ყველაფერი ხახვივით შერჩება. მხოლოდ ხალხს შესწევს ძალა ამ არანორმალურ ვითარებას წერტილი დაუსვას. ირმა ბერიშვილი
  2. ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში განცახდებას ავრცელებს და მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას პასუხობს. ,,გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იცით ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში ყველამ კარგად იცის რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას,არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არსდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი რაც ჩემზე ითქვა არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ პროვოკაციებს.მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!“ - წერს დვალიშვილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ასევე ქართველმა სპორტსმენმა, მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ს ციხეში იხდიდა სასჯელს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, წლების წინ, ხურციძე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ამ ფაქტზე საუბრობს ის ვიდეოში და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული, თითქმის, ყველა ჩვენების ავტორი მერაბ დვალიშვილია. ავთანდილ ხურციძის თქმით, მას ბრალი დვალიშვილის მიერ მის წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენებების საფუძველზე დაუმძიმდა.
  3. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში აფხაზი მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეობი გამოჩნდა, რომელშიც ზღვის სანაპირო ზოლზე გამორიყული, დახოცილი და მომაკვდავი წყლის ფრინველი კოკონაა აღბეჭდილი. აღნიშნულმა კადრებმა სოციალური ქსელების აფხაზ მომხმარებელთა შორის მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია. მათი დიდი ნაწილი ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს მოვლენა თურქული თევზსაჭერი სეინერებიდან გაფუჭებული თევზის ზღვაში გადაყრამ გამოიწვია და გარემოს დაბინძურებაში ბრალს პირდაპირ თურქ მეთევზეებს სდებს. აფხაზების თქმით, დამპალი თევზის ზღვაში გადაყრის გამო, ბიჭვინთა-გაგრის მთელი სანაპირო და მიმდებარე ტერიტორიები, რამდენიმე დღის განმავლობაში, ისე ყარდა, რომ მოსახლეობაც შეწუხებული იყო და შემდეგ ამ ფაქტს წყლის ფრინველების დახოცვაც მოჰყვა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ მათ აკვატორიაში მყოფი ათობით სეინერიდან ნავთობიც ჟონავს, რაც დიდ ზიანს აყენებს ადგილობრივ ეკოსისტემას. ამიტომ არა მარტო წყლის ფრინველები, აფხაზეთის შავი ზღვისპირეთში თევზის სახეობებიც წყდება და სანაპიროებზე მკვდარ დელფინებსაც ხშირად ნახულობენ. ,,მათ ნებას არ აძლევენ, ტრიუმები თავიანთ ტერიტორიაზე გარეცხონ, ამიტომ ამას ჩვენთან აკეთებენ. რით რეცხავენ, მხოლოდ მათ იციან. ისინი ძალიან ძლიერ ქიმიურ პროდუქტებს ამზადებენ. იმ მეთევზეების შემთხვევის შემდეგ, მე ზღვაში ვიბანავე და ქავილისგან სანაპიროზე კინაღამ გული წამივიდა.“ - წერს ერთ-ერთი აფხაზი მოქალაქე ვიდეოს კომენტარებში. ,,ეტყობა, ზღვაში ის საზიზღრობა გადაყარეს, რამაც თავად თურქები მოწამლა,“ - ეთანხმება მას მეორე. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე თურქი თევზმჭერების მოწამვლის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო საშუალებებიც ავრცელებენ. როგორც ირკვევა, შემთხვევა 16 თებერვალს მოხდა. ერთ-ერთ თურქულ სეინერზე სამი მეთევზე გარდაიცვალა, ოთხი კი, მძიმე მოწამვლის ნიშნებით, გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თევზსაჭერი გემი კურორტ ბიჭვინთის წ####ბში იდგა. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეკიპაჟის წევრების მოწამვლა, არ ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ მიზეზი შეიძლება გაფუჭებული თევზისგან გამოყოფილი მომწამვლელი აირი იყო. აფხაზების თქმით, სწორედ ეს გაფუჭებული თევზი გადაყარეს თურქული სეინერებიდან ზღვაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქეებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ოკუპირებული აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, რომან დბარს, რომელსაც აფხაზური საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნიპრესი“ ესაუბრა. წყლის ფრინველების დახოცვის მიზეზად ჟურნალისტებს დბარმა მათი ხანდაზმულობა ან ავადმყოფობა დაუსახელა. ,,ხელსაყრელი კლიმატური და ეკოლოგიური პირობების გამო ჩვენს სანაპიროებზე ასიათასობით ფრინველი იზამთრებს. მათ შორის არის კოკონას სხვადასხვა სახეობა. ზამთრის პერიოდში ჩვენს აკვატორიაში არსებული ტემპერატურული რეჟიმის გამო აქ ბევრი თევზი იყრის თავს, განსაკუთრებით ბევრია ქაფშია. სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ფრინველებს, რაც აფხაზეთს საკვანძო ორნიტოლოგიურ ტერიტორიად აქცევს“, - განაცხადა მან. როგორც დბარმა განმარტა, ზამთარი ყველა ცხოველისთვის ყველაზე რთულად გადასატანი დროა, ამიტომ პირველ რიგში ასაკოვანი, სუსტი და ავადმყოფი ინდივიდები იღუპებიან. რაც შეეხება წყლის ფრინველების მასობრივ დახოცვას, აფხაზი მეცნიერის თქმით, ეს შეფასება სუბიექტურია, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს შორის ინფორმაციის სწრაფი გავრცელებით აიხსნება. ,,სანაპიროს მიდამოებში, სადაც ახლა ასობით ათასი ფრინველი ცხოვრობს, ბუნებრივია, მკვდარი ფრინველების რაოდენობა მეტია, ვიდრე, მაგალითად, მდინარე კოდორის შესართავთან. იქ ბევრ დახოცილ ფრინველს ვერ ნახავთ, რადგან ავადმყოფი და დასუსტებული ფრინველები იმ მტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან, რომლებიც ბუნების სანინტრების როლში გვევლინებიან. ქალაქებში ეს ეკოლოგიური კავშირი დარღვეულია და ამიტომაც ხშირად ვაწყდებით ბუნებრივ და ზოგჯერ დრამატულ მოვლენებს, როგორიცაა ფრინველების ტანჯვით სიკვდილი. მათი დახოცვის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, როგორც ვირუსული ინფექციები, ასევე, ბაქტერიული, პარაზიტული და სხვა. მათი გავრცელება ყველაზე ხშირია იმ პერიოდში, როდესაც ფრინველთა დიდი ნაკადი ერთად იყრის თავს და მკაცრი ზამთრის გამო ისინი სუსტდებიან.“ - აღნიშნა რომან დბარმა. მან იმ შემთხვევებზეც ილაპარაკა, როცა ამა თუ იმ დაავადების გამო შინაური ფრინველიც იხოცება. დბარის თქმით, ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ რაღაც მომენტში, შეიძლება მათ შინაურ ფრინველსაც შეექმათ ჯანმრთელობის პრობლემები და თუ სახლში აქვთ იმის საშუალება, აცრან ან უმკურნალონ, ბუნებაში ეს შეუძლებელია. ამიტომ ფრინველები პერიოდულად იღუპებიან, გადარჩენილები კი უფრო ძლიერ იმუნიტეტს იძენენ, რაც მერე მათ შთამომავლობას გადაეცემა. რაც შეეხება, მკვდარი ფრინველებით სანაპირო ზოლის დაბინძურებას, ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა ქალაქების პლაჟებიდან დახოცილი ფრინველები უნდა გაიტანონ და ისინი ვეტერინარიული სამსახურის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გაანადგურონ. ,,რა თქმა უნდა, აუცილებელია ბუნებაში მომხდარი ამ მოვლენის შესახებ მონაცემების შეგროვება და შემდგომი მეცნიერული ანალიზის მიზნით მისი მონიტორინგი.“ - განაცხადა დბარმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად სამრეწველო თევზჭერა მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ მათ საკუთარი სათევზაო გემები არ ჰყავთ, ადგილობრივი კომპანიები თურქულ სეინერებს ქირაობენ, რომელთაც თურქული ეკიპაჟები ემსახურება. ირმა ბერიშვილი
  4. ცხოველთა მოყვარული საზოგადოება და ცხოველთა უფლებადამცველები წლებია ელოდებიან შინაურ, კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ კანონს, რომელიც ქუჩის მიუსაფარი ცხოველების ყოფის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, მათ მიმკედლებელ ადამიანებსაც დაეხმარება და ჯიშიანი ცხოველების პატრონთა პასუხისმგებობებსაც გაზრდის, ვინაიდან მათი მხრიდან ცხოველების მიტოვების ფაქტები ხშირია. გასულ კვირას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა საზოგადოებას მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გააცნო, რომლის შინაარსმაც კანონის მომლოდინე ადამიანები არათუ დააკმაყოფილა, პირიქით, მათი დიდი აღშფოება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს საქართველოს პარლამენტში ამ კანონპროექტის სხვა ვერსიების შემუშავებისას კონსულტაციებში ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვეტერინარებიც მონაწილეობდნენ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვარიანტზე მუშაობის პროცესს მათი უმეტესობა არ დასწრებია და თუ ვინმე დაესწრო, მათი რეკომენდაციებიდან ბევრი არც არაფერი გაუთვალისწინებიათ. სწორედ ამიტომ, რამდენიმე დღეა ამ თემაზე კამათი და ვნებათაღელვა არ ცხრება და როგორც ჩანს, ვერც ჩაცხრება, თუ ჩვენი კანონმდებლები სპეციალისტთა შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ. კანონის ერთ-ერთი მუხლი, რომელზეც არავინ დავობს, ეხება შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვების საკითხს, რის შემთხვევაშიც ფიზიკური პირი 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით დაჯარიმდება. ამ ნაწილში ცხოველთა უფლებების დამცველები თანახმა არიან, ჯარიმა კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ვერც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და არც ადამიანის კომპანიონი ცხოველების ინტერესების ან მათი კეთილდრეობის დაცვას ემსახურება. ცხოველთა უფლებების დამცველი, ვეტერინარი, საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს და ის ამ სახით არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ. ვახტანგ მამალაძე: ეს კანონი არანაირად არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მასში არსებული რეგულაციებით უხეშად ერევიან ვეტერინარიულ საქმიანობაში. პირადად მე და როგორც ვიცი, ბევრ ჩემს კოლეგას თუ ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციას კანონპროექტის ამ ვერსიის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია და გარემოს დაცვის კომიტეტისთვის კონსულტაცია არ გაგვიწევია, ამიტომაც არსებობს ამდენი ხარვეზი და შეუსაბამობა. ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროპული მოდელიდან არის გადმოღებული და შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ვიდრე მის შინაარსს გადმოიტანდნენ, ჩვენი რეალობა, აქური პირობები და გარემოებები უნდა გაეთვალისწინებინათ. ევროპული მოდელი ნამდვილად კარგია, მაგრამ იმას არ ვითვალისწინებთ, რომ იქ თუ ძაღლი თავშესაფრებში მოხვდება, მის გაშვილებაზე ტაციაობაა; რომ იქ ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით ეკიდება ცხოველის მოვლა-პატრონობას და გარეთ არ აგდებს. სამაგიეროდ ჩვენთან ცხოველთა მიმართ სისასტიკე ზენიტშია და მოძალადე ადამიანების დასჯის მექანიზმები იშვიათ შემთხვევაში მუშაობს, მხოლოდ მაშინ, თუ ცხოველთა მოყვარულები ახმაურდებიან და ფართო საზოგადოებამდე მიიტანენ ამბავს. თუ ეს კანონი დამტკიცდა, 2024 წლიდან 2027 წლამდე სახელმწიფო პროგრამა იმოქმედებს, სამი წლის შემდეგ, 2027 წლიდან კი ცხოველის მიმკედლებელს დაევალება, თავად უზრუნველყოს მისი გეგმიური ვაქცინაცია, რაშიც თანხის გადახდა მოუწევს, ვინაიდან სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის. ეს არის შეცდომა, რადგან ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს რამდენიმე ცხოველი ჰყავს შეფარებული და უვლის მათ, ვაქცინაციის ხარჯები კი მძიმე ტვირთად დააწვება. მოგეხსენებათ, ცხოველების მოვლა-პატრონობა, მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, საკვებით მომარაგება არ არის მარტივი საქმე. ვინმეს სჯერა, რომ სამი წლის შემდეგ ჩვენი ქალაქების ქუჩებში მიუსაფარი შინაური ცხოველები არ იარსებებენ და მათი პრობლემა გადაჭრილი იქნება? აღნიშნული კანონი ამას ვერ უზრუნველყოფს, მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ყოველგვარ პასუხიმგებლობას იხსნის და ყველა ვალდებულებას მიმკედლებელს აკისრებს. ცხოველების მფლობელებს ისეთი შეზღუდვები უწესდებათ, რაც მათ ყოვედღიურობაში პრობლემებს შეუქმნის. ჯერ ამ კანონის მხოლოდ შინაარსი გაჟღერდა, არათუ დამტკიცებული, განხილულიც არ არის და პატრონებს ხალხმა უკვე დაუწყო მითითება, რომ აი, კანონი კრძალავს ძაღლის ამოყვანას ტრანსპორტში და რატომ ამოგყავს, მაღაზიაში რატომ შეგყავს და ასე შემდეგ. თუნდაც ის რეგულაცია ავიღოთ, რომელიც სამზე მეტი ცხოველის ყოლის შემთხვევაში მეზობლის ნებრთვას ითხოვს. თუ ადამიანს აქვს იმის საშუალება, სათანადო პირობებში, ყველა წესის დაცვით სახლში იყოლიოს ცხოველები, რომლებიც არ არიან აგრესიულები და არავის აწუხებენ, ამისთვის მას მეზობლების ნებართვა არ უნდა სჭირდებოდეს. თუ აღმოჩნდა, რომ თავად მეზობელია აგრესიული ან ძაღლთმოძულე და უჩივლა ან არ მისცა ნებართვა, მაშინ რა ქნას ცხოველის პატრონმა, მიატოვოს, თავშეფარს ჩააბაროს? რა თქმა უნდა, არის ერთეული შემთხვევები, როცა საქმე ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ეხება, რომლებიც ეგრეთწოდებულ შემგროვებლობას ეწევიან და არასათანადო სივრცეში, არასათანადო პირობებში იფარებენ ცხოველებს, საჭიროებისამებრ ვერ უვლიან, არ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს და ბუნებრივია, გარშემომყოფებსაც აწუხებენ. ასეთ დროს ახლაც შეიძლება გამოვიძახოთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, სპეციალისტები აუცილებლად მივლენ, ადგილზე ნახავენ ყველაფერს და საჭირო ზომებსაც მიიღებენ. ხოლო თუ პატრონი თავის ცხოველებს შესაბამისად უვლის, არავის აწუხებს და მისი ბინადრები არც აგრესიით გამოირჩევიან, მაშინ მისთვის აკრძალვების დაწესება არასწორია. ვახტანგ მამალაძის თქმით, კანონის შემუშავება ვეტერინარებთან კონსულტაციის გარეშე რომ ჩატარდა, ამაზე მოწმობს კანონპროექტის ის ნაწილიც, რომელიც კატების კასტრაცია-სტერილიზაციას ეხება. ვახტანგ მამალაძე: კანონის მიხედვით კატების სტერილიზაცია-კასტრაცია მხოლოდ ერთი წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო - 8 წლის ასაკიდან იკრძალება. ეს არის ვეტერინარიის წესების უგულვებელყოფა, ვინაიდან კატებს 6 თვიდან ეწყებათ მონიშვნის ინსტინქტები, ამ დროისთვის მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ სასქესო ორგანოები და ამიტომ დასაშვებია სტერილიზაცია-კასტრაცია. 1 წლის მერე შეიძლება, ის მონიშვნას ვერ გადაეჩვიოს. ან 8 წლის მერე რატომ კრძალავენ ამ პროცესს, იქნება, კატის პატრონი გვიან მიხვდა, რომ მის ცხოველს სტერილიზაცია სჭირდება, რატომ უნდა გაუხდეს ამის გაკეთება პრობლემა, რა საფუძველს ეყრდნობა ამ ასაკის კატის კასტრაცია-სტერილიზაციის აკრძალვა? ასევე, გაუგებარია, რის საფუძველზე ეძლევა თავშესაფრებს ძაღლების გამრავლების და პოპულაციის მართვის უფლება? ცხოველთა თავშესაფრების მოწყობა აუცილებელი საკითხია, რადგან საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში დგას ქუჩის ძაღლების პრობლემა. საჭიროა ყველა მუნიციპალიტეტში არსებობდეს კეთილმოწყობილი თავშესაფარი, სადაც სატანადო სტანდარტები იქნება დაცული, ეყოლებათ კვალიფიციური სპეციალისტები, აღრიცხული და გასტერილებული იქნება ყველა ცხოველი და მათი არსებობისთვის შესაბამისი პირობებიც იქნება შექმნილი, მაგრამ ცხოველთა თავშესაფრებმა არ შეიძლება სანაშენის ფუნქცია შეითავსონ. ეს პოპულაციის მართვის არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ამიტომ, ჩვენ ცხოველთა უფლებების დამცველები და ვეტერინარები მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ კანონპროექტში აუცილებლად გაითვალისწინონ ის შენიშვნები, რაც სპეციალისტებს გვაქვს და გამოასწორონ არსებული ხარვეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ამ სახით დამტკიცება დღეს არსებულ ვითარებას კი არ გამოასწორებს, პირიქით უფრო მეტ პრობლემას შექმნის. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისასალმებელია კანონში არსებული ის მუხლები, რომელიც პატრონის მიერ ცხოველის მიტოვების შემთხვევაში მის დაჯარიმებას ითვალისწინებს და რომელიც სამედიცინო დანიშნულების გარეშე, ძაღლებისთვის ყურებისა და კუდის დაჭრას, ხმის იოგების გადაჭრას ან სმენის დაქვეითებას თუ სხვა მსგავს პროცედურებს კრძალავს, თუმცა მთლიანობაში ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელია. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით იგივე აზრს გვიზიარებს ჟურნალისტი, ცხოველთა უფლებების დამცველი, ეკა ლომიძე. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ სასურველი კანონმდებლობის შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი ველოსიპედის გამოგინება არ გვჭრიდება, რადგან ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნებს შესანიშნავი გამოცდილება აქვთ, რომლის გადმოღებაც თამამად შეგვიძლია. თუმცა ანონში ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებაც აუცილებელია. რაც შეეხება პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, როგორც ცხოველთა სხვა უფლებადამცველები, ისიც მიუღებლად მიიჩნევს. ეკა ლომიძე: რაც უფრო უკეთ ვეცნობი ამ კანონპროექტს, მით მეტ შეუსაბამობას და ხარვეზს ვპოულობ. მთლიანობაში, ეს კანონი არა ვითარების გამოსწორებას, არამედ სხვადასხვა რეგულაციის მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმებით შევსებას უფრო ემსახურება. პროექტში ამის დასამტკიცებლად, კონკრეტული რიცხვებიც კი არის მოყვანილი, თუ რომელი რეგულაცია ყოველწლიურად რამდენი მილიონი ლარის მოგებას მოუტანს სახელმწიფოს, მაგრამ საკითხავია, არსებულ პრობლემას რამდენად მოაგვარებს... მაგალითად ავიღოთ ეს ნაწილი, სადაც წერია, რომ ,,ცხოველის ყოლისთვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისას, მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.“ თავად იმ შეზღუდვაზე რომ ვილაპარაკოთ, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი კორპუსის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, საინტერესოა, რას ემსახურება ეს რეგულაცია, ცხოველების რაოდენობის შემცირებას თუ ბინათმესაკუთრეთა სიმშვიდის დაცვას? თუ ძაღლის პატრონი სათანადოდ არ უვლის მას, ხომ შეიძლება სამეზობლოსთვის ერთი ძაღლის ყოლის შემთხვევაშიც აუტანელი მდგომარეობა შეიქმნას, შეიძლება მარტო ტოვებდეს სახლში, არ ასეირნებდეს და ძაღლი ყმუოდეს ან გარეთ გაყვანისას სადარბაზოს აბინძურებდეს? ამავე დროს, შესაძლოა ვიღაცას სახლში 5 კატა და 2 ძაღლი ან ერთი ძაღლი და ხუთი კატა ჰყავდეს, მაგრამ იდეალური წესრიგი ჰქონდეს; ძაღლიც გაწვრთნილი იყოს და კატების ჰიგიენაც - დაცული. რაც შეეხება დიდი ჯიშის ძაღლებს, მიმაჩნია, რომ კავკასიური ნაგაზი არ უნდა გყავდეს ბინაში, არც ავღანური, არც ყაზბეგური და კიდევ ბევრი მეცხვარე-დარაჯი, რადგან მათი განვითარებისთვის კორპუსი და ქალაქი სასურველ გარემოს ვერ იძლევა, მაგრამ გაიცეს თანხმობა, თუ პატრონი ასაბუთებს, რომ შეუძლია ძაღლი დილა-საღამოს ატაროს საწვრთნელ გარემოში. წესით, ამისთვის ქალაქებში საწვრთენლ-სავარჯიშო ცენტრები უნდა გვქონდეს, მაგრამ არ გვაქვს, ამიტომ ჯერ ამ ტიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები უნდა გაჩნდეს და მერე უფრო მარტივი იქნება სხვადასხვა ჯიშის ძაღლის ყოლის მსურველებთან კრიტერიუმებით ლაპარაკი. მოკლედ, ჩვენი აზრი ასეთია, თუ ადამიანს შეუძლია 10 ძაღლი ჰყავდეს ბინაში ისე, რომ არავის შეუქმნას დისკომფორტი, უნდა ჰყავდეს და თუ დისკომფორტს შექმნის, ერთი ძაღლის ყოლის შემთხვევაშიც დაჯარიმდეს. ასევე, პროექტში უნდა ეწეროს, რომ რამდენიმე ჯიში საქართველოში საერთოდ არ უნდა გამრავლდეს, რადგან მათ ჩვენს ქვეყანაში აუბედურებენ. მხოლოდ გამონაკლისის სახით დაუშვან იმ ჯანსაღი ადამიანებისთვის, ვისაც ასეთი ჯიშები უყვარს და მათი სათანადოდ მოვლა შეუძლია. მომშენებელს უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრაქსტურქტურა, უნდა შეეძლოს არამხოლოდ ანალიზების გაკეთება და გამოფენებში მონაწილეობა, არამედ ძაღლების სათანადო მოვლა, კვება-მკურნალობა, ვაქციანაცია და ასე შემდეგ. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ ,,მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით.“ რა გამოდის, მიკედლებული რომ მყავს, მე ჩემი ხარჯებით უნდა ავცრა? სახელმწიფო რას მიკეთებს, მონიტორინგის სამსახური რისთვის არის? ეს პუნქტიც გაურკვეველია. რატომ არ შეიძლება იყოს ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა ძაღლი იქნება დარეგისტრირებული, პატრონიანიც, მიუსაფარ-მიკელდებულიც და პროგრამა ავტომატურად ატეხს განგაშს, თუ რომელიმე ძაღლის აცრა დაგვიანდება. მიკედლებულებზე მონიტორინგის სამსახური მიბრძანდეს და აცრას. ევროპის ქვეყნებს ძალიან კარგად აქვთ აწყობილი ეს სისტემა. ეს კანონპროექტიც ხომ ითვალისწინებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მონაცემთა ერთიანი ბაზის არსებობას და რეგისტრაციას, როგორც პატრონიანი, ისე უპატრონო ცხოველებისთვის? ამ ბაზაში იყოს მონაცემები და ბაზას ჰქონდეს გაფრთხილების, შეტყობინების სისტემა. ყველა პუნქტის დეტალური განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ერთს ვიტყვი, თუ საქართველოს უკმაღლესი საკანონმდებლო ორგანო წინ დააყენებს ჯანსაღ ინტერესებს და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ცხოველების მოვლისა და კონტროლის შესახებ გამართული და სწორი კანონმდებლობა, თუ ერთხელ და სამუდამოდ უგულვებელყოფენ კერძო ჯგუფების, ეგრეთწოდებული მომშენებლების, ვაჭრების და სხვათა ინტერესებს, შესაბამისი კანონიც დაიდება და შედეგიც ძალიან მალე მიიღწევა. ევროპის ქვეყნებმაც გაიარეს ის პერიოდი, რასაც ჩვენ დღეს გავდივართ, მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში, შესაძლოა, ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები ერთ დროს უფრო მწვავედაც კი იდგა. მთავარია, ჩვენც სწორი კანონმდებლობა შევქმნათ, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება. თუმცა, როგორი გამართული კანონიც არ უნდა მივიღოთ, თუ აღსრულების მექანიზმები არ გვექნა, შედეგს ვერასდროს მივაღწევთ, ამიტომ ამ პროექტში კანონის აღსრულების მექანიზმიც უნდა ჩაიდოს. აუცილებელია ასევე, გათვალისწინებული იყოს სამოქალაქო სექტორის მხრიდან კანონის აღსრულების მონიტორინგი, რისი ბერკეტიც მას უნდა გააჩნდეს და სამოქალაქო სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. ირმა ბერიშვილი
  5. წინასაახლწლო დღეებში მთელი საქართველო შეძრა მიუსაფარ ძაღლზე იმერეთში, კერძოდ, ბაღდათის რაიონში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, რის შედეგადაც, კეთილი ადამიანების დიდი მცდელობის მიუხედავად, დაზიანებული ცხოველი მოკვდა. ამ ამბიდან მოკლე დროში, უკვე ნაახალწლევს, მეორე სასტიკმა ფაქტმა აახმაურა მთელი საზოგადოება, როცა ჩვენმა თანამოქალაქემ მარნეულში საკუთარი ძაღლი ცემით მოკლა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ იმ ვიდეოკადრებით გახდა ცნობილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მალევე, სოციალურ ქსელში სასტიკად ნაწამები და დაზიანებული კატის შესახებ შემხვდა ვიდეო, რომლის გადარჩენაზეც ერთ-ერთი ვეტერინარი ზრუნავდა, თუმცა მისი მდგომარეობაც სავალალო იყო... როგორც ცხოველთა მოყვარულები და მათი უფლებადამცველები ამბობენ, მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება, მაგრამ ფართო საზოგადოებამდე ყველა ინფორმაცია ვერ მიდის. ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ ცხოველებზე მოძალადეები უმეტესად თავადვე იღებენ სასტიკი მოპყრობის კადრებს, რაც ეჭვს აჩენს, რომ ეს პროცესი მათ სიამოვნებას ანიჭებთ. სწორედ ამიტომ არის ასეთი შემთხვევები ორმაგად სავალალო და კიდევ უფრო შემაძრწუნებელია, როცა ცხოველებზე არასრულწლოვნები ძალადობენ, რისი არაერთი მაგალითიც ვიცით. მართალია, ბაღდათსა და მარნეულში მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და დამნაშავეებიც დაუსჯელად არ დარჩებიან, თუმცა როგორც ცხოველთამოყვარული საზოგადოება (და არა მარტო) მიიჩნევს, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების ამოსაფხვრელად საჭიროა, სახელმწიფომ ცხოველთა დაცვის შესახებ სათანადო კანონი დაამტკიცოს და პრევენციული ზომებიც მიიღოს. აშკარაა, რომ მხოლოდ მომხდარი ფაქტების შემდეგ რეაგირებით საქმეს ვერ ვშველით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის კომპანიონი ცხოველების დაცვის და მათ მიმართ მოპყრობის შესახებ ცალკეული რეგულაციები კი არსებობს, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის. არ გვაქვს მთლიანი კანონონი, რომელშიც ისევე, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ყველა საჭირო მუხლი და რეგულაცია იქნება თავმოყრილი და გარკვეული ვალდებულებები თუ პასუხისმგებლობები იქნება განსაზღვრული. ცხოველთადამცველი ორგანიზაციები, ცხოველთამოყვარული საზოგადოება და უბრალოდ ის ადამიანები, რომელთაც ამ საკითხის მნიშვნელობა კარგად ესმით, დიდი ხანია სახელმწიფოსგან ასეთი კანონის და მისი აღსრულების მექანიზმების შემუშავებას ითხოვენ. როგორც შევიტყვეთ, საქართველოში ამ მიმართულებით აქამდე არსებული რეგუალაციებიც შეჩერებულია, მიზეზად კი ისევ ცხოველთადამცველი ორგანიზაციების პრეტენზიები სახელდება, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონმდებლობას ბევრი ხარვეზი აქვს და ის ვერანაირ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარი პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრს, პარლამენტის დეპუტატ ანა ბუჩუკურს ვთხოვეთ, რომელიც ამ თემით თავადაც არის დაინტერესებული. ანა ბუჩუკური: კანონში აქამდე მოქმედი მუხლები შეჩერებულია, რადგან ცხოველთა უფლევადამცველმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა იმ ხარვეზების გასწორება მოითხოვეს, რაც კანონმდებლობაში არსებობს. ხელისუფლებამ კი დღემდე ვერ მოახერხა მათთან შეთანხმება და იმ საკითხების შეჯერება, რაც კანონს სრულყოფილ სახეს მისცემს. სპეციალისტების თქმით, დღეს ის ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. ამასთანავე, კანონი შეჩერებული რომ არ იყოს და რომც მოქმედებდეს, მას მაშინ ექნებოდა ძალა, თუ მისი აღსრულების მექანიზმები იარსებებდა. სამწუხაროდ, საქართველოს მსგავს ქვეყნებში შეიძლება გადასარევი კანონები გვქონდეს, მაგრამ ხშირად მისი აღსრულება იყოს პრობლემური. პირადად მე ამ კონკრეტული საკითხისადმი მიდგომას ასე გავყოფდი, პირველი - ეს არის საზოგადოებასთან პროაქტიულად მუშაობა და მეორე - რეაქციულად მუშაობა, როცა უკვე კანონი ირღვევა და ვინმეს მიმართ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი. ზოგადად, არა მხოლოდ ცხოველთა მიმართ ძალადობის, ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღკვეთა დაკავშირებულია არა მხოლოდ რეაქციასთან, არამედ პროაქტიულ პრევენციასთან, პრევენციულ ღონისძიებებთან. მაგალითისთვის ავიღოთ სოციალურ ქსელებში წინასაახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩაღებული კამპანია. შეიძლება ითქვას, საინფორმაციო ომმა, რომელსაც არა სახელმწიფო, არამედ ცალკეული მოქალაქეები, ცხოველთა მოყვარულები და არა მარტო ისინი, ძალიან აქტიურად აწარმოებდნენ, ის შედეგი გამოიღო, რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენმა თანამემამულეებმა ბევრად ნაკლები პიროტექნიკა გამოიყენეს. თავადაც რამდენიმე ძაღლის პატრონი ვარ და სულ გვქონდა ეს პრობლემა, ახალი წლის შემოსვლისას ძაღლი მუდამ აბაზანაში მყავდა ჩაკეტილი, რომ ხმაური ნაკლებად გაეგო და შიშისგან რამე არ დამართნოდა. წელს, საბედნიეროდ ისე გადავიტანეთ, სააბაზანოში ჩაკეტვამ არ მოგვიწია. გავიმეორებ, პიროტექნიკის საწინააღმდეგო ის საინფორმაციო კამპანია, რაც სოციალურ ქსელებში იყო გაჩაღებული, მოდიოდა კონკრეტული ფიზიკური პირებისგან და ამ აქციამ ძალიან კარგად იმუშავა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს კამპანია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულად და ფართო მასშტაბით რომ ყოფილიყო წარმოებული, რამხელა შედეგი გვექნებოდა! მით უმეტეს, პიროტექნიკის გამოყენებას მარტო ცხოველებისთვის არ მოაქვს ზიანი, ის აზიანებს გარემოს და თავად ადამიანსაც. ამის საწინაამდეგო ზომების მიღება იქნება სწორედ პრევენცია. თუ მივუბრუნდებით უშუალოდ ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას და ზომების რეაქციულ ნაწილს, მოძალადის დასჯას და ზოგადად სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ორმაგი ეფექტი აქვს. პირველი ის, რომ დამნაშავე ადამიანი ისჯება და მეორე - როცა ამის შესახებ სხვა, პოტენციური მოძალადე იგებს, მისთვის ეს ფაქტი შეიძლება დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს; შეიძლება შიში გაუჩნდეს და იფიქროს, რომ არ უღირს ცხოველისადმი სისასტიკის გამო ჯარიმა დააკისრონ ან ციხეში გაუშვან. ამდენად, რეაქციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კანონს, როგორც გითხარით, დღეს ის გაჩერებულია და არ ვიცით როდის და რა სახით ამოქმედდება. პირადად ვარ დაინტერესებული, ვინაიდან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია, არამარტო იმიტომ, რომ ცხოველები მიყვარს, არამედ მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ცხოველზე მიზანმიმართულად ძალადობს და სასტიკად ეპყრობა, ის შეიძლება საზოგადეობისთვისაც იყოს საშიში. ხოლო როცა არასრულწლოვანს ეხება საქმე, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის მინიმუმ არასწორ გარემოში იზრდება. შეუძლებელია, ჯანსაღ გარემოში გაზრდილ ბავშვს ცხოველის წამება და ჩაგვრა სიამოვნებას ანიჭებდეს. ჩემი ასეთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვის წინ მქონდა კომუნიკაცია პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან, რომელმაც მითხრა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე დასრულდებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის. ანიშნულ თემაზე, ახლახან, ცხოველთადამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტივისტთანაც მქონდა საუბარი და მანაც დამიდასტურა, რომ ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერი არ არის. რატომ ფერხდება კანონში შესწორებების შეტანა, მისი შევსება და ამოქმედება, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ სახელმწიფოსთვის ეს საკითხი პრიორიტეტული არ არის. პრიორიტეტი რომ იყოს და ამისთვის პოლიტიკური ნება არსებობდეს, მისი მიღება ნამდვილად არ გაჭიანურდებოდა. მე მიმუშავია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ხელისუფლებაში და მერწმუნეთ, როცა პოლიტიკური ნება არსებობს, ამა თუ იმ საკითხის შეფერხება ნაკლებად ხდება. ანა ბუჩუკურის თქმით, ფაქტობრივად საკითხი სრულად არის მიშვებული საზოგადოების თვითშეგნებაზე, ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. ხშირია არა მარტო ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები, ყოველდღიურად მატულობს ქუჩებში უაპტრონოდ გამოყრილი ძაღლების რიცხვიც, რომლებიც უკონტროლოდ მრავლდებიან და მათი არსებობა თავსატეხად იქცევა როგორც ცხოველთა მოყვარულების, ისე მათი მოშიშებისთვისაც. აღარაფერს ვამბობთ უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილ დისკომფორტზე. დღე არ გავა, ფეისბუკის სხადასხვა ჯგუფში არ დაიწეროს პატრონების მიერ მიტოვებულ ოთხფეხებზე, ან ქუჩის ძაღლების სიმრავლესა და მათ გამო განცდილ დისკომფორტზე. უფრო მეტიც, გლდანში მცხოვრებ ადამიანს მიაჩნია, რომ მათ რაიონში ყველაზე მეტი ქუჩის ძაღლია; დიდი დიღომში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ უფრო მეტი მიუსაფარი ცხოველი მათ რაიონშია, ვიდრე სხვაგან; ვარკეთილის ჯგუფებში გამოთქვამენ აზრს, რომ არსად იმდენი ძაღლი არ დადის, რამდენიც მათ უბანში... მერე ეს ადამიანები თავ-თავიანთი რაიონების ხელმძღვანელობას თხოვენ, მოაგვარონ ქუჩის ძაღლების საკითხი, ვინაიდან, მიაჩნიათ, რომ ეს მათი პრეროგატივაა. ზოგი ფიქრობს, რომ უპატრონო ძაღლების პრობლემა მოიხსნება, თუ ბევრი თავშესაფარი აშენდება და მზად არის, ამისთვის ხელფასიდან ყოველთვიურად გარკვეული პროცენტის ჩამოჭრასაც დათანხმდეს. მხოლოდ ცხოველთა თავშესაფრების აშენებით ეს პრობლემა რომ ვერ მოგვარდება, ამაში ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკურიც გვეთანხმება. მისი თქმით, ასეთი თავშესაფრების არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნება. ანა ბუჩუკური: განა რამდენი თავშესაფარი უნდა გაკეთდეს? ამ საკითხის მხოლოდ ასე, ერთი მიმართულებით მოგვარება შეუძლებელია, ამ საქმეს ბევრი მიმართულების გათვალისწინება და მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება, მაგრამ თუ ოდესმე არ დაიწყე, ბოლოში ვერსადროს გახვალ. ამ პრობლემიდან ერთი გამოსავალი არ არსებობს, სახელმწიფოს რამდენიმე მიმართულებით აქვს სამუშაო და რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, გარკვეული პასუხისმგებლობები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც გვაკისრია. ევროკავშირს თავისი სტანდარტები აქვს და შეიძლება ეს მიმართულება უპირველეს პრიორიტეტად არ დაგვიყენოს, მაგრამ ზოგადად გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების თვალსაზრისით, აუცილებლად მოგვთხოვს ცხოველთა უფლებების დაცვასაც. ცხოველთა უფლებების გარდა, ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხი, იგივე ცოფის თემა. ვეტერინარია არის სპეციალურად რეგულირებადი სფერო, რომლის მოქმედებამ არა მხოლოდ ცხოველის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც შეიძლება გავლენა იქონიოს. ამიტომ, ადრე თუ გვიან ამ ნაწილშიც მოგვიწევს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილება. რაც შეეხება იქაურ სტანდარტებს, ქვეყნების მიხედვით რეგულაციები სხვადასხვანაირია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მომწონს, ის არის, რომ ძაღლების და კატების პოპულაციის კონტროლს პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც ვიცით, ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მათი უკონტროლო პოპულაციაა, განვითარებულ ქვეყნებში კი ცხოველების სტერილიზაციის საკითხი მკაცრად რეგულირდება, რაც საშუალებას იძლევა, შემცირდეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა. ასევე მკაცრად კონტროლდება ცოფზე ვაქცინაცია და რაც ძალიან მისასალმებელია, სულ უფრო პოპულარული ხდება მეტისების შეფარება. ვიცით, რომ ადამიანებს სჩვევიათ, მაინცდამაინც ჯიშიანი ძაღლები იყოლიონ და მეტისებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. უცხოეთში კი პირიქით, ცდილობენ მათ მიანიჭონ უპირატესობა, ამიტომ მეტისების პოპულარიზაციაც მნიშვნელოვანია. ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ეგრეთწოდებულ ჯენზი-ს მათ მიმართ უფრო მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს, ვიდრე უფროს თაობას. რაც შეეხება რეგულაციებს, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის რეგულაციებია, მაგალითად, მონადირეების მიმართაც. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ისინი თავიანთ ძაღლებს, ტყეში იმ მიზეზით ტოვებენ, რომ მათ ,,ყნოსვა უფუჭდებათ“ და ისე კარგად ვეღარ ნადირობენ, როგორც ადრე. მონადირეთა უმეტესობა ძაღლს უყურებს არა როგორც ოჯახის წევრს, არამედ როგორც კონკრეტულ ინსტრუმენტს კონკრეტული საქმისთვის. ამიტომ არსებობს ქვეყნები, სადაც მონადირეებთან დაკავშირებით მიღებულია სპეციალური რეგულაციები, სამონადირეო საქმიანობისათვის ლიცენზიები გაიცემა და მათ ძაღლებს ცალკე აღრიცხავენ. არის, ასევე, რეგულაციები ძაღლების მიტოვების წინააღმდეგ. ჩვენს გარშემო ბევრი ვიცით, ბავშვების სათამაშოდ რომ ყიდულობენ ლეკვებს და როცა გაიზრდებიან, ქუჩაში აგდებენ, რადგან აღმოაჩენენ, რომ თურმე, სათამაშოები არ ყოფილან და მათ ყოლას თან გარკვეული პასუხისმგებლობებიც ახლავს. ბევრს ბიზნესად აქვს ქცეული ძაღლების მოშენება და უკონტროლოდ ეწევიან ცხოველების ყიდვა-გაყიდვას. სხვა ქვეყნებში ეს საკითხიც კანონით არის რეგულირებული. არსებობს სხვადასხვა მოდელი და მართალია, ვერავინ დაგვავალდებულებს, გინდა თუ არა, რომელიმე მათგანი ზუსტად გადმოვიტანოთ, მაგრამ მოგვეთხოვება, რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამისათვის კი საჭიროა, დროზე მივიღოთ სათანადო კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები. გამოსავალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ იქამდე რომ მივიდეთ, სახელმწიფოსთვის ეს თემა პრიორიტეტული უნდა გახდეს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ ნაწილში განსაზღვრული პოლიტიკა არ აქვს. მიუსაფარი ცხოველების და ზოგადად ადამიანის კომპანიონი ცხოველების შესახებ კანონის მიღებას ცხოველთა მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლებიც აუცილებლად მიიჩნევენ, ცხოველთადამცველი ორგანიზაციების აქტივისტები კი კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ეს კანონი ევროპაში მოქმედი კანონებისგან ზუსტად იყოს გადმოტანილი, რომლის მიხედვითაც უნდა აიკრძალოს კერძო პირების მიერ ძაღლების თვითნებურად გამრავლება; მხოლოდ და მხოლოდ ლიცენზირებულ კლუბებს ჰქონდეს ცხოველების გამრავლების უფლება და ყურადღება მიექცეს მათ სტერილიზაციას, რაც ხელს შეუშლის ცხოველების უკონტროლო პოპულაციას. ცხოველთა მოყვარულები, ასევე, მოუწოდებენ საზოგადოებას, ვისაც სურს სახლში ოთხფეხა მეგობარი ჰყავდეს, მიაკითხოს ცხოველთა თავშესაფრებს და იქიდან წამოიყვანოს გასტერილებული ცხოველი, ან თავად გაასტერილოს, მოაწესრიგოს და მოუაროს. მით უმეტეს, ვიცით, რომ ამ თავშესაფრებში ძალიან ბევრი ჯიშიანი ძაღლი ბინადრობს. მათი თქმით, თუ კანონიც დროზე წამოგვეწევა, ასეთი მიდგომით მიუსაფარი და ქუჩის ცხოველების პრობლემა 2-3 წელიწადში აღმოიფხვრება. ირმა ბერიშვილი
  6. თბილისის ქუჩებში შექმნილ საცობებზე სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების გამოთქმა და თანდართული კომენტარებით, სხვადსხვა ადგილიდან ამ ფაქტის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნება აღარავის უკვირს. საცობების მხრივ, ვითარება დედაქალაქში განსაკუთრებით დღესასწაულების ან უამინდობის პერიოდში მწვავდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ავტომანქანების სიმრავლის, გზების გამტარუნარიანობის შემცირების თუ უპასუხისმგებლო მძღოლების გამოისობით, სანუგეშო მდგომარეობა არც სხვა დღეებში გვაქვს. ბუნებრივია, ეს პრობლემა მძიმედ აისახება იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, დროსა და ნერვებზე, ვინც ყოველდღიურად საკუთარი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და პარალიზებულ ქუჩებში საათობით უწევს დგომა, მაგრამ მერწმუნეთ, საცობებზე არანაკლებ შემაწუხებელი და ხელისშემშლელია ქვეითთა სამოძრაო ადგილებში, ტროტუარებსა თუ პარკების შესასვლელებთან, სკოლის თუ ბაღის ჭიშკართან, მარკეტების თუ ორგანიზაციების კარებთან გაჩერებეული მანქანები. ამ პრობლემას ყოველდღიურად და რამდენჯერმე საკუთარ თავზეც ვიწვნევ და ჩემს გარშემო, ბევრი სხვაც გამუდმებით ჩივის, რომ ტროტუარები ყველგან მანქანებით არის ჩახერგილი და ამის გამო, დანიშნულების ადგილამდე მანქანების სავალ ნაწილზე უწევს სიარული; რომ პარკებთან დაყენებული მანქანები მთლიანად ბლოკავს პარკის შესასვლელს და პატარა ბავშვებთან ერთად ან ღობეზე გადაძრომა, ან მანქანებისთვის გვერდის ასაქცევად, სასეირნო ეტლების ტრასაზე გადაყვანა უხდებათ, რითაც საკუთარ და სხვის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან. ამას ემატება ზედ კორპუსების სადარბაზოებთან მიყენებული და მარკეტების კარებთან ჩამომდგარი დისტრიბუციის მანქანები, რის გამოც ქვეითებს სახლიდან გასვლა და ფეხით გადაადგილება სასჯელად გგადაგვექცა. ხშირად შევსწრებივართ ფაქტს, როცა გზის სამანქანო ნაწილზე არასწორი პარკირებისთვის ავტომობილის მფლობელს აჯარიმებენ ან სპეციალურ სამსახურს მისი მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაჰყავს, მაგრამ ქვეითთა სამოძრაო ადგილებზე პარკირებული მანქანების შემთხვევაში, იშვიათად ვიცით იგივე მაგალითები. პირიქით, ასეთი დამრღვევი მძღოლები, თითქოს, ხელშეუხებლები არიან და თუ ვინმემ არასწორ ქმედებაზე მიუთითა, ან შეფერხების გამო უსაყვედურა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, უკმაყოფილებას უხეშად გამოთქვამენ და აქეთ გადმოდიან შეტევაზე. სამწუხაროდ, მოქალაქეების უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს კანონზე, რომელიც საქართველოში, ჯერ კიდევ, გასული წლის შემოდგომაზე ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ ექვემდებარება ევაკუაციას, ხოლო მისი მფლობელი ჯარიმდება 50 ლარით. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, მსგავს დარღვევაზე რეაგირების მაგალითები ან იშვიათად, ან სულაც არ გვაქვს. თუ რატომ, პასუხი რთული სათქმელია. გაგაცნობთ იმ მოქალაქეების გულისტკივილს, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და გამოსავლის ძიებაში დახმარებას ჩვენ გვთხოვენ. ეკა მაისურაძე: ფეხით მოსიარულეები ისეთი პრობლემების წინაშე ვდგებით, ხშირად მეფიქრება შშმ პირებზე, მათ საერთოდ რა ქნან, მით უმეტეს, თუ ეტლით სარგებლობენ? ყველას არ ჰყავს თანმხლები ან დამხმარე, რომც ჰყავდეს, ტროტუარი თუ მანქანით არის ჩახერგილი, ბორდიურიდან ეტლიანად მისი ჩაყვანა და ამოყვანა ადვილი ხომ არაა? რაც შეგვეხება მათ, ვისაც პატარები გვყავს, იმდენად ვწვალდებით მეც და ბავშვიც, რომ სასეირნოდ ეტლით გამოსვლა, უკვე, მეზიზღება. ბორდიურიდან გადაყვანისას ეტლს ვერ ვიმორჩილებ, მიყირავდება და შვილს საფრთხეში ვაგდებ. ამას გარდა, არც ავტოსაგზაო შემთხვევისგან ვართ დაზღვეული, მით უმეტეს, სამანქანო გზაზე რომ გადავდივარ, თანაც ბავშვიანად, მეც ხომ ვარღვევ მოძრაობის წესს? ეს ხდება უპასუხისმგებლო მძღოლების გამო, რომელთაც საკუთარი ინტერესისი იქით არაფერი ადარდებთ და ფეხით ასი ან ორასი მეტრის გავლა ეზარებათ. ნათია კეკელია: ყველგან ვაწყდები მსგავს პრობლემას, საკუთარ საცხოვრებელთან, სამსახურთან, პარკებთან, მაღაზიასთან. ეზოებშიც ისე მჭიდროდ არის მანქანები ჩაყენებული, რომ სადარბაზოში შესვლამდე მათში ლაბირინთივით უნდა გაიარო. განსაკუთრებით აუტანელია ფეხით სიარული, თუ ბავშვები გახლავს თან. ხანდახან აქვე, სულ რაღაც 200-300 მეტრში როცა ხარ გასასვლელი, რა აუცილებელია ავტობუსით იარო? არადა, მართლა ავტობუსით მირჩევნია, რადგან ტროტუარზე ჩვენი ადგილი არ არის და მანქანების სავალ ნაწილზე გვიწევს სიარული. ფეხით სიარული უფრო მეტ საფრთხეს გვიქმნის უკვე, ვიდრე - ტრანსპორტით. მარტოც ვერსად ვერ ვუშვებ შვილებს ამის გამო. ხშირად მიფიქრია, პატრული გამომეძახებინა, მაგრამ არ ვიცი, იმ მძღოლებს, ვინც ფეხით მოსიარულეებს აფერხებს და მათ გზაზე აყენებს მანქანას, საერთოდ თუ მოეთხოვებათ პასუხი, ამიტომ ვიკავებ თავს. ნანა კინწურაშვილი: ხანდახან ქუჩის მთელ გაყოლებაზე ტროტუარები ისეა მანქანებით გადატენილი, რომ ეტლით კი არა, მარტოც ვერ გაივლი. მე კი პატარა მყავს, ხშირად მიწევს ბავშვის ეტლით გადაყვანა და რამდენჯერ ვერ გამივლია ჩემს გზაზე, რადგან მუდამ ჩახერგილია. მერე იძულებული ვხვდები, ეტლით შუა გზაზე ვიარო. როდის უნდა მიხვდნენ ეს უნამუსო მძღოლები, რომ მანქანა ტროტუარზე არ გააჩერონ? რატომ არ ფიქრობენ, რომ ამით საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს? ეს სერიოზული დანაშაულია და უნდა იყოს დასჯადი. იქნებ დროულად შეიბერტყონ ყურები, ვისაც ევალება და დააწესონ ჯარიმა?! ტრასაზე ოდნავ რომ გადაცილდე ზღვარს, იმ წამსვე ჯარიმა მოგდის და ეს დარღვევა რატომ არ ფიქსირდება არსად? როგორც ხედავთ, ადამიანებმა, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი გულიტკივილი გამანდეს (და მათი რიცხვი ბევრად მეტია), არც იციან, რომ მსგავს შემთხვევაში დამრღვევს შეიძლება პასუხი სამართლებრივად მოეთხოვოს, ამისთვის კი საჭიროა, 112-ზე ან - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცხელ ხზაზზე (1398) დავრეკოთ და ფაქტის შესახებ მოვახსენოთ. რამდენად რეაგირებს შეტყობინებებზე თავად ეს უწყება და რეკავენ თუ არა მოქალაქეები ცხელ ხაზზე, ამის გასაგებად თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. მათი თქმით, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის შესახებ სააგენტოს ცხელ ხაზზე მოქალაქეები ხშირად რეკავენ, თუმცა ისეც ხდება, რომ მიღებული შეტყობინების შედეგად ადგილზე მისულ თანამშრომლებს რეალური დარღვევა არ ხვდებათ. ამიტომ, ახლა უკვე, ზარის დაფიქსირების შემდეგ მოქალაქეს უთითებენ ტელეფონის ნომერს, რომელზეც მან ფაქტის ამსახველი ფოტო უნდა გააგზავნოს და თუ დარღვევა დასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ რეაგირებას. რაც შეეხება 112-ზე დარეკვას, როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში გვითხრეს, უკეთესიც კია, თუ არასწორი პარკირების დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეები საპატრულო ეკიპაჟს გამოიძახებენ, რადგან ისინი სწრაფ რეაგირებას ახდენენ, სწრაფადვე უკავშირდებიან მძღოლს და შედეგიც უფრო მალე დგება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა მძღოლიც გადაურჩეს ჯარიმას, მხოლოდ გაფრთხილება მიიღოს და ქვეითიც კმაყოფილი დარჩეს, რადგან მისი პრობლემა მალევე აღმოიფხვრება. ხოლო როცა ადამიანი სააგენტოს უკავშირდება, იქ ჯერ დარღვევის ფაქტის ფოტოთი დადასტურებას ელოდებიან, შემდეგ ატყობინებენ შესაბამის სამსახურს, რომელიც ადგილზე ინსპექტორებს აგზავნის. აქედან გამომდინარე, რეაგირების პროცესი უფრო ხანგრძლივდება. ის რომ ავტომანქანის მფლობელებს პარკირებისთვის ადგილები არათუ ქუჩებში, საკუთარ საცხოვრებლებთანაც არ ჰყოფნით, მათ საქციელს არ ამართლებს და ვიდრე ტროტუარზე შეაყენებენ მანქანას და ქვეითებისთვის გასასვლელს ჩაკეტავენ, დაფიქრდნენ, რამხელა დისკომფორტს უქმნიან ამ ქმედებით მოქალაქეებს. იმის გამო, რომ თავად არ შეწუხდნენ და იმ ადგილთან რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ, სადაც საქმე აქვთ, სხვებს ნუ დააყენებენ საფრთხის წინაშე. დედაქალაქის მცხოვრებლებს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის ქვეითთა გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, მათ უფლება აქვთ დარეკონ 112-ზე ან 1398-ზე და მოახსენონ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ირმა ბერიშვილი
  7. გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პასუხიმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა და ოჯახის სასარგებლოდ 130 000 ევროს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ევროსასამართლოს პალატის შეფასებით, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია სიცოცხლის უფლება - როგორც არსებით ნაწილში (მკვლელობა), ასევე არაეფექტური გამოძიების ნაწილში. ინფორმაციას ამის შესახებ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ტაბატაძე ავრცელებს. გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე რომელიც სტრასბურგში ვაწარმოე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Tamuna Abazadze-ს ამ ნდობისთვის, ასევე Nino Jomarjidze-ს, რომლის გარეშეც ვერაფერს გავხდებოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავას (გიგა ოთხოზორიას დედა და მეუღლე - რედ.), რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები, რაც ძალიან მძიმე იყო. ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე, არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია, რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ, სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე: აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას. მაშინ, როდესაც იქნება დებატები, პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ, რომ მქონდა პატივი, ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს! - წერს ადვოკატი.
  8. არის საკითხები, რომელზეც რამდენიც არ უნდა წერო და ილაპარაკო, სათქმელი მაინც არასდროს ილევა. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ასეთი მუდმივად განსახილველი თემა ქართული განათლების სისტემაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 15 ხელმძღვანელი გამოიცვალა, რომელთაგან ყველა გვპირდებოდა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში აღმოიფხვრებოდა აქამდე არსებული ყველა პრობლემა, გასწორდებოდა ყველა ხარვეზი, გადაიხედებოდა სასწავლო პროგრამები, შეიცვლებოდა სახელმძღვანელოები, გაუმჯობესდებოდა სწავლის პროცესი და განათლების სისტემა იქნებოდა მოსწავლის ინტერესებზე მორგებული. კი, ამ სფეროში ყოველთვის რაღაცას ცვლიან და მიმდინარე რეფორმებიდანაც ყოველწლიურად გარკვეული დადებითი შედეგის მიღება ანონსდება, თუმცა ამ შედეგამდე ვერა და ვერ მივედით. სისტემის ძირეული ცვლილებების ნაცვლად ვიღებთ მხოლოდ ზედაპირულ სხვაობას ძველსა და ახალ მეთოდებს შორის და უფრო გაღრმავებულ პრობლემებს. ეს იქნება: სახელმძღვანელოების შერჩევის და გრიფირების საკითხი, ეროვნული სასწავლო გეგმა თუ პედაგოგთა გამოცდების ან სერთიფიცირების პროცესი. ჩვენს საზოგადოებაში მოიძებნებიან ერთეული ადამიანები, რომელთაც საქართველოს განათლების სისტემასთან არავითარი პრეტენზია არა აქვთ და განათლების სამინისტროს მუშაობითაც კმაყოფილები არიან, თუმცა მათგან განსხვავებული აზრი აქვთ იმ მშობლებს და პედაგოგებს, რომლებიც პირადად მიკავშირდებიან და ერთხმად აღიარებენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს; რომ უინტერესოდ შედგენილი, სამეცნიერო ნაშრომებიდან თუ ინტერნეტიდან გადმოკოპირებული და გაუმართავი ტექსტები, არეული და ხშირ შემთხვევაში, მცდარი ტერმინები, უსისტემოდ დაჯგუფებული მასალები მოსწავლისთვის გაკვეთილის არსს გაუგებარს ხდის და სწავლის მოტივაციას უკარგავს. ასეთი წიგნებიდან მიცემული დავალებების შესრულებაც ბავშვებისთვის უინტერესო თავსატეხი ხდება და იძულებულნი ხდებიან, დახმარება მშობლებს სთხოვონ. მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო ფიზიკის მასწავლებელი ფიზკის სახელმძღვანელოს უვარგისობაზე ჩივის, გეოგრაფიის მასწავლებელი - გეოგრაფიის წიგნს აკრიტიკებს, ქართულის პედაგოგი - ქართული ლიტერატურის წიგნის ავტორს და ეს ჩივილები არ ილევა, პირიქით, ყოველწლიურად მატულობს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ქართული განათლების სისტემით უკმაყოფილოა სკოლა, მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, სამაგიეროდ, კმაყოფილები არიან სახელმძღვანელოთა ავტორები, გამომცემლები და თავად განათლების სამინისტრო. პროფესიით ფილოლოგი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი, მანანა ერქომაიშვილი ერთ-ერთი ის მშობელია, რომელიც სწავლა-განათლებასთან და სკოლებთან დაკავშირებულ გულისტკივილს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში მიზიარებს და რომელთანაც არაერთხელ განმიხილავს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი პრობლემები. ამჯერად საუბარი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევის შედეგებით დავიწყეთ, რომლის თანახმადაც, წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანის კომპონენტში საქართველო ისევ დაბალ ადგილზე აღმოჩნდა. - PISA-ს ტესტირების შედეგებზე, რომლითაც, სამწუხაროდ, მოსაწონი არაფერი გვაქვს, გასულ კვირას ბევრი ითქვა. საინტერესო იყო განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის აზრიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო კვლევის მაჩვენებელზე გავლენა პანდემიამ იქონია და რომ არა ეს მიზეზი, საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგი ექნებოდა. რამდენად ეთანხმებით მინისტრის ამ მოსაზრებას? - არც კი ვიცი, ეს განცხადება როგორ შევაფასო. სასაცილოა, მინისტრმა რეალურ მიზეზებზე კრინტი არ დაძრა და ყველაფერი დააბრალო კოვიდს, მასწავლებელს, მოსწავლეს, ამინდს... კოვიდამდე სად ვიყავით, რომელ ადგილზე? ამ პროგრამაში საქართველო 2009 წლიდან მონაწილეობს და უკეთესი მაჩვენებელი არც წინა ტესტირებების დროს გვქონია, რაც განათლების მინისტრის მოადგილემაც აღიარა. იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყოო; არ გვახარებს, რომ შედეგი გაუმჯობესებული არ არის, მაგრამ არც გაუარესებულიაო. განათლების სამინისტრო ასეთ განცახდებას უნდა აკეთებდეს? ამასწინათ წავიკითხე, ვიღაც ექსპერტი ამბობდა: დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა განათლებაში, თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობის, ხედვების არათანმიმდევრულობის და ხშირად არაკომპეტენტურობის გამო, ბევრი მათგანი იყო ფრაგმენტული და უნაყოფო. გასაკვირი არ არის, რომ დინამიკა არ არის დადებითიო... რას ნიშნავს არაერთი რეფორმა? 30 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმა ვის გაუგია? განათლებაში რეფორმის შედეგს ხვდები მინიმუმ 6-7 წლის თავზე, ან მაშინ, როცა სკოლის ერთი გამოშვება სრულად გაივლის და მიიღებს ამ რეფორმას. ზოგი მასწავლებლისკენ იშვერს ხელს და მას აბრალებს იმ შედეგებს, რაც გვაქვს. რა შუაშია მასწავლებელი იმ შემთხვევაში, როცა წიგნი და პროგრამა არ ვარგა, მაგრამ ვიღაცას ხო უნდა შეახოცონ ხელი? აბა, ვინც ჩვენი შვილების ხარჯზე ფულს აკეთებს, იმას ხო არ გამოაცლიან პირიდან მსუყე ლუკმას? - თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც განათლების ეს ყბადაღებული რეფორმა ჩატარდა, შეიცვალა როგორც სახელმძღვანელოები, ისე პროგრამები და ეროვნული სასწავლო გეგმა. რა შედეგი გვაქვს 20 წლის შემდეგ? - შედეგი გვაქვს ის, რასაც ყოველ 5 წელიწადში PISA-ს კვლევების შემდეგ ვიღებთ, სწავლა-განათლების მხრივ მუდმივად მაჩანჩალა ადგილზე ვართ. უტყუარი ფაქტია სახეზე, განათლების რეფორმა ჩატარდა სრულიად მოუმზადებლად. მას შემდეგ, ამდენი წელია, გზადაგზა ვითომ რაღაცას ხვეწენ, შეცვლით კი არაფერს არ ცვლიან და ექსპერიმენტებს ატარებენ ჩვენს შვილებზე. ახლახან ჩემი შვილის მერვე კლასის ქართული ლიტერატურის წიგნი გადავათვალიერე და ბრაზმა დამახრჩო. სრულიად უსისტემოდ არის შეყრილი ათასი აბდა-უბდა, მხატვრული ტექსტების ნაცვლად შეტანილია ლიტერატურის ისტორიის და თეორიის საკითხები, ვიღაცის ფილოსოფიური მსჯელობები; ალაგ-ალაგ ბლეზ პასკალის სახელი და გეომეტრიაც შემხვდა, მაშინ, როცა ალგებრას და გეომეტრიას სკოლაში საერთოდ არ ასწავლიან. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ წიგნში მოცემული მასალიდან მოსწავლე ცოდნას კი არ იძენს, იღებს მხოლოდ ინფორმაციას. ცოდნა და ინფორმაცია კი ერთმანეთისგან განსხვავდება. მით უმეტეს, როცა ეს ინფორმაცია არის ბევრი, აბსოლუტურად უსისტემო და ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. ამას ემატება დავალებები, რომელსაც ან პირდაპირ ახლავს ბმული ან გითითებს, რომ მოიძიო ესა და ეს ინფორმაცია ინტერნეტში. ინტერნეტში კი ყველამ ვიცით, რომ ზღვა მასალაა ჩაყრილი, რომელთაგან სწორის და არასწორის გარჩევა არათუ 8-9 წლის ან 10-15 წლის ბავშვებისთვის, ბევრად უფროსისთვისაც არ არის ადვილი. მე ჩემი განათლება და გამოცდილება მეხმარება იმაში, რომ მივხვდე, მოძიებული მასალიდან რომელი მონაკვეთი გამომადგება ან რომლის წაკითხვა არ ღირს, საერთოდ, მაგრამ მსგავს დავალებებს 8 წლის ასაკიდან რომ აძლევენ ბავშვს, ის როგორ მიხვდეს, რა გამოტოვოს და რა - არა? ხომ ვიცით, რომ ერთი სათაურის ქვეშ ინტერნეტში ხშირად ზღვა მასალაა თავმოყრილი და გამოდის, ყველა უნდა წაიკითხოს, რათა იმ მონაკვეთებს მიაგნოს, რაც მეტ-ნაკლებად პასუხობს მის დავალებას. რა დრო შეიძლება ამას მოანდომოს ბავშვმა და აქვე, საინტერესოა, წიგნში რამდენად სწორად არის ის კითხვა მოცემული, რომლის პასუხსაც ეძებს? ახლობლის მეოთხეკლასელ ბავშვს დაავალეს, მოეძიებინა ინფორმაცია პატარა კახზე და დაეწერა შინაარსი, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, მისი ცხოვრების რა მონაკვეთზე უნდა ყოფილიყო საუბარი: ყმაწვილობაზე, მოზრდილობის პერიოდზე, რომელიმე ბრძოლის ამბავზე თუ სხვა. პირდაპირ ასე ეწერა: მოიძიე ინფორმაცია პატარა კახზე. დაგუგლა ბავშვმა პატარა კახი და სხვადასხვა ისტორიული წყაროდან ამოუყარა უამრავი ვრცელი მასალა, რომელსაც კარგა ხანს უტრიალა, მაგრამ თავი და ბოლო ვერ გაუგო და ისევ მშობელს მიადგა, დამეხმარეო. მშობელიც ჩაუჯდა მასალებს, მაგრამ დავალება იმდენად ზოგადი იყო, მასაც კი გაუჭირდა რამდენიმე წინადადება ისე ამოეღო და დაეკავშირებინა ერთმანეთთან, რომ შინაარსში ლოგიკური ჯაჭვი არ დარღვეულიყო. - მსგავსი მაგალითების მოყვანა მეც მრავლად შემიძლია, თუმცა, საგულისხმოა, რომ როცა ამას ხმამაღლა ვაპროტესტებ, ბევრს საპირისპირო აზრი აქვს და მიმტკიცებს, რომ კარგია, თუ ბავშვი საჭირო ინფორმაციის მოძიებას ისწავლის. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს საჭირო ინფორმაციის მოძიებად ის, რაზედაც ახლა ვსაუბრობთ? მე-6 კლასის ხელოვნების სახელმძღვანელო - დაბალ კლასებში ასეთი სახით დავალებების მიცემასა და ინტერნეტში მათ მოძიებაში სახეირო არაფერი ყრია. საჭირო ინფორმაცია შეიძლება მოიძიონ მაღალი კლასის მოსწავლეებმა და აბიტურიენტებმა, ვისაც გარკვეული სახის ცოდნა უკვე აქვთ მიღებული და შეუძლიათ ისტორიული წყაროებიდან თუ სხვა სახის მასალიდან შესაბამისი შინაარსის ამოღება. 8-10 წლის ბავშვმა რა მასალა უნდა მოიძიოს ინტერნეტიდან და როგორ უნდა მიხვდეს, რა არის მასში სიმართლე და რა - მოგონილი, რომელი წყარო გამოიყენოს და რომელი - არა? როგორც უკვე ვთქვი, მე ცოდნა და ლოგიკა მეხმარება ამის გარჩევაში, ლოგიკას კი კარგი საბაზისო განათლება აყალიბებს. ხელოვნებათმცოდნეობისა და მუსიკათმცოდნეობის ზუთხვა არ მაძლევს საბაზისო ცოდნას, რადგან ეს არ არის ფუნდამენტური მეცნიერება. 5 წელი სწავლობენ სულ კონსერვატორიაში და მოსწავლეს 9 წლის განმავლობაში რატომ აკარგვინებ დროს, რატომ უტენი ხელოვნების და მუსიკის თეორიებს თავში? საერთოდაც, ხომ უნდა იყოს განსაზღვრული, რა საგნები უნდა ისწავლოს ბავშვმა 21-ე საუკუნეში? თუ მათემატიკას არ მასწავლი საფუძვლიანად, რატომ მასწავლი იმას, რაც არაფერში მჭირდება? - თქვენი აზრით, დღეს სკოლა აძლევს მოსწავლეს ზოგად განათლებას? - როგორ შეიძლება, ზოგად განათლებად მიგვაჩნდეს ის, რაც დღეს სკოლებში ისწავლება? მუსიკათმცდონეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, მე და საზოგადოება?.. მუსიკის გაკვეთილზე მესმის სიმღერას ან ინსტრუმენტებზე დაკვრას ასწავლიდნენ, ასწავლიან თეორიას, რომელიც წიგნში აბსოლუტურად ქაოტურად არის ჩატენილი და არაფერში გამოადგებათ. ეს რომ იყოს სოლფეჯიო და ბავშვს მუსიკალურ გემოვნებას უყალიბებდეს, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგალითად, ჩემს შვილს ახლახანს მუსიკაში ჰქონდა ასეთი კომპლექსური დავალება: მოისმინეთ ბეტ მიდლერის სიმღერა და გაიაზრეთ, რომელი სახის დეკლამაციითაა წარმოდგენილი სიმღერაში კონკრეტული ეპიზოდი. მუსიკალური ნაწარმოების მთავარი გმირის ხასიათის გადმოსაცემად რატომ მიმართა კომპოზიტორმა კონკრეტულ მუსიკალურ ხერხს, მის რომელ თვისებას უსვამს ხაზს ეს მუსიკა? გესმით, რა ხდება? მე მაქვს მუსიკალური განათლება და გავიგე, რასაც ითხოვენ, მაგრამ ჩემი შვილი საერთოდ ვერ მიხვდა, რაზე იყოს საუბარი, ეს ერთი და მეორე, რაში სჭირდება ან რატომ უნდა იცოდეს 13 წლის ბავშვმა მუსიკალური დეკლამაციის რაობა და მუსიკალური ხერხები? ან ბეტ მიდლერის სიმღერის მოსმენას რატომ ავალდებულებენ? მე-4 კლასის მუსიკის სახელმძღვანელო - ვიდრე PISA-ს კვლევის შედეგები გახდებოდა სალაპარაკო, მანამდე საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების გაუქმება იყო განსახილველი თემა, რომლის შესახებაც სამინისტროზე დაყრდნობით ყველა საინფორმაციო საშუალება ერთხმად აცხადებდა. მერე გამოვიდნენ მინისტრის მოადგილეები და დავალებები არ გაუქმებულა, მისი ცალკეული კომპონენტები გაუქმდაო. თქვენ, როგორც ამ საკითხით დაინტერესებულმა პირმა, როგორ მიიღეთ ეს ინფორმაცია ან რამდენად გასაგებია თქვენთვის, რა დავალებებს ეხება სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება? - ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო სიუჟეტები თუ სტატიები, ყველგან ამ სათაურით იწყებოდა, რომ გაუქმდა საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება რომ მოჰყვა, მერე გამოვიდა მინისტრის ხან ერთი, ხან მეორე მოადგილე და რაღაც სისულელეები იბორიალა. თან აქეთ მოგვედავნენ, თქვენ ვერ გაიგეთ კარგად, თორემ არაფერი გაუქმებულაო. ამ დროს, ყველას სათითაოდ მოვუსმინე, ვინც კი აღნიშნულ საკითხს შეეხო და ბოლომდე მაინც ვერავინ თქვა, რა გაუქმდა, რა დარჩა ან საერთოდ რა აზრი უნდა გამოგვეტანა მათი გადაწყვეტილებიდან. დავალებების გაუქმებასთან ერთად, ისიც თქვეს, რომ სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები. რას ნიშნავს ეს, რისი შეფასების სისტემა უნდა შექმნას სკოლამ, ბავშვის ცოდნის? სხვადასხვა სკოლამ სხავადსხვა შეფასების სისტემა უნდა შექმნას? რის მიხედვით? აი, რამდენი კითხვა გაჩნდა და ამ კითხვებს ვინმე თუ პასუხობს? რეალურად უფრო ართულებენ საქმეს, ქმნიან სურათს, რომ აუმჯობესებენ სისტემას, მაგრამ ღერძს არ ცვლიან და დანარჩენს არაფერს აზრი არ აქვს. თუ წიგნი არ ვარგა, მასწავლებელმა რაც არ უნდა აკეთოს, პროცესი არ ივარგებს. ან ეს რა პრინციპია, სხვადასხვა სკოლა სხვადასხვა სახელმძღვანელოს რომ ირჩევს და ყველა განსხვავებული წიგნებით ასწავლის? თუ მოსწავლეებს სხვადასხვა წიგნით სხავადსხვა შინაარს ასწავლიან, მისაღებ გამოცდებზე ერთნაირად რატომ თხოვენ ან ერთიანი ეროვნული გამოცდები რატომ ჰქვია, საერთოდ? ან რა გარანტია არსებობს, რომ ყველა ეს წიგნი ერთი დონის არის და თუ ერთი დონის არ არის, მით უმეტეს, რატომ უნდა ისწავლოს ერთმა მოსწავლემ უკეთესი წიგნით და მეორემ - უარესით? მოიყვანონ არგუმენტები, ერთი სკოლა ერთ წიგნს რა პრინციპით ირჩევს და მეორე სკოლა - მეორეს? რა სტანდარტებს და კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო სახელმძღვანელო, მე, როგორც მშობელს, ხომ მაქვს უფლება, ვიცოდე? - ძალიან ბევრი პედაგოგი თუ მშობელი ლაპარაკობს ამაზე და ყველა მინისტრი, ვინც განათლების სამინიტროში მოვიდა, გვპირდებოდა, რომ გადახედავდა სახელმძღვანელოების შინაარსს და ხარვეზებს გამოასწორებდა, თუმცა ამ დრომდე უკეთესობას ვერ ვხედავთ. რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ამ მიმართულებით? - ცოდნის მიღებას სჭირდება მოსწავლე, მასწავლებელი და წიგნი. რაც არ უნდა ნიჭიერი და გონებაგახსნილი იყოს მოსწავლე, თუ სახელმძღვანელო არ ვარგა, სულ რომ ანგელოზი მასწავლებელი ჰყავდეს, ვერაფერს იზამს. ამიტომ სკოლაში უნდა არსებობდეს ისეთი მექანიზმი, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, თუ ბავშვს სწავლა არ დაეზარება, ის ნამდვილად მიიღებს სათანადო განათლებას. შეიძლება, პედაგოგი ვარსკვლავებს არ წყვეტდეს და ახსნის გარეშე, აქედან აქამდე მოხაზვით აძლევდეს გაკვეთილს, მაგრამ თუ სახელმძღვანელო ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს სტანდარტებს, მოსწავლე აუცილებლად ისწავლის საგანს. როცა არც წიგნი ვარგა, არც პროგრამა და არც - მასწავლებელი, გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. სამწუხაროდ ყველაფერი ისეა დალაგებული, რომ ბავშვებმა განათლება არ მიიღონ, ამიტომაც ვამბობ, განათლების სისტემა აბსოლუტურად მოშლიალია; სწავლა-სწავლების პროცესით და სახელმძღვანელოებით უკმაყოფილოა მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, სამაგიეროდ კმაყოფილია სახელმძღვანელოს ავტორი, გამომცემელი, გრიფირების დეპარტამენტი, განათლების სამინისტრო და გამომცემლები - ყველაზე მეტად. მიზეზი მარტივია, წიგნები უნდა ბეჭდონ და ფული აკეთონ ჩვენი შვილების ხარჯზე. თუ კომისიაზე რამდენიმე სახელმძღვანელო გავა, იქიდან კი მართლა საუკეთესო შეირჩევა და ყველა სკოლისთვის ის გახდება სავალდებულო, მაშინ დანარჩენი წიგნების ავტორები და გამომცემლები ხომ ვერ იხეირებენ? პოლიგრაფიული უბადრუკობა ცალკე ამბავია. ტიპები ეკონომიას აკეთებენ და წიგნებს გაუგებარ ქაღალდზე ბეჭდავენ, ამიტომაცაა რომ 5 წიგნი 4 კილოს იწონის და მათი თრევით ბავშვებს ჯანმრთელობა ერღვევათ. - ეს ის საკითხებია, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს გვაწუხებს, პრობლემასაც ვხედავთ, მაგრამ ერთეულების გარდა ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს ვითარება? - საქმე ისაა, რომ როგორც მე და თქვენ არ ვიცოდით ასე დაწვრილებით ამ პრობლემის შესახებ მანამდე, ვიდრე უშუალოდ არ შევეჩეხეთ, ისე არ იცის ბევრმა, ამიტომაც ვერ ხვდებიან, ჩვენ რა გვაწუხებს. რა პრობლემებსაც განვიხილავთ, ამათი მოგვარება ძნელი არ არის, მაგრამ ეს ვიღაცას იმხელა ლუკმას გამოაცლის პირიდან, რომ აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ წინააღმდეგობებს. სამწუხაროდ, არც ერთი ტელევიზია ამ თემაზე არ ლაპარაკობს, არც ერთი ოპოზიციური პარტია ამ პრობლემას არ ეხება. არადა, რამდენი სახელმძღვანელო იბეჭდება წელიწადში, რამდენი გამომცემლობაა, რამდენი ავტორი... მოსწავლისთვის - ცალკე, მასწავლებლისთვის - ცალკე, ცალკე სახელმძღვანელო, ცალკე რვეული, ცალკე დამხმარე საშუალებები, რამდენი უჯდება ყველაფერი ეს სახელმწიფოს? ახლა ვიკითხოთ, განათლების სამინისტროს ბაზაზე არსებული აიპ-ები და სიპ-ები რას აკეთებენ და რამხელა ხელფასებს იღებენ? ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელი ვარ და 500 ლარი მაქვს ანაზღაურება. ეს ისე, შედარებისთვის... ჰოდა, ეს აწყობილი სისტემა როგორი დასათმობია მავანისთვის? ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა მონაცემები და აღმოჩნდა, რომ წელიწადში სკოლებზე 1, 7 მილიარდი ლარი იხარჯება, თურმე. მართალია, ეს მონაცემები არ არის ჩაშლილი და არ ვიცით, კერძოდ რაში რამდენი ლარი მიდის, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება მხოლოდ სასკოლო განათლებისვთის და არავის არ უნდა ამ სისტემის შეცვლა, რადგან ყველა რაღაცით ხეირობს; ვიღაც გამომცემლობის უკან დგას, ვიღაც გრიფირების კომისიის უკან და ასე. რამდენიმე ბობოლა გამომცემლობაა, რომელთაც სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა დელეგირებული აქვთ და ენდომებათ მათ რამეს შეცვლა? მთავარი მაინც პოლიტიკური ნებაა. თუ ვინმემ მართლა გადაწყვიტა განათლების სისტემის ძირეული შეცვლა, ამისთვის მაქსიმუმ სამი წელი იქნება საჭირო, მეტი - არა. ეს თუ არ მოხდა და სისტემა არ გამოსწორდა, უარეს და უარეს შედეგს მივიღებთ. ირმა ბერიშვილი
  9. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოში 5,6 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდებიც ადასტურებენ, რომ წელს ნამდვილად ბევრი ტურისტი გვყავდა, თუმცა ამ გარემოებით დიდწილად ისევ უცხოურმა კომპანიებმა იხეირეს, რადგან ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ტუროპერატორები, გიდები თუ სასტუმროები მოემსახურნენ. საქართველოს ტურიზმის სფეროში უცხოური ტურისტული კომპანიების მომრავლება და ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენცია გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ კანონი, რომელმაც ტურიზმის მიმართულება უნდა არეგულიროს, მოძველებულია და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ტურიზმის შესახებ ახალი კანონი კი პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა მიიღოს, თუმცა, როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდები, მათ შორის საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, გიორგი თეთრაძე ამბობს, თუ კანონი იმ სახით მიიღეს, რა სახითაც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველ მოსმენაზე განიხილა, ტურისტული სფერო საქართველოში დიდწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში აღმოჩნდება. რა დაბრკოლებების წინაშე დგას დღეს ტურიზმის სექტორი, რა პრობლემებს უქმნის ქართულ ტურისტულ კომპანიებს ძველი კანონი და რას უქადის - ახალი, ამის შესახებ სწორედ გიორგი თეთრაძეს ვესაუბრეთ. - კონკრეტულად რა ხარვეზები აქვს პარლამენტის მიერ პირველ მოსმენაზე წარდგენილ კანონპროექტს და რა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს? - პარლამენტის მიერ დღეისთვის შემუშავებული კანონპროექტით გათვალისწინებული ბევრი რეგულაცია არათუ არსებული პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, პირიქით, საქმეს უფრო გაგვირთულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მსხვილი ტურისტული კომპანიების ხელში გადავა და არათუ წვრილი და საშუალო ტუროპერატორები, ბევრი დიდი ტურისტული კომპანიაც იძულებული გახდება, საერთოდ შეწყვიტოს საქმიანობა ან კანონისთვის გვერდის ასაქცევი გზები მონახოს. ძველი, 1997 წელს მიღებული კანონი საერთოდ ვერ პასუხობს ტურიზმის დღევანდელ მოთხოვნებს და არაფერს არ არეგულირებს, ისედაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ნახევარზე მეტი კომპანია თუ გიდი კანონის გვერდის ავლით მუშაობს. მათი უმეტესობა არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული და სახელმწიფო მათგან ვერანაირ მოგებას ვერ იღებს. კანონმა მათი საქმიანობა იურიდიულად უნდა დაარეგულიროს, შემოსავლების სამსახურში ყველა უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ინდმეწარმე ან მცირე მეწარმე, ან კომპანია; ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში ოფიციალური გადასახადი და მოგება მოუტანოს სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება, მაგრამ ეს კანონი ისევ ჩვენ, რეგისტრირებულ ტუროპერატორებს თუ კომპანიებს არ უნდა შემოგვიბრუნდეს ავად. სამწუხაროდ, ამას გვიქადის ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტურისტული კომპანია ვალდებული ხდება, 30 ათას ლარიანი საგარანტიო თანხა დადოს ბიუჯეტში და გაყინოს. - რას ნიშნავს ბიუჯეტში საგარანტიო თანხის დადება და რისთვის არის ეს რეგულაცია აუცილებელი? - გამყვანი ტუროპერატორების შემთხვევაში, ეს წესი გამართლებულია, რადგან შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში ტურისტის გაყვანისას გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს, ან შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს, ან რამე სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნას, რომლის დროსაც კომპანია ვალდებულია თავისი ტურისტი უსაფრთხოდ დააბრუნოს საკუთარ ქვეყანაში. ამისთვის არის ეს გაყინული თანხა საჭირო, მაგრამ შემომყვანი კომპანიის შემთხვევაში ამ თანხის საჭიროება არ დგას. ამიტომ, თუ კანონპროექტში ეს რეგულაცია არ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი შეზღუდვის ერთ-ერთი მექანიზმი. შეიძლება ზოგიერთ მსხვილ კომპანიას ჰქონდეს ბიუჯეტში დასადები 30 ათასი ლარი, მაგრამ მცირე და პატარ-პატარა კომპანიებსა თუ გიდებს, ეს საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვება. მით უმეტეს, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ტურისტთან, რომელიც ჩვენ შემოგვყავს, ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული, გარკვეული და დაგეგმილი გვაქვს. ბევრი შემომყვანი კომპანია ვერ გადაიხდის ამ თანხას, რის გამოც, ვერ აიღებს ლიცენზიას, შესაბამისად, ვერც იმუშავებს. ამ მიზეზით ბევრ ტუროპერატორს მოუწევს არსებობის შეწყვეტა და გამოდის, ეს გადაწყვეტილება ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. - კომპანიების ამბავი გასაგებია, მაგრამ ეს რეგულაცია თავისუფალ გიდებსაც შეგეხებათ? - დიახ, ეს წესი დამოუკიდებელი გიდებისთვისაც სავალდებულო იქნება. მე, ვინც ტურისტს ვემსახურები, ყველა სასურველ სერვისს ვუჯავშნი და ასევე, დაგეგმილ ტურებზეც თავად ვატარებ, კომბინირებულ გიდად ვითვლები. ამიტომ ეს რეგულაცია ჩემზეც გავრცელდება და მეც დამეკისრება ფულადი ვალდებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ან უნდა გავჩერდე, ან კანონის გვერდის ავლით უნდა ვიმუშაო: არც უნდა დავრეგისტრირდე და არც ის უნდა გავამხილო, რომ ტურისტებს ვიღებ; უნდა ვთქვა, რომ უბრალოდ დაქირავებული გიდი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს, ბიუჯეტში 30 ათასი ლარი დავდო და გავყინო, რასაც ვერ შევძლებ. - თქვენს სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და როგორც ვიცით, ქართულ ტურისტულ ბაზარზე, ბოლო პერიოდში უცხოური ტურისტული კომპანიები თუ ოპერატორებიც მომრავლდნენ. ეს შეიძლება ჯანსაღ კონკურენციად მივიჩნიოთ? - ესეც საკმაოდ მძიმე თემაა. მიმდინარე წელს საქართველოში მართლაც ბევრი ტურისტი შემოვიდა, მაგრამ მათ უმეტესობას არა ჩვენი კომპანიები და გიდები, არამედ თავიანთი ქვეყნების გიდები და ტურისტული კომპანიები მოემსახურნენ. მაგალითად, ავიღოთ არაბული ან თურქული ტუროპერატორი, რომელსაც საქართველოში ჩამოჰყავს მოგზაურთა ოცკაციანი ჯგუფი, ან უფრო მეტი. მათ აეროპორტში ხვდებათ საკუთარი მძღოლი, რომელიც აბინავებს თავიანთსავე სასტუმროში, მიჰყავს თავიანთ რესტორანში და ექსკურსიაზეც მიჰყვებათ თავიანთი გიდი. სასტუმროებს და რესტორნებს ვიღა ჩივის, უცხოელებმა უკვე ღვინის მარნებიც კი იყიდეს და ამ მარნებში თავადვე ატარებენ ტურებს. პაკისტანელებსაც აქვთ მარანი ნაყიდი, რუსებსა და უკრაინელებზე აღარაფერს ვამბობ, ისე კარგად აითვისეს აქაური ტურისტული მიმართულებები, რომ სერიოზულ კონკურენციას გვიწევენ. მათ არ ჩამოუვარდებიან სხვა ქვეყნები: ინდოეთი, ბანგლადეში, თურქეთი, არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. უმეტესობას საკუთარი ტურისტული კომპანიები აქვს დაარსებული, ჰყავთ თავიანთი გიდები, მანქანები, აქვთ რესტორნების და სასტუმროების ქსელი. მარტო ერთი არაბული ტურისტული კომპანია ვიცი, რომელსაც 87 მანქანა ჰყავს ნაყიდი, პაკისტანელების კომპანიას - 38; 10 და 15 მიკროავტობუსი ვისაც ჰყავს, იმათ არც ჩამოვთვლი, სუყველა უცხოური კომპანიებია. - კანონპროექტში თუ არის გათვალისწინებული ეს ფაქტორი და არის თუ არა შესაძლებელი, საკითხი ისე დარეგულირდეს, რომ უცხოელებს ამ სფეროში უკონტროლოდ მუშაობის უფლება არ ჰქონდეთ? - სწორედ ამას ვითხოვთ ჩვენც, რომ ყველას არ ჰქონდეს გიდად მუშაობის და ტურისტების მომსახურების უფლება. ბევრი ტურისტი შემოვიდა წელს, მაგრამ ის მოგება, რაც უცხოელისგან საქართველოს ბიუჯეტში უნდა შესულიყო, ისევ მის ქვეყანაში წავიდა, რადგან ჩვენ კი არ გადაგვიხადა, მისი ქვეყნის წარმომადგენლებს გადაუხადა. ჩვენთან დახარჯული ფული, აქ კი არ დატრიალდა, ისევ უცხოური ბიზნესკომპანიების მოგებაში წავიდა, საქართველოს ბიუჯეტს კი მხოლოდ მათთვის გაწეული კომუნალური სერვისების ოფიციალური გადასახადი შეემატა. ჩვენს ისეთ ტურისტულ კომპანიებს და გიდებს, რომელთაც შარშან და შარშანწინ ერთი თავისუფალი დღე არ ჰქონიათ, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან მუდმივად იღებდნენ ტურისტებს, წელს ნახევარიც არ უმუშავიათ, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი ტურისტი იყო. - როცა ქვეყანაში ტურიზმი ეკონომიკის წამყვან სფეროდ მიგვაჩნია და გვინდა, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, ამ დროს პროგრესის ნაცვლად რეგრესისკენ მივდივართ? - ასე ცალსახადაც ვერ ვიტყვით, რომ ტურიზმი არ ვითარდება და ამ სფეროს ქვეყნისთის მოგება არ მოაქვს, მაგრამ თუ ნორმალური კანონმდებლობა და რეგულაციები გვექნება, გაცილებით მეტის მიღწევა და მეტი მოგების მიღება შეუძლია, როგორც სახელმწიფოს, ისე ადგილობრივ მოქალაქეს. დღეს ეს ყოველივე ხდება იმის გამო, რომ არსებულ კანონს უამრავი ხარვეზი აქვს და ვერაფერს არეგულირებს. ეს ,,შავი ხვრელებიც“ განსაკუთრებით შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც ამდენი რუსი, უკრაინელი, ბელორუსი თუ სხვა ეროვნების ადამიანი ჩამოვიდა და მათთვის თავის დამკვიდრების ყველაზე მარტივი გზა ტურიზმი აღმოჩნდა. სოციალური ქსელების სარეკლამოდ გამოყენებაც მათ ჩვენზე კარგად იციან და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტურად მუშაობენ. - ტურისტულ საქმიანობაში უცხოელების სიმრავლე მართლაც რომ თვალშისაცემია, მათზე ოფიციალური ნებართვა თუ არის გაცემული? - საქმეც ეგ არის, რომ არც ერთი მათგანი არსად არ არის რეგისტრირებული და არც ერთი არ იხდის გადასახადს. მათ გამო კი რეგისტრირებულ გიდებს და ტურისტულ კომპანიებს ტურისტები გვაკლდება. ასეთი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ეხება მარტო რუსებს, უკრაინელებს ან ბელორუსებს, პოლონელები და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც იგივეს აკეთებენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც სულ თავ-თავიანთი გიდებით ჩამოდიან. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ კანონში ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი და ბევრი რეგულაცია - შესაცვლელი. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ხსენებულ კანონპროექტში არაფერი არ ვარგა, საჭირო პუნქტებიც არის მოცემული, რასაც მივესალმებით და მოგვწონს, თუმცა მთლიანობაში, იმ სახით, რა სახითაც ის პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის პირველ მოსმენაზე წარადგინეს, კანონპროექტი აბსოლუტურად მიუღებელია ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილისთვის. ტურიზმი მარტო იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელს შენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები და ლამაზი ადგილები დაათვალიერებინო, ტურიზმს დიდი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, მით უმეტეს ჩვენისთანა ისტორიის მქონე ქვეყნისთვის. სწორედ გიდების მეშვეობით ხდება სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესის გატარება. ჩვენ ვაწვდით ტურიტს, განსაკუთრებით რუს ტურისტს, სწორ ინფორმაციას არა მარტო საქართველოზე, არამედ თავის ქვეყანაზეც, მათ პოლიტიკაზეც. ყველა ქართველი გიდი არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი და ჩვენგან ტურისტი იღებს იმ ინფორმაციას, რაც ჩვენს წარსულს, ისტორიას და კულტურას უკეთესად წარმოაჩენს. ამიტომ გიდი არის საქართველოს ელჩი ტურისტებისთვის, ისინი ჩვენი თვალით ხედავენ და აფასებენ საქართველოს. ხდება ასეთი ფაქტებიც, რუსი ტურისტები ჯერ ერევანში ჩადიან, იქ აქვთ რამდენიმედღიანი ტური და მერე იქაურ ტურისტულ კომპანიას ჩამოჰყავს საქართველოში. მათ თან ახლავთ სომეხი გიდი, რომელიც ხომ წარმოგვიდგენია, რას მოუყვება რუსს ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე? არა მარტო სომხები, ყველა სხვა უცხო ქვეყნის გიდი არასწორად ან შეგნებულად დამახინჯებით უყვება ტურისტს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის თუ ტრადიციების შესახებ. საქართველოში მასპინძელი არის საქართველო და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც კანონში უნდა ჩაიწეროს, არის ის, რომ გიდი აუცილებლად იყოს საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ადამიანი და ფლობდეს ქართულ ენას. თუ გიდმა ქართული ენა არ იცის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არა აქვს წაკითხული საჭირო წყრაოები, ისტორია, ლიტერატურა და შესაბამისად, ტურისტს სათანადო ინფორმაციას ვერ გადასცემს. - რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ამ მხრივ ბევრი გიდისგან მომისმენია პრეტენზიები. თქვენ რა გიქმნით პრობლემებს, რამდენად შეესაბამება არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს? - საქართველოში ტურისტული სფერო ნამდვილად ვითარდება და სახელმწიფოც ცდილობს, ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ტურისტების მზარდ ნაკადს ტურისტული ინფრასტრუქტურა ვერანაირად ვერ მიყვება. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საკმარისი ნაგვის ურნები არ დგას, რაც ტურისტებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, რადგან ხშირად 300-500 მეტრზე უწევთ ნაგვის ხელით ტარება. მაგალითად, მთელი ლესელიძის ქუჩაზე მხოლოდ სამ ადგილას დგას ურნა. საზოგადოებრივი საპირფარეშოების საკითხი იმდენად ყბადაღებულია, უკვე უხერხულიც კია ამაზე ლაპარაკი. ახლა ხომ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დავდეთ ჩინეთთან? მოგეხსენებათ, ჩინელები ხუთ და ათკაციან ტურისტულ ჯგუფებად არ ჩამოდიან და ვთქვათ მიმყავს მთელი ავტობუსით სავსე მათი ჯგუფი, მოუნდათ საპირფარეშო, სად მივიყვანო, ამდენი ხალხი ვის მივაყენო? ტურისტების პატარა ჯგუფები ნაცნობ ობიექტებში შეგვყავს ხოლმე, რესტორნებში ან კაფეებში, ან ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც ანგარიშს გვიწევენ, რადგან იციან ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ 30 და 50 კაცს სად მიიყვან, ვის სიამოვნებს ამდენი ადამიანის შესვლა თავის საპირფარეშოში? ფაქტია, ის სერვისები, რაც ტურისტების მზარდი ნაკადის მომსახურებისთვის არის აუცილებელი, მოთხოვნებს ბევრად ჩამორჩება. ასევე, არსებობს გზების პრობლემა, არათუ რეგიონებში, დედაქალაქის ტურისტულ მარშრუტებზე. ძალიან ხელისშემშლელია ჩვენთვის მოწყალების მთხოვნელი ბოშების ფაქტორიც, რომლებიც ძალადობრივი ფორმით აწუხებენ ტურისტებს და არა მარტო მოწყალებას ითხოვენ, ძარცვავენ კიდეც. პოლიციისთვის მიმართვას აზრი არა აქვს, რადგან გვპასუხობენ, რომ ბავშვები არიან და მათი დასჯის უფლება არა აქვთ. ტურისტებსაც, ბოშების უსაქციელობაზე მეტად პოლიციელების უმოქმედობა უკვირთ და ამას ხმამაღლა ამბობენ კიდევაც. საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა დიდ ქალაქში ვხვდებით ამ მოძალადე მათხოვრების ჯგუფებს და სამწუხაროდ, ტურისტებთან მათი საქციელი ძალიან ცუდად აისახება ჩვენს რეიტინგზე. ტურიზმის სფეროსთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პრობლემაა ასევე მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც თბილისის ქუჩებში მრავლად არიან. თითო-ოროლას არა უშავს, მაგრამ 10 ძაღლი ერთად რომ მორბის, რთულია ტურისტს დააჯერო ან თავად იყო დარწმუნებული, რომ საფრთხეს მართლა არ შეგიქმნიან. არ ვიცი, როგორ და რა საშუალებით, მაგრამ ქუჩის ძაღლების საკითხიც უნდა მოგვარდეს. - თავად ტურისტები თუ გამოთქვამენ ხოლმე პრეტენზიებს და რა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას? - ძალიან ხშირად აღნიშნავენ ყველა იმ პრობლემას და გამოთქვამენ პრეტენზიას იმაზე, რაც უკვე ჩამოვთვალეთ. ეს არის საზოგადოებრივი საპირფარეშოების უქონლობა, ქუჩის ძაღლები და დანაგვიანებული ტერიტორიები. ასევე, ძალიან ხშირია უკმაყოფილება სასტუმროს და რესტორნების მომსახურეობაზე. იცით ალბათ, რომ ზოგიერთ კვების ობიექტში ტურისტებს და ზოგადად უცხოელებს არაკეთისლსინდისიერად ექცევიან და ზედმეტ თანხას ახდევინებენ. იგივე ითქმის ტაქსის მძღოლებზე, რომლებიც გარკვეულ თაღლითურ კასტად ჩამოყალიბდა. ისინი პირდაპირ ნადირობენ ტურისტებზე და ორ ნაბიჯზე წასაყვანად გაბერილ ფასებს უსახელებენ. რაც შეეხება სასტუმროების სერვისს, ბევრი ტურისტი აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ საოჯახო თუ მრავალნომრიან სასტუმროში, რომელიც ინტერნეტში განთავსებული ფოტოების მიხედვით მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ადგილზე მისულებს სულ სხვა პირობები დახვდათ. ამიტომ გიდები ყოველთვის ვცდილობთ, ისეთ ადგილებში დავაბინავოთ და ვატაროთ ტურისტები, სადაც უკვე გვიცნობენ, ჩვენც ვიცნობთ და ვენდობით, რათა რამე მიზეზით ქვეყნის იმიჯი არ დაზიანდეს და უცხოელმა სტუმრებმა არ იფიქრონ, რომ აქ თაღლითი და არაკეთილსინდისიერი ხალხი ცხოვრობს. - ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ტურიზმის სფეროში არსებული ჩავარდნები გამოასწოროს? - უპირველესად, სახელმწიფომ უნდა დაუჯეროს იმ ხალხს, ვინც ამ სფეროს კარგად იცნობს და სათანადო გამოცდილება გააჩნია. ტურიზმის შესახებ კანონიც ამ ადამიანების უშუალო მონაწიელობით უნდა შეიქმნას. ევროკავშირის დირექტივების მიხედვით, ჩვენი კანონი უნდა შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნებს, რაც ტურისტის უფლებების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს. ამაში შედის როგორც მომსახურების მაღალი სტანდარტები, ასევე უსაფრთხოების დაცვა, რისთვისაც საჭიროა მაღალი კვალიფიკაციის კადრები. მათი შერჩევა პრობლემა არ იქნება, მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან იყოს ნება. სათანადო რეგულაციების გატარების შემდეგ კი სახელმწიფო ბიუჯეტში ტურიზმიდან გაცილებით მეტი თანხა შევა, ვიდრე დღეს შედის. ამავე დროს, ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და ეროვნული თვალსაზრისითაც, ამიტომ რეგულაციები უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოწესრიგება, სასტუმროების და რესტორნების სერვისების გაუმჯობესება. ამ მხრივ, დედაქალაქზე გაცილებით უარესი მდგომარეობაა რეგიონებში, სადაც დაბალი ხარისხის მომსახურებაში ადამიანები ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი ფულის დაცინცვლას ცდილობენ. რაც შეეხება უცხოელების საქმიანობას, ღვინით და კულინარიით რომ მოგვაქვს თავი, ქართული ღვინის მარნებიც აქვთ ნაყიდი და გასტრო-ტურებს თუ კულინარიის მასტერკლასებს აწყობენ. უკრაინელი, რუსი ან არაბი გიდი საქართველოში ჩამოსულ უცხო სტუმარს ჩვენს ისტორიასა და კულტურაზე რას უყვება და რას ასწავლის, ეგ ცალკე საკითხია... ამიტომაც მიმაჩნია, რომ ტურიზმის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს და გიდების სერტიფიცირება-ლიცენზირება სავალდებულო იყოს, რაც ამ მიმართულებით უცხოელების დასაქმებას გამორიცხავს. გიდს მოეთხოვოს ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ასევე, მკაცრად შემოწმდეს ტურისტული მძღოლის ცოდნა-გამოცდილება და საჭირო უნარები. - ტურიმზის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირები როდის შეიქმნა და რა შესაძლებლობები აქვს ამ ორგანიზაციას? - ტურიმზის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი, ოფიციალურად, თვეზე მეტია არსებობს და ამ მოკლე დროში უკვე ბევრი ადამიანი თუ კომპანია შემოგვიერთდა. ეს არ არის მარტო გიდების კავშირი, აქ ერთიანდება ყველა, ვისაც შეხება აქვს ტურიზმთან. მალე ვგეგმავთ რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნებასაც. იქაურმა გიდებმა, ტურისტულმა კომპანიებმა თუ მუზეუმების თანამშრომლებმა უკეთ იციან, ადგილზე რა პრობლემებიც არის და ყურადღება რაზე უნდა გამახვილდეს. ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ხშირია, როცა კომპანია დაქირავებულ გიდს ან მძღოლს ხელფასს არ უხდის; არის სხვა შემთხვევებიც, როცა ტურისტული სფეროს თანამშრომელთა უფლებები ირღვევა. ეს კავშირი სწორედ მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად შეიქმნა. რაც მთავარია, პროფკავშირს აქვს იურიდიული ძალა, რაც ჩვენს კანონმდებლებსა თუ ხელისუფლების სხვა წევრებს ავალდებულებს, ითანამშრომლონ ჩვენთან და ანგარიში გაუწიონ ჩვენს მოთხოვნებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ორგანიზაციაში ყველა გავერთიანდეთ და ჩვენი ინტერესები დავიცვათ. ირმა ბერიშვილი
  10. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მნახველები არც სხვა დღეებში აკლია, მაგრამ გასულ შაბათ-კვირას ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეწვია. ხალხმრავლობის მიზეზი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა იყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უცვლელ ტრადიციად იქცა და ყოველ შემოდგომაზე ტარდება. სტუმრების სიმრავლე ბოტანიკურის შესასვლელში, სალაროებთანვე იგრძნობდა, ბილეთის რიგში სხვადასხვა ასაკის ადამიანი მრავლად შეკრებილიყო. ყველას ჩემსავით იმ ადგილისკენ მიეჩქარებოდა, სადაც თვალწარმტაცი სანახაობა ელოდა. გზადაგზა ყვავილებით თავ და ხელდამშვენებული ღიმილიანი მოქალაქეები გვხვდებოდნენ, რომელთაც უკვე შეეძინათ სასურველი მცენარეები და სახლისაკენ მიემართებოდნენ. გამოფენის ტერიტორიაზე მართლაც არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა ულამაზესი ფერადი ქრიზანთემებით და სხვადასხვა ჯიშის ქოთნის ყვავილებით, მარადმწავნე ბუჩქებისა და ხეების ნერგებით, თაიგულებით, ღიმილიანი სახეებით, სასიამოვნო მუსიკითა და ნაირგვარი ნუგბარით. იქვე იყო გამოფენილი სხვადასხვა მხატვრის თემატური ნამუშევრები, რომელთა შეძენაც ადგილზე შეიძლებოდა. ცალკე კუთხეში მეთუნის დაზგა მოეწყოთ, სადაც მსურველები თიხით ძერწვის მასტერკლასს გადიოდნენ. საინტერესო და შემეცნებით საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ბაღის პატარა სტუმრებიც, რომელთათვისაც სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა ტარდებოდა. როგორც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღონისძიებების მენეჯერმა, სოფო მეტრეველმა გვითხრა, ყვავილების ტრადიციულ გამოფენაში ბოტანიკური ბაღის გარდა, სხვა სანერგე მეურნეობები და ყვავილების სალონებიც მონაწილეობდნენ. სოფო მეტრეველი: ჩვენს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა-გაყიდვა ყოველწლიურად იმართება და ეს უკვე ჩვენს ტრადიციულ ღონისძიებად იქცა. გასახარია, რომ ამ ღონისძიებით დაინტერესება, როგორც დამთვალიერებლების, ისე მონაწილეობის მსურველთა მხრიდან ყოველწლიურად იზრდება. ძალიან ბევრ სანერგე მეურნეობას თუ ყვავილების სალონებს უნდათ, რომ ჩაერთონ ამ აქტივობაში და წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად ჩვენც ხელს ვუწყობთ ამ საქმეში. ამჯერად გამოფენა-გაყიდვაზე 25-მდე მონაწილე დავიმატეთ და წლევანდელი ღონისძიება იმითაც გამოირჩევა, რომ როგორც მონაწილეების, ისე ახალი კოლექციების და მრავალფეროვნების თვალსაზრისით უფრო მასშტაბურია. სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი ქრიზანთემების თუ სხვა ყვავილების ახალი ჯიშების და სახეობების კოლექცია; შეუძლიათ შეიძინონ ეს მცენარეები და თავადვე გაამრავლონ. ამდენად, ეს ღონისძიება მებაღეობა-მეყვავილეობის დარგის განვითარებასაც ემსახურება, ბიომრავალფეროვნების განვითარებასაც და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასაც. მარტო ჩვენი ბაღის კოლექციიდან აქ ქრიზანთემების 150-მდე სახეობაა წარმოდგენილი, სხვა მონაწილეების პროდუქციას რაც შეეხება, რეგიონებსა თუ თბილისში არსებული 15-მდე სანერგე მეურნეობა იღებს გამოფენაში მონაწილეობას, მონაწილეობენ ასევე ყვავილების სალონები თუ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები. ძალიან გვსიამოვნებს და გვახარებს, რომ გვაქვს ასეთი კარგი უკუკავშირი და სტუმრების მხრიდანაც დიდი დაინტერესება მოდის. ბოტანიკური ბაღის სტუმრების მხრიდან მართლაც დიდი იყო დაინტერესება ყვავილების თუ სხვა მცენარეების მიმართ, რომელსაც გამოფენაზე მრავლად ნახავდით. მებაღეებიც გულმოდგინედ უხსნიდნენ მყიდველებს თითოეული ყვავილის მონაცემებს, თვისებებს და მოვლის წესებს. გამოფენაზე განსაკუთრებით ჭარბად იყო ქრიზანთემები, რომელიც ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ჰქონდათ წარმოდგენილი. როგორც ამ კოლექციის კურატორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ეთერ გოგიტაშვილი ამბობს, გასული საუკუნის 90-ან წლებამდე ბაღში ქრიზანთემების 200-მდე სახეობას ითვლიდნენ, 90-ან წლებში კი, ძნელბედობისას, ეს კოლექცია მთლიანად განადგურდა და მხოლოდ რამდენიმე სახეობა გადარჩა. მათი აღდგენა 2000 წლიდან კვლავ დაიწყეს და ამ 23 წლის განმავლობაში, ჩვენი ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა დაუღალავი შრომით და მონდომებით, 170-მდე სახეობა კვლავ მოაშენეს. მათ შორის, ქრიზანთემის რამდენიმე ახალი სახეობა თავადვე გამოიყვანეს. სწორედ ამ ქრიზანთემებით და ოქტომბრის მზით იყო სავსე გასულ შაბათ-კვირას საქართველოს ბოტანიკური ბაღი. ირმა ბერიშვილი
  11. ეროვნებით ქართველი ისრაელის მოქალაქის, თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მიერ დახოცილთა შორის აღმოაჩინეს. ამის შესახებ მისი ოჯახისთვის პარასკევს გახდა ცნობილი, როცა მათ ქვეყნის ოფიციალური უწყებიდან დაუკავშირდნენ და საიდენტიფიკაციოდ დნმ-ის ანალიზის ჩაბარება თხოვეს. შაბათს მიღებული ანალიზის პასუხის თანახმად, დადასტურდა, რომ 24 წლის ქართველი გოგონა, თამარ გოლდენბერგი (კორსანტია), რომელსაც ახლობლები 7 ოქტომბრიდან ეძებდნენ, ტერორისტების პირველი შეტევის მსხვერპლი გახდა. ის იმ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდა, რომლის მიმდინარეობისას, ,,ჰამასის" ტერორისტები შეკრებილებს დაესხნენ თავს და უმოწყალოდ ჩახოცეს, ცოცხლად დარჩენილები კი ტყვედ აიყვანეს. თამარ გოლდენბერგთან ოჯახს თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე სატელეფონო კავშირი ჰქონდა, რომლის დროსაც გოგონამ თქვა, რომ უკვე ფესტივალის ტერიტორიის დატოვებას აპირებდა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტზე გასვლას ვეღარ ახერხებდნენ. თამარს ოჯახის წევრები 14 დღის განმავლობაში ყველგან ეძებდნენ. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი არ დადასტურდა. შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო იყო, ტერორისტებს, სხვა ტყვეებთან ერთად, ის მძევლად ჰყოლოდათ აყვანილი და ოჯახს მისი ცოცხლად დაბრუნების იმედი ჰქონდა. სამწუხაროდ, მათი იმედი არ გამართლდა. თამარ გოლდენბერგს კვირას ისრაელში დაკრძალავენ.
  12. 14 წლის აითაჯ შახმაროვა მისმა გამტაცებელმა, 28 წლის მამაკაცმა 6 ოქტომბერს მოკლა. გოგონა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მე-9 კლასში ირიცხებოდა, თუმცა მას მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლაში არ უვლია. როგორც განათლების ადგილობრივი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სკოლამ მოსწავლის მშობელი დაიბარა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. დედა 5 ოქტომბერს გამოცხადდა მათთან და თქვა, რომ მისი შვილი კახეთში დასასვენებლად იყო წასული და მეორე დღეს დაბრუნდებოდა. მეორე დღეს აითაჯი მოკლეს... პატარა გოგო მაზე ორჯერ უფროსმა მამაკაცმა ჯერ დაოჯახების მიზნით გაიტაცა, ორი თვის შემდეგ კი - მოკლა. როგორ აღმოჩნდა 14 წლის აითაჯი გამტაცებლის ხელში, რატომ არ შეატყობინეს მშობლებმა, ახლობლებმა, ნათესავებმა პოლიციას, რატომ არ რეაგირებდნენ ადგილობრივი სახელმწიფო უწყებები იმ ძალადობის ფაქტზე, რაზეც ინფორმაცია ჰქონდათ, ეს ის კითხვებია, რომლის პასუხები დღეს ყველას გვაინტერესებს. ის, რომ არასრულწლოვანთა ნაადრევი დაქორწინება ზოგიერთ რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ტრადიციის ნაწილია და ვერ შევცვლით, მართებული არგუმენტი არ არის, ვინაიდან ამ ტრადიციების მანკიერებას თავი რომ დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, მსგავსი ქმედება სისსხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება შესაბამისი მუხლით. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს; როგორ გავაგებინოთ ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ და წინაპართა ადათ-წესებს კი არა, ქეყნის კანონმდებლობას უნდა ემორჩილებოდნენ? ამ საკითხზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას მივმართეთ. - აითაჯ შახმაროვას საქმეზე დამნაშავეთა დასჯის გარდა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ მანკიერი ტრადიციის სახელით გამართლებული ნაადრევი ქორწინების ფაქტები აღმოიფხვრას? - რა მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევებს რას დაუძახებენ, თუნდაც ამას ტრადიცია ერქვას, როცა მისი შესრულება დანაშაულია და კანონს ეწინააღმდეგება, ასეთ ქმედებას სახელმწიფო უნდა ებრძოდეს; ეს არის მანკიერი ტრადიცია, რომელსაც წინ უნდა აღუდგეს ყველა, საზოგადოება, განათლების სისტემა, სკოლა, სადაც ეს ბავშვები სწავლობენ. დიახ, უპირველესად, სკოლა უნდა ზრუნავდეს შემთხვევების პრევენციაზე, რომ ოჯახებმა მათი მოსწავლე გოგონები ამ მდგომარეობამდე არ მიიყვანონ. მათ შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ, ასეთ ბავშვებთან უნდა მუშაობდნენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ჩართული უნდა იყოს პოლიციაც, რომელიც თავის ფუნქციას სათანადოდ შეასრულებს. სწორედ პოლიციამ უნდა გააგებინოს მოზარდი გოგონების ოჯახებს, რომ ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში დაიწყება გამოძიება და ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის, ყველა პასუხისგებაში მიეცემა. ეს იქნება პრევენციული ღონისძიება და თუ ასეთ ეტაპზე მათი ჩარევის მიუხედავად, ფაქტი მაინც მოხდება, შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი რეაგირება მოჰყვება ამას სახელმწიფოს მხრიდან. - აითაჯის შემთხვევაში სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი დაინტერესდნენ გოგონას არყოფნით და მიზეზის გასარკვევად დედა დაიბარეს, რომელიც მოგვიანებით მივიდა სკოლაში და განაცხადა, რომ მისი შვილი დასასვენებლად იყო წასული და მალე დაბრუნდებოდა. - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხადია, დიდი წვლილი დანაშაულში მიუძღვით გოგონას მშობლებს და მისი გამტაცებლის გარემოცვას, რომლებმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს. თუმცა სახელმწიფო უწყებების მხრიდან შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომ ოჯახმა არ იმოქმედა და ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, არის ძალიან სუსტი არგუმენტი და უსუსური განცხადება. იმათ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, მაგრამ ასევე უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ან თავიანთი უგულისყურობის გამო ვერ დაინახეს ეს პრობლემა, ან დაინახეს, მაგრამ გულგრილობა გამოიჩინეს და პოლიციაში არ განაცხადეს. საკითხავია, რატომ არ ატეხა განგაში სკოლის დირექციამ, როცა ნახა, რომ მეცხრეკლასელი ბავშვი სკოლაში აღარ დადიოდა. მით უმეტეს, მათ ევალებათ, ამ ასაკის ბავშვების კონტროლი, რათა გოგონები ამ ტრადიციების მსხვერპლნი არ გახდნენ. როცა მსგავსი საფრთხეები არსებობს, 18 წელს მიუღწეველი გოგონები სკოლას, თავისთავად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა ჰყავდეს. შეატყობინა თუ არა დირექტორმა პოლიციას იმის შესახებ, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა ან როგორ შეიძლება, ორი თვის განმავლობაში თავად პოლიციას ვერ შეეტყო ეს ამბავი? როგორ შეიძლებოდა, იქაურ პოლიციას არ ჰქონოდა ინფორმაცია, რომ 14 წლის ბავშვი მაზე ორჯერ უფროს მამაკაცს გააყოლეს ცოლად და თანაც ძალის გამოყენებით? ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია და იმას ნიშნავს, რომ პოლიციის განყოფილება იმ რაიონში საერთოდ არ არსებობს. თუ შენ ვერ დაინახე ეს პრობლემა, ესე იგი, შენი ფუნქცია კარგად ვერ შეასრულე, ხოლო თუ დაინახე და ხმა არ ამოიღე, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. ამიტომ მხოლოდ ოჯახის წევრებზე ჯოხის გადატეხვა აბსოლუტურად არასწორი პოზიციაა. ამით სახელმწიფო მოქალაქეს ეუბნება, რომ თუ შენ საკუთარმა ოჯახის წევრმა გაგიმეტა, მე ვერ გიშველი; თუ საკუთარმა მშობელმა ვერ დაგიცვა, ვერც მე დაგიცავ, რაც თავისთავად ძალიან ცუდი განაცხადია. ამავე დროს, ეს ძალიან ცუდი გზავნილია ყველა იმ გოგოსთვის, რომელიც დღეს დგას მსგავსი საშიშროების წინაშე. მათ სახელმწიფო პირდაპირ ეუბნება, რომ თუ მე შენმა მშობლებმა ინფორმაცია არ მომაწოდა, არავითარი პერსპექტივა არა გაქვს, რადგან მე შენ ვერ გხედავ, არ ვიცი შენი პრობლემების შესახებ; თავისუფლება უკანონოდ გაქვს აღკვეთილი, მაგრამ ვერ ვხედავ; ძალადობენ შენზე - ვერ გხედავ... გამოდის, რომ ოჯახებში ჩადენილ დანაშაულს სახელმწიფო საერთოდ არ იმჩნევს და ვერ ხედავს. - ამ კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება თუ არა ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებების გულგრილობის საკითხი, რომელსაც მსგავს შემთხვევებზე რეაგირება ევალება? - დიახ, ამ საქმეში ნათლად ჩანს საქმისადმი გულგრილობა. ასეთ შემთხვევებზე რეაგირება სწორედ ადგილობრივი სხვადასხვა უწყების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა. მათი მოვალეობაა, რომ ფლობდნენ დეტალურ ინფორმაციას, რა ხდება მათ რეგიონში, რაიონში, რა ხდება თითოეულ ოჯახში, დანაშაულის ნიშნები ხომ არ შეიმჩნევა სადმე. ეს არის შსს-ს ოპერატიული სამსახურების დანიშნულება და მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამბავი იმ რეგიონში და იმ სოფელში არ იცოდა ან სკოლამ, ან პოლიციამ. მგონია, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, უბრალოდ ძალიან მარტივია, დანაშაულზე თვალი დახუჭო და იფიქრო, რომ ეს შენ არ გეხება. როგორც წესი, ამ ტიპის დანაშაულის გამოძიება არ არის ხოლმე მარტივი საქმე, რადგან მას აგრესია და წინააღმდეგობები მოჰყვება. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მათი ტრადიცია, ისიც ვიცით, რომ ამ ტრადიციის გამო ადამიანების დაკავებას ადგილობრივების მხრიდან აღშფოთება ახლავს თან. როგორც ჩანს, ამ აღშფოთების ჩახშობას და ადგილობრივებთან დაპირისპირებას ისევ წაყრუება ურჩევნიათ. ბუნებრივია, ადგილობრივი ოპერატიული სამსახურები ცენტრიდან იმართება და ამიტომ მათი ასეთი გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. - თავად ძალადობის მსხვერპლი გოგოებიც თავიანთი მდგომარეობის შესახებ ხმამაღლა გაცხადებისგან იმიტომ ხომ არ იკავებენ თავს, რომ მშობლების დაკავების ეშინიათ და მათ არიდებენ პასიხიმგებლობას? - ასეცაა და მე ვფიქრობ, რომ ამიტომ სამუშაოა არა მხოლოდ გოგონებთან, როგორც პოტენციურ მსხვერპლებთან, არამედ მათ მშობლებთანაც. მაგალითად, ჩინარა კოჯაევას სისხლის სამართლის საქმე იყო ერთ-ერთი, რომელზეც მე პირადადაც ვმუშაობდი და სხვათაშორის, მაშინ, ერთ გოგონას, რომელიც ჩვენებას აძლევდა პოლიციას, მთავარი, რაც აინტერესებდა, იყო ეს: თუ მე ახლა თქვენ კითხვებზე ვუპასუხებ, ხომ არ დაიჭერთ მამაჩემს? ეს იყო მისთვის მთავარი კითხვა და პასუხიც არ დაუმალავთ, უთხრეს, რომ თუ მამას მის წინაშე დანაშაული მიუძღოდა, შეიძლებოდა დაეკავებინათ და გაესამართლებინათ. მიუხედავად ამისა, დაკითხვის პროცესში, როცა მას აუხსნეს, თუ პოლიციას სიმართლეს არ ეტყოდა, მშობლებს ხელს დააფარებდა და ნაადრევი ქორწინების შესახებ მათ ნებას დაჰყვებოდა, რა პერსპექტივა და როგორი მომავალი ელოდა, გოგონა მიხვდა, რომ მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა უფრო ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე საკუთარი ცხოვრების დანგრევა და მან სიმართლე აღიარა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ უპირველესად თავად ამ გოგონებს სჭირდებათ გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება. მათ უნდა დაინახონ ის პერსპექტივები, რაც მოჰყვება ნაადრევ, იძულებით დაოჯახებას და ამის საპირისპიროდ, რას შეიძლება მიაღწიონ სწავლა-განათლების და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შედეგად. ასევე, საჭიროა მათ მშობლებთან მუშაობა, იმის კარგად ახსნა, თუ რა პასუხისმგებლობები მოსდევს შვილების მიმართ მათ არასწორ ქმედებებს; თუ რა ტანჯვა-განსაცდელისთვის სწირავენ თავიანთ არასრულწლოვან შვილებს და შეიძლება ყველა შემთხვევის პრევენცია ვერ მოხერხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასრულწლოვნების ქორწინების ფაქტები შემცირდება. ხოლო თუ პრევენციულ ღონისძიებებს მოყვება იმ მშობლების სამაგალითო დასჯა, ვინც არასრულწლოვანი შვილის ნაადრევ დაქორწინებას მაინც გაბედავს, ასევე, მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ბავშვების ცოლად მოყვანას გადაწყვეტენ, ეს იქნება დამატებითი პრევენცია. რომ დაინახავენ, ასეთი საქციელისთვის ვიღაცა რამდენიმე წლით ჩაჯდა ციხეში, ცხადია, გადაწყვეტილების მიღებამდე სხვებიც დაფიქრდებიან, ღირს თუ არა. ამიტომ, როგორც პრევენციის, ასევე უკვე მომხდარ ფაქტზე რეაგირების თვალსაზრისითაც ძალიან ეფექტური, სისტემური და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. ახლა, ვიდრე ეს ამბავი ახალია, ყველას ტკივა, ყველა განიცდის და ყველას ახსოვს, საზოგადოებამ სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება უნდა დაინახოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ყველა იმ პირის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ვისაც 14 წლის გოგონას უბედურებაში მიუძღვის ბრალი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მხოლოდ მკვლელი კი არ არის დამნაშავე, არამედ დამნაშავეა ყველა, ვინც იცოდა, რომ 14 წლის ბავშვი იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაატანეს ზრდასრულ მამაკაცს და ხმა არ ამოიღო. ყველა დამნაშავემ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხიმგებლობა. - სახელმწიფოს მხრიდან რა მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს თავიანთ წინაპართა ტრადიციების შესრულებით ამართლებენ, იმ ქვეყნის კანონმდებლობას დაექვემდებარონ, სადაც ცხოვრობენ, იგრძნონ, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და დანაშაულისთვის დაუსჯელები არ დარჩებიან? - უპირველესად, ამ მიმართულებით სკოლამ უნდა შეასრულოს თავისი როლი, სკოლამ უნდა იმუშავოს მოსწავლეებთანაც და მათ მშობლებთანაც. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდ გოგონებს, რომლებიც შესაძლოა ნაადრევი ქორწინების საფრთხის ქვეშ ამოჩნდნენ და აუხსნან, გააგებინონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ქორწინების იძულების შემთხვევაში. ასევე, თუ რამე ეჭვები გაუჩნდებათ, ან ხმები მიუვათ, რომ რომელიმე მათი მოსწავლე შეიძლება მშობლებმა ტრადიციის მსხვერპლი გახადონ, ამ მშობლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სკოლას უნდა ჰქონდეს მსგავსი შემთხვევების აღმოჩენის ისეთი ინსტრუმენტები, რომ არც ერთი ფაქტი არ გამოეპაროს და მერე არ ცდილობდეს თვალი აგვიხვიოს და გვითხრას: მე ეს არ ვიცოდი; ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა; ვერ გავიგე და ასე შემდეგ. მეორე და მთავარი მექანიზმია პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა, რომლებიც ასევე უნდა მიმართავდნენ პრევენციის გზებს. პოლიციამ ადგილობრივ მოსახლეობამდე უნდა მიიტანოს ის კანონები, რომლითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს; არასრულწლოვანი გოგონების ნაძალადევი ქორწინების გამო განსაზღვრული სასჯელის ზომების და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ფორმების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იქაურ მოქალაქეებს. უნდა იმუშაოს შიშის ფაქტორმა და თუ პოლიციის მიმართ შიში ექნებათ, მსგავსი ფაქტებიც არ მოხდება. თუ მაინც მოხდა, დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის პოზიციაც. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ პროკურატურისგან ვხედავთ არასწორ დამოკიდებულებას, საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ იმ მამაკაცებს, რომელთაც 16 წლამდე ასაკის გოგონები მოჰყავთ ცოლად და მათ მიმართ ლიბერალურ სისხლის სამართლის პოლიტიკა ტარდება. სხვა რომ ხედავს ამას, ფიქრობს, რომ იგივე დანაშაულისთვის ციხეში მასაც არავინ ჩასვამს, ამიტომ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მხრივაც გასამკაცრებელია. - მსგავსი ტიპის დანაშაულზე ჩვენ, საზოგადოებას რა როლი და პასუხისმგებლობები გვეკისრება? - ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვრეაგირებთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე და ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი ამ პროცესში. საჭიროა ამ თემებზე ხშირი საუბრები, ბევრი მუშაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ ეთნიკური უმცირესობების ენაზე, როგორც გოგონებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის, მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ამ პროცესში უფრო მეტად უნდა მონაწილეობდეს სახალხო დამცველი და უნდა აკონტროლებდეს, თუ რამდენად არიან პროცესში სახელმწიფო უწყებები ჩართული. მაგალითად, ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ არ ვიცით, რა მოხდა რეალურად, რატომ ვერ დაინახა ეს ფაქტი სკოლამ, რატომ ვერ დაინახა ეს ფაქტი პოლიციამ? ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ამიტომ გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვოს დაზუსტებული ინფორმაცია და მან მაინც გვითხრას, რა მოხდა სინამდვილეში. ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია სახალხო დამცველისგანაც არ მიგვიღია. აქედან კარგად ჩანს, რომ ყველა უწყებაში ჩავარდნა გვაქვს. არადა საქმე ეხება ისეთ შემთხვევებს, რომელთან ბრძოლაში თუ რომელიმე რგოლი სუსტი აღმოჩნდება, შედეგზე გასვლა წარმოუდგენელად რთულია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რგოლმა, ყველა უწყებამ კარგად შეასრულოს თავისი ფუნქცია და ერთმანეთთანაც ჰქონდეთ კოორდინაცია. აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმემ კარგად გამოაჩინა, რომ სახელმწიფოში მსგავს დანაშაულთან ბრძოლის სისტემა მთლიანად მოშლილია. ჩემი ინფორამციით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, არასრულწოვნებმა ისიც კი არ იციან, პრობლემის შემთხვევაში ვის მიმართონ, არ იციან ტელეფონის ნომრები, არ იციან, რას უნდა ელოდონ, თუ ძალადობის შესახებ პოლიციას შეატყობინებენ. - ეს საკითხიც საინტერესოა, ვთქვათ და შეატყობინეს ოჯახში არსებული ვითარების შესახებ პოლიციას ან გაბედეს და გაიქცნენ სახლიდან. მერე რა ხდება, რა პერსპექტივა, როგორი მომავალი ელით მათ? - ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ჩინარას შემთხვევა, რომელმაც სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა რა სირთულეების გადალახვამ მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის წინ წამოვიდა სახლიდან და 17 წლისა დამოუკიდებლად შეუდგა ცხოვრებას, დღესაც მძიმე გზას გადის. სწავლობს, მუშაობს, მაგრამ ამ ყველაფრის შეთავსება მისთვის ძნელია, რადგან სახელმწიფოსგან არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. არც სწავლის საფასურისგან არის განთავისუფლებული და მართლაც რომ არსებობისთვის უწევს ბრძოლა. ამიტომ, როცა გოგონებმა იციან, რომ სახლიდან გაქცევს შემთხვევაში ისინი ოჯახებს დაკარგავენ და მერე ვერც სახელმწიფოსგან მიიღებენ მხარდაჭერას, მაშინ ძალიან რთულია ასეთ რისკზე წავიდნენ. ვთქვათ, ძალადობას გამოვგლიჯეთ გოგო ხელიდან და რას აკეთებს სახელმწიფო შემდეგ? ტოვებს მას უსახლკაროდ, უპერსპექტივოდ, საარსებო მინიმუმის და სწავლა-განათლების შანსის გარეშე. თუ ამ გოგონებმა ტრადიციებთან ბრძოლაში გაიმარჯვეს და თავი დააწიეს ძალადობას, მერე ბრძოლა სოციალურ პრობლემებთან უწევთ და სახელმწიფო მათ დასახმარებლად არაფერს აკეთებს ან თუ აკეთებს, ძალიან ცოტას. ამიტომ ამ მხრივაც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. - ამ მძიმე ვითარებაში რა როლი ეკისრება სოციალურ სამსახურებს, ინფორმაციის ფლობა, რეაგირება, პრევენცია, რაზე არიან პასუხისმგებელნი? - რაც შეეხება სოციალურ სამსახურებს, ჩემი აზრით, ვინაიდან ჩვენს ზოგიერთ რეგიონში არსებობს ასეთი პრობლემები, მათ კონტროლზე ყველა ის ოჯახი უნდა ჰყავდეთ აყვანილი, სადაც გოგონები იზრდებიან; ერკვეოდნენ სიტუაციაში, ამოწმებდნენ, ხომ არ არსებობს ეგრეთწოდებული ტრადიციების შესრულების მცდელობა, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ნაადრევი ქორწინების მცდელობა და ხომ არ არსებობს საფრთხე. სოციალური მუშაკები ასეთ ოჯახებში პრევენციულად უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან ეს ნამდვილად არის მწვავე პრობლემა და არ უნდა ელოდებოდნენ ვინმესგან შეტყობინებას. როგორც ჩანს, იმ რეგიონებში, სადაც ამ მანკიერ ტრადიციებს მისდევენ, 18 წლამდე ასაკის ყველა გოგო არის ძალადობის პოტენციური მსხვერპლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ იქ სოციალური სამსახურები ბევრად უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და ვიღაცის მოწოდებას არ უცადოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, როგორც ვიცი, სოციალურ სამსახურს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ისინი, ალბათ, ელოდნენ, რომ 14 წლის ბავშვის მოტაცების შესახებ მათ ვინმე ოფიციალურად მიმართავდა ან სკოლა შეატყობინებდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ასეთ ოჯახებში პერიოდულად უნდა დადიოდეს პოლიცია, სოციალური მუშაკი, მშობლებთან მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყოს სკოლა, მასწავლებელი და ყველა კუთხიდან რომ იგრძნობენ შეტევას, შეიძლება, მსგავს ტრადიციაზე ხელი საერთოდ არ აიღონ, მაგრამ შემთხვევების რიცხვი ნამდვილად მოიკლებს. შესაბამისად, სახელმწიფოც დროულად შეძლებს საფრთხეების დანახვას და მათზე რეაგირებას. ამ მანკიერი ტრადიციის და დანაშაულებრივი ქმედების აღმოფხვრას კი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სისტემური და ერთიანი პოლიტიკა სჭირდება, რომელიც ადგილობრივ დონეზე იქნება გატარებული. ეთნიკურმა უმცირესობებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და უნდა ემორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომელიც საქართველოშია მიღებული. არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული ტრადიციის სახელით მართლდებოდეს! ირმა ბერიშვილი
  13. 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ,,გამარჯვების“ (აიააირა) დღე აღნიშნეს. ,,საზეიმო აღლუმზე“ ეგრეთწოდებულმა თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრონი წარადგინა. გუშინ, რადიო Sputnik-ის გადაცემა „Гражданин и начальник-ის“ ეთერში, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამ სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეიქმნა ეს ესკადრილია. „ჩვენ სახელმწიფოს მეთაურთან გვქონდა შეხვედრა, სადაც გადაწყდა, შეგვექმნა უპილოტო საფრენი აპარატების საავიაციო ესკადრილია. თავდაპირველად რამდენიმე დრონი შევიძინეთ, მაგრამ შემდეგ დადგა აუცილებლობა, უფრო ძლიერი მოწყობილობებიც მოგვეძიებინა. მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია და არ გვქონდა გარანტია, რომ ჩვენ მათ მოპოვებას შევძლებდით, ამიტომ გადავწიტეთ, უპილოტო საფრენი აპარატები დამოუკიდებლად, ჩვენვე გვეწარმოებინა“, - აღნიშნა მან რადიოს კორესპონდენტთან საუბრისას. ანუას თქმით, აფხაზეთს ჰყავს სათანდოდ მომზადებული ისეთი სპეციალისტები, რომელთაც დრონების აწყობა შეუძლიათ და იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე საომარ მოქმედებებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მათი წარმოების გაფართოებას გეგმავენ. „უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენებოდა ცოტა ხნით ადრე ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში და ხელმძღვანელობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა და დაკვირვებოდა მათ მოქმედებას. ჩვენ ზემდგომებთან გვაქვს სათანადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ სამუშაოებს ვახორციელებთ “, - განაცხადა ვლადიმერ ანუამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უპილოტო საფრენი აპარატების შექმნის პრინციპების შესასწავლად რუსეთში გაემგზავრნენ და მათი ეს გამოცდილება, შემდეგში ესკადრილიის შესავსებად იქნება გამოყენებული. ,,ამ მოწყობილობების შესაქმნელად საჭირო აუცილებელი კომპონენტები ჩვენთვის ხელმისაწვდომია და ისიც გათვალისწინებულია, რომ დრონების მოდერნიზება და სრულყოფა მუდმივად მიმდინარეობს. ზოგადად, რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა ბოლო წლებში გაიზარდა და რუსეთის საზღვაო ძალების გემებისთვის მუდმივი ბაზის შექმნა გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან. გარდა ამისა, აფხაზეთში მრავალი თავდაცვითი ნაგებობა აშენდა და ეს პროცესი არ ჩერდება, სამხედრო-ტექნიკური მომზადების პროცესი, თითქმის, უწყვეტად მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ვლადიმირ ანუამ.
  14. აფხაზური მედია-კლუბის, ,,Апсны.Иахьа-ს“ ცნობით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ოკუპირებულ აფხაზეთში 523 ბავშვი დაიბადა. წარმოშობით, აქედან უმეტესობა, 319 - აფხაზი, 63 - ქართველი, 59 - სომეხი, 34 - რუსი, 48 ბავშვი კი სხვა ეროვნების წარმომადგენელია. ამასთან, ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში 562 ბავშვი დაიბადა.
  15. 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს, 20 სექტემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, დისტანციურად ჩაერთვება. გასული სხდომა რომელიც აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო, ვინაიდან მან პროცესზე დასწრება დისტანციურადაც ვერ შეძლო. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახალი ჩართულია. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. წყარო: IPN
×
×
  • შექმენი...