Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გაბრიელ ეპისკოპოსი (1825-1896)

 

http://s60.radikal.ru/i170/0902/41/b0d7003c334d.jpg

 

ერისკაცობაში გერასიმე ქიქოძე. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი.

 

თბილისის სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1842 წელს, შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია.

 

გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკასა და საღვთო სჯულს. 1851 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. ხუთი წლის შემდეგ ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი), მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად, შემდეგ გორის ეპისკოპოსად, მალევე ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას გარდაცვალებამდე ასრულებდა.

 

მეუფე გაბრიელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

 

1858 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნ. დობროლუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული ქადაგებანი, რომელთა ორტომეული რამდენჯერმე გამოიცა ქართულ, აგრეთვე რუსულ და ინგლისურ ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. იყო ეროვნული და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, გაილაშქრა გ. მუხრანბატონის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. თავდადებული იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

 

მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...