კონტენტზე გადახტომა






სურათი

ის, რაც აქამდე არავის უთქვამს

დაპოსტა: irmaberi, 30 May 2014 · 5774 ნახვა

ის, რაც აქამდე არავის უთქვამს (ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი, რომელიც ბიჭებმა ხელს გამოაყოლეს)

ძაღლთაპირი ის სიტყვაა, რომელიც ყველას გაგვიგია და ალბათ, ყველას შეგვხვედრია ისეთი ადამიანიც, ვისაც ასე დავახასიათებდით.
მეც ბევრი უგვანი ადამიანი მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ არავის ისე არ მიესადაგება ეს სიტყვა, როგორც თენგიზ კიტოვანს. ამ დღეებში ბევრი რამ ითქვა და დაიწერა მასზე, მაგრამ ის, რაც მე უნდა ვთქვა, მგონი არავის უთქვამს.
დღეს თავი გმირად რომ მოაქვს და ბედავს კიდეც, ვინმე ხმამაღლა დამოძღვროს, ეს იმის ბრალია, მისთვის მთელი თავისი ავკაცობა თავიდან ბოლომდე რომ არავის შეუხსენებია და იმის ნაცვლად, დანაშაულის ფაქტები დაულაგონ წინ და პასუხი აგებინონ, ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენების შეფასებას თხოვენ. ვითომ დიდი ექსპერტი იყოს, არადა, თუ რამე გაეგება, ეს ქვეყნის დანგრევა-დაქცევაა, ამ დარგის ექსპერტობას მას ვერავინ წაართმევს.
ვისაც 90-ანი წლების თბილისი გახსოვთ, ამის დაჯერება არ გაგიჭირდებათ.
იმ წლების თბილისზე საუბარი სხვებისთვის მიმინდვია, მე კი იმ 1992 წელზე მინდა ვთქვა, რომელიც სამეგრელოს მოსახლეობამ გამოირა. თუმცა კი, ამდენი წლის მერეც ძალიან მიმძიმს იმ პირქუში, უსახური და ტკივილით სავსე პერიოდის გახსენება. დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში იცხოვრა სამეგრელომ სრულ ტერორში, განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშ კი ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონის მკვიდრები მოვხვდით. ეს იყო შიშის და სიავის ექვსი თვე, ეს იყო სასჯელი, რომელსაც ვიხდიდით, მხოლოდ იმიტომ, რომ მეგრელები ვიყავით, ყველა მეგრელს კი ზვიად გამსახურდიას იდეურ მხარდამჭერად და შესაბამისად ქვეყნის მტრად მიგვიჩნევდა ძაღლთაპირი შევარდნაძე-იოსელიან-კიტოვანი. ამიტომაც მოგვისიეს თავიანთი ბანდები მშიერი მგლებივით...
ნახევარი წელი პარალიზებული იყო ყველა სამსახური, არავინ და არაფერი არ მუშაობდა, სკოლები და ბაგა-ბაღებიც კი დაიხურა. ისედაც გამოცარიელებულ მაღაზიებს არავინ აღებდა, რადგან თუ სადმე რამე შემორჩა, იმათაც შეიარაღებული პირები ესხმოდნენ თავს. 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი იწყებოდა და გარეთ ცხვირს არავინ ჰყოფდა, თუმცა მანამდეც, სოფლის ორღობეებსა და ჩიხებში თუ ნახავდი ვინმეს, ცენტრალური ქუჩებზე გასვლა ყველას ეშინოდა. ყველანი ჩვენს ეზოებში ვიყავით ჩაკეტილი. საკუთარ სახლებშიც კი ფეხაკრეფით დავდიოდით და ერთმანეთს ხმადაბლა ველაპარაკებოდით, შიშმა დაგვიმონა... სოფლის ცენტრში დაბანაკებული, კბილებამდე შეირაღაბეული და დაუნდობელი უცხო პირების შიშმა. ჩემი სოფელი, ლია, წალენჯიხის რაიონში ერთ-ერთი საკმაოდ დიდი და ხალხმრავალი სოფელია. ვიდრე ჯაბას და კიტოვანის „ბიჭები“ თავს დაგვესხმოდნენ და ლამის სახლებში ჩამოგვისახლდებოდნენ, მანამდე ჩვენთან სიცოცხლე ჩქეფდა. მოსახლეობა სამსახურებში მიდი-მოდიოდა, ბაღი და სკოლა ბავშვებით იყო სავსე, სოფლის „ბირჟაც“ არ უჩიოდა ხალხის სიმცირეს. ჩვენს დიდ „ფურნეშიც“ დღეში სამჯერ ცხვებოდა ფუმფულა, გემრიელი, გვერდებშეპიწკინებული პური. მახსოვს, სვანეთისკენ მიმავალი ყველა მანქანა ჩერდებოდა ფურნესთან და სამ-სამად შეტყუპებული ცხელი პურები მიჰქონდათ ლიიდან. სოფლის „დაბყრობის“ მერე ფურნის პატრონს საჭირო ინგრენდიენტები მოაკლდა და შესაბამისად, უკვე დღეში მხოლოდ ერთხელ აცხობდნენ პურს, რაც ამხელა სოფელს არ ჰყოფნიდა, ამიტომ, ყოველდღე ხანგრძლივ რიგში დგომა გვიწევდა. გამოცხობის დრო ვიცოდით და რიგში ჩასადგომად ქალები, ბავშვები ან მოხუცები მივდიოდით. ახალგაზრდა მამაკაცებს ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებოდათ. თუ ვინმეს რამე აუცილებელ საქმეზე უწევდა სახლიდან გასვლა, ქუჩაში შემხვედრთან გამოლაპარაკების უფლება არ ჰქონდა. ორი ან სამი ადამიანი ერთად არ უნდა მდგარიყო. რამდენიმე ადამიანის ერთად დგომა უკვე „მიტინგს“ ნიშნავდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდათ მომხვდურებს და ეგრევე ავტომატის ლულას მოგიშვერდნენ. მხოლოდ პურის რიგში დგომას არ გვიშლიდნენ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ქალები, ბავშვები და მოხუცები ვიკრიბებოდით და როგორც ჩანს, ჩვენი არ ეშინოდათ. ზამთრის ერთ ცივ და ნაცრისფერ დღესაც, ფურნესთან ასე ორმოცდაათამდე ადამიანი მოვგროვდით და ჩვეულებისამებრ, ხმაგაკმენდილი ველოდით პურის გამოცხობას, რომ უცებ ჩვენს წინ, მთავარ გზაზე ფანჯრებიდან ავტომატის ლულებგამოშვერილი სამხედრო ვილისი გაჩერდა. მანქანიდან შავებში ჩაცმული, შავ წვერ-ულვაშიანი მამაკაცი გადმოვიდა, წელზე ტყვიებით სავსე ფალასკა ეკეთა, ფალასკაზე მარცხენა მხარეს ყუმბარა ეკიდა, მარჯვენა ფეხზე, სპეციალურ სამაგრში დანა ჰქონდა გარჭობილი, მხარზე კი ავტომატი გადაეკიდა. მოგვიახლოვდა და აქ რა ამბავიაო, მრისხანე სახით იკითხა.
-პურს ველოდებით!- გასცა რომელიღაცამ პასუხი.
- ამდენი ხალხი რატომ ელოდებით, ვინ არის ამ შენობის პატრონი, რა გინდათ აქ, რას მოგროვილხართ?! - იყვირა და ავტომატი ხელში მოიმარჯვა.
არ ვიცი, სხვებმა რა იგრძნეს იმ მომენტში, მე კი მახსოვს, არ შემშინებია, მის მიმართ აუტანელმა ზიზღმა და ბოღმამ შემიბყრო.
მის ყვირილზე დაფეთებული ფურნის პატრონი გარეთ გამოვიდა და ხმის კანკალით აუხსნა, რომ ფქვილის მარაგი ეწურებოდა და არც მაზუთი ჰქონდა, რომელიც საცხობის გასახურებლად იყო საჭირო, დღეში ერთხელ ცხვებოდა პური და ხალხიც ამიტომ გროვდებოდა.
-ვერ ამოხვალ მერე ჩემთან? - თვალები დაუბრიალა შავებიანმა, ისედაც შიშისგან დაპატარავებულ მეფურნეს.
- მე შავგოგია ვარ, ჯვარის კომენდანტი, აქაურობას მე განვაგებ და მიფრთხილდით. - გადმოგვხედა ყველას სათითაოდ. - შენ კი, ხვალვე ამოდი ჩემთან, ჯვარში, გავარკვიოთ ამ საცხობის ამბავი.
- კი, ბატონო, კი, ბატონოო. - ჩაილუღლუღა საწყალმა, შავგოგია კი მხრებში მედიდურად გაშლილი გაემართა მანქანისკენ.
ის იყო, კარი მიხურა და უნდა დაძრულიყვნენ, რომ ვერ მოვითმინე, მღელვარებამ მძლია, ნაბიჯი წავდგი და წინ - წყალი და უკან - მეწყერი-მეთქი, მივაძახე.
ვიგრძენი, რიგში მდგომმა ხალხმა როგორ შეწყვიტა სუნთქვა და ერთ ადგილას გაქვავდა.
უცებ, ვიღაცამ ქურთუკის სარტყელზე ჩამავლო ხელი და სიღრმეში შემათრია. ამასობაში, შავგოგია ვილისიდან გადმოვიდა, გაოცებისგან შუბლზე ასული თვალებით შეგვათვალიერა და კბილებში გამოცრა: აბა, რომელმა გაბედეთ და მომაძახეთ რაღაცო? წინ სულ ასაკოვანი ქალები იდგნენ და ადვილი მისახვედრი იყო, რომ ის ხმა მათ არ ეკუთვნოდა, ამიტომ ხალხის სიღრმეში დაიწყო დამნაშავის ძებნა. უცებ ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა... 19 წლის გოგო ჯიქურ გავუსწორე თვალი სიკვდილივით შავ კაცს, მზად ვიყავი, საკუთარი ხელებით მიმეხრჩო, მზად ვიყავი, გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ მე მივაწყევლე, ოღონდ კი დანარჩენებისთვის არ ევნო. სულ რაღაც წამით გაგრძელდა ეს დუელი, არ ვიცი, რა იგრძნო, რას მიხვდა, რა იფიქრა, მაგრამ იმ ერთი წამის მერე, ყველასთვის მოულოდნელად, უხმოდ გატრიალდა და წავიდა.
მისი მანქანის ხმა რომ მიწყდა, მხოლოდ მას შემდეგ ამოისუნთქეს შეკრებილებმა. ის, ვინც, შავგოგიას მომარიდა გაოგნებული მიყურებდა და ეს რა ქენი, ეს რა ქენიო, იმეორებდა ანგარიშმიუცემლად, დანარჩენებმა კი კინაღამ ჩამქოლეს, იმ საფრთხის გამო, რაც მათ სიცოცხლეს შევუქმენი...
დღემდე არ ვიცი, რატომ შებრუნდა შავგოგია მაშინ და ისე უსიტყვოდ რატომ წავიდა, ის კი ვიცი, რომ ჯვარში დიდხანს არ უკომენდანტია, მალე სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ აიღო იქაური მეთაურობა. ასეც ხდებოდა, ერთმანეთსაც ეხმოდნენ თავს, ერთი დაჯგუფება მეორეს ძალის გამოყენებით ცვლიდა, ერთამენთსაც ხოცავდნენ და ნაალაფარასაც ართმევდნენ. მსგავსი ფაქტი ჩვენს სოფელშიც რამდენჯერმე მოხდა. ღამე სოფლის ცენტრში ინტენსიური სროლა თუ ატყდებოდა, ვხვდებოდით, უკვე გაშინაურებულებს ახალი მოსულები დაესხნენ თავს და მართლაც, მეორე დღეს ვიგებდით, რომ სოფელს სულ სხვა „სასტავი“ აკონტროლებდა.
ღამე ატეხილი სროლების მიხედვით, იმასაც იოლად ვადგენდით, რომელ ოჯახს აყაჩაღებდნენ. თითქმის ყველა ქუჩაზე იყო ხალხი, ვინც სხვაზე უკეთ ცხოვრობდა და იმ ქუჩიდან თუ ისმოდა ავტომატის კაკანი, ადვილი მისახვედრი იყო, ვინც იქნებოდა მსხვერპლი. იმ შეძლებული ოჯახების კოორდინატებს კი, მიხვდებით ალბათ, მომხვდურებს ადგილობრივიტურებიაძლევდნენ. განსაკუთრებული სისასტიკით იმ ოჯახებს ექცეოდნენ, ვისზეც ხმა მისდიოდათ, რომზვიადისტებიიყვნენ და გაზეთიდან ამოჭრილ ზვიად გამსახურდიას სურათს ინახავდნენ სახლში ან მისი სადღეგრძელო ჰქონდათ ნათქვამი.
წალენჯიხაში იყო ხალხი, ვინც ეროვნული მოძრაობის იდეებს აქტიურად იზიარებდა, ვინც მანამდე არსებული რაიონული გაზეთის „კომინიზმის დროშით“ ნაცვლად გამოუშვა გაზეთი, „წალენჯიხის სამრეკლო“. ოთხგვერდიან გამოცემაში პატრიოტულ ლექსებთან ერთად ისეთი სტატიები იბეჭდებოდა, მოსახლეობას ქვეყნის სიყვარულისკენ და თავდადებისკენ რომ მოუწოდებდა. სწორედ ამ გაზეთის დამფუძნებლებსა და მათ მხარდამჭერებს ეძებდნენ, როგორც ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს. მათი ოჯახების დაწიოკება და დაპატიმრება იყო ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც მაშინ მხედრიონის წევრებმა წალენჯიხაში ითარეშეს. საბედნიეროდ, ვისზეც ასე დაგეშილად ნადირობდნენ, ზოგი ტყეში, ზოგი - ქვეყნის გარეთ გაიხიზნა, რითაც ლიკვიდაციის საფრთხე აიცილეს თავიდან, სამაგიეროდ მათი ოჯახები გაძარცვეს პირწმინდად და მერე დაწვეს და გაანადგურეს. თუ არ წვავდნენ, სადაც შედიოდნენ, სახლების მოოხრების შემდეგ ქვაბებში ისაქმებდნენ... დიახ, დიახ, არაფერს ვიგონებ, ექსტაზში ჩავრდნილები ქვაბებსა და მაგიდაზე ისაქმებდნენ, ცხოველებივით.
იგივე ხდებოდა ზუგდიდსა და მის რაიონებშიც, სადაც ადამიანთა მსხვერპლიც დიდი იყო.
კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გავიმეორებ, მხოლოდ იმიტომ, რომ კიტოვანის და იოსელიანის აზრით ყველა მეგრელი ზვიადისტი იყო, ხოლო ყველა ზვიადისტი - ქვეყნის მტერი და მოღალატე, ჩვენი განადგურება და დამონება ჰქონდათ გადაწყვეტილი. მართალია ვერ დაგვიმონეს, მაგრამ მატერილურად გაგვანადგურეს, გაგვძარცვეს, დაგვაყაჩაღეს, წლობით ნაგროვები ქონება წაგვართვეს...
მერე, წლების მერე, აწ დიდუბეში „დავანებულმა“ მთავარმა ყაჩაღმა თქვა, დიდი ამბავი, თუ ჩემმა ბიჭებმა ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორი გამოაყოლეს ხელსო...
ორი ზეწარი და ერთი ტელევიზორიო...
ზუგდიდში, მარტო ერთი ოჯახიდან რა ქონებაც აქვთ წაღებული, რომ აღვწეროთ, დღეს იმ ვალს ვერც კიტოვანი და ვერც იოსელიანის მოდგმა გადაიხდის. მათ მიმდევრებს, განსაკუთრებით დოდო გუგეშაშვილს იქნებ ახსოვს კიდეც ის ოჯახი, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც თვეობით იყვნენ დაბანაკებული ის და მისი დამქაშები. ოჯახი, რომლის დიასახლისსაც სამი მცირეწლოვანი შვილის თვაწლინ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თუ ოქროულობას არ გამოიტანდა და რომელმაც საკუთარი ხელით ჩააბარა მათ ოჯახის განძი, თავისი შვილების ნათლობის ჯვრები კი, ოქროს ჯაჭვებითურთ საკუთარი ხელით გაუკეთა მხედრიონელებს კისერზე.
იმ ოჯახს ახლა ძალიან უჭირს, მარჩენალდაკარგულია და ის დიასახლისი სამ სტუდენტ შვილს ნათესავების დახმარებით ინახავს.
იქნებ ქალბატონ დოდოს გაუჩნდეს სურვილი, წლობით დაგროვილი ვალი გადაუხადოს ან სხვა მხედრიონელებს, ვინც მათი ქონება წამოზიდა ზუგდიდიდან (თუ აქამდე არ გაუცხიათ სული და ჯოჯოხეთის ცეცხლში არ იწვიან), იქნება წარსულის ცოდვების მონანიების დრო დაუდგეთ?
დამიჯერეთ, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, ზღვაში წვეთია იმ სიავეებთან შედარებით, რაც მაშინდელი სამხედრო საბჭოს წევრებს აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგვე გაილაშქრეს მათ აფხაზეთშიც. დიახ, ჯერ სამეგრელო მოითარეშეს, ყიზილბაშებივით და მერე აფხაზეთს შეესივნენ...
მახსოვს, სოხუმისკენ დაძრულ სამხედრო კოლონას წინ სწორედ კიტოვანი მიუძღოდა. ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე გამოსულმა ქალბატონმა მის დანახვაზე, პირჯვარი გადაიწერა და ღმერთს შეთხოვა, ღმერთო, ცოცხალს ნუ დააბრუნებ იქიდანო. კიტოვანმა ღიმილით დაუკრა თავი. მაშინ ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ეს ჟესტი, მერე კი, დრო რომ გავიდა, ეს ეპიზოდი თავადვე გაიხსენა.
როცა საუბარი აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანის მიზეზებს ეხებოდა, ერთ-ერთი მორიგი თავის მართლებისას, კიტოვანმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მიესალმებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ სამეგრელოში ხალხი პირჯვრისწერით გზას გვილოცავდა აფხაზეთისკენ ომშიო.
ახლა მინდა გავაგებინო, პატივცემულ გვამს, გზას კი არ ულოცავდნენ, პირიქით, წყევლიდნენ და პირჯვრისწერით ღმერთს მის არდაბრუნებას შესთხოვდნენ მეგრელები, ვინაიდან, კარგად ხვდებოდნენ, რისთვისაც მიდიოდა იქით ძაღლთაპირი კიტოვანი და რა მიზნით გაჰყვა მას უკან, უფრო უარესი ძაღლთაპირი ჯაბა იოსელიანი.
ყველას ვერ მოვხარშავ ერთ ქვაბში, ვიცი ხალხი, ვინც 1992-93 წლებში მართლა სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ როგორ დავივიწყო საკუთარი თვალით ნანახი და ყურით გაგონილი სულ სხვა ამბები? მათგან მხოლოდ ერთს მოვყვები და დავამთავრებ.
1992 წელს უმაღლეს სასწავლებელში, ქუთაისში ჩავაბარე. უბანს, სადაც ვცხოვრობდი, „ზასტავას“ ეძახიან. ჩემს კორპუსში ერთი ოჯახი ცხოვრობდა, რომლის ახალგაზრდა უფროსი მხედრიონელი იყო და ქალაქში ავტომატით დადიოდა. ოჯახის დიასახლისს, იქვე, ორას მეტრში მდებარე ბაღში დაჰყავდა ბავშვები და სახლიდან გასვლისას, ხან ერთი ცხოველის ძვირფას ბეწვის ქურქს იცვამდა, ხან - მეორისას, რის გამოც მეზობლები ზურგს უკან დასცინოდნენ. როცა მათი ქილიკის მიზეზით დავინტერესდი, მითხრეს, რომ ვიდრე ოჯახის უფროსი მხედრიონში გაწევრიანდებოდა, ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ. მერე კი, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, პაატა (ასე ერქვა იმ მხედრიონელს, გვარს არ ვიტყვი, დავზოგავ მაინც) პირველივე დღეებში წასულა იქ და მალევე მობრუნებულა, ოღონდ, არა - ხელცარიელი, პირიქით, საკუთარ სადარბაზოსთან დიდი კონტეინერი მოუყენებია, რომლის საბარგულიდან ავეჯით დაწყებული, ჭაღებით და ჭურჭლით დამთავრებული, სულ ძვირფასი ნივთები გადმოულაგებია. მეორედ უკვე „ბეტეერით“ ჩამოუტანია აფხაზეთიდან სხვადსხვა ნივთი, მათ შორის ტანსაცმელიც და ის სამი ქურქიც... დღისით, მზისით, ყველას დასანახად.
მას მერე კი სულ ქუთაისში იყო, არსად წასულა ანუ აფხაზეთში წავიდა ომის დაწყებისთანავე, ჩამოიტანა ნაალაფარი და მისი „ომიც“ ამით მორჩა. არადა, ეს იყო 1992-93 წლების გასაყარი, როცა აფხაზეთში ჯერ კიდევ ქარ-ცეცხლი ტრიალებდა.
ამ მხედრიონელის სადარბაზოშივე ცხოვრობდა 50 წელს გადაცილებული სვანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ემხრობოდა. შესაბამისად, მას და მხედრიონელ მეზობელს ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტი, რომელიც ერთ დღეს იარაღის მოშველიებამდე მივიდა და რომლის მომსწრეც თავად გავხდი.
მახსოვს, როგორი გაცეცხლებულები იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და როგორ ვერ ბედავდა მათ სიახლოვეს მისვლას ვერავინ. მერე გაშველებაში პაატას ცოლ-შვილი ჩაერია და სვანმაც უკან დაიხია, ოღონდ ეგ უთხრა, შენ რომ კაი კაცი იყო, აქ კი არ ივლიდი მაგ იარაღით, აფხაზეთში იბრძოლებდიო და ჰოი, საკვირველებავ, საკუთარი ყურით მოვისმინე მხედრიონელის პასუხი, რომელმაც ფეხქვეშ მიწა გამომაცალა: აფხაზეთში ახლა შენისთანა სულელები იბრძვიან და შენ წადი! ჩემი გასაკეთებლი რაც იყო, მე უკვე გავაკეთეო...
ვიცი, ზოგიერთი სეპარატისტი აფხაზი წლების განმავლობაში იძენდა და ინახავდა იარაღს, ოდესმე ქართველების წინააღმდეგ რომ გამოეყენებინა, მაგრამ ვიცნობ ბევრ ისეთ აფხაზს, რომელთაც იარაღი სპონტანურად აიღეს ხელში, რათა თავი იმ მოთარეშე ჯგუფებისგან დაეცვათ, მანამდე სამეგრელო რომ ააოხრეს. პირადად მილაპარაკია მათთან ამ თემაზე და რამდენს უთქვამს, ნამდვილად არ გვეგონა, კიტოვანის და იოსელიანის ბანდიტების შემოსევა ასეთ მასშტაბურ ომში თუ გადაიზრდებოდაო. ვფიქრობდით, სამეგრელო რომ ააოხრეს და გაძარცვეს, ისე უნდოდათ ჩვენი აოხრება და გაძარცვა და ამის უფლება რომ არ მიგვეცა, ოჯახები დაგვეცვა და ჩვენი ქონება მათთვის არ გაგვეტანებინა, ამიტომ მივედით შტაბში და იარაღი მოვითხოვეთო. როცა იარაღი ავიღე, ზუსტად მახსოვს, რომ მაშინ არანაირ დამოუკიდებლობაზე არ მიფიქრია, ჩემი და ჩემი ახლობლების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ შეიარაღებული ჯგუფები განგვედევნა აფხაზეთიდან და მერე ისევ ისე გვეცხოვრა ქართველ მეზობლებთან და ნათესავებთან ერთად, როგორც მანამდეო. არადა რა მივიღე, არც დამოუკიდებელი ვარ და არც ქართველი მეგობრები, მეზობლები და ნათესავები მყავს გვერდით, ვინც ძალიან მიყვარდა, პირიქით, ერთმანეთს მტრად მოვეკიდეთ და კი გავიძახით, რომ ომი მოვიგეთ, მაგრამ მე პირადად ამისთანა მოგება არაფერში მჭირდებაო.
ახლა მითხარით, ამიხსენით და დამიმტკიცეთ ვინმემ, რომ კიტოვან-იოსელიანის შესვლა აფხაზეთში სწორი და საჭირო იყო მაშინ, თორემ მათი ჯიშის და მოდგმის მაწყევარი ვიქნები სიკვდილამდე.
ძაღლთაპირ კიტოვანს კი ვეტყვი, უარესი გვეკუთვნის შენგან, დღემდე რომ დაუსჯელი დაგტოვეთ შენც და შევარდნაძეც, იმიტომ; მესამე ძაღლთაპირი კი პანთეონში რომ დავასვენეთ, იმიტომ...

. . მაშინ, როდესაც შევარდნაძე-კიტოვან-იოსელიანის შეიარაღებული ბანდფორმირებები სამეგრელოს მოსახლეობას მხოლოდ იმიტომ გვდევნიდნენ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეებად მივაჩნდით, ხომ წარმოგიდგენიათ, თავად დევნილი პრეზიდენტი თუ ჩაუვარდებოდათ ხელში, მას რაღას უზამდნენ?
წლების მერე კი კიტოვანმაც და შევარდნაძემაც განაცხადეს, რომ ზვიად გამსახურდია ეროვნული კაცი იყო და არც ერთს და არც მეორეს, არც მისი დაპატიმრების და არც ლიკვიდაციის ბრძანება არ გაუცია. უფრო მეტიც, კიტოვანი ისე გაკადნიერდა, რომ როცა ზვიად გამსახურდიას საბოლოო განსასვენებლის შესახებ მსჯელობა მიდიოდა, განაცხადა, ის წმინდანი იყო და ისეთ ადგილას უნდა დაიკრძალოს, რომელიც მას შეეფერებაო. წმინდანი უწმინდურის გვერდით არ უნდა დაიკრძალოსო ანუ იგულისხმა სამების ტაძრის ეზო, სადაც სიკვდილის შემდეგ, თითქოს, შევარდნაძეც უნდა დაიკრძალოს და ამიტომ გამსახურდიასთვის მთაწმინდა მიიჩნია საუკეთესო ადგილად.
ეჭვი მაქვს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იოსელიანიც იგივეს იტყოდა... და რა გამოდის? თუ ამათ ეროვნულ გმირად და წმინდანად მიაჩნიათ, ისინი არ სდევნიდნენ და მათი შიშით არ დადიოდა ის კაცი ტყე-ტყე, მშიერ მწყურვალი, ავადმყოფი და დაუძლურებული, მაშ ვიღა სდევნიდა, ვინ მიჰყვებოდა მის ნაკვალევს ფეხდაფეხ, დაგეშილი ძაღლივით, ვინ აპატიმრებდა მის მომხრეებს, ვის სწყუროდა ასე ძალიან მისი სისხლი?
რამდენად ბრიყვად უნდა მიგაჩნდეს საკუთარი ხალხი, ასე რომ დასცინო?!

ირმა ბერიშვილი




ნოემბერი 2017

   1234
567891011
12131415161718
19 202122232425
2627282930