Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. Today
  3. “ერთადერთი გზა, რაც “ოცნებას” დარჩენილი აქვს, ეს არის- ისევ რადიკალიზაციის გაღრმავება, მიხეილ სააკაშვილისთვის მთელი ეთერების დათმობა და ამის გამოყენებას შეეცდებიან მთელი საარჩევნო ციკლის განმავლობაში.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965644628465540/
  4. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები, მიშა დაუშვილი და ნათია მეზვრიშვილი მართლმსაჯულების სისტემისადმი მიძღვნილი გადაცემების მეორე ეპიზოდში საუბრობენ პოლიციისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, გამოძიების ხარისხის გაზრდის მექანიზმებსა და გზებზე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვასა და გეგმებზე. ვიდეო:
  5. ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა სასამართლოში გამოცხადებას. მოსამართლემ პროცესი 8 აპრილამდე გადადო. ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილს სხდომაზე განცხადების გაკეთება სურს, თუმცა დარბაზში ყოფნისას იბნევა, როდესაც ბევრ ხალხს ხედავს, ამიტომ ურჩევნია დისტანციურად ჩართვა, რისი “უფლებაც მას აქვს”. კალანდაძის თქმით, სხდომის გადადებით ცდილობენ, რომ ლაზარე მაქსიმალურად დიდხანს გააჩერონ ციხეში. გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” და “უარგუმენტოს” უწოდებს. მისი თქმით, საპროცესო კოდექსი არსად ამბობს, რომ აუცილებელია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, როდესაც ბრალდებულს დისტანციურად სურს პროცესში მონაწილეობის მიღება. დაცვის მხარე დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. გრიგორიადისის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ სასამართლო დიდი ალბათობით მას გაამტყუნებს და აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ, რომელსაც თავის მხრივ რამდენიმე თვეში ეწურება უფლებამოსილების ვადა. დაცვის მხარემ იმისათვის, რომ სწრაფად დასრულდეს განხილვა, საკუთარი მოწმეები მოხსნა დასაკითხთა სიიდან, ამასთან ყველა დარჩენილი მტკიცებულება უდავოდ გაუხადა ბრალდებას, თუმცა უკვე თვეებია მოსამართლე არ ატარებს დასკვნით სხდომას, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით უნდა წარდგნენ, რის შემდეგაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე მიიჩნევს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი ლაზარეს დასჯა და იმ ნაბიჯების დროში გაჭიანურებაა, რაც დაცვის მხარემ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგას. 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარდა ამისა, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეფარდებული აქვს მამის დაჭრის საქმეზე. netgazeti
  6. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 537 ბავშვი დაიღუპა, დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობამ კი მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 1806-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1806-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. 2024 წლის 28 მარტის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 537 ბავშვი, ხოლო 1269-ზე მეტი დაშავდა“, - აცხადებენ უწყებაში. მათი განმარტებით, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სამუშაოები გრძელდება საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაიღუპა ან დაშავდა. ipn
  7. ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა. ipn
  8. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ლილუაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა, ასევე, პროექტიდან უნდა ამოიღოს მეორე ცვლილება, რომელიც “მიმართულია მათ მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ.” “მივმართავთ “ქართულ ოცნებას”, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მუნიციპალურ არჩევნებზე არსებული ერთ დროს, „ოცნების“ მიერვე დაწესებული 40%-იანი ბარიერის გაუქმებას. თუ თქვენ ნამდვილად მზად ხართ ნორმალური ცვლილებების შეტანისთვის, რაზეც თქვენს პასუხში ისაუბრეთ, ჩვენ მოგიწოდებთ, გაეშვით „ნაცმოძრაობის“ მიერ წარსულში გაკეთებული პოლიტიკური თაღლითობის გამეორებას. შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი, არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური. ასევე, პროექტიდან ამოიღეთ მეორე ცვლილება, რომელიც მიმართულია თქვენს მიერ საარჩევნო ოლქებსა თუ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კანდიდატების ადგილობრივ ფეოდალებად გაფორმებისკენ. თუ გსურთ დემოკრატიული და არა თქვენს შიშებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, დაიწყეთ ამ საკითხების ასახვა კანონმდებლობაში. ასევე დავიწყოთ ჩვენ მიერ უკვე დაყენებული საკითხის - პრეზიდენტის კვლავ ხალხის მიერ, პირდაპირი არჩევისთვის საჭირო ცვლილებების მომზადება. კიდევ ერთხელ ნუ დაადასტურებთ, რომ ერთს ამბობთ და მეორეს აკეთებთ”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე. ipn
  9. ლაზარე გრიგორიადის ბაბუის, გია კალანდაძის განცხადებით, ლაზარეს საქმე “თეთრი ძაფით არის შეკერილი” და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ოჯახის წევრები “გამამტყუნებელ განაჩენსაც შეგუებულები არიან". “ერთ რამეს ვიტყოდი, იმდენად თეთრი ძაფით არის შეკერილი ლაზარეს საქმე, რომ იმედი მინდა დავიტოვო, დღეს მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ლაზარეს გაამართლებს. ჩვენ [გამამტყუნებელ განაჩენსაც] შეგუებულები ვართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [მოსამართლემ]”,- განაცხადა გია კალანდაძემ. მისივე თქმით, თუ მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ოჯახი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მის შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართავს. “სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ვთხოვთ, რომ ლაზარე შეიწყალოს. იმიტომ, რომ არანაირი საბუთი არ აქვს გამოძიებას, რომ ეს დანაშაული ლაზარემ ჩაიდინა. საერთოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, 15 წლიდან აქციებზე დადიოდა. ვერ იტანდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა. კადრებში ჩემი თვალით რაც დავინახე, იქ ლაზარე საერთოდ არ ჩანს. არ არსებობს ისეთი კადრი, სადაც ლაზარე ან “მოლოტივის კოქტეილს” ისვრის ან მანქანას ცეცხლს უკიდებს”, - განაცხადა გია კალანდაძემ. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. ინფორმაციისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იპნ
  10. სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი, ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ალავერდის რაიონში მდებარეობს. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს, თუმცა ისინი მეტად პასიურ რეჟიმში მუშაობენ. გამოცემის ცნობით, სომხეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობას როგორც საქართველოსთან, ისე აზერბაიჯანთან ააქტიურებს. კერძოდ, 1990-იანი წლების დასაწყისში სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რვა სოფელი დაიკავეს, ხოლო სომხური გაზეთი „ჰრაპარაკი“ ახლახან წერდა, რომ პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი უმოკლეს დროში აზერბაიჯანისთვის ოთხი სოფლის დაბრუნებას აპირებს. მოამზადა ლადო სულაბერიძემ bpn.ge
  11. ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა. „2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ სოციალურად დაუცველ პირებს როგორც საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებას, ისე ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიებზე სთავაზობს. გარდა ამისა სხვა ვაკანსიებზე - ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია სოციალურად დაუცველი 20 000-ზე მეტი მოქალაქე. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით გამოეთიშა 7 079 პირი. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია და განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით“,- აცხადებენ დასაქმების სააგენტოში. ცნობისთვის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის 1-ელ მარტს დაიწყო. ipn
  12. სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. „მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი. ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  13. “საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის”, – ამბობს ასმათ მიქაძე, ორგანიზაციის “კავშირი სიცოცხლისთვის” წევრი, რომელმაც კიბო დაამარცხა და ახლა სხვების უფლებებისთვის იბრძვის. მე ვარ ასმათ მიქაძე, 53 წლის, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით მხოლოდ 11 წელი ვიმუშავე. დაქორწინების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და აქაც ვიმუშავე სკოლაში, დაახლოებით ორი წელი. საზღვარგარეთ მომიწია წასვლა – ცხრა წელი ევროპაში ვცხოვრობდი, შემდეგ კი, 2009 წლის აპრილში ჩამოვედი ისევ საქართველოში. აღმოვჩნდი მანდატურის სამსახურში. მანდატურის სამსახურში, არ ვიცი, ამდენ ადამიანში როგორ გამომარჩიეს, თანამდებობაზე დამნიშნეს, სადაც სამ წელი ვიმუშავე, შემდეგ კი, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, გამიშვეს სამსახურიდან. მოხდა ისე, რომ შტატგარეშე თანამშრომლად ამიყვანეს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ახლად შექმნილ დეპარტამენტში. 10 წელია აქ ვარ. თუმცა ამ სამსახურიდანაც გამიშვეს. მერე ვიჩივლე, სასამართლო მოვიგე და დავბრუნდი სააგენტოში. ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი ათი წლის განმავლობაში დეპარტამენტის ფარგლებში. დიაგნოზი 2018 წლის თებერვალში დამიდგინდა მეორე სტადიის მკერდის სადინროვანი კარცინომა, აგრესიულობის კოეფიციენტი – ორი. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული ფორმის სიმსივნე არ მქონია. დროულად, სკრინინგის მეშვეობით აღმოვაჩინე და თითქმის წელიწადი ვებრძოდი სენს. სკრინინგ ცენტრში მითხრეს, რომ მქონდა სერიოზული პრობლემა. პირველი პროცედურა, როდესაც შედიხარ – ჯერ მამოლოგთან ვიზიტია, ან ექოსკოპიაზე, ან მამოგრაფიის აპარატთან. პირველად წავედი იქ, სადაც ნაკლები ხალხი იყო – მამოგრაფიის აპარატზე. გამოვიდა გოგო, ელვისებურად შევიდა ექოსკოპისტთან, მერე მყისიერად- მამოლოგთან. შემდეგ მომკიდა ხელი და მითხრა, წამობრძანდით ქალბატონოო, ახლავე დაგიძახებენო. მივხვდი, რომ კარგი რამ ჩემს თავს არ ხდებოდა. როგორც კი გამიკეთეს ექოსკოპია, მაშინვე მკითხა ექიმმა, რატომ არ დადიხართ ექიმთანო. მეთქი, რატომ არ დავდივარ? დავდივარ. მკითხა, როდის გავიკეთე ბოლოს ექოსკოპია და ვუპასუხე, ერთი წლის წინ-მეთქი. მამოლოგმა გამიწია გიდობა – მან მიმიყვანა ექოსკოპიაზე, სადაც მივხვდი, რომ უკვე ცუდი სიტუაცია იყო. ჩემი დისშვილის მეუღლე მახლდა და გაურკვეველი სახით მიყურებდა, რა ხდება, რატომ დაგდევენ ასეო. კიბოა-მეთქი, დეიდა, კიბო მჭირს. შეეშინდა და მე ვუთხარი, ნუ გეშინია, კიბო რას მიზამს-მეთქი. ისევ სხვებს ვამშვიდებდი. მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა მომეძიებინა სპეციალისტი. არ შეიძლებოდა დაყოვნება, რადგან ძუძუზე უკვე განვითარებული იყო კარცინომა და გადასული იყო იღლიაზეც. მერე აღმოვაჩინეთ, რომ იღლიაში დაზიანებული იყო ლიმფური კვანძები – ოთხი ლიმფური კვანძი ამოვიღე. სკრინინგი უფასოა, ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი ომი, მით უმეტეს, მაშინ – 2018 წელს. დიაგნოსტიკა დღესაც ჯდება ძალიან ძვირი და აუცილებელია იმისთვის, რომ დავამტკიცოთ სიმსივნის არსებობა. მკურნალობა ფაქტობრივად, იმავე თვეს, ორი კვირის განმავლობაში 14 პროცედურა შევასრულე – კვლევა, სისხლის ანალიზი, ექოსკოპია, ემერტე, კატე, სინტიგრაფია… ესენი უნდა გამეკეთებინა, რომ დიაგნოზი ამეღო და ფორმა 100-ში შესულიყო მთელი შკალა, რომ მქონდა კიბო. 2700 ლარი დამიჯდა იმის გაგება, რომ მე მქონდა სიმსივნე – კარცინომა, მეორე სტადია, აგრესიულობა ორი. მხოლოდ ამის შემდეგ ერთვები სახელმწიფო პროგრამაში და სახელმწიფო გიფინანსებს მიზერულ თანხას: ექვს თვეში ერთხელ – კატეს და ონკომარკერს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არაფრის მომცემი არ არის. ონკომარკერი, შესაძლოა, ანთებითი პროცესის გამოც იყოს აწეული. დამენიშნა ქიმიოთერაპიის კურსი. დამჭირდა ექვსი ქიმია 21-დღიანი შუალედით. ქიმიოთერაპია მაშინ ფინანსდებოდა 70%-ით, ხოლო 30%-ს ვამატებდი მე. თუმცა 21- დღიან შუალედში, ქიმიიდან ქიმიამდე, მჭირდებოდა როგორც სისხლის ანალიზი, ასევე, კოაგულოგრამა. მჭირდებოდა მედიკამენტები, რომლებიც იყო ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების გამანეიტრალებელი, ღვიძლის დამცავი, რკინის მოსამატებელი, სისხლის გამათხელებელი. სამივე კვირა მიწევდა კვლევების ჩატარება, მედიკამენტების მიღება, დიეტა, რომ რაიმე ცუდი არ მომხდარიყო. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ქიმიოთერაპიისგან ცუდი უკუჩვენებები აქვს. რაც აუცილებელი იყო, იმით უნდა მეკვება. ამ პირობებს, ჩემი მწირი ხელფასის მიუხედავად, მაინც ვიცავდი, იმიტომ, რომ თუ ამას არ გავაკეთებდი, ვიცოდი, მერე უფრო მეტი გართულება და ხარჯები მოჰყვებოდა. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ექიმი მეუბნებოდა. ქიმიოთერაპიის დარჩენილი გადასახადი, მედიკამენტები და კვლევები, დავიანგარიშე და დღემდე მაქვს შენახული ის ქვითრები, რასაც ვიხდიდი. დაახლოებით 38 000 ლარი დამიჯდა მთელი ჩემი ჯანმრთელობა იმ პერიოდში, ათი თვის განმავლობაში. დაფინანსება 2018 წლის 26 ივლისს მქონდა ბოლო ქიმიოთერაპია, 14 აგვისტოს კი დამენიშნა ოპერაცია. შევიტანე მოთხოვნა დაფინანსებაზე და პასუხიც მოვიდა. ჩავიხედე ფურცელში და არ მეგონა, იმ მომენტში თუ არ მოვკვდებოდი. 295 ლარი ჩამირიცხა საყოველთაო დაზღვევამ და რატომ? მე ხელფასი მქონდა 1000 ლარი, რომლიდანაც 20% ყოველთვიურად ბიუჯეტში მიდის საშემოსავლო გადასახადის სახით. ეს ნიშნავდა, რომ 800 ლარით ქიმიიდან ქიმიამდე წამლებიც უნდა მეყიდა, კვებაც მომეწესრიგებინა, კვლევებიც მეტარებინა. ამას დამატებული, ქიმიიდან ქიმიამდე ხარჯი; ოპერაციის ფულიც უნდა გადამედო, რომელიც 4300 ლარი მიჯდებოდა, საყოველთაო ჯანდაცვამ კი 295 ლარი დამიფინანსა, როდესაც მე ყოველთვიურად 200 ლარს ჩემი ხელფასიდან უკან ვუბრუნებ. ეს იმხელა უსამართლობა იყო ჩემთვის, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა? საყოველთაოში რომ მივედი და მომცეს ეს ფურცელი, მანქანამდე ძლივს მივედი. თან, როგორია, ქიმიოთერაპიისგან მოცელილი, გადაღლილი, თმის, წარბების, წამწამებისა და ფრჩხილების გარეშე. დღესაც კი ვებრძვი ამ პრობლემებს. ვიფიქრე, მერიაში შევიტან-მეთქი და ალბათ ისინი მაინც დამიფინანსებენ რაიმეს. მერიამაც 295 ლარი დამიფინანსა. აღმოჩნდა, რომ რასაც საყოველთაო აფინანსებს, ფაქტობრივად, იგივე თანხას ფარავს მერიაც. ვხედავდი, რომ ფინანსდებოდა ოპერაციები, მაგრამ რახან მე მქონდა ხელფასი დარიცხულად 1000 ლარი, ამის გამო აღარ დამიფინანსეს მკურნალობა. ავადმყოფობის გამო გამომრჩა ის პერიოდი და თურმე აპრილში შეცვლილა საყოველთაო დაზღვევის ეს მოცემულობა – ოპერაციები უკვე ფინანსდებოდა, მე კი აღმოვჩნდი 590 ლარით დაფინანსებული. ძალიან გაბრაზებულმა დავწერე პოსტი და მოვნიშნე ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრი. მთელ ქვეყანას გავაგებინე, გავასაჯაროვე ყველაფერი, რომ მე ვარ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც მათგან ერიცხება ხელფასი 1000 ლარი, ხელზე იღებს 800 ლარს, ხოლო სახელმწიფოს ჰგონია, რომ მე შემიძლია 4000 ლარის მობილიზება ამ პირობებში, ასეთი ავადმყოფობის დროს, როდესაც ამდენი ხარჯი მაქვს. საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ რეფერალურზე შემეტანა განცხადება. შევძარი ქვეყანა და მეორე დღეს 1700 ლარი დამირიცხეს. ვისაც ეს არ შეუძლია, არ შეუძლიათ ყურებზე დააყენონ მთელი ქვეყანა, რა უნდა ქნან? დარჩენილი თანხა ექვსი ქიმია და ოცდათორმეტი სხივი გავიკეთე. სახელმწიფომ დამიფინანსა მხოლოდ 295 ლარი, 295 ლარიც მერიამ, რეფერალურმა სამსახურმა ჩამირიცხა 1700 ლარი. შემდეგ ჩემი გადარჩენა დამოკიდებული იყო ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მათ კეთილ ნებაზე, სამეგობროსა და ოჯახზე. შეიკრიბა თანხა, გავიკეთე ოპერაცია, თუმცა სხივებზე 4000 ლარის დამატება კიდევ დამჭირდა. ისე მოხდა, რომ სხივებისთვისაც კი დამჭირდა ფულის მობილიზება. თანამშრომლებმა ერთი ხელფასი შემიგროვეს, აი, ის 800 ლარი. მეორე სამსახურმაც ერთი ხელფასი შემიგროვა. მათ პატივისცემას ვერასდროს გადავიხდი, იმიტომ, რომ მიზერული ხელფასებს იხდიდნენ. ამერიკიდან გამომიგზავნა მეგობარმა, ჩემმა სტუდენტობის მეგობრებმაც შემიკრიბეს ფული. ფეისბუქის მომხმხმარებლებმა ხუთ-ხუთი, ათ-ათი ლარი შემიგროვეს. ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზე, გულისხმიერებაზე, გულჩვილობაზე, სიკეთის კეთების სურვილზე იყო და არის დღემდე დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლე, ონკოპაციენტების სიცოცხლე. არ ვიცი, როდემდე უნდა იყოს ეს ქვეყანა ვიღაცების, უცნობების, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული. ფსიქოემოციური მდგომარეობა საყოველთაოდ დამკვიდრებული ფრაზა – კიბო განაჩენი არ არის, დღეს შეუსაბამო სიტყვებია ჩვენი ქვეყნისა და რეალობისთვის. კიბო განაჩენია ასეთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოსაძიებელია – კარგი ექიმი, სწორი ანალიზები, დიაგნოზიც კი. აქ დიაგნოზს ბევრ შემთხვევაში ვერ სვამენ – საზღვარგარეთ იგზავნება. უამრავი ამის მაგალითი გვაქვს. მე დავამარცხე კიბო. კი ბატონო, დავამარცხე, მაგრამ რის ხარჯზე დავამარცხე და როგორი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა უნდა მქონოდა მე, ადამიანს, რომელსაც მწირი ხელფასი აქვს, სახელმწიფომ, როგორც მათხოვარს, მესროლა 295 ლარი. მაშინ მე მათხოვარი ვიყავი და არა ქვეყნის მოქალაქე. როდესაც თავად ან მათ ოჯახის წევრებს სჭირდებათ, საზღვარგარეთ გადააფრინენ და გაუკეთებენ ყველაფერს. სანამ სოციალური სამართლიანობა არ იქნება ამ ქვეყანაში, მანამ იქნება კიბო განაჩენი. რა ხდება ახლა? ახლა რემისიაში ვარ და ყველაფერი კარგად არის ექვსი წელია, მაგრამ არაფერი უნდა გამოგვრჩეს. ვცდილობ, რომ წელიწადში ერთხელ კატე, ექვს თვეში ერთხელ კი ექოსკოპია გავიკეთო. ეს აუცილებელია. მოვიკლებ საჭმელს, სხვა ბევრ რამესაც, ოღონდ ეს უნდა გავაკეთო აუცილებლად, რომ მერე უფრო ძვირი არ დამიჯდეს. პირველ რიგში, დავდივარ სკრინინგზე. წელიწადში ერთხელ, როდესაც უფასო კვლევების შესაძლებლობა არის, მივდივარ და ვიკეთებ ყველაფერს, რაც მეკუთვნის. ვცდილობ, თუ რაიმე უფასო კვლევა არის, გავიკეთო, რადგან ძალიან ძვირი ღირს ნებისმიერი მომსახურება. სამედიცინო კვლევების ფასებიც კატასტროფულად მომატებულია. ეს ყველაფერი როგორღაც უნდა მოვახერხო კვებასთან და ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად. რაში მდგომარეობს საქართველოში ონკოპაციენტებისთვის გამოსავალი? 2023 წლის ნოემბერში გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ონკოპაციენტების მკურნალობისთვის დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი უნდა მოხსნილიყო. დადგენილებაში მითითებული იყო ისიც, რომ ამ მოცემულობაში შევიდოდა ძვირადღირებული წამლები და თერაპიები. ვხედავთ, რომ იანვრიდან ლიმიტს ეჭრება ძვირადღირებული წამლების თანხა და ფაქტობრივად, ადამიანებმა, ვისაც ეს წამლები სჭირდებათ, აპრილის დასაწყისში ლიმიტი უკვე ამოწურეს. ერთი ამპულა, მაგალითად, „კეიტრუდა“ ღირს 8000 ლარი და ერთი გადასხმა პაციენტისთვის საკმარისი არ არის. 4-მილიგრამიანი ორი ამპულა არის გადასხმისთვის საჭირო, რომელიც 16 000 ლარი ღირს, 25 000 ლარი კი, ამხელა თანხის ფონზე, საკმარისი არ არის. ამ მომენტისთვის 25 000- ლარიანი ლიმიტი აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ვფიქრობ, საჭიროებების მიხედვით უნდა იყოს განსაზღვრული ნებისმიერ პაციენტზე. იმ ადამიანს, რომელსაც 16 000- ლარიანი წამალი სჭირდება ყოველთვიურად, ერთი გადასხმისთვის, ოცდაერთი დღის შუალედში, მას უნდა ჰქონდეს ულიმიტო, სანამ საჭიროებს ამ წამლის მიღებას. ერთ-ერთ ონკოპაციენტ გოგონას თვის განმავლობაში სჭირდება 11 000 ლარის აბი, რომელიც გაიდლაინში წერია. მაგრამ არ აძლევენ იმიტომ, რომ მეოთხე სტადიაზე არ არის. რამდენი რამ არის მოუწესრიგებელი – ექიმმა გამოუწერა პაციენტს 11 000- ლარიანი წამალი, ჯანდაცვის სამინისტრო კი ეუბნება, რომ არა, თქვენ მეოთხე სტადიაზე არ ხართ, ძვალზე არ გაქვთ გადასული სიმსივნე, ამიტომ ამ წამალს ვერ მოგცემთო. ძვალზე რომ გადაუვა ადამიანს, მაშინ რაში ვაძლევთ იმ 11 000 -ლარიან წამალს ყოველთვიურად? რა საჭიროა ამხელა ხარჯი მეოთხე სტადიაზე, მაშინ, როდესაც შეგიძლია პირველ სტადიაზე დაალევინო ეს წამალი ადამიანს და გაუხანგძლივო სიცოცხლე. არის სოლიდარობის ფონდი, რომელიც ეხმარება 22 წლამდე ახალგაზრდებს. რატომ არის ასე დიფერენცირებული, რომ ვიღაცას აქვს სიცოცხლის უფლება, ვინც 22 წლამდეა, ხოლო იმის იქით – არა? ერთი მეგობარი გოგონა გვყავს, რომელიც ოცდაერთი წლის იყო და ფარისებრ ჯირკვალზე კარცინომა დაუდგინდა. როდესაც გაუკეთეს ოპერაცია, უთხრეს, როგორ გაგიმართლა, ოცდაერთი წლის რომ ხარო. ოცდაორი წლის რომ ყოფილიყო, არ გაუკეთებდნენ ძალიან ძვირადღირებულ ოპერაციას. გაუმართლა, რომ ერთი წლით ადრე დაემართა ეს სიმსივნე. ჩემი მიზანი, პირადად ასმათ მიქაძის მიზანი არის ის, რომ უკიდურეს სოფელში მცხოვრებ პენსიონერს, უპატრონოს, მიაკითხოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მიუტანოს წამალი, მიუტანოს სერვისი. აი, სანამ ეს არ იქნება ქვეყანაში, მანამ აქაურობას არაფერი ეშველება. მაშინ თქვას ვინმემ, რომ რაღაც გააკეთა ქვეყნისთვის. ჩემი მოთხოვნა არის სამართლის აღდგენა ადამიანების მიმართ, რომ კონსტიტუციური უფლებები, ადამიანის უფლებები დაიცვან. სახელმწიფო ვალდებულია, ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვას. 25 000 ლარი ღირს ადამიანის სიცოცხლე ისე, როგორც მაშინ ჩემი სიცოცხლე შეაფასეს 295 ლარად. NETGAZETI
  14. ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს. გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა. ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა. ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საარტილერიო საბრძოლო მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. თავდაპირველად გეგმა მოიცავდა 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენას. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობა, შეიძლება, თითქმის გაორმაგდეს. ინიციატივას გუშინ ოფიციალურად შეუერთდა პორტუგალია, რომელმაც მანამდე გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 100 მილიონ ევროს გამოყოფდა. ჩეხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ და მისმა პორტუგალიელმა კოლეგამ დისტანციურად მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს ლისაბონის მონაწილეობას. მანამდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი დოკუმენტები გააფორმა დანიასთან, კანადასთან და ლატვიასთან. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს ნორვეგიასა და ნიდერლანდებთანაც. ipn
  15. ტერაქტის მომზადების შესახებ რუსეთმა როგორც მინიმუმ 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა. „როგორც მინიმუმ, რუსეთმა 2024 წლის 15 თებერვლიდან იცოდა [ტერაქტის] მომზადების შესახებ. მეტსაც გეტყვით, ამ ინფორმაციამ სირიაში მათი დაჯგუფების დაზვერვის სამმართველო გაიარა. აი, საიდან წავიდა ის მოსკოვში და ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, რომ ეს რაღაც უცნაურად, არსაიდან მატერიალიზდა”, - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა საიდან მოვიდოდნენ შეიარაღებული ჯგუფები და რომელი ორი ქვეყნის გავლით აღმოჩნდებოდნენ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე. „რისთვის დაუშვეს, რომ ეს მომხდარიყო? - რამდენიმე ვარიანტია. პირველი - ეს, როგორც მათთან მიღებულია, [კრემლის] კოშკების “ბრძოლაა”, რათა ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი მოხსნან. სხვა ვარიანტია - მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს იმის მასშტაბი, თუ რა მოხდებოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალურად იქნებოდა, და ყველაფერში უკრაინის დადანაშაულება უნდოდათ”, - განაცხადა ბუდანოვმა. მისივე თქმით, კრემლში მოსკოვის ოლქში სროლაზე უკვე სამჯერ შეცვალეს მომხდარის ვერსიები, ვინაიდან ტერაქტთან ე.წ. “უკრაინული კვალის” რამენაირად მიბმა სურდათ. ბუდანოვმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა თავად დათესა ქაოსი და თავდაჯერებულად თვლიდა, რომ მის კონტროლირებას შეძლებდა. „გაჩნდა პატრუშევისა და ბორტნიკოვის განმარტებები, რომელმაც პირადად მე დამადანაშაულა და თქვა, რომ საერთოდ, ეს ყველაფერი უკრაინამ ქნა. ეს სისულელეა! მართლაც, თუ ამ მტკივნეულ საკითხს შევეხეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტერია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს არ ვუჭერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს”, - განაცხადა ბუდანოვმა. ipn
  16. გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა. მისი განმარტებით, გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ. ამასთან, გერმანია უერთდება ჩეხეთის ინიციატივას, უკრაინისთვის ჭურვების შეძენასთან დაკავშირებით და 180 ათასი ჭურვის შეძენის საფასურს ბერლინი დაფარავს. უკრაინა მათ 2024 წლის მეორე ნახევარში მიიღებს. ფროიდინგის თქმით, უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საარტილერიო ჭურვები, საბრძოლო მასალა და რაკეტები თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე ჯავშანტექნიკა. ipn
  17. подробнее: https://drive.google.com/file/d/1e7hFwytv9tqs5KDMSgLDlHbvr7aZgUEV/
  18. Yesterday
  19. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს. „მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული“, — ნათქვამია ილია მეორეს მისალოც წერილში. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 მარტს“ „დინამო არენაზე“ გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა. ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთთან 18 ივნისის, დორტმუნდში გამართავს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება. საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება. ნეტგაზეთი
  20. მერაბ სეფაშვილის სიმღერამ „გაიღიმე”, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, ახალი სიცოცხლე შეიძინა. სიმღერა ახლა საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება. გამარჯვებასთან, რომლის წყალობითაც ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს. რა ისტორია აქვს ირმა სოხაძის ტექსტითა და გია მაჭარაშვილის მელოდიით შექმნილი სიმღერის გამოჩენას „ქომაგების“ რეპერტუარში და როგორ დაიმკვიდრა თავი გულშემატკივრებში — ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ „ქომაგების“ წევრს, ბექა ნოზაძეს ესაუბრა. ნოზაძის თქმით, „ქომაგებმა“ სიმღერა პირველად 2018 წელს ლატვიაში იმღერეს, როცა ნაკრებს გასვლით შეხვედრაზე თან ახლდნენ, იქ კი საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი ემიგრანტი მივიდა: „საქართველოსა და ლატვიას შორის გასამართ შეხვედრაზე ვიყავით ქომაგები ლატვიაში ჩასული 2018 წელს და იქ ძალიან ბევრი ადგილობრივი ქართველი იყო მოსული საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ. იმათთვის ცოტა რთული იყო ჩვენი სიმღერების სწავლა, იქვე აყოლიება და დავიწყეთ რაღაცების დატესტვა ისეთი რაღაცების, რაც შეიძლებოდა ყველას სცოდნოდა. დავტესტეთ რამდენიმე სიმღერა და ერთ-ერთი იყო ზუსტად ეს“, — ამბობს „ქომაგების“ წევრი ნეტგაზეთთან საუბრისას. მისი თქმით, სიმღერას კარგი ტექსტი აქვს — „ნურაფრის გეშინია“, „შენთანა ვარ“, „ბოლო კეთილია“ და ლატვიაში მცხოვრებმა ქართველებმა მალევე აიტაცეს. საქართველოს ნაკრების ქომაგის თქმით, მათ მიერ დაწყებულ სიმღერას მალევე აჰყვა სტადიონზე მისული გულშემატკივარი: „ყველა შემოგვიერთდა და შემდეგ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ეს ის იყო, რასაც მთლიან სტადიონს აიყოლიებდა. ქართველებს ცოტა გვეზარება ხოლმე სიმღერა, ჰიმნზეც დიდი ხანი დაგვჭრიდა იმის მისახვედრად, რომ ჰიმნის სიმღერა კარგია და უნდა ვიმღეროთ. ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი იყო 21 წლამდელთა შორის, იქ მთლიანი სტადიონი აგვყვა, ისე ითამაშეს ბიჭებმა და იქიდან მოყოლებული უკვე ყველას გულებშია, ყველას გონებაშია“ ,— ამბობს გულშემატკივარი. ქომაგის თქმით, საგულშემატკივრო სიმღერაში მთავარი ერთიანობის ხაზგასმაა, რასაც მერაბ სეფაშვილის ეს სიმღერა ახერხებს. ბექა ნოზაძე აღნიშნავს, რომ „ქომაგები“ ეცდებიან სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს სხვა სიმღერებიც შესთავაზონ და მათი აყოლიება შეეცადონ: „გუშინ ქალაქში დავდიოდი და ღამის 4 საათზე, 5 საათზე ხალხი მაგ სიმღერას მღეროდა. ერთია, რაც არ უნდა დაიძახო იქ სიმღერაში, მთავარი ეფექტი ყოველთვის აქვს ერთიანობის ხაზგასმას, ხალხი ჰყვება მაგ სიმღერას ძალიან კარგად. ჩვენ ნებისმიერ რაღაცას ვმღერით ხოლმე, რაც მოგვაფიქრდება, მთავარია, ეს ერთიანობა აჩვენოს და მაგ სიმღერაში არის ეს ერთიანობის განცდა. ვეცდებით კიდევ ახალი სიმღერით შევეცადოთ ადამიანების აყოლიებას. გამარჯვებასთან ასოცირდება უკვე ეს სიმღერა და ჩვენ რაც გვქონდა, „ზღაპრის ბოლო კეთილია“, ზღაპარში გავატარეთ მთელი ეს პერიოდი და კეთილად დასრულდა ყველასთვის“ ,— ამბობს ნოზაძე. გუშინ, 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრების დამარცხება პენალტების სერიაში შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. ნეტგაზეთი
  21. ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სები აცხადებს, რომ საკოლექციო მონეტის დიზაინზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს. 2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით „ევრობასკეტი 2022“-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 26 მარტს“ „დინამო არენაზე“ გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა. ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთთან 18 ივნისის, დორტმუნდში გამართავს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება. საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება. ნეტგაზეთი
  22. ჩვენ გაფართოების ანგარიშის შემუშავების პროცესში ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მათი სურვილია, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და ეს სარგებელს როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მოუტანს. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს ისტორიული ნაბიჯი ჩვენ ყველამ ერთად აღვნიშნეთ. გადაწყვეტილება 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, მას ცვლილებები სჭირდება და ეს ცვლილებები გარდამქმნელი უნდა იყოს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად იყოს და ეს სარგებელს როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს მოუტანს. ამიტომაც გვჭირდება რეფორმები. ზოგიერთი რეფორმა არ არის მარტივი და დიდ ძალისხმევას და ყველას ერთად მუშაობას მოითხოვს და იმისათვის, რომ კომპასი, საგზაო რუკა შეგვექმნა კანდიდატის სტატუსის პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჩვენ შევიმუშავეთ ე.წ. ცხრა ნაბიჯი. ეს ის რეფორმებია, რომლებიც აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლისთვის. ჩვენ გასული წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ოქტომბრამდე მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბევრი დადებითი ელემენტია. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ მონდომებას, ვხედავთ საკანონმდებლო ინიციატივებს, ამავდროულად ღია კითხვები არსებობს, სადაც ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ჩემი პასუხისმგებლობაა, დავრწმუნდე, რომ კონტაქტები მაქსიმალურად ინტენსიურია. დიალოგის გასააქტიურებლად რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტს ვგეგმავთ, მათ შორის ევროკავშირის ინსტიტუტებისა და 27 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. იმიტომ, რომ ჩვენ დროის დაკარგვა არ შეგვიძლია, დრო ძვირფასია და ჩვენ უკვე გაფართოების ანგარიშის შემუშავების პროცესში ვართ, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება, კვლავ ევროკომისიის რეკომენდაციებით, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ ან მოვიცადოთ. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული, რათა ჩვენ წევრ ქვეყნებს შემდეგ ეტაპებზე გადასვლა შევთავაზოთ. რა თქმა უნდა, არის ღია საკითხები და ჩვენ მათ შესახებ ძალიან გულწრფელები ვართ. ეს საკმაოდ ბუნებრივია. თუ გადავხედავთ ცხრა ნაბიჯს, ისინი ძალიან სერიოზულ რეფორმებს მოიცავს, მათ შორის ისეთ მგრძნობიარე სფეროებზე, როგორიც სასამართლო რეფორმებია. ამიტომ უნდა დავსხდეთ, უნდა ვისაუბროთ, ერთმანეთის არგუმენტები უნდა მოვისმინოთ. რაც მთავარია, ევროკავშირსაც სურს, რომ საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი და პარლამენტის ყველა პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იგივე სურვილი აქვს. ასე რომ, თუ არის სურვილი, დარწმუნებული ვარ, გზაც იქნება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. იპნ
  23. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ცნობით, დღეს, 27 მარტს, მათი დახმარებით, ოჯახებს გადაეცა 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის ამოცნობილი ნეშტი. როგორც ICRC აცხადებს, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით 2010 წლიდან მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ICRC-ის ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების ნეშტების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები. „ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ამ ოჯახებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო მათ მიმართ, ვისაც გაურკვევლობის ათწლეულების შემდეგ გადაეცათ ახლობელი ადამიანების ნეშტები. დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ ოჯახებზეც, რომელთა ახლობლები კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან და იტანჯებიან გაურკვევლობით მათი ხვედრის არცოდნის გამო. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს გაიზრდება მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცნობის პროცესის კუთხით. ასევე, 2024 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული“, — აღნიშნა ან მონტავონმა, ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა საქართველოში. მის კომენტარს თავად ორგანიზაცია ავრცელებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, 2010 წელს საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, სულ მოძიებულია და ოჯახებს დაუბრუნდა 285 ადამიანის ნეშტი, რომლებიც 1992-93 წწ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. დღეისათვის, ამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ჯერაც დაკარგულად მიიჩნევა 1859 სამხედრო და სამოქალაქო პირი. ფოტო: კადრი აფხაზეთის ომიდან. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანები კავშირში არ არიან აღნიშნულ ამბავთან. ნეტგაზეთი
  24. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გამოაქვეყნა 38-ე მოხსენება უკრაინაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მოხსენება ეფუძნება უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მუშაობას და მოიცავს 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს. ანგარიშის თანახმად, დეკემბერ-იანვარში რუსეთის ფართომასშტაბიანმა სარაკეტო თავდასხმებმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა გამოიწვია, რითაც შეიცვალა 2023 წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზოგადი კლების ტენდენცია. 1804 სამოქალაქო მსხვერპლიდან, OHCHR-ის თანახმად, 712 გამოწვეული იყო სარაკეტო თავდასხმებით. მშვიდობიანი მოსახლეობის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაზე მეტად ხარკოვი დაზარალდა. ინტენსიური ბრძოლების გამო განსაკუთრებით დაზარალდა დონეცკის ოლქი და ხერსონის ოლქი. რამდენიმე ქალაქი და დასახლება ფრონტის ხაზის გასწვრივ ფაქტობრივად განადგურდა. საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა თავდასხმები, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ყველაზე მასშტაბურში ასეთი თავდასხმა დონეცკის კიროვსკის რაიონში, 2024 წლის 21 იანვარს მოხდა, სადაც საცხოვრებელ შენობაში დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე და 11 დაშავდა. საანგარიშო პერიოდში OHCHR-მა გამოჰკითხა ახალგათავისუფლებული 60 უკრაინელი სამხედრო ტყვე. მათი მონათხრობებიდან დადასტურდა ადრე ფართოდ დოკუმენტირებული ინფორმაცია ტყვეების წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. OHCHR-ის ინფორმაციით, სამ თვეში, სულ მცირე, 32 უკრაინელი ტყვე დასაჯეს სიკვდილით. OHCHR-ს ასევე ჰქონდა რეგულარული წვდომა რუს ტყვეებთან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე. OHCHR აღიარებს უკრაინის მთავრობის მუდმივ ძალისხმევას, უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოპყრობა ტყვეებისადმი, თუმცა, ასევე ამბობს, რომ აქვს სანდო ცნობები რუსი ტყვეების დაკავებისა და ბრძოლის ველიდან მათი ევაკუაციის დროს, ტრანზიტულ ადგილებში, მათი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, აიძულებს მოსახლეობას, ოკუპანტი სახელმწიფოს ერთგულება შეჰფიცონ, სისტემატურად ახდენს ზეწოლას მათზე, რომ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტები და ჩაერთონ „პატრიოტულ“ აქტივობებში ოკუპანტი ხელისუფლებისადმი ლოიალობის დემონსტრირებისთვის. უკრაინის ხელისუფლებამ საანგარიშო პერიოდში 767 სისხლის სამართლის საქმე აღძრა და 241 განაჩენი გამოიტანა ოკუპანტებთან კოლაბორაციის ბრალდებით. გაეროს ადამიანი უფლებათა კომისრის ცნობით, ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ბრალი წაუყენეს ისეთი ქმედებებისთვის, რომლისთვისაც არ უნდა ყოფილიყვნენ დევნილი ან გასამართლებული. ერთი პირი, რომელიც თავდაპირველად დააკავეს რუსეთის უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის სოციალურ ქსელში გამართლების ბრალდებით, პატიმრობაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ის ჩიოდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე. უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. OHCHR იუწყება შემთხვევების შესახებ, როდესაც ადამიანების ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევს და ქონებას. netgazeti
  25. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 28-29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  26. მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს, უკრაინასა და პოლონეთს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ჩვენს მეგობრებს უკრაინაში, პოლონეთსა და საქართველოში გასულ ღამეს უეფა-ს ევრო 2024-ზე კვალიფიკაციას ვულოცავთ. თქვენმა შრომამ შედეგი გამოიღო! წარმატებებს და დაუვიწყარი მომენტებით სავსე ტურნირს გისურვებთ“, - წერს მაია სანდუ X-ზე. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.
  27. საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მისალოც ტექსტშია ნათქვამი. ევროკავშირის წარმომადგენლობა ეროვნულ ნაკრებს წარმატებას უსურვებს ევროპის ჩემპიონატში. „საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში“,- აღნიშნავენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.
  28. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა. ipn
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...