კონტენტზე გადახტომა






სურათი

ენგურზე გადებული პატარა ხიდი, სახელად - "გენკა"

დაპოსტა: irmaberi, 20 March 2014 · 1839 ნახვა

ენგურზე გადებული პატარა ხიდი, სახელად - "გენკა" ეს კაცი გალში მცხოვრები გენადი ღაჭავაა, იუბილარი, დღეს მას ორი წელი შეუსრულდა.
უკეთესი სახელი რატომ არ ქვიაო, გაგიკვირდებათ, ალბათ. ასე დედამ დაარქვა, დიდი ხნის უნახავი უფროსი ძმის პატივსაცემად. იმ ძმას კიდევ სახელი მამამ დაანათლა, სამეგრელოში დარჩენილი სიყრმის მეგობრის, გენო სამუშიას სიყვარულით. თითქოს, განსაკუთრებული არც არაფერია ამაში და ერთი გალელი პატარა ბიჭის დაბადების დღეზეც არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ის გარემოებები, რაც ამქვეყნად მის მოსვლას სდევდა თან.

პატარა გენო (გენჩიკა, როგორც მას გალში ეძახიან) 2012 წლის 20 მარტს სოხუმის სამშობიარო სახლში, საკეისრო კვეთით გაჩნდა და ვინაიდან, დამოუკიდებლად სუნთქვა ვერ შეძლო, დაბადებისთანავე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, მშობლებს კი უთხრეს, რომ ბავშვს ფილტვები არ ეხსნებოდა და, თუ უახლოეს დღეებში მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა, სასწრაფოდ სადმე სხვაგან უნდა გადაეყვანათ. „სადმე, სხვაგან“ ორი გზა იყო, ან რუსეთისკენ, კრასნოდარის მხარეში ან ენგურსგამოღმა - თბილისში. კრასნოდარისკენ ყველა გზა ხსნილი ჰქონდათ, არავინ უშლიდათ გადაადგილებას, ოღონდ, ფსოუს საზღვრამდე თავიანთი ძალებით თუ მოახერხებდნენ ავადმყოფი ბავშვის მიყვანას, იქ შესაბამისი დახმარება დახვდებოდათ, თუმცა კი, ტრანსპორტირებისას ექიმები ბავშვის გადარჩენაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ;
აქეთ, ჩვენსკენ, ქართველი ექიმები ყველანაირ პასუხისმგებლობას კისრულობდნენ, ოღონდ კი ბავშვამდე მისასვლელი გზა მოენახათ. არჩევანისთვის დრო აღარ რჩებოდა, რადგან, გენოს მდგომარეობა გამოსწორების ნაცვლად, უარესდებოდა, ამიტომ მამამისმა გამბედაობა მოიკრიბა და დახმარებისთვის ერთ-ერთ გავლენიან აფხაზს მიმართა. მთავარი იყო, მას დე ფაქტო მთავრობისგან აფხაზეთში ქართველი ექიმების უსაფრთხო შესვლის გარანტია მიეღო, დანარჩენს ქუთაისიდან ჩასული რეანიმობილი და მედიკოსები გააკეთებდნენ.
აფხაზი ჩინოვნიკი გულისხმიერებით მოეკიდა გასაჭირში ჩავარდნილი მამის თხოვნას და რამდენიმე საათში, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გაცემული საშვი მიუტანა, რომელიც ქუთაისიდან ჩასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მეორე დილით, გამთენიისას ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილი ენგურის მეორე ნაპირს მიადგა, გამშვებ პუნქტთან ადგილობრივი უშიშროების სამსახურის მანქანები და გალის და სოხუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები დახვდნენ, ჭუბურხინჯთან მათ გენოს ნათესავები და გულშემატკივრებიც შეუერთდნენ და დილის რვა საათზე, რამდენიმე ავტომობილსგან შემდგარი კოლონა სოხუმის სამშობიარო სახლთან გაჩერდა. რეანიმობილის სანახავად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე მხარემ არნახული გულისხმიერება გამოიჩინა, კლინიკის პერსონალ-პაციენტიანად ყველა ეზოში გამოიფინა. მერე გენოს დედა იხსენებდა, როცა თქვა, ქუთაისში, ნაცნობ ექიმს ველაპარაკეთ და ქართული მხარე მზად არის, გენოს გადასარჩენად ყველა ღონეს მიმართოსო, მის ზურგს უკან როგორ ჩურჩულებდა მედპერსონალი, ძაან არ შეიწუხონ ახლა თავი ქართველებმა ამ ერთი კინკილა ბავშვის გამოო...

უფრო გასაგები რომ გახდეს ყველაფერი, აქვე გავაკეთებ მცირე განმარტებას გენოს მშობლების და მათთან ჩემი კავშირის შესახებ. გენოს ბაბუა, დედის მამა და დედაჩემი ალალი ბიძაშვილები იყვნენ, გვარად - ფიფიები. გასული საუკუნის 40-ან წლებში, დედაჩემის ბიძა კინდღში (ოჩამჩირის რაიონი) წასულა საცხოვრებლად და ცოლ-შვილიც თან წაუყვანია. გენოს ბაბუას, გურამს პირველი ცოლი რუსი ჰყავდა, სწორედ მასთან ეყოლა უფროსი გენო, რომელიც, განქორწინების შემდეგ, დედამ თავის მშობლიურ მხარეში, ციმბირში წაიყვანა და მამას და ნათესავებს მისი ნახვის უფლება არ მისცა. მეორედ გურამმა ტამიშელ აფხაზზე იქორწინა და მასთან სამი ქალიშვილი შეეძინა... ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული მე და ჩემს ბიძაშვილ გოგოებს.მართალია, ისინი ჩემზე უმცროსები არიან, მაგრამ ყოველთვის გვქონდა საერთო ინტერესები, რაც ერთმანეთთან სიახლოვეს გვინარჩუნებდა და გვინარჩუნებს დღესაც.
გურამს, რომელსაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანი თავისიანად მიიიჩნევდა და რომლის შვილებიც ნახევრად აფხაზები იყვნენ, ომის სიმძიმის ტარება გაუჭირდა. ბუნებით კაცთმოყვარე და დიდსულოვანი ადამიანის გულმა დაწოლილ ტვირთს ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა. ჩვენ გვიან გავიგეთ. 1993 წლის აგვისტოს ბოლოს, სამეგრელოში მყოფი ცოლ-შვილის წასაყვანად რომ ჩამოვიდა, უკანასკნელად მაშინ ვნახეთ. 3-4 წლის მერე, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, ბიცოლაჩემის მიერ გამოგზავნილ წერილიდან შევიტყვეთ, რომ აღარ იყო.
2000 წლამდე გოგოებთან სწორედ „წითელი ჯვრის“ შუამავლობით გვქონდა მიმოწერა. 2000 წლიდან, ღვთის შეწევნით, ერთმანეთთან მიმოსვლაც შევძელით და მათი მეშვეობით, უკვე რამდენჯერმე გახლდით სოხუმში.
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ისაა, რომ ჩემი ბიძაშვილები დღეს აფხაზებად იწოდებიან, თავად ასე სურთ და მიიჩნევენ, რომ სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. ამ და სხვა მტკივნეულ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ, ხოლმე, მაგრამ დღეს მე პოლიტიკას არ ვეხები. დღეს გენოზე უნდა ვილაპარაკო...
იმ დებს შორის შუათანა, გენოს დედა, ბედის ნება-სურვილით, სამი წლის წინ გალელ მეგრელზე გათხოვდა. მერე კი გენკა შეეძინათ, ის გენკა, რომლის გადასარჩენადაც, 2012 წლის 26 მარტს ქუთაისიდან გაგზავნილი რეანიმობილი სოხუმის სამშობიაროს მიადგა და მშობიარე ქალები საოპერაციო ბლოკებიდანაც გამოვიდნენ, იმ „სასწაულის“ სანახავად. ადგილობრივი ექიმებიც კი პირდაღებულები იყურებოდნენ, თურმე, შიგნით და მანქანაში ჩამონტაჟებული უახლესი სამედიცინო-რეანიმაციული აღჭურვილობის დანახვაზე გაოცებას ვერ ფარავდნენ. მალე, იგივე კოლონამ სოხუმის ქუჩებში გამოიარა და გზადაგზა ასევე პირდაღებული ხალხი მოიტოვა უკან.
წარმოიდგინეთ, როგორი სანახავი იქნებოდა, დილის ცხრა საათზე ქართულნომრებიანი და ქართულწარწერებიანი რეანიმობილი ესკორტის თანხლებით, მწყობრით რომ გაივლიდა ცენტრალურ მაგისტრალზე?.. დღის 2 საათზე გენო, უკვე, თბილისის ჟვანიას სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში იყო. ცოტა მოგვიანებით, მისი დიაგნოზიც გვამცნეს ექიმებმა: დიაფრაგმის თიაქარი, მთელი რიგი გვერდითი მოვლენებით. ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ საქმეს ის გარემოება ართულებდა, რომ ბავშვს ინფექცია შეჭროდა სისხლში და ამის გამო მაღალ ტემპერატურას აძლევდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დეფექტით დაბადებული ჩვილები, ჩვენთან სამშობიაროდან პირდაპირ საოპერაციოში გადაყავთ და პრობლემას ეგრევე ქირურგიული ჩარევით აგვარებენ, სოხუმში კი არათუ ოპერაციის გაკეთება, სწორი დიაგნოზის დასმაც ვერ მოახერხეს.

შემდგომი დღეები მოლოდინის რეჟიმში როგორ გავლიეთ და რა განვიცადეთ, არ მოვყვები, შორს წაგვიყვანს. პირველი ოპერაცია გენოს 29 მარტს ჩაუტარდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, იმედია, მომდევნო დღეები გართულებების გარეშე ჩაივლის, განმეორებითი ოპერაცია არ დაგვჭირდება და გამოჯანმრთელებულ ბავშვს კლინიკიდან მალე გაგატანთო, შეგვპირდნენ მედიკოსები.
ამის შემდეგ ცხრა იმედიანი დღე გავიდა და მეათე დღეს, დილით კლინიკაში მისულ მამას აცნობეს, რომ გენკას მაღალი სიცხე ჰქონდა, რაც კარგის მომასწავებელი არ იყო და სწორედ იმ გართულებებზე მიანიშნებდა, რაც ასეთ ოპერაციას ახლავს თან. მახსოვს, ეს 8 აპრილის საღამოს მოხდა, ბზობის დღესასწაულზე. საავადმყოფოდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, ვინაიდან გამოკვლევებმა ნაწლავის პერფორაცია (გახვრეტა) აჩვენა. ...მერე ორი საათი ვიდექით საოპერაციოს ფოიეში და ეს ორი საათი უსასრულო მოლოდინის ორ საუკუნედ გადაიქცა. ყოველი ჩქამი, ყოველი კარის გაღება, ყოველი ფეხის ნაბიჯი შიშის ზარს გვცემდა. ვაითუ, იმ ხმას ცუდი ამბავი მოეტანა ჩვენამდე. როდის როდის გამოვიდა იქიდან თავდახრილი ქირურგი და ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა. რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი, ჩვენს შორის, მით უფრო მკაფიოდ მესმოდა საკუთარი გულისცემა. -წვრილი ნაწლავი ორ ადგილას იყო გახვრეტილი და დაზიანებული უბნის მთლიანად ამოღება მოგვიხდა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. - ძლივს გასაგონად თქვა ქირურგმა. -შანსი როგორია, ექიმო? - ხმის კანკალით ვკითხე. -აბა, რა გითხრათ? - ხელები გაშალა უღონოდ - ამჯერად ვერანაირ პირობას ვერ მოგცემთ, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და ჩვილის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ასეთი ხუთი შემთხვევიდან, მხოლოდ ორის გადარჩენა თუ ხერხდება. დაველოდოთ მოვლენებს, მომდევნო დღეების დინამიკა ყველაფერს გვაჩვენებს...
მე და გენოს მამა კედელზე ვიყავით ატუზულები და განძრევას ვერ ვახერხებდით, დერეფანში სკამზე გაქვავებული დედა გვიცდიდა. მღელვარებისგან ექიმის მოსმენა რომ ვერ შეძლო. რამდენიმეწამიანი ელდის შემდეგ, გავედით და ცოტა შელამაზებულად მოვუყევით ქირურგის ნათქვამი... მერე, მხარში შევუდექი და ძლივს ჩავიყვანე კიბეებზე, კრიჭაშეკრული, მზერაგაყინული, ცრემლგამშრალი, თან ვუმეორებდი, ცუდ რამეზე ფიქრიც არ გაბედო, მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენს ბიჭს აქედან საღ-სალამათს გავიყვანთ-მეთქი.
მართლა მჯეროდა, რასაც ვამბობდი, ერთი წამითაც არ დამიკარგავს იმედი და რწმენა, რომ გენო გადარჩებოდა. მეორე დღეს, ორშაბათს, ვერ მოვახერხეთ, სამშაბათს კი ჩავსხედით მანქანაში და წავედით მცხეთაში, სვეტიცხოველი მოვილოცეთ, იქიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადავედით, მერე ჯვარზე ავედით, მერე - მამადავითზე, მეტეხზე, ქაშუეთში და ბოლოს სამებაში შემოგვაღამდა. ეზოში გაფენილი ხალიჩები რომ დავინახე, მივხვდი, პატრიარქი უნდა მობრძანებულიყო და როცა სამრეკლოს ზარებს მელოდიურად ჩამოჰკრეს, საოცარი შვება ვიგრძენი. ვნების კვირის სამშაბათს ტაძარი მორწმუნეებით იყო სავსე, ამიტომ შესასვლელშივე გავჩერდით და პატრიარქს იქ დაველოდეთ. უწმინდესიც მალე მობრძანდა. მისმა სიახლოვემ კიდევ უფრო ამავსო რწმენით და იმედით. საკურთხეველში გენოს სახელზე სეფისკვერები შევაგზავნე და კიდევ ერთხელ ვთხოვე ყველა ხატს და ყველა წმინდანს, გადაერჩინათ ის სიცოცხლე, რომელიც ენგურის ხიდზე უფრო დიდ ხიდად უნდა გადებულიყო აფხაზ და ქართველ ნათესავებს შორის.
სამებიდან პირდაპირ კლინიკაში წავედით. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაო, გვითხრეს, ოღონდ საჭმელს კიდევ ათი დღე ვერ მივცემთ, წვეთოვანით უნდა ვკვებოთო. მედდას ბოთლით ნაკურთხი წყალი გადავეცი, რომელიც იმ დღეს ტაძრებში მოვაგროვე და დავაბარე, მარტო ჩვენსას კი არა, ყველა ბავშვს აპკურეთ, ვინც მანდ არის და ყველას დაალევინეთ-მეთქი. კლინიკაში კიდევ ერთი კაი ამბავი დაგვახვედრეს, ჩვენი გენო იმ მოძღვარს მოუნათლავს, ბავშვების სანახავად ყოველდღე რომ დადიოდა და ლოცვებს უკითხავდა, უნათლავებს კი მირონს ცხებდა...
მეორე ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე ექიმებმა გენკას 10 მლ რძე მისცეს, მეორე დღეს - 15, მესამე დღეს - 20 და როცა დარწმუნდნენ, ჩვენი ბიჭი ამ მცირე ულუფას კარგად ინელებდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ხუთ დღეში კი, გენომ 60 მლ რძეც უპრობლემოდ რომ მოინელა, სახლში გამოგვატანეს. ამის მერე, კიდევ თვენახევარი გვყავდა ექიმების დაკვირვების ქვეშ, აქ, თბილისში...

სამი თვის ხდებოდა, აფხაზეთში რომ გავუშვით. ზეიმით დახვდნენ გენოს ენგურსგაღმა. არამარტო გალი და სოხუმი, არამარტო ახლობლები და ნათესავები, მთელი დე ფაქტო ოფიციალური აფხაზეთი გენოს გარშემო ტრიალებდა. სოხუმის სამშობიაროს მედპერსონალი და მთავარი ექიმი კინაღამ გადააყოლეს ამ ამბავს, არც იქაურ ჯანდაცვის მინისტრს დასდგომია კარგი დღე, კრიტიკულ ვითარებაში ექიმების და კლინიკის მოუმზადებლობის გამო. ადგილობრივი მედიასაშუალებებიც დიდი ინტერესს იჩენდნენ ამ შემთხვევის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე სოხუმი ადრეც მდგარა და ეჭვი მაქვს, მომავალშიც დადგება, გენოს თავგადასავალი რეზონანსული იმიტომ გახდა, რომ ქართველი ექიმები ოფიციალური ნებრთვით, ასე ყველას დასანახად და მასშტაბური ესკორტით, ომის მერე, პირველად ჩავიდნენ სოხუმში და რაც მთავარია, მათ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს. თანაც ისე, რომ მშობლებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ. გენოს ორი ოპერაციისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა, 30 ათასი ლარი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაიღო, რისთვისაც 30 ათას მადლობას ვუხდი საჯაროდ და ხმამაღლა სამინისტროსაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც გენადი ღაჭავას გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო.
დღეს ის, სრულიად ჯანმრთელი, გალის ქუჩებში დარბის, ხან ტამიშის სახლის ეზოში თამაშობს, ხან კი, თავის დეიდაშვილებთან ერთობა სოხუმში.
რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, ასე უწერია პირადობის მოწმობაშიც და ეს ქერა, ცისფერთვალება მეგრელი გაღმა და გამოღმა ყველა მის გულშემატკივარს გვაერთიანებს და გვახარებს. მისი არსებობა ჯაჭვივით კრავს ჩვენს კავშირს. მჯერა, სასახელო კაცი გაიზრდება და თავისი კაიკაცობით ყველას გადაგვიხდის ამაგს. ენგურის ხიდზე უფრო დიდი ხიდსაც გადებს ჩვენს შორის.

ირმა ბერიშვილი




სექტემბერი 2019

1234567
891011121314
1516171819 20 21
22232425262728
2930