Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    12
  • comments
    6
  • views
    50.546

ეროვნული სტატისტიკის სამსახური საბოტაჟის რეჟიმში


PLANETA_INFO

4.424 views

ნაციონალური კადრების კვლევებზე გაწერილი სახელმწიფო პოლიტიკა

 

მთავრობა სტატისტიკით უნდა საუბრობდეს და არა ემოციებით!

დღეს მთავრობაც და საზოგადოებაც ემოციურად ვსაუბრობთ შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე, სოციალურ ფონსა და ინფლაციაზე, ციფრებით მანიპულირებაზე, მშრალ სტატისტიკაზე, ხელოვნურ სტატისტიკაზეც.

თუმცა, სახელმწიფოს ციფრები არ მართავენ. ისინი გვიჩვენებენ- როგორ იმართება ქვეყანა...

სტატისტიკური კვლევების ისტორია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ის სერიოზულ მეცნიერებადაც ჩამოყალიბდა და, როგორც წესი, ნორმალურ სახელმწიფოებში, გზას უკვალავდა და უკვალავს პრაქტიკას.

კარგად ვიცით, რას ამბობდა მარკ ტვენი სტატისტიკაზე: „არსებობს სამი სახის ტყუილი - უწყინარი ტყუილი, თავხედური ტყუილი და სტატისტიკაო!“ ამ ფრაზას, სხვათა შორის, ხშირად იყენებდა ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, ყოფილი ფინანსთა და პრემიერმინისტრი დიზრაელიც.

შეიძლება აწ გარდაცვლილ ბენდუქიძეს მარკ ტვენისა და დიზრაელის გავლენა ჰქონდა, როცა ამ სამსახურის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მაგრამ, შემდეგ ისიც დაარწმუნეს, რომ მარკ ტვენმა ცინიკურად იხუმრა სტატისტიკის მანკიერ მხარეზე და საქართველოში ტატისტიკის სამსახური ლიკვიდაციას გადაურჩა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მისი საქმიანობის შესახებ ნათქვამია, რომ სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან/და დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;

სტატისტიკის წარმოებისას და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იქნეს სისტემატურობა, საიმედოობა და მიუკერძოებლობა, რაც გულისხმობს სტატისტიკის წარმოებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების საფუძველზე, აგრეთვე განხორციელებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გამჭვირვალობას, ყველა მომხმარებლისათვის სტატისტიკური მონაცემების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

სტატისტიკის წარმოება უნდა განხორციელდეს სწორად, ზუსტად და თანამიმდევრულად, რაც გულისხმობს სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და რესურსების შესარჩევად სამეცნიერო კრიტერიუმების გამოყენებას, აგრეთვე სტატისტიკის წარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის საჯაროობას;

დაცული უნდა იქნეს დაკვირვების ერთეულთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა სტატისტიკური მიზნით, ადმინისტრაციული თუ სხვა წყაროებიდან. აკრძალულია ამ ინფორმაციის არასტატისტიკური მიზნით გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;

და, რაც მნიშვნელოვანია - სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯი უნდა იყოს შედეგის მნიშვნელობისა და მიღებული სარგებლის პროპორციული.

ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით აქტუალურია ახლახანს გამოქვეყნებული პრემიალური ხარჯების ფონზე. კერძო და პირადი სარგებელი სახეზეა, მაგრამ ქვეყანას ამით ჯერ ვერაფერი სარგებელი უგემია და თუ რატომ ხდება ასე, ქვემოთ მოგახსენებთ.

იმავე გვერდზე იმასაც ვკითხულობთ, რომ „ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის საქსტატი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.“ საქსტატი აქტიურად მონაწილეობს და არცერთ შანსს არ უშვებს უცხოეთში პროფესიულ სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისას, მაგრამ ჩვენი მეგობარი უცხოელი „ტრენერები“, კერძო საუბრებში, გაოცებას ვერ მალავენ - რატომ სხედან, ბოლო დროს, ქართველი სტატისტიკოსები „მოწმის ფორმატში“ ასეთ შეხვედრებზე? რატომ არ უჩნდებათ კითხვები, ინიციატივები და არ აქტიურობენ მნიშვნელოვანი თემების განხილვისას?

პასუხი მარტივია - იმისთვის რომ იაქტიურო, კითხვა და ინიციატივა დასვა, ამ საქმეში ელემენტარული მაინც უნდა გაგეგებოდეს. ქართული სტატისტიკის რეალობა კი გარკვეული ჯგუფების კერძო ინტერესები, კონკრეტული ადამიანების დასაქმება და სახელმწიფოს ხარჯზე მეტი სარგებლის ნახვაა. თუ უფრო შორს არ წავალთ და არაპროფესიონალთა და ინერტულთა შეგნებულ თუ უნებურ „დანაშაულებრივ უსაქმურობაზე“ არ ვისაუბრებთ.

სამწუხაროდ, ნებისმიერი არასწორად ჩატარებული კვლევა მცდარი პოლიტიკის საინფორმაციო საფუძველი ხდება.

2014 წლის 21 თებერვალს ბლოგში ,,ქართული სტატისტიკა სტატისტიკოსების გარეშე, ანუ კიდევ ერთი გათვლილი სვლა ხადურისგან“ (იხ. ბმულზე: http://planeta.ge/blog/13/entry-716-) არასწორ საკადრო ცვლილებებზე ვსაუბრობდით. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და შესაბამისი შედეგებიც სახეზეა.

თუ სტატისტიკის სამსახურის საკადრო საკითხი დროულად არ მოგვარდა, ინფორმაციული დივერსიისა და საბოტაჟის მძიმე შედეგები მალე თითოეული ჩვენგანის რეალობაზე აისახება.

2005 წლიდან დღემდე საქსტატმა 4 ხელმძღვანელი გამოიცვალა და ამჟამად მე-5 წრეზე მიდის. 5-დან 4 ხელმძღვანელი ფინანსთა სამინისტროს კადრი იყო, რომლებსაც სამსახურის ხელმძღვანელად მოსვლასთან ერთად მოჰყვა ფინანსთა სამინისტროში ,,დაწუნებული“ კადრების შლეიფი. სტატისტიკის სამსახური, ბოლო წლების მანძილზე, ფინანსთა სამინისტროს „საკადრო სანაგვედ“ იქცა და ტენდენცია დღესაც გრძელდება.

სახეზეა პრინციპული შეუთავსებლობა. სტატისტიკის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის წარმატების თუ წარუმატებლობის მონიტორინგია. ეს განსაკუთრებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ეროვნულ ბანკს შეეხება.

მარტივი მაგალითი - სტატისტიკის სამსახური ზომავს ინფლაციას, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა დეგეგმეს რაღაც დონის ინფლაცია. როგორ ფიქრობთ? ფინანსთა სამინისტროდან ან ეროვნული ბანკიდან მოვლინებული კადრი დაუშვებს რაიმე ,,არასწორი“ ინფორმაციის პუბკლიკაციას? დავუშვათ დაიგეგმა ეკონომიკური ზრდის გარკვეული დონე, რომელზე პასუხისმგებელიც ზემოაღნიშნული სამინისტროები არიან: როგორ ფიქრობთ დაუშვებს მათგან მოვლინებული ხელმძღვანელი ასეთი ინფორმაციი პუბლიკაციას?

რა თქმა უნდა - არა... პრობლემა ისაა, რომ სტატისტიკა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მონიტორინგს არ მოიცავს. სტატისტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება.

ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები კი აუცილებლად იწვევს სამსახურის მუშაობის ასიმეტრიულობას და ფინანსთა სამინისტროს ინტერესებში შემავალი საკითხების გარდა სხვა სტატისტიკას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დღევანდელ მდგომარეობას ორი ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

· სტატისტიკა ამზადებს ინფორმაციას და აწვდის მთავრობას, მაგრამ მთავრობა ვერ ან არ იყენებს ამ ინფორმაციას;

· სტატისტიკა არ აწვდის მთავრობას შესაბამის ინფორმაციას და მთავრობაც იძულებულია ცალკეულ მოვლენებზე იმპულსური რეაქციების შემოიფარგლოს.

ორივე შემთხვევაში დაზარალებული რჩება: მთავრობა, რომელსაც არ აქვს რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ვერ ხედავს გატარებული პოლიტიკის რეალურ შედეგებს, შესაბამისად, არაეფექტურად გეგმავს მომავალ ღონისძიებებს და თითოეული მოქალაქე, რომელიც იძულებულია ელექტრონული თუ ბეჭდური მედიიდან მხოლოდ ამ არაფრის მაქნის და ფსიქიკისათვის ერთობ საზიანო ,,დისკუსიებს“ ადევნებს თვალს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 2013-14 წლებში ქვეყანაში დამაკმაყოფილებელი ტენდენციებია, როგორც ეკონომიკური ისე სოციალური მიმართულებით, მაგრამ სტატისტიკა ამას საგულდაგულოდ უმალავს როგორც მთავრობას, ისე - მოსახლეობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი:

სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელობა ამას აკეთებს შეგნებულად. არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ყოფილ ხელისუფლებასთან აფილირებული თანამდებობის პირები, არცთუ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ ისეთ ღონისძიებებში, რომელიც მოქმედ მთავრობაზე პოზიტიური განწყობის შექმნას შეუწყობს ხელს. ანდა, სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელობას არ ჰყოფნის კომპეტენცია ამ ტენდენციების იდენტიფიცირების, შეფასების და არგუმენტირებისათვის.

თუ გადავხედავთ სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელთა კორპუსს (იხილეთ ბმულები) არცერთი ვარაუდი საფუძველს მოკლებული არაა და სავსებით რეალურ ფორმულირებად გამოიყურება ,,არაკომპეტენტური დივერსანტი“

http://geostat.ge/?a...d=109&lang=geo#

http://geostat.ge/?a...id=322&lang=geo

http://geostat.ge/?a...id=487&lang=geo

http://geostat.ge/?a...d=1531&lang=geo),

თუ ლოგიკას მივყვებით, სტატისტიკის დუმილი დადებით ტენდენციებზე ან უცოდინრობის გამოა, ან ინფორმაციული დივერსიაა.

სულ ახლახანს ჩატარდა უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიება, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. აღწერამ უღიმღამოდ ჩაიარა. ამ ღონისძიების ჩატარებაც ისეთივე პარტიზანულ რეჟიმში მოხდა, როგორც, თავის დროზე, სტატისტიკის ხელმძღვანელობის დანიშვნა.

სპეციალისტების აზრით, უკიდურესად გადატვირთული იყო აღწერის კითხვარი: მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კითხვარში არ შეიძლება ისეთი კითხვების შეტანა, რომელზეც გარანტირებულად ვერ იქნება მიღებული სრული პასუხი. აღწერის კითხვარები გადატვირთული იყო ისეთი კითხვებით. როგორიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საარსებო საშუალებები. ორივე მათგანი მოითხოვს დეტალურ შესწავლას და შეუძლებელია აღწერის დროს დასმული ორიოდე კითხვით ამ საკითხებზე რაიმე ღირებული წარმოდგენის შექმნა, სამაგიეროდ იქმნება ასეთი ცოდნის პრეტენზია, რაც არასწორი დასკვნების საფუძველი ხდება.

გასული წლის ნოემბერში ერთდროულად ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო და სასოფლო სამეურნეო აღწერა. ამ ორი დიდი სამუშაოს გაერთიანება სარისკო და უმაღლესი კლასის მომზადებას საჭიროებს.

სახეზეა ინფორმაციის კონფიდეციალობის შესახებ სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპის აშკარა დარღვევა: აღწერის დროს მოთხოვნილი იყო ოჯახის თითოეული წევრის პირადი ნომერი, რაც კატეგორიულად დაუშვებელია სტატისტიკური კვლევების ჩატარების დროს, ვინაიდან საიდენტიფიკაციო ნიშნის მოთხოვნა მნიშვნელოვნად ამცირებს რესპონდენტის გულწრფელობის ხარისხს. ეს აუცილებლად იმოქმედებდა სოფლის მეურნეობის აღწერით მოთხოვნილ რაოდენობრივ ინფორმაციაზე. მაგალითად ოჯახი, რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი სოციალური დახმარების მიღებაზე (ასეთი კი საქართველოში ოჯახების ნახევარზე ცოტა მეტია - 500 ათასი ოჯახზე მეტი) პირადი ნომრის მოთხოვის შემდეგ, აუცილებლად დამალავდა საკუთრებაში მყოფი მიწის, ძროხის და სხვა აგრარული რესურსების შესახებ ინფორმაციას. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოჯახის ყველა წევრი გარანტირებულად ვერ იქნებოდა სახლში გამოკითხვის დროს და ოჯახის სხვა წევრების პირადი ნომრები ძალიან ცოტა პროცენტმა თუ იცის ზეპირად, ცდომილების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არასწორად იყო შერჩეული აღწერის დრო:

აღწერა, ზოგადად, ტარდება მაშინ, როდესაც მოსახლეობა ნაკლებად მობილურია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც უმრავლესობა იმ მისამართზეა, სადაც ცხოვრობს. ამიტომ, წინა აღწერები, 1-14 იანვარს ტარდებოდა, რადგან ამ პერიოდში ყველა ცდილობს სახლში იყოს. გასულ წელს აღწერა 5-19 ნოემბერს ჩატარდა. სავარაუდო ორიენტირი სტატისტიკოსებისთვის, ალბათ, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 97-ე წლისთავი იყო... ამდენად აღწერა ჩატარდა იმ დროს, როდესაც შრომითი მიგრანტები, სავარაუდოდ, არ იქნებოდნენ სახლში და აღწერის შედეგებიც საკმაოდ აცილებული იქნება რეალობას.

აღწერის პერიოდად ასეთი უფერული დროის შერჩევის ერთერთი სავარაუდო არგუმენტი, სპეციალისტთა აზრით, გაეროს მითითებებია, რომლის თანახმადაც, 2002 წელს ჩატარებული აღწერის მომდევნო რაუნდი 2004-2014 წლებში უნდა ყოფილიყო და თუ აღწერა 2015 წლის იანვარში ჩატარდებოდა, მაშინ ჩაითვლებოდა, რომ საქართველომ რაუნდი ჩააგდო. არგუმენტი არ ამართლებს არც კვლევით მიღებულ შედეგს და არც სოლიდურ დანახარჯს. უმჯობესია, ჩავარდეს რაუნდი, ვიდრე თვითონ აღწერა. მიღებული შედეგები ვერ იქნება იდეალურად შედარებადი წინა აღწერების შედეგებთან.

ეს ერთი კონკრეტული ფაქტია სტატისტიკის არასწორი მუშაობის.

ჩნდება „გონივრული ეჭვი“ - ასეთი ქმედების საფუძველს წარმოადგენს რეალობა - აღნიშნულ სამსახურს დღესაც მართავენ ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები - თავმჯდომარის ორი მოადგილე. ფაქტია, რომ სტატისტიკის სამსახურის ახალი თავმჯდომარის დანიშვნისას, გარკვეულ პირებს ჰქონდათ მცდელობა გაეყვანათ ამ თანამდებობაზე ზაზა ბროლაძე - ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ამ სამსახურის თავმჯდომარე. ბროლაძის პერიოდს კი მთელი რიგი გადაცდომები უკავშირდება, რომლებიც დაფიქსირებულია კიდეც კონტროლის პალატის შესაბამის აქტში, სადაც საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, კვლევების გაყალბებაზე, თანამშრომლებზე გაფორმებული სახელფასო ბარათებიდან თანხების მითვისებაზე და ა.შ. (ამ აქტში ასევე ფიგურირებს დღეისათვის საქსტატის ერთ-ერთი მოადგილე თენგიზ ცეკვავა). კულუარული ინფორმაციით, ხადურის სამეგობროს სხვა წევრები თითქმის სრული შემადგენლობით ფიგურირებენ ამ დოკუმენტში და ეს ერთი დაჯგუფებაა, რომელიც სხვადასხვა სახით განაგრძობს ეროვნული სტატისტიკის დასამარებას. ამავე ,,სამეგობროდან“ იყო საქსტატის წინა თავმჯდომარე ზაზა ჭელიძე, რომლის „მოღვაწეობიდან“ თვალსაჩინო მაგალითად სტატისტიკის სამსახურის „პრივატიზებული“ შენობა და ამ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დაფანტვა წყნეთსა და ნაძალადევში.

ბროლაძის კანდიდატურას, საბედნიეროდ, პარლამენტში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საყურადღებოა, რომ ბროლაძე ფიგურირებს ალასანიას თავდაცვის მინისტრობისას ჯარისკაცების საკვებით მოწამლვის ფაქტის საქმეში. კერძოდ, მას იმ პერიოდისთვის ეკავა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მომარაგების დარგში. კულუარული ინფორმაციით, ამ კადრს ლობირებდნენ ძმები ჩხენკელები და ნ. ხადური.

ბროლაძის კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ საქსტატის თავმჯდომარედ მერი დაუშვილი დასვეს, მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით. კერძოდ: იგი დაინიშნა საქსტატის ძველი სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების პერიოდში. არადა, კანონი ძველი საბჭოს დათხოვნას და თავმჯდომარის ახალი საბჭოს წევრებიდან წარდგენას მოითხოვს. ძველი შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭოს, მერი დაუშვილის დანიშვნის დროს, ფორმალურად ამოწურული ჰქონდა უფლებამოსილების ვადა. ძველი სამეთვალყურეო საბჭო 2009 წელს ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი წევრებით დაკომპლექტდა. საინტერესოა კანდიდატურის დამტკიცების ტემპიც. საკითხი პარლამენტში შემოვიდა დილით და შუადღეს უკვე დამტკიცებული იყო ისე, რომ არ ყოფილა არც საკომიტეტო მოსმენა, არც ფრაქციის სხდომებზე განხილვა, არც კითხვებზე პასუხების გაცემა. სხვაგვარად რომ ვთქვათ სტატისტიკის სამსახურის უფროსის კანდიდატურა პარტიზანულ რეჟიმში ,,გააპარეს“.

ასევე აღსანიშნავია სტატისტიკის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცების პერიპეტიებიც, რომელიც ,,შეთქმულების“ ყველა პრინციპის სრული დაცვით განხორციელდა. ანუ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაკომპლექტდა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგიათ საქართველოში სტატისტიკის სფეროში მეტნაკლებად წონადი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს.

რაც შეეხება მერი დაუშვილს, ის აბსოლუტურად არაკომპეტენტური პერსონაა სტატისტიკის კუთხით. მას არც ცოდნა და არც მცირედი გამოცდილება გააჩნია ამ სფეროში. შედეგად მართვის სადავეები ისევ მოადგილეების (თენგიზ ცეკვავა და მაია გუნცაძე) ხელშია, რომლებიც, ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენენ. მაია გუნცაძე და მერი დაუშვილი ერთად მუშაობდნენ შემოსავლების სამსახურში 2007–2010 წლებში. გამოცდილება და კომპეტენცია არც ახლადდანიშნულ მესამე მოადგილე დავით მოწონელიძეს აქვს. როგორც ამბობენ, ის, ფაქტიურად, უფუნქციო მოადგილეა. მისი შტატი სხვა საშტატო ერთეულების ხარჯზე შეიქმნა. ეს ფაქტიც მხოლოდ სამსახურის მიმართ პარაზიტულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ დემოკრატია სტატისტიკის ბოროტად გამოყენებაა. ზოგიერთები საქართველოში, დიდი ხანია, უკვე ბოროტად იყენებენ სტატისტიკას. ეს კი ის ტრადიციაა, რომელსაც თუ დროულად არ შეველევით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...