Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    526.908

blog-0214261001518190746.jpgშივა(ინდ.) დიდი ღმერთი, უსახო და უსახელო ღვთაების ერთ-ერთი სახე. ბრაჰმასთან და ვიშნუსთან ერთად შეადგენს სამებას – ტრიმურტის. თუმცა იგი ამ სამებაში დამანგრეველ საწყისს გამოხატავს (ბრაჰმა აშენებს, ვიშნუ ინახავს, შივა ანგრევს), მაგრამ ზოგიერთ თქმულებაში იგი სამყაროს მთლიანობის დამცველია. მან თავად ჩაყლაპა ოკეანეში წარმოშობილი შხამი და იხსნა ქვეყნიერება დაღუპვისგან. როცა ქვეყანაზე სიკვდილი არ იყო, ადამიანები და ცოცხალი არსებები მრავლდებოდნენ და მიწას ისე ამძიმებდნენ, რომ მას მეტის ატანა აღარ შეეძლო და ბრაჰმამ მათი მთლიანად მოსპობა გადაწყვიტა, ერთადერთი ღმერთებს შორის შივა გამოესარჩლა ქმნილებებს: „ნუ განურისხდები შენი ხელით შექმნილ არსებებს! ნუ მოხდება ისე, რომ მთელი სამყარო დაცარიელდეს. თუ განადგურდებიან, ვეღარც აღდგებიან. დაე, იცხოვრონ და მერე დაიხოცონ, ოღონდ ნუ შეწყდება მათი მოდგმა“. ამ სიტყვების გაგონებაზე ბრაჰმამ დაიოკა რისხვა, ცეცხლად რომ ედებოდა სამყაროს, სანაცვლოდ სიკვდილმა დაისადგურა ქვეყანაზე.

შივას ცოლად ჰყავდა მთების მშვენიერი ასული უმა, რომელსაც ერთხელ კუბერამ მარცხენა თვალი თავხედურად დაადგა. კუბერა მწარედ დაისაჯა ამ საქციელისთვის: შეურაცხყოფილმა უმამ ამოუწვა მას მარცხენა თვალი თავისი ცეცხლოვანი რისხვით. ამის შემდეგ კუბერა რვაასი წელი ცალთვალა იყო და მხურვალედ ინანიებდა თავის საქციელს.

ბოლოს, შივამ აპატია მას და მეგობრობაც შესთავაზა. შივას მესამე თვალი აქვს. ეს თვალი მაშინ გაუჩნდა, როცა ცოლი (არა უმა, არამედ პარვატი) მიეპარა უკანიდან და ხელებით თვალები დაუფარა. სასტიკია მისი მესამე თვალი: მან ფერფლად აქცია სიყვარულის ღმერთი კამა, რომელიც სიყვარულის ისარს უმიზნებდა მას, რათა მჭვრეტელურ ცხოვრებას მოეწყვიტა იგი. შივას ოთხი პირისახე და ოთხი ხელი აქვს. ერთში სამკაპი უპყრია. შივა განთქმულია, როგორც მოცეკვავე, ნათარაჯა – „როკვის მეფე“, და ასეც გამოსახავენ მას. შივას როკვა კოსმიური ენერგიისა და სამყაროს დინამიური წესრიგის განსახიერებაა. შივა თავის ერთ-ერთ ცოლთან ერთად მისგან მოკლული ასურის – აპასმარას გვამზე ცეკვავს. თავისი ცეკვით მან ათი ათასი ასკეტი განდეგილი დაიმორჩილა. ჯერ ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ მას, გააჩინეს სასტიკი ვეფხვი და მიუსიეს მას, მაგრამ შივამ ვეფხვს ტყავი გახადა და მისგან მოსასხამი გაიკეთა. (ამრიგად, შივა ვეფხისტყაოსანიც არის). ბოლოს, ასკეტებმა და ღმერთებმაც მათ კვალზე აღიარეს მისი ძალა და ავტორიტეტი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...