კონტენტზე გადახტომა


- - - - -

ბათუმი



ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი[6].

ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.