Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.012

კაულა ვიდია (ღვთაებრივი ოჯახის ცოდნა)


  1. ვედური მოძღვრების მიხედვით სამყაროში არსებობს სამოთხის მიწების სამი ტიპი: 1) დივია-სვარგა - ზეციური სამოთხეები 2) ბჰუმი-სვარგა - ბჰუ-მანდალაზე ანუ დედამიწაზე არსებული სამოთხისეული მიწები და 3) ბილა-სვარგა - ქვესკნელის დემონთა სამოთხისეული მიწები. ამ სამოთხეებში სუფევს აბსოლუტური კომფორტი და სიამოვნება. დედამიწა იყოფა 9 ვარშად ანუ სექტორად. ჩვენი ვარშა ესაა ბჰარატა-ვარშა, რომელიც არის კარმული მოქმედების ველი და არაა უტოპიური ანუ სამოთხისეული. ბჰარატა-ვარშას მოსახლეებს აქვთ ტანჯვა და სნეულებები, რაც სხვა ვარშებზე არაა. სამოთხისეულ ვარშებზე მცხოვრები ადამიანები ჰგვანან ღმერთებს და ცხოვრობენ ათიათასობით მიწიერი წელი. სამოთხისეულ ვარშებზე არის სექსი, მაგრამ მის მოსახლეებს ის დიდად არ აინტერესებთ. სამოთხისეულ ვარშებზე მცხოვრები ქალები ცხოვრობენ დიდხანს, ტკბებიან სექსით, მაგრამ არ ორსულდებიან არასოდეს. სამოთხისეულ ვარშებზე იდეალური ეკო-სისტემაა. ეს ვარშებია: 1) ილავრიტა-ვარშა - სადაც ცხოვრობენ შივა და დურგა და იქ მოხვედრილ ყველა მამაკაცს დურგა-დევი უცვლის სქესს და აქცევს ქალად. 2) ბჰადრაშვა-ვარშა - აქ მეფობს დჰარმარაჯას ძე - ბჰადრაშვა. 3) ჰარი-ვარშა - აქ სუფევს ვიშნუს იპოსტასი ნრისიმჰადევა. 4) კეტუმალა-ვარშა - აქ სუფევს სიყვარულის და სექსის ღმერთი კამა-დევა. 5) რამიარკა-ვარშა - აქ სუფევს ვაივასვატა-მანუ. 6) ჰირანმაია-ვარშა - აქ მეფობს ვიშნუს ავატარა კურმა. 7) უტტარაკურუ-ვარშა - აქ მეფობს ვარახა-ავატარა. 8) კიმპურუშა-ვარშა - აქ მეფობს მაიმუნების მეფე ჰანუმანი, რომელიც ადიდებს უფალ რამას და სიტადევის. ბილა-სვარგა ესაა დემონთა სამოთხეები. ესენია: ატალა, ვიტალა, სუტალა, ტალატალა, რასატალა, მაჰატალა და პატალა. ბილა-სვარგა ჰედონისტური სამოთხე სადაც ასურები (დემონები) ტკბებიან ათასი სიამოვნებით. ესაა უტოპია. ამ პლანეტებს აქვთ სამი მინუსი: 1) უზომო ჰედონიზმი 2) მუდმივი ომები (რადგან ასეთია ასურების ბუნება) და 3) პერიოდულად აქ ჩამოიფრენს ვიშნუს სუდარშანა ჩაკრა, რომელიც ანადგურებს ყველას ვისაც შეეხება. მაგრამ მოკლული დემონი არ ქრება, ის უბრალოდ სხვა პლანეტაზე რეინკარნირდება.
  2. ინდუისტური მითები და ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე იყო კეთილშობილი მეფე სუდიუმნა. ერთხელ სუდიუმნა აღმოჩნდა მაგიურ ტყეში, სადაც შივა და შაკტი სექსით იყვნენ დაკავებულნი. შაკტის შერცხვა და ამის გამო შივამ სუდიუმნა ქალად გადააქცია და უწოდა სახელად - ილა. ილამ თხოვა შივას რომ დაებრუნებინა მისთვის კაცური სხეული, მაგრამ შივამ ბრძანა, რომ დღეიდან მეფე სუდიუმნა ერთი თვე იქნებოდა კაცი, ხოლო ერთი თვე ქალი და ასე იქნებოდა სიცოცხლის ბოლომდე. და ასეც მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ მეფემ დატოვა სამეფო და გადასცა ტახტი შვილს. რაც შეეხება შვილს; მეფეს შვილი ეყოლა მაშინ, როცა ის ქალის სხეულში იყო. ერთხელ როცა სექსუალური ილა მიაბიჯებდა მაგიურ ტყეში, ის შენიშნა უფალი სომას შვილმა - უფალმა ბუდჰამ. ბუდჰა ესაა პლანეტა მერკურის მბრძანებელი დევა. სომა ესაა მთვარის დევა. ბუდჰას და ილას შეუყვარდათ ერთმანეთი და ჰქონდათ სექსი. ამ კავშირის შედეგად გაჩნდა მშვენიერი ჭაბუკი - პურურავასა. პურურავასა გახდა მეფე და ერთხელაც მას შეუყვარდა უფალი ბრაჰმას მიერ დაწყევლილი სექსუალური აპსარა (ნიმფა) სახელად - ურვაში. ურვაშისაც ძლიერ უყვარდა პურურავასა.
  3. "ნიაია" न्याय, nyāya ანუ კანონი, ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა. ნიაია ამტკიცებს, რომ ატმანი (სული) განსხვავდება გონებისგან და სხეულისგან და იძენს ცნობიერებას სხეულთან და გონებასთან შეერთების შედეგად. ესაა ატომისტური თეისტური რეალიზმი. ეს სკოლა შექმნეს ფილოსოფოსებმა გაუტამამ და აკშაპადამ ძვ.წ. მესამე საუკუნეში. ნიაია აღიარებს შემეცნების ოთხ დამოუკიდებელ მეთოდს: პრატიაკშა - აღქმა, ანუმანა - დასკვნა, უპამანა - შედარება და შაბდა - მოწმობა. იშვარა ესაა მარადიული პირველმიზეზი, რომელიც ქმნის სამყაროს მარადიული ატომებისგან, სივრცისგან, დროისგან, ეთერისგან, გონებისგან და სულებისგან. ნიაია ამბობს, რომ როგორც თიხის დოქს ჰყავს შემოქმედი, ასევე რთული ატომებისგან შემდგარ სამყაროსაც უნდა ჰყავდეს დიზაინერი და შექმნელი. გონიერი პირველსაწყისის გარეშე არ არსებობს წესრიგი. შემოქმედი უფლის არსებობის მეორე არგუმენტია კარმა, ხოლო მესამე არგუმენტია - ვედების ავტორიტეტი. არსებობს მორალი, რომელიც მოდის შემოქმედი უფლისგან, რომელიც მართავს სამყაროს და ასაჩუქრებს მართალ ხალხს და სჯის ცოდვილებს. ნიაიას მიხედვით ადამიანი სიკვდილის შემდეგ პასუხს აგებს იშვარას ანუ უფლის წინაშე, რომელიც არის სამყაროს მორალური ბატონი. ნიაიას მიხედვით ადამიანის ტანჯვის მიზეზია უფლის კანონების დარღვევა.
  4. "პურვა-მიმანსა" मीमांसा ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა, რომელიც შექმნა რიში ჯაიმინიმ ძვ.წ. მესამე საუკუნეში. ამ სკოლის ძირითადი თვისებებია: რიტუალიზმი, ორთოპრაქსია, ანტიასკეტიზმი და ანტიმისტიციზმი. პურვა-მიმანსა აღიარებს ვედების ავტორიტეტს და უპირისპირდება ვედანტას, ტანტრას და ბუდიზმს. დჰარმა მიუწვდომელია გონებისთვის. იშვარა არ არსებობს. ამ სკოლის წარმომადგენლები იყვნენ რიში კუმარილა და რიში პრაბჰაკარა. ეს სკოლა აღიარებს ცოდნის შემდეგ წყაროებს: 1) პრატიაკშა - აღქმა 2) ანუმანა - ლოგიკური დასკვნა 3) უპამანა - შედარება 4) შაბდა - ავტორიტეტი 5) არტჰაპატი - პოსტულირება და 6) ანუპალაბდჰი - არ-აღქმა. მსხვერპლშეწირვა არაა ღმერთების თაყვანისცემა არამედ ესაა აპურვას ენერგიის მოპოვება ზეციური ნეტარების მისაღებად სიკვდილის შემდეგ. პრაბჰაკარა აღიარებს ყოფიერების რვა კატეგორიას: 1) დრავია - სუბსტანცია 2) გუნა - ხარისხი 3) კარმა - მოქმედება 4) სამანია - საყოველთაობა 5) პარატანტრატა - თვისება 6) შაკტი - ენერგია 7) სადრიშტია - მსგავსება 8) სანკჰია - რიცხვი. ინდოელი მეცნიერი სარვეპალი რადჰაკრიშნანი ნეგატიურად უყურებდა პურვა-მიმანსას, რადგან ის უარჰყოფს პირველად რეალობას და უფლის თაყვანისცემას. ინდოელი მკვლევარი რენე გენონი განსხვავებით რადჰაკრიშნანისგან თვლიდა, რომ პურვა-მიმანსამ ითამაშა დადებითი როლი ინდუისტური ფილოსოფიური აზრის განვითარებაში.
  5. "ვაიშეშიკა" वैशेषिक, vaiśeṣika ესაა ორთოდოქსული ბრაჰმანიზმის ექვსი ფილოსოფიური სკოლიდან ერთ-ერთი. ვაიშეშიკა შექმნა ფილოსოფოსმა კანადა ულუკამ რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ.III-II-ე საუკუნეებში. ვაიშეშიკა ესაა ატომისტური თეიზმი, რომელიც ამტკიცებს, რომ იშვარამ ანუ უფალმა ღვთაებრივი ძალით შექმნა მატერია, რომელიც შედგება ატომებისგან და მართავს სამყაროს კარმული კანონის დახმარებით. ვაიშეშიკა ესაა ატომისტური თეისტური ლოგიკა და რაციონალური თეოლოგია. ვაიშეშიკას მიხედვით არსებობს 7 საწყისი (ელემენტი): დრავია - სუბსტანცია, გუნა - ხარისხი, კარმა - მოქმედება, სამანია - უნივერსალურობა, ვიშეშა - განსაკუთრებულობა, სამავაია - ნიშან-თვისება, და ა-ბჰავა - არა-რაობა ანუ არ-ყოფნა. ყველაფერი იყოფა ყოფიერებად და არყოფნად. სული (ატმანი), სხეული და სხვა ელემენტები რეალურად არსებობენ. ესაა ერთგვარი მეტაფიზიკური რეალიზმი. ვაიშეშიკა ამბობს, რომ ინდივიდუალური სული უნდა განთავისუფლდეს სანსარასგან სწორი აღქმის და ლოგიკის დახმარებით.

 


  1.  

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...