Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ზოროასტრიზმი (ატროშანი, მაზდეანობა) (სპარს. زرتشتی‌گری) — ერთ დროს სასანიდური სპარსეთის ოფიციალური რელიგია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში. რელიგია ასევე ცნობილია, როგორც ზარათუსტრიანიზმი.

 

ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია.

 

რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ, რომელსაც დასავლეთში იცნობენ მისი სახელის ბერძნული ვერსიით — ზოროასტრით. მისი სახელის ეტიმოლოგია საკამათოა და რამდენიმე განსხვავებული ახსნა არსებობს. თანამედროვე სპარსული ფორმით წინასწარმეტყველის სახელი არის ზართოშთი (زرتشت).

 

ზოროასტრს მიზნად დაუსახავს რეფორმა ძველი ინდო-ირანული რელიგიური პრაქტიკისა, რომელიც ძველი ინდოეთის ვედური რელიგიის პარალელურად ვითარდებოდა.

 

ისტორიკოსთა თანახმად ზოროასტრი სპარსეთში, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრების წლები ზუსტად ცნობილი არ არის. ზოგიერთი ცნობით ის ძვ. წ. XVIII და VI საუკუნეებს შორის მოღვაწეობდა, თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზოროასტრის დაწერილი უნდა იყოს გათას პოემების კრებული, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი.

 

ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.

 

ზოროასტრიზმის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს:

 

აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.) ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა). ძვ. წ. II საუკუნის შუ ხანებში მეფე ფარნაჯომი შუდგა ცეცხთაყვანისმცემლობას, რის გამოც ტახტი დაკარგა კიდეც. ერთ ხანს, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზოროასტრიზმის რომელიღაც სახეობა, შესაძლებელია სამეფო კულტურის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი.

 

 

ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანაში (III-VII სს.) ირანი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთ საქართველოში ირანული სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას. ამ დროს ზოროასტრიზმი საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზოროასტრიზმის დანერგვის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები; ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები და სხვა). ამ ბრძოლის მიუხედავად საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა. ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს ნიქოზში იყო "საგზებელი ცეცხლისა" (ცეცხლის ტაძარი).

 

 

სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანაში, როცა ზოროასტრიზმი თვით ირანშიც დევნილ რელიგიად იქცა, VIII-IX საუკუნეებში საქართველოში ხდება ზოროასტრული კულტების ერთგვარი გამოცოცხლება, რაც შეიმჩნევა ნივთიერი კულტურის ძეგლებში (გველდესის საკურთხეველი, ბროწეულის ყვავილის თავიანი საკინძები და სხვა). ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას, როგორც რეაქცია არაბთა მძლავრობაზე და შედეგი ირანიდან ლტოლვილ ცეცხლთაყვანისმცემელთა შემოხიზვნისა საქართველოში.

 

შემდგომში ზოროასტრული კულტები საქართველოში მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობს არსებობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზოროასტრიზმის მიმდევართა, ალბათ სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, ფეთხაინზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის - "ათეშგას" ნაშთები.

 

 

ლიტერატურა

ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966;

გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 537-538, თბ., 1979 წელი.

 

 

რესურსები ინტერნეტში

UNESCO-ს ზოროასტრიზმის პროექეტი

«Благоверие» — რუსული ანჯომანის ოფიციალური საიტი.

«Обыкновенный зороастризм» — ზოროასტრიული საზოგადოება.

«Арийский простор» — ზოროასტრიული ტექსტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...