Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    82
  • comments
    5
  • views
    138.678

„ზრდილობიანი“ ლენინი და უზრდელი მშობლების შვილები


blog-0744309001394269567.jpgრასაც გიყვებით, ამას, წესით და რიგით, სათაურად „როგორც იქნა“ უნდა ერქვას, მაგრამ, ვიდრე ბოლომდე ჩავალ, სხვა სახელს მოვუფიქრებ, იმედია.

„როგორც იქნა“ იმიტომ უნდა ერქვას, რომ რა ხანია ჩემი მეგობარი ბელა ჩეკურიშვილი მის დაწერას მეხვეწება და საშველი არ დავაყენე. კლასიკური მედღეხვალიე ვარ. ათი წლის წინ მოვუყევი ეს ამბავი ბელას და იმდენი იცინა, ძლივს გადავატანინე ყურადღება სხვა რამეზე. მერე ყოველ ჩემს დანახვაზე იწყებდა სიცილს, რა ვქნა, რომ გიყურებ, სულ შენი მონაყოლი მახსენდებაო.

ეს სასაცილო თუ სატირალი ამბავი ლენინს ეხება, ყოფილი საბჭოეთის მამას და ბელადს, მუმიადქცეული დღემდე რომ მოსკოვის ცენტრში დევს. მართალია, იმ მარმარილოს მავზოლეუმს საპატიო ყარაულში ჩამდგარი ჯარისკაცები უკვე არ იცავენ და რუსეთშიც, კარგა ხანია, ლენინის დამარხვა-არდამრხვის საკითხზე მსჯელობენ, თუმცა კი აქამდე მიწისთვის ვერ გაუმეტებიათ.

მახსოვს, სადღაც 90-ანი წლების შუაში, რუს ჟურნალიტს სიუჟეტი ჰქონდა მომზადებული ამ თემაზე და წითელ მოედანზე გამვლელ-გამოვლელს ეკითხებოდა, უნდა არსებობდეს თუ არა ლენინის მავზოლეუმიო. რესპონდენტთა უმეტესობამ, კი, აბა, როგორო; ნაწილმა დიდი სიფრთხილით აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოსო; ერთმა „ბაბულიამ“ კი პირდაპირ და მკაცრად მოჭრა, „უბრატ ნადა ევო ატსუდაო“ . არადა, მის ზურგს უკან, კადრში, მავზოლეუმის შესასვლელთან რიგში მდგარი ასეულობით ადამიანი ჩანდა. მადლობა ღმერთს, ეგ რიგები მაინც მოიშალა. აი, მე რომ ამბავი უნდა მოვყვე, მაშინ კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც, დიად საბჭოეთში დადგებოდა დრო, როცა ბელადის ძეგლებს კვარცხლბეკებიდან სულ რიხინ-რიხინით გადმოყრიდნენ და მისი გადიდებული ფოტოებიც გაქრებოდა არათუ ბაღისა და სკოლის კედლებიდან, თანამდებობის პირთა კაბინეტებიდანაც.

ჩემს თაობას (42 წლის ვარ), ცოტათი უმცროსებსაც და უფროსებს ხომ მკაფიოდ გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში ყველა საკლასო ოთახში ვითომ ლენინის ბავშვობის სურათები რომ ეკიდა? პატარა, ხუჭუჭა, ქერა კულულებიანი ლამაზი ბავშვის გამოსახულება ოქტომბრელის ნიშანზეც იყო დატანილი. ის ლამაზი ბავშვი დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების პირველ გვერდზეც ეხატა და სურათის ქვეშ ბელადის „ანდერძი“ იყო დაბეჭდილი: სწავლა, სწავლა და სწავლა...

ღმერთო, რა სასაცილოდ მეჩვენება ახლა ის ყველაფერი, მაშინ კი ოქტომბრელობას არა უშავდა რა და პიონერად „კურთხევის“ მერე დაიწყო ჯოჯოხეთი. მე და ჩემს მეგობრებს წითელი ყელსახვევის გაკეთება რომ გვეზარებოდა, ხან ჯიბეში ვიკუჭავდით და ხან ჩანთაში ვჩურთავდით. არადა, დილით, რომ დაივლიდა კლასებს ჩვენი წარბებაწკეპილი პიონერთხელმძღვანელი, ვისაც ყელსახვევი არ ეკეთა, შავ დღეს დააყრიდა. შემოაღებდა თუ არა კლასის კარს, სასწრაფოდ დავიწყებდით ქექვას და დაკუჭულ, გაუბედურებულ ყელსახვევს მოვიმარჯვებდით. ზოგი გაკეთებას ვერ ასწრებდა, ზოგი ნაჩქარევად, ჰაიჰარად გაიკვანძავდა და იწყებოდა მერე საყვედურები:

-ბერიშვილი, რა არის ეს, ასეთი დაკუჭული და დაღეჭილი უნდა იყოს პიონერის ყელსახვევი, არ გრცხვენია? - ახლაც ყურში ჩამესმის პიონერხელმძღვანლის მკაცრი და გამყინავი ხმა. არც ჩემი მეგობრები რჩებოდნენ გაკიცხვის და საყვედურების გარეშე და ასე გრძელდებოდა სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე მეგობარი (ვისაც იმ დროისთვის 15 წელი შეგვისრულდა) კომკავშირში მისაღებად რაიონში არ დაგვიბარეს. სიხარულით წავედით, თუ მიგვიღებდნენ, ამიერიდან ყელსახვევის გაკეთება აღარ მოგვიწევდა და მხოლოდ კომკავშირელის სამკერდე ნიშანს დაგვაჯერებდნენ.

იმის მოყოლა, წესდების უცოდინრობის გამო კომიტეტის წევრებს კომკავშირში ჩემი მიღება როგორ გაუჭირდათ და რამდენი ითათბირეს, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, შორს წაგვიყვანს. იმას კი ვიტყვი, რომ ის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ხათრით კი არ გაუწიეს ვინმეს ანგარიში, პირიქით, ჩემი მეგობრების ხათრით მიმიღეს კომკავშირელთა რიგებში, ხუთიდან ერთი რომ არ გავეწბილებინეთ.

სიტყვა გამიგრძელდა, ლენინით დავიწყე და სად გადავვარდი? თუმცა, მისგან შორს მაინც არ წავსულვარ, მაგრამ ეს უფრო ადრე, ოქტომბრელობის პერიოდში მოხდა. ზუსტად არ მახსოვს, პირველ თუ მეორე კლასში ვიყავით. დაწყებითების პედაგოგი გვყავდა, ასე 50-ს გადაცილებული იქნებოდა (მაშინ მეგონა ბებერი იყო), ოლგა ერქვა, შინაბერა იყო (აბა, გასათხოვარი როგორ ვთქვა). ცუდი სიტყვა კია, მაგრამ რა ვქნა, ჩემზეც იგივეს ამბობენ ახლა, ალბათ, სოფელში. და ჰყავდა ოლგას, ისიც პედაგოგი, მასზე უმცროსი, ისიც გაუთხოვარი. ოჯახის შექმნის იმედი რომ გადაეწურათ, დებმა ბავშვი იშვილეს, ბიჭი. ოლგას დედას ეძახდა, მის დას - მამას. ანუ დედ-მამის „პონტში“. ასე შეაჩვიეს დებმა და მათ ლოგიკას ვინც მიხვდება, იმას გაუმარჯოს ღმერთმა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ოლგა მასწავლებელი რაღაცას რომ გულმოდგინედ გვიხსნიდა, უცებ წამოდგა ჩემი ერთ-ერთი თანაკლასელი (ოღონდ, ამდენი წელია ვიხსენებ და ვერაფრით გავიხსენე, რომელი იყო. ვერც შევიკრიბეთ ყველა ერთად, რომ ვიკითხო, ჩემს გარდა იქნება კიდევ ახსოვს ვინმეს ეს შემთხვევა? ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს, მაგათ არ ახსოვთ) და ჰკითხა: პატივცემულო (ასეთი მიმართვა იყო პედაგოგებისადმი), ლენინს შვილი რატომ არ ჰყავდაო? ოლგა მასწავლებელი მოულოდნელმა კითხვამ საგონებელში ჩააგდო, კარგა ხანს იდგა მდუმარედ, ჩაფიქრებული. ჩვენ უსაზღვრო ინტერესით შევციცინებდით თვალებში, ის კი პასუხს აგვიანებდა. ბოლოს, თითქოს, გონება გაუნათდაო, გაიღიმა და სრულიად სერიოზულად გვითხრა: ის ისეთი ზრდილობიანი ადამიანი იყო, როგორ შეიძლებოდა შვილი ჰყოლოდაო. რა თქმა უნდა, ამ პასუხიდან ვერაფერი გავიგეთ იმის გარდა, რომ ვისაც შვილი ჰყავდა, ყველანი უზრდელები იყვნენ. ის კი არა, ზოგიერთს, ალბათ, შეგვრცხვა კიდეც, უწესო მშობლების შვილები რომ აღმოვჩნდით. მერე, რამდენიმე წლით გვიან ჩავწვდი ცხონებული ოლგა მასწავლებლის ნათქვამის აზრს და კარგადაც ვიხალისე. უფრო მოგვიანებით კი სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა ქალის მიმართ, რომელმაც ასეთი მორალით იცხოვრა... დარწმუნებული ვარ, მას თავადაც სჯეროდა, რასაც ამბობდა.

P. S. ლენინზე კი შური ოთხი წლის წინ ვიძიე. 2010 წელს, სოჭში ვიზიტისას, ჩემმა მასპინძლებმა სოჭი-რივიერას სანახავად რომ წამიყვანეს, გზად მოზაიკით აწყობილი ლენინის სახიანი კედელი შეგვეფეთა, თურმე დღემდე ამშვენებს ეგ პანო თუ სტელაჟი თუ რაც არის, სოჭის ერთ-ერთ ქუჩას. ჯერ გავაპროტესტე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, მერე მარცხენა ხელის შუათითი ვაჩვენე ლენინს, ესეც შენ, ჩემი გაბითურებული ბავშვობისთვის-მეთქი.

 

ირმა ბერიშვილი

3 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...