Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    84
  • comments
    5
  • views
    140.979

საქართველოს ხელისუფლების გზასაცდენილი სტრატეგიული კომუნიკაცია და ქუჩაში ,,დაგდებული" ძალაუფლება


blog-0616179001648406884.jpg
,,დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში"

 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთაგან საკუთარი ხალხის ინტერესებს აცდენილი, არათანმიმდევრული და არამართებული განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია და სამწუხაროდ, მათგან სტრატეგიული კომუნიკაციის ყველა ნორმის დარღვევას და საზოგადეობის უპატივცემულობას, თითქოს, მივეჩვიეთ კიდეც... თუმცა კოვიდის საწინააღმდეგო 400 ათასი დოზა ვაქცინის ვადის გასვლის გამო, რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოთქმულმა ,,ნუგეშმა,“ სახელმწიფოს არ უზარალია, რადგან ვაქცინა ნაჩუქარი იყოო, ჩვენთვის მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 

ის იყო, მინისტრის ნაოქროპირალით გაკვირვება უნდა გაგვნელებოდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სატელევიზო ეთერიდან საკონტროლო ,,ტყვია დაგვახალა,“ როცა თავის თავს კიდევ ერთხელ აჯობა და მკვახე განცხადებით პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სცადა.

 

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ დაქირავებული ხელისუფლების წევრებს, რატომღაც მიაჩნიათ, რომ მათგან სწორედ იმის მოსმენა გვინდა, რასაც ჟურნალისტების შეკითხვებზე დაუფიქრებლად პასუხობენ. არადა, პირიქით, საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელშიც მათი ამომრჩევლებიც შედიან, ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ხელისუფლების პოზიციაა და დამოკიდებულება სულაც არ მოგვწონს. უფრო მეტიც, ხანდახან, მიუღებელიც კია.

მაშ, რატომ ჰგონიათ, რომ ქვეყნის მოსახლეობაც მათსავით ფიქრობს ან მათ პოზიციას იზიარებს, ან რატომ ირჩევს ხელისუფლება საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ სრულიად გზასაცდენილ სტრატეგიას, რაც მუდმივად წამგებიან, თავის მართლების პოზაში აყენებს? ამ და კიდევ სხვა ბევრ კითხვაზე პასუხების გაცემა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტს ირა ჭელიძეს ვთხოვეთ.

 

- რასთან გვაქვს საქმე, რატომ უჭირთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საზოგადოებასთან, ხალხთან სწორი ურთიერთობა და ლაპარაკი. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის მიერ პფაიზერის ვადაგასულ ვაქცინებზე გამოთქმული აზრი და ირაკლი კობახიძის განცხადება პრეზიდენტის უფლებებზე, რამდენად მართებული იყო ან ერთის, ან მეორის გამოსვლა?

 

- მოდი ასე ვთქვათ, ადრე მეგონა, რომ სწორი კომუნიკაცია მართლა უჭირდათ, ახლა დავრწმუნდი, რომ არ უჭირთ, რასაც ამბობენ, ზუსტად იმას ფიქრობენ.

 

ამ შემთხვევაში, როცა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მერე რა, თუ 400 ათასი დოზა პფაიზერის ვაქცინა გაგვიფუჭდა, არ გვიზარალია, რადგან ნაჩუქარი იყოო, ნაკლებად წარმომიდგენია, რომ სხვა რამის თქმა სურდა. მან თქვა ზუსტად ის, რასაც ფიქრობდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ანა-ბანა კი ის არის, რომ რასაც შენ ფიქრობ, ის კი არ თქვა, არამედ თქვა ის, რაც ხალხში შენს იმიჯს თუ არ წაადგება, უფრო მეტად მაინც არ დააზიანებს.

რატომ არ აქცევენ ყურადღებას საზოგადოებასთან სწორ კომუნიკაციას, რატომ არ მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ მათი ურთიერთობა იყოს დალაგებული და არა პირიქით, გამაღიზიანებელი, ვერ გეტყვით. შემიძლია ვივარაუდო, რომ უბრალოდ, სხვისი აზრი ფეხებზე ჰკიდიათ და ფიქრობენ, საზოგადოება ამ ყველაფერს ჩვეულებრივად მიიღებს და გადაიტანს, რაც გასდით კიდეც. ამიტომაც ან არ აინტერესებთ იმიჯის გამოსწორება და სახელის შეუბღალველობა, ან აბსოლუტურ უცოდინრობასა და გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე.

როდესაც არც პოლიტიკოსმა იცის, საზოგადოებას როგორ ელაპარაკოს და არც მის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი უნარი და ცოდნა, მას მიმართულება მისცენ, ვიღებთ ასეთ ვითარებას.

მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლებას სამსახურებში აკრეფილი ჰყავს თანამშრომლები არა კვალიფიკაციის, არამედ ნაცნობ-მეგობრობის და ნეპოტიზმის ნიშნით.

ჩემი პირადი აზრი კი უკვე მოგახსენეთ, ადრე ნამდვილად მეგონა, რომ იყო კომპეტენციის ნაკლებობა, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, ფეხებზე ჰკიდიათ საზოგადოება, რადგან ყველაფერი გასდით. არავინ მიდის მათთან და არაფერზე თხოვს პასუხს. თუნდაც, ჯანდაცვის მინისტრს არავინ მოთხოვს პასუხს იმაზე, რაც ვაქცინაზე განაცხადა და არავინ გადაახდევინებს პოლიტიკურ ფასს ამაში. შესაბამისად მას არ აქვს სურვილი, თავი შეიწუხოს და ჩვენთან ურთიერთობისას საჭირო სიტყვები და წინადადებები შეარჩიოს, ამიტომ, რასაც ფიქრობს, იმას ლაპარაკობს.

ზუსტად ასევე იქცევა ირაკლი კობახიძე, არ მიაჩნია, რომ შესარჩევი აქვს კომუნიკაციის ფორმა იმისათვის, რომ არ შეუბღალოს იმიჯი პრეზიდენტს და არ შეიბღალოს იმიჯი თავადაც, რადგან მსგავსი გამონათქვამები მასაც პირდაპირ ,,ურტყამს.“ ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, როდესაც ადამიანი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ღიად უპირისპირდება სახელმწიფოებრიობას და ლახავს სახელმწიფო ინსტიტუტების ღირსებას. ეს ყველაფერი მასაც, უბრალოდ, გასდის და არ იწუხებს თავს იმისთვის, რომ აზრი ლამაზად შეფუთოს ან შენიღბოს მაინც და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად არ გააღიზიანოს.

- საზოგადოებასთან ურთიერთობის თუ პიარის თვალსაზრისით წინა ხელისუფლებისა და ახლანდელის მოქმედებები რომ შევადაროთ, რა სურათი გვაქვს?

- ამ მხრივ, ნამდვილად ვართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნილი. თუ ისინი ნახევრად აშენებული შენობის ფასადთან საკუთარ პარტიულ აქტივს სვამდნენ და ზეიმით გვამცნობდნენ, რომ ,,გაიხსნა“ ახალი საწარმო და აი, ამდენი ადამიანი დასაქმდა, ახლა პირიქით ხდება. ვერავინ გაიგებს, რა კეთდება, თუ უშუალოდ, პირადად არ შეეხო კონკრეტულ საქმეს და თემას.

ამასაც ორი ახსნა აქვს, ან კომპეტენციის უქონლობა, ან ფეხებზე დაკიდება. რასთან გვაქვს საქმე, ჩემთვის გაუგებარია, რადგან არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. არაფერი კეთდებოდეს და ბოლო ხმაზე გაჰკიოდნენ, რომ ყველაფერი კეთდება ან საქმე კეთდებოდეს და ვერავინ ამის შესახებ ვერ იგებდეს.

მაგალითისთვის ავიღოთ ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. წინა ხელისუფლების დროს ამაზე თვეობით არა, წლობით ილაპარაკებდნენ, ახლანდელის პირობებში კი არავის ახსოვს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენა განსაკუთრებული ყურადღების მიღმა დარჩა.

ორი დღის წინ ერთ საინფორმაციო სააგენტოზე გაიელვა ცნობამ, რომ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევები ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ცე ჰეპატიტის ელიმინაციაზე გაცილებით მეტიც, რადგან ტუბერკულოზი ჰაერით გადადის, ცე ჰეპატიტი კი უფრო კლასტერული დაავადებაა. ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებლის მინიმუმამდე დაყვანა ჯანდაცვის სისტემის უდიდეს წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, ამიტომ ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა ამ ინფორმაციას ნომერ პირველ ახალ ამბად გაუშვებდა აბსოლუტურად ყველგან. ჩვენთან კი საერთოდ, არც ერთ არხზე არ გასულა. შემთხვევით მოვკარი თვალი რომელიღაცა სამედიცინო ინტერნეტგამოცემაში. ეგ იყო და ეგ.

ასეთ მნიშვნელოან ამბავს რომ საზოგადეობამდე არ მიიტან და ყველას ამაზე არ ალაპარაკებ, ეს არ ვიცი, რა არის. უცოდინრობა თუ სისულელე ან ორივე ერთად.

ფაქტია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია არ გაგვაჩნია.

- შესრულებული საქმეების, განხორციელებული პროექტების შესახებ ინფომრაციის გავრცელება და საზოგადოებისთვის გაცნობა პრობლემა რატომ უნდა იყოს?

- მეც ეს მაინტერესებს და კიდევ ერთ მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, დღევანდელი, უკრაინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ვითარება, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ზედმიწევნით კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და ამაზე არავინ გველაპარაკება.

უკრაინელი ლტოლვილების საკითხი პირადად შემეხო, რადგან დღე-დღეზე ველოდები ნაცნობის, ფეხმძიმე ქალის ჩამოსვლას. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან წინასწარ მქონდა ურთიერთობა და აღმოჩნდა, რომ ეს სტრუქტურები ყველა ჩამოსულს სათანადო დახმარებას უწევენ. სახელმწიფოს ყველა რგოლი, რომელიც უკრაინიდან ლტოლვილების მიღების პროცესშია ჩართული, არის აბსოლუტურად გამართული და საათის მექანიზმივით მუშაობს. იმ ლტოლვილებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ყველა საჭირო პროცედურა უფასოდ უტარდება, ხოლო ორსულები იღებენ შესაბამის სერვისს, რასაც ფარავს საქართველოს ჯანდაცვა; თბილისის მერია კი, ჩამოსვლისთანავე, ყველა მათგანს ანაწილებს სასტუმროებში, უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით და უფინანსებს ყველა ხარჯს.

სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ ძალიან კარგად, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის, არანაირი ცნობა არ გვაქვს და გვრჩება განცდა, რომ საქართველო უკრაინელი ხალხისთვის არაფერს აკეთებს. საკომუნიკაციო ველი გაჯერებულია ინფორმაციებით, რომ ჩვენ ფეხებზე დავიკიდეთ უკრაინა, მხარს ვუჭერთ რუსეთს და ასე შემდეგ. სჭარბობს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიერ წამოწეული ინტერპრეტაცია და საზოგადოების დიდ ნაწილს, როგორც უკვე ვთქვით, თუ ამ თემას პირადად არ შეეხო, რეალურ ფაქტებზე არავითარი ინფორმაცია არა აქვს.

რატომ არ ახმოვანებენ და არ აცნობენ ხალხს ამბავს, რომ მიღებული გვყავს ამდენი უკრაინელი დევნილი, რომელთაც გაეწიათ ასეთი და ასეთი დახმარება, ვერ გეტყვით. აქაც ორი მიზეზი შეიძლება ვივარაუდოთ. ეს არის ან კომპეტენციის პრობლემა, ან შეგნებული პოლიტიკა, რომ ვთქვათ, რუსეთი არ გავაღიზიანოთ.

თუ ეს ბოლოა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის გაცხადებული პოლიტიკა. გასაგებია, შეიძლება ეს დიდად არ მოგვეწონოს, მაგრამ ამასაც გავიგებთ, რადგან გვეცოდინება, რომ ხელისუფლებას არ უნდა, ვინმე ტანკებით შემოგვივარდეს. თუ ხელისუფლება ამ თემებზე საერთოდ არ დაგველაპარაკება, გვექნება იმის განცდა, რომ ჩვენთან უკრაინელებისთვის არაფერი კეთდება.

თუ ზემოთხსენებული პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაშინ გამოდის, არ მიაჩნიათ საჭიროდ, თავი შეიწუხონ და საზოგადოებას ანგარიში ჩაგვაბარონ, ინფორმაცია მოგვაწოდონ. არადა, ესეც ჩვენი ქვეყნის იმიჯს წაადგება.

- მით უმეტეს, ჩვენი პრემიერის განცხადების ფონზე, რაც მან უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოთქვა...

- როგორც სპეციალისტმა, ვიცი, რომ როდესაც ქვეყანა დგას გლობალური კრიზისის პირისპირ, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული ერთიანი საკომუნიკაციო მიმართულება და ერთიანი ,,მესიჯბოქსი“ და ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების რიგითი თანამშრომლით დამთავრებული ერთი და იგივეს უნდა ლაპარაკობდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ პირობებში, ხელისუფლებაში ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას, ყველა მიერეკება თავისას და ყველა მიერეკება არასწორად.

- შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას კრიზისულ ვითარებაში ერთიანი სტრატეგიული კომუნიკაციის ენა და სისტემა არ გააჩნია?

- დიახ, ერთიანი სტრატეგიული კომუნიკაციის ენა და სისტემა ჩვენს ხელისუფლებას არც გლობალური კრიზისის პირობებში გააჩნია და არც - მშვიდობიან პერიოდში.

ამის მიზეზია ან კომპეტენციის არარსებობა, ან ფეხებზე დაკიდების გამიზნული პოლიტიკა.

ორივე შემთხვევაში, გასდით და იფერებენ.

- ამ ორივე შემთხვევაში ქართული მედიაც ხომ არ სცოდავს და საზოგადეობის ინტერესებისადმი ხელისუფლების აგდებულ დამოკიდებულებას ხომ არ უწყობს ხელს?

- დიახ, სამწუხარო და ტრაგიკული ისაა, რომ მარტო სახელმწიფო სტრუქტურები კი არ გამოირჩევიან არაკომპეტენტურობით, არამედ მედიის წარმომადგენლებიც.

ქართული მედია ეს არის ერთი დიდი არაკომპეტენტური კონგლომერატი, რომელიც გადასულია ფეიკების წარმოებასა და გავრცელებაზე, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა. ამიტომ, ჩემს რჩევას თუ ვინმე გაითვალისწინებს, რაც ნაკლებად შეხედავენ და მოუსმენენ ქართულ მედიასაშუალებებს, მით მეტად იქნებიან ინფორმირებულები და ფეიკებისგან დაცულები.

- ფეიკების გავრცელება და არაკომპეტენტურობა ერთია და მედიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი, კრიტიკას ვინ იტყვის, შენიშვნას ან რჩევას რომ არ იღებს და ყველაფერში შეუმცდარი ჰგონია თავი, ეს რისი მაჩვენებელია?

- როდესაც ადამიანი გაუნათლებელია, მას წამითაც კი საკუთარ გაუნათლებლობაში ეჭვი არ შეაქვს. თვითკრიტიკა და თვითგანვითარება მხოლოდ იმ ადამიანს ახასიათებს, ვისაც რაღაცა ტიპის საგანმათლებლო ბაზა აქვს. ამიტომ სულ არ მიკვირს, ზოგიერთ ქართველ ტელეწამყვანს ან ჟურნალისტს თავი ჭკვიანი რომ ჰგონია და შენიშვნას კატეგორიულად არ იღებს. როდესაც ადამიანი გაუნათლებელია, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იცის, განათლებული ადამიანი კი მუდამ ეჭვქვეშ აყენებს თავის ცოდნას და სულ ცდილობს, კიდევ რაღაცა ისწავლოს, მეტი განათლება მიიღოს.

ამიტომ არ მიკვირს ჩვენი მედიაფეისების საქციელი, რადგან არც ერთ მათგანს არა აქვს მინიმალური განათლება. არ ვლაპარაკობ პროფესიონალურ განათლებაზე, საბაზისო, ზოგადი განათლება არა აქვთ, რაც თავიანთ პროფესიაშიც მისცემდა საშუალებას, იყვნენ კვალიფიციურები და კომპეტენტურები.

გამიკვირდებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. იქ სადაც არის ტოტალური და პათოლოგიური გაუნათლებლობა, იქცევიან ზუსტად ისე, როგორც იქცევა ჩვენი მედია.

- პრემიერის განცხადებებს რომ მივუბრუნდეთ. მთელი წლის განმავლობაში, მისი ნააზრევი ბევრჯერ ასცდა საზოგადოების ინტერესს, თუმცა უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოთქმული ოფიციალური განცხადებების გამო, უკრაინამ საქართველოდან ელჩიც კი გაიწვია და იმის მტკიცებამ მოგვიწია, რომ პრემიერის და ხალხის აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- პრემიერის განცხადებები, ამ ერთი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში არის მავნე ქართული სახელმწიფოსთვის.

რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ მასაც აქვს განათლების პრობლემა. ჰგონია, რომ არის ყველაზე ჭკვიანი და არ სჭირდება სათქმელის მოზომვა, დარეგულირება.

დიახ, გასდის, როგორც იქცევა და იმიტომ ლაპარაკობს ასე.

რაც მან უკრაინის ომთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციაზე თქვა, შესაბამისი კომპეტენციის სტრატეგიული კომუნიკატორის დახმარებით, იგივეს თქმა ისე კარგად შეიძლებოდა, რომ აქეთ გადაგვიხდიდა ყველა მადლობას. მაგალითად გამოგვადგება ერდოღანი, ბენეტი და ყველა იმ ქვეყნის მესვეური, რომლებიც არ არიან სანქციებს მიერთებულები, მაგრამ ჩანან როგორც თავინთი ქვეყნების ძალიან ღირსეული ლიდერები.

- საქმით შეიძლება სხვაზე მეტსაც ვაკეთებთ და სწორედ, გზასაცდენილი კომუნიკაციის გამო ვერავის დავანახოთ?

- დიახ, საქართველო მართლაც ბევრ რამეს აკეთებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის, ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ვჩანვართ უღირსები, რადგან პრემიერ-მინისტრს არ გააჩნია შესაბამისი უნარი და კომპეტენცია, როგორც საჭიროა ისე დაალაგოს სათქმელი.

- მისი უხერხული განცხადების შეფუთვა მომხრეებმა კუთხურობით სცადეს და კახურ პირდაპირობას დააბრალეს...

- ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირის მიერ გამოთქმული არამართებული განცხადებები და არაკომპეტენტურობა კუთხურობის თავისებურებებით მართლდება. ეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების კიდევ ერთი კრახი და სტრატეგიული კომუნიკაციების სრული ჩავარდნაა.

- უკრაინა-რუსეთის ომის ამ მწვავე პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმაზე საუბარი, რომ საქართველოს მიერ დამნაშავეებად აღიარებული პირები უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობეზე არიან და ჩვენ უკრაინა ანგარიშს არ გვიწევს.

ფაქტი, რომ ეს ხალხი უკრაინაში მართლა მუშაობს მაღალ თანამდებობებზე, უფრო ვის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ, ჩვენი ხელისუფლების თუ უკრაინის?

- ის ფაქტი, რომ ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთაც კრიმინალურ დანაშაულებში ედებათ ბრალი მეგობარ ქვეყანაში მაღალ თანამდებობეზე არიან დანიშნული, არის ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დანაშაული, რადგანაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2012 წლიდან არ იზრუნეს იმაზე, რომ ქვეყნიდან გაქცეული ყველა დამნაშავე ეღიარებინათ პერსონა ნონ გრატად. უკრაინულ მხარესთან მუდმივად უნდა ყოფილიყო კომუნიკაცია ამ საკითხზე და მათი საქმიანობის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება და არგუმენტი უნდა მიეწოდებინათ.

აქაც არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, კომპეტენციის არარსებობასთან, გამიზნულ მავნებლობასთან თუ ორივესთან ერთად.

- თუ უკრაინაში სიარული და უკრაინულ მხარესთან უშუალოდ დალაპარაკება ხატია დეკანოიძეს ყოველ კვირა შეუძლია, რა უშლიდა ჩვენს ხელისუფლებას ხელს, რატომ არ შეეძლო იგივეს გაკეთება; თუ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და მათთან სწორი კომუნიკაცია არ გვაქვს, უკრაინულ მხარეს გაღმა რატომ ვედავებით?

- ამის პასუხი ისევ და ისევ, მხოლოდ ორი ვარაუდია, ან სრული უცოდინრობა, ან ფეხებზე დაკიდება. ამიტომაც ვამბობ, თუ სწორად უნდოდათ ყველაფრის გაკეთება, ამაზე მმართველ პარტიას 2012 წლიდანვე უნდა ეზრუნა. ახლა, რომც მოინდომონ, უკვე, ძალიან გვიანია, დაშვებულ შეცდომას ვერაფრით გამოასწორებენ და მეორე მხარეს ტყუილად ადანაშაულებენ. იმისათვის, რომ ის პირები, ვიზეც ვსაუბრობთ, მიუღებელი ყოფილიყო სხვა სახელმწიფოსთვის, დროულად უნდა მიგვეწოდებინა სწორი ინფორმაცია, უნდა გვქონოდა მეტი კონტაქტი და გამიზნულად გვემუშავა ამაზე.

- საქართველოს საპარლამენტო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ნებისმიერ პრობლემაზე საუბრისას, როცა კი ისინი მიკროფონთან აღმოჩნდებიან, გვესმის როგორ იწყებენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიაზე საუბარს. კომუნიკაციის ამ ხერხმა, წლებია, მუდმივი ხასიათი მიიღო. რისი ან ვისი ბრალია ეს?

- ეს იმის გამოა, რომ დასმულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი არა აქვთ. ეს ორი ძალა ხომ მუდმივად ერთმანეთს აცოცხლებს? სხვათაშორის, ეს არის ის სფერო, სადაც ხელისუფლებას კომუნიკაციის თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული სტრატეგია აქვს: გამუდმებით იძახონ ,,9 წელი და ნაცები,“იმისთვის, რომ მათ ფონზე თავად უკეთესები გამოჩნდნენ და გადარჩნენ.

ეს სტრატეგიაც, მათი ვიწრო პარტიული გაგებით, აქამდე მუშაობდა. მართალია, სახელმიწფოს აზიანებდა, მაგრამ პოლიტიკურ პარტიას გადარჩენის საშუალებას აძლევდა. თუმცა, აწი რამდენად იმუშავებს, არ ვიცი.

- როგორ ვიპოვოთ გამოსავალი ამ ვითარებაში, როცა საზოგადოების აბსოლუტურად ჯანსაღ პროტესტს, რასაც ქუჩაში გავყავართ, ოპოზიციის ნაწილი, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობა ჩანასახშივე სპობს?

- დიახ, როგორც კი საზოგადოების დიდი ნაწილი საპროტესტოდ გამოდის ქუჩაში და გამოთქვამს ჯანსაღ აზრს, მოდის ნაციონალური მოძრაობა და კლავს ამ პროტეტს. ეს მეორე უბედურებაა.

სამწუხაროდ, ეს ორივე პარტია, ძალაუფლებაზე გამოკიდებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ორივე ძალას ერთნაირი ჩანაფიქრი აქვს: ან - მე, ან - არაფერი. შესაბამისად, ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე.

ვიდრე ბაზარზე არ გამოჩნდება ისეთი გაერთიანება, რომელსაც ექნება უნარი, ეს ორივე ძალა გვერდზე გაწიოს, ვივლით ამ წრეზე.

დღეს, შეიძლება ითქვას, ძალაუფლება გდია ქუჩაში. ვინც გაბედავს, მივა, ამ ძალაუფლებას ხელში აიღებს და ილიდერებს, მომავალი პოლიტიკური ციკლიც მისი იქნება.

სამწუხაროდ, რატომღაც ვერავინ ბედავს და არ აკეთებს ამას, ამიტომ ეს ,,ნაცი-ქოცის“ ძახილი და მოჯადოებული წრე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ვინმე გონიერი ამათ საკომუნიკაციო სივრცეს არ წაართმევს.

ვიმეორებ, დღეს ძალაუფლება გდია ქუჩაში და ნებისმიერი, ვინც არ იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან ან ქართულ ოცნებასთან კავშირში, თუ მივა და დროშას ააფრიალებს, იმას გაჰყვება ხალხი. ამისთვის, ერთი წამოძახილია საჭირო, ვინაიდან ორივე ძალის მიმართ დიდი პროტესტი დაგროვდა.

თუ ვინმე არის, ვისაც აქვს უნარი, ენერგია, კომპეტენცია, უნდა გამოჩნდეს და ლიდერობა საკუთარ თავზე აიღოს... მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...