კონტენტზე გადახტომა


- - - - -

გერგეტის სამების ეკლესია



გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).

გეგმით ოთხკუთხა ტაძრის გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კედლებსა და თავისუფლად მდგარ 2 ბურჯს. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრატებით. ფასადები და გუმბათის ყელი, აგრეთვე ორსართულიანი სამრეკლოს ფასადებიც მოჩუქურთმებულია. ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულ მცირე ზომის საბჭეოში იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. 1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“. ვახუშტი სამების ეკლესიას მიიჩნევს მცხეთის საკათალიკოსოს სამკაულთა და წმ. ნინოს ჯვრის სახიზარ ადგილად.