კონტენტზე გადახტომა


- - - - -

ქუთაისი



ქუთაისი – ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. მოსახლეობა 192.500 ათასი (2010 წ.). ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ–ერთი ცენტრია საქართველოში, ქალაქში მდებარეობს 35 ბაგა–ბაღი, 46 საჯარო და 20 კერძო სკოლა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი «ქუთაისი», თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი—ქუთაისის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქ. ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი „ლამპარი“ , ქ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი „კოლხა“ , ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი „გელათი“, ქ. ქუთაისის საინჟინრო ინსტიტუტი , ქუთაისის კვებისა და ფარმაცევტული მრეწველობის ინსტიტუტი , ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, ბორის ონიანის სახელობის ჰუმანიტარული და სამართლის საერო ინსტიტუტი , საქართველოს ტურიზმის მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სახელობის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი, ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და რამდენიმე პროფსასწავლებელი.

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია, ქუთაია, ქუთათისიუმი. საუკუნეების განმავლობაში, VIII-დან XIX საუკუნემდე, დასავლეთქართული სახელმწიფოს (მოგვიანებით იმერეთის სამეფოს) ცენტრი. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით: „მოხირისის მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე, სახელად რეონი; მის სანაპიროებთან ძველადვე კოლხებს აუგიათ ციხე... მაშინ ამ ციხეს კოტაიონს უწოდებდნენ ელინურ ენით, ამჟამად კი მას ლაზები ქუთათისს ეძახიან... სხვები კი ამბობენ, ძველ დროში ამ ადგილას ქალაქი იყო და კვიტაიონი ეწოდებოდაო; აქაური იყო აიეტი, რის გამოც პოეტები მას კვიტაიელს ეძახდნენ, კოლხიდის ქვეყანას კიკვიტატიდსო“


შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდებოდა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას, ახალ ეპოქაში — აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის საქმიანობას. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირშესანიშნაობანია: ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.), სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი, ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო. ქუთაისში არის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.