Jump to content
Planeta.Ge

თენგიზ აბულაძე (1924-1994)


Recommended Posts

თენგიზ აბულაძე (1924-1994)

 

http://s45.radikal.ru/i107/0812/75/b39274f4d4bd.jpg

 

რეჟისორობა თბილისის ვაჟთა მე-19 სკოლაში დაიწყო, იქ დადგა პირველი სპექტაკლი ვალერიან გუნიას "და-ძმა". მიუხედავად იმისა, რომ ომისა და გაჭირვების პერიოდი იყო, თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რეპეტიციებს ატარებდნენ, დეკორაციებიც დაამზადეს და პრემიერაც გაიმართა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან შემოქმედებით საკითხზე სკოლაში დაფიქრდა. ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა გრიგოლ კიკნაძემ დაავალა დაეწრა თემა, რაში ხედავდა რუსთაველის გენიალობას. თენგიზმა დაწერა: "ვეფხისტყაოსნის" გენიალობა არის "ამნაირობა" - სიყვარულზე ყველა წერს, მაგრამ რუსთაველი ამნაირად წერსო. ამის შემდეგ ნაწარმოების ფორმის ძიება შემოქმედის მთავარი საზრუნავი გახდა.

 

სკოლაში სწავლისას გაიცნო თენგიზ აბულაძემ მე-60 სკოლის "რეჟისორი" რეზო ჩხეიძე. 1943 წელს ერთად ჩააბარეს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, ცნობილი რეჟისორის გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში მოხვდნენ. მაგრამ ორივე კინორეჟისორობაზე ოცნებობდა, ამიტომ წერილი მისწერეს სერგეი ეიზენშტეინს და სთხოვეს, გადაღებებზე დასწრების ნება მიეცა, რომ ამ პროფესიას დაუფლებოდნენ. დიდმა მაესტრომ ურჩია, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ჩაებარებინათ და პროფესიასაც იქ დაუფლებოდნენ. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ორი კურსი დაასრულეს და მოსკოვს გაემგზავრნენ. დედაქალაქში მხოლოდ კინოინსტიტუტის ლექციებით არ შემოფარგლულან, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს ესწრებოდნენ. წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ვიტორიო დე სიკას ფილმმა "ველოსიპედების გამტაცებლები". ნეორეალიზმად წოდებულმა კინოესთეტიკამ განსაზღვრა მომავალი რეჟისორების შემოქმედებითი სტილი.

 

რევაზ ჩხეიძესთან ერთად გადაღებული პირველი მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" საეტაპო გახდა არა მხოლოდ რეჟისორებისათვის, ქართული და საბჭოთა კინემატოგრაფიისათვისაც. კანის IX საერთაშორისო ფესტიველზე მოკლემერტაჟიანი ფილმების კონკურსში სურათმა "ოქროს პალმის შტო" დაიმსახურა.

 

თენგიზ აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები" (1958), შემდეგი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962). მაყურებელმა ორივე ფილმი კარგად მიიღო და მათდამი ინტერესი დღემდე არ დამცხრალა.

 

რეჟისორის ინდივიდუალური ხელწერა, განსაკუთრებული პოეტური გამომსახველობა და თხრობის ფილოსოფიური სტილი გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით გადაღებულ "ვედრებში" (1967). ეს იყო ვაჟა-ფშაველას სამყაროს ეკრანზე გადატანის პირველი ცდა. შემოქმედებითი ჯგუფი დიდხანს ეძებდა ფილმის სტილისტიკას და საბოლოოდ შეიქმნა შინაგანი ემოციითა და მღელვარებით დამუხტული, მაგრამ მკაცრი და სტატიკური ეკრანული სამყარო. მხოლოდ პროფესიონალთა და მაყურებელთა მცირე ნაწილმა დაინახა ამ ფილმის დიდი ძალა, იგრძნო მისი განუმეორებლობა. "ვედრებამ" შვიდი წლის დაგვიანებით მიიღო აღიარება. 1974 წელს სან-რემოს საავტორო ფილმების XVII ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა და მსოფლიო კინემატოგრაფისტთა ყურადღება დაიმსახურა. "ვედრება" იქცა მომავალი ტრილოგიის პირველ ნაწილად. რეჟისორიც ვაჟა-ფშაველას მრწამსის ერთგული გახდა: არ შეიძლება მოკვდეს ლამაზი არსი ჩვენი კაცობისა.

 

ფილმი "ნატვრის ხე" (1976) გიორგი ლეონიძის წიგნის მიხედვით შეიქმნა. ერთმა სოფელმა მთელი სამყარო დაიტია. აქ ცხოვრობენ მეოცნებენი და მომხვეჭელები, რეტროგრადები და სიახლის მოსურნენი, მაცდურები და სკეპტიკოსები და აქაც იჩაგრება მშვენიერება, სიკეთე. მსახიობთა დიდებულმა ანსამბლმა, ფერადოვანმა გამოსახულებამ, ცოცხალმა იუმორმა და გაუნელებელმა სევდამ მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. სურათმა მრავალი საერთაშორისო პრიზი მიიღო: რიგის X საკავშირო ფესტივალზე მთავარი პრიზი, თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს ჯიხვი" საუკეთესო რეჟისურისათვის, დონატელოს "დავითი" - იტალიაში საერთაშორისო კინოკონკურსზე. აბულაძეს 1979 წელს რუსთაველის სახელობის პრემია, შემდეგ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

 

რეჟისორი ახალი ფილმით ერევანშიც მიიწვიეს. იქიდან მომავალნი მძიმე ავარიაში მოყვნენ, მძღოლი დაიღუპა, თვითონ ბეწვზე გადარჩა. ამ შემთხვევამ თენგიზ აბულაძეს ჩაუნერგა რწმენა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი უნდა გადაეღო.

 

რეჟისორმა ტრილოგიის მესამე ფილმ "მონანიებაშიც" (1984) არ უღალატა არჩეულ თემას, ბოროტისა და კეთილის ბრძოლას, ოღონდ ბოროტებად საბჭოთა სისტემა წარმოგვიდგინა. ფილმი უშიშროების კომიტეტმა აკრძალა, რეჟისორი დაპატიმრებასაც კი ელოდა. სურათი ორი წლის შემდეგ გამოვიდა ეკრანებზე და ნამდვილი შოკი გამოიწვია. ათეული წლობით საბჭოთა ადამიანებში დაგროვილი ტკივილი სამზეოზე გამოვიდა. რუსეთის დიდ ქალაქებში მაყურებელთა მოძალების გამო წესრიგს ცხენოსანი მილიცია იცავდა. საბჭოთა კავშირში გადაღებულ არც ერთ ფილმს არ მოჰყოლია ასეთი რეზონანსი არც ქვეყანაში და არც უცხოეთში. "მონანიებამ" გარდატეხა შეიტანა არა მარტო ხელოვნებაში, აზროვნებაში. ეს ფილმი სოციალისტური სისტემის ნგრევის ნიშანი გახდა. მხოლოდ კანის მე-40 კინოფესტივალზე სურათმა სამი პრიზი მიიღო, ასევე ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის ფესტივალებზე, იტალიის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის და სხვა. ტრილოგიის შექმნისათვის რეჟისორს ლენინური პრემია მიანიჭეს (1988).

 

აბულაძეს საჯარო გამოსვლა არ იტაცებდა, აქტიურად არ ერეოდა არათუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ, თვით კინემატოგრაფიულ თემებზე გამართულ დისკუსიებში. ოსტატურად არიდებდა თავს ჟურნალისტთა სემოტევას. მხოლოდ ერთხელ, 1989 წელს სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე ითხოვა სიტყვა და "გარდაქმნად" წოდებული სახეცვლილება მძაფრად გააკრიტიკა.

 

უცნობთათვის თენგიზ აბულაძე ტოვებდა ნიჭიერი, მაგრამ ცხოვრებისაგან განებივრებული ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ადვილად აღწევდა მიზანს. სინამდვილეში მისი ფილმები დიდი ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის ნაყოფი იყო, ამიტომ არის, რომ სულ შვიდი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. დევიზად ჰქონდა, ყოველ კადრს ისეთი პასუხისმგებლებოთ უნდა მიუდგე, თითქოს ის უკანასკნელია შენს ცხოვრებაშიო. უნარი ჰქონდა, ყურადღება არ მიექცია ყოფითი, საზოგადო თუ საოჯახო პრობლემებისადმი და მხოლოდ მთავარზე, შემოქმედებაზე ეფიქრა. ასე იყო სიცოცხლის ბოლომდე. 90-იანი წლების არეული ცხოვრება აწუხებდა, მაგრამ იმ ქაოსშიც მომავალი ფილმის სიტუაცასა და გმირებს ხედავდა. ის იყო სისხლით კინემატოგრაფისტი და, ამავე დროს, მუდმივი მაძიებელი.

 

გარდაიცვალა 70 წლის, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...