კონტენტზე გადახტომა


- - - - -

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი



საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით.

1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო. ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია ცხრა კაცის შემადგენლობით. დასმა სპექტაკლების გამართვა 1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და კომედიებისაგან შედგებოდა.

1845—1846 წლების სეზონში თეატრში დირიჟორობდნენ კამენსკი და პეტროვი, შემდეგ მოიწვიეს მალაგანი და შენინგი.

1846 წლის 15 სექტემბერს მალაგანის ხელმძღვანელობით სპექტაკლის დაწყებამდე შესრულდა ობერის ოპერა „ფენელას“ უვერტიურა, ხოლო შესვენების დროს — მალაგანის სიმფონია, რაც ოპერისათვის განკუთვნილ სცენაზე სიმფონიური მუსიკის შესრულების პირველი პრეცედენტი იყო. შემდგომში ეს ტრადიციადაც კი იქცა. ვორონცოვმა მსახიობები საიმპერატორო თეატრებიდანაც მოიწვია. შემდგომში წარმოდგენები ქართულ ენაზეც ითარგმნებოდა.

1850 წლის 2 იანვარს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „გაყრა“. ამ პროცესების პარალელურად თბილისში მუდმივი საოპერო თეატრი შენდებოდა. 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.

1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები.

პირველ წარმოდგენას მოჰყვა „ერნანი“, „ნორმა“, „სევილიელი დალაქი“ და სხვა ოპერები. ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა მეიერბერის „ჰუგენოტები“ და „აფრიკელი ქალი“, ჰალევის „კარდინალის ქალიშვილი“, ობერის „ფენელა“. მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა.

თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად „ოპერომანიით“ იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ „სილფიდას“ II მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი „გიტანა“ იყო, რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860 წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე დიდ, მუშთაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში.

1874 წელს ოპერის შენობა დაიწვა, მიუხედავად ამისა დასმა მუშაობა არ შეწყვიტა და დროებით „საზაფხულო თეატრის“ სცენაზე გადაინაცვლა. ამ პერიოდმა 22 წელი გასტანა. თბილისის კულტურული ცხოვრება ახალ-ახალი ღირსშესანიშნავი მოვლენებით მდიდრდებოდა. თეატრის სცენაზე მუშაობა დაიწყო რუსულმა საოპერო დასმა; დაიდგა პეტრე ჩაიკოვსკის, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის, ანტონ რუბინშტეინის ოპერები. თეატრის მხატვრული დონის ამაღლებას ხელი შეუწყო რუსი კომპოზიტორის — მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მოღვაწეობამ, რომელიც თეატრს სათავეში 1883—1893 წლებში ედგა.

80-იან წლებში განსაკუთრებით გამოცოცხლდა ქალაქის საკონცერტო ცხოვრება. თბილისში კონცერტებით გამოდიოდნენ ცნობილი შემსრულებლები: გალი, პატი, ბარძი, მაზინი, კუბელიკი, ჩაიკოვსკი, რუბინშტეინი, რახმანინოვი, ზარუდნაია, იაკოვლევი, უსატოვი და ამ უკანასკნელის მოწაფე, დიდი რუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი.

თეატრის ახალი შენობა 1896 წლის 3 ნოემბერს მიხაილ გლინკას ოპერით „ივან სუსანინი“. ეს დადგმა განახორციელა რუსულმა საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით ქართული საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებსაც გაეცნო.

სხვადასხვა დროს ამ სცენაზე ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები გამოდიოდნენ: იტალიური ოპერა (1897-98, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-08, 1913); მღეროდნენ XIX—XX საუკუნეში მოღვაწე შესანიშნავი მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი, მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასვლეთ ევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ პოეტურმა ტრადიციამ ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება