Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    83
  • comments
    5
  • views
    140.905

მცირედმორწმუნეთა რწმენა და ცრურწმენა


1522506936.png

 

აღდგომის წინა დღეებში რამდენჯერმე დავიწყე ამ წერილის წერა, მაგრამ რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ წავშალე. ხან საკუთარი ტონი ზედმეტად კატეგორიული მეჩვენა, ხან - დიდაქტიკური, ხან - ცინიკური, მაგრამ ახლა დავწერ და არ წავშლი, რადგან რომელ ჟანრს და მიმდინარეობასაც არ უნდა მიეკუთვნოს ჩემი ნაწერი, საკუთრი მოსაზრება მაინ უნდა გაგიზიაროთ.

თუ უფლისადმი რწმენა და სიყვარული, უმეტესად ეკლესიაში სიარულით, წირვაზე დასწრებითა და ყველა მართლმადიდებლური რიტუალის შესრულებით გამოიხატება, მაშინ დიდად დასაკვეხნი არაფერი მაქვს, ვინაიდან პირველი ზიარება 15 წლის წინ, 33 წლის ასაკში მივიღე და წირვა-ლოცვის მადლი და ძალაც მაშინ შევიგრძენი. მანამდე, მხოლოდ ხატის წინ სანთლის დანთებით, გულში ,,მამაო ჩვენოს“ ლოცვით და ყველა წმინდანისთვის ჩემი ქვეყნის კეთილდღეობის შევედრებით შემოიფარგლებოდა ჩემი ეკლესიურობა (როგორც იტყვიან), თუმცა საკუთარი ცხოვრების წესით და განვლილი გზით, დღემდე მჯერა, რომ უფლისგან შორს არასდროს მივლია და მასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. უფრო სწორედ, ის იყო მუდამ ჩემთან და ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი, ოდნავ მაინც არასწორად თუ მოვიქცეოდი და ისეთ რამეს გავაკეთებდი, საკუთარი სინდისი ღამე მშვიდად დაძინების ნებას არ მომცემდა. დიახ, სულ ვიცოდი, რომ ის ჩემი ოდნავ გადაცდომებიც ღმერთს არასდროს გამოეპარებოდა და მეორე დღეს თუ არა, მესამე დღეს მაინც, მორიგი გამოცდით ამას აუცილებლად მაგრძნობინებდა. ამიტომაც, არასდროს არაფერზე მიწუწუნია, თუმცა კი დალხენილი და უზრუნველი ცხოვრება, ნამდვილად, არ მქონია.

მერე კი, როცა ეკლესიის გზას დინჯად დავადექი და წირვა-ლოცვასაც აქტიურად ვესწრებოდი, კიდევ უფრო მკაფიოდ და ბევრჯერ დავრწმუნდი, თუ რაოდენ ახლოს იყო ღმერთი ჩემთან.

ყოფილა შემთხვევა, ლიტურგიაზე დასასწრებად სრულიად უცხო ტაძარში შევსულვარ, ისეთში, იქ რომ არავის ვიცნობდი და მიცნობდა, წირვის შემდეგ კი მოძღვარს ქადაგებისას ზუსტად იმაზე უსაუბრია, რაც გულში მქონდა ან მაწუხებდა. თან ისე გულდაგულ და ვრცლად უსაუბრია, სახტად დავრჩენილვარ, საიდან იცოდა, ახლა ეს სიტყვები წამალივით რომ მჭირდებოდა-მეთქი და პასუხიც მყისვე მიმიღია, რადგან ქადაგების შემდეგ მოძღვარს უთქვამს, ალბათ თავი შეგაწყინეთ ლაპარაკით, არც კი ვიცი, რატომ დავიწყე ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ უცებ მომინდა, თითქოს, უფალმა მიკარნახა და სიტყვები თავისთავად წარმოვთქვიო.

ბევრჯერ მიფიქრია, იმდენ ხალხში, იქნებ, სწორედ მე ვიყავი ერთადერთი, ვისთვისაც ის სიტყვები ითქვა და სხვას არც მიუტანია გულთან, იქნებ, ჩემს გარდა ვერც ვერავინ მიხვდა, რა ითქვა და რატომ?

სწორედ ასეთი ნიუანსებით (თუკი ამას ნიუანსი შეიძლება ეწოდოს) ვგრძნობდი მის სიახლოვეს და ვგრძნობ დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც უკვე ვთქვი, ჩემი ცხოვრების გზა არასდროს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, უფრო პირიქით, მუდამ რაღაც ბარიერის გადალახვა, ბრძოლა და საკუთარი სიმართლის მტკიცება მიწევდა და მიწევს, ღვთის რწმენას და სიყვარული არასოდეს გამნელებია და ამის დასამტკიცებლად ყოველ კვირა ეკლესიაში სიარული არ მჭირდება.

რა თქმა უნდა, ცუდია, ყველა ჭეშმარიტ მორწმუნესავით მეც რომ ვერ ვახერხებ ხშირად ზიარების მიღებას, ბოლო წლებია, ვერც მარხვებს ვინახავ და ვერც ლიტურგიებს ვესწრები, ადრინდელივით, როცა შემეძლო საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ფეხზე ვმდგარიყავი და მერე არამარტო ნაზიარევი, იქვე, ეკლესიის მსახურებთან ერთად ნატრაპეზევი, საოცარი მადლით აღვსილი ვბრუნდებოდი სახლში.

ამ ყოველივეს ახლა რატომ ვერ ვახერხებ, ჩამოთვლას არ შევუდგები, რადგან გასამართლებლად არც ერთი მიზეზი არ გამოდგება, ვიცი, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ ცხოვრების წესით, პრინციპებით, მოქმედებით ისევ ისე ვცდილობ, არ დავშორდე უფალს და ვგრძნობ, ის მუდამ ჩემთანაა. ამიტომაც მჯერა, რომ უფალი მარტო ეკლესიაში არ უნდა ვეძებოთ, ის ყველგანაა, ის ყოველი ჩვენგანის გულშია, ვისაც სიკეთის და სიყვარულის გაცემა შეგვიძლია, ვისაც მოყვასის პატივისცემა და ქვეყნის ერთგულება შეგვიძლია, ვისთვისაც უცხოა შური და ბოროტება, სხვისი ჩაგვრა და უსამართლობა, სიბილწე, სიყალბე და სიხარბე.

ვიცი, ბევრი მორწმუნე არ დამეთანხმება, მაგრამ ამის თქმის საფუძველს ფაქტები მაძლევს. პირველ ყოვლის ის, რომ ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში სულ დადიან, ლოცვას არ ტოვებენ, ხშირადაც ეზიარებიან, მაგრამ ცალი ხელით რომ პირჯვარს იწერენ, მეორე ხელით ისეთი ბოროტება შეუძლიათ ჩაიდინონ, ისე ავნონ ვინმეს, ისეთი ცილი დასწამონ გვერდით მდგომს, მოყვასის მიმართ ისეთი სიბილწე ამოუშვან პირიდან, რომ მათ შემხედვარეს, ყველაფერზე წარმოდგენა გეკარგება.

ეკლესიის მრევლში არის ისეთი ნაწილიც, რომელიც მართლა სულით და გულით მიილტვის ეკლესიისა და უფლისკენ, საკმაოდ განათლებულებიც არიან, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არც ერთ დამონტაჟებულ ფოტოს არ დატოვებენ თავიანთ კედელზე გაზიარების გარეშე, სადაც ჩანს, როგორ გამოისახა ეკლესიის თავზე ქრისტე ჯვრით ხელში ან რომელიმე წმინდანი ღრუბლების ფთილაში.

სააღდგომოდ, ბევრმა ისიც დაიჯერა, რომ ,,საბერძნეთმა აღდგომა გადადო და სწორედ ამის გამო, ღვთის რისხვამ არ დაიგვიანა და ათონის მთისკენ მიმავალი გზა დაიმეწყრა.“

უბრალოდ, გასაკვირია, მორწმუნემ დაიჯერო, რომ ვინმეს უფლის აღდგომის გადადება ან გადავადება შეუძლია. არადა, სამწუხაროდ, მიუხედავად მთავრობის და მედიკოსების მხურვალე თხოვნა-მოწოდებებისა, უმეტესად, სწორედ მრევლის ეს ნაწილი იწევდა სააღდგომოდ ტაძრებისკენ და ამბობდა, რატომ გვაშინებენ რაღაც ვირუსით, რომლის არსებობა არც კი გვჯერაო. საკუთარი ყურით მოვისმინე რამდენიმეს განმარტება, რომლებიც კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ არავითარი კორონავირუსი არ არსებობდა, ეს იყო ცოტაზე მეტად გართულებული გრიპი და მათ ეს არ დაემართებოდათ. ზოგიერთისგან ესეც კი მოვისმინე, თუ შეგვეყრება, მერე რა მოხდა, ნახევარი მაინც ხომ გადავრჩებითო…

დიახ, არ ვაჭარბებ, ასე თქვა ერთ-ერთმა მორწმუნემ, რომელიც საადგომო ლიტურგიას ეკლესიაში ესწრებოდა, თუმცა რატომ მოიაზრებდა თავს მაინცდამაინც გადარჩენილებში, ვერ გეტყვით ან რატომ მიაჩნდა, რომ დღესასწაულის დღეებში უფალი ასეთ თავგანწირვას ითხოვდა ვინმესგან?

რწმენა ან გაქვს, ან - არა, და თუ გაქვს, მას ლიტურგიაზე დაუსწრებლობა ვერაფერს დააკლებს, არც დაცოტავდება და არც წაგერთმევა. ამიტომ ვერასდროს გავიგებ, რატომ გაუჯინიანდა სახელმწიფოს ის ხალხი, რომელმაც მიუხედავად ათასგზის გაფრთხილებისა, აღდგომის აღსანიშნად მაინც წავიდა ტაძრებში.

ასევე, ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანებისას ვერაფერს, სახლში ხატების კუთხე საგულდაგულოდ რომ აქვთ მოწყობილი, პირჯვრისწერის გარეშე საკვებს არ იღებენ და იქვე, იმ ხატების სიახლოვეს, ყავის ამობრუნებული ფინჯნით ხელში, ნალექის ფიგურების გასარჩევად რომ ჩამოსხდებიან, ხოლმე, ყველა მკითხავ-მჩხიბავ-ნათელმხილველის რომ სჯერათ, ყველა ცრურწმენას რომ ექვემდებარებიან, გაღვიძებისას ლოგინიდან მუდამ მარჯვენა ფეხით გადმოსვლას რომ ცდილობენ, სახლიდან ნაგავი საღამოს რომ არ გააქვთ, გზაზე კატის გადარბენას დიდ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ, ორშაბათს თავს რომ არ იბანენ, პარასკევს საქმის წამოწყებას რომ უფრთხიან… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მართლა როგორ ათავსებს ეს ხალხი რწმენას და ცრურწმენას, არ უნდა მიკვირდეს?

კიდევ იმ ადამიანებზე უნდა ვთქვათ, რომლებიც ბლომად არიან ჩემს გარშემო, რომელთაც დიდი ხანია, ვიცნობ, დეტალურად ვიცი მათი წარსული და აწმყო, მათი ავკარგი, მათი შეცდომები თუ დანაშაული, ზოგიერთის ცოდვის სიმძიმე საკუთარ ტყავზედაც კი ბევრჯერ გამომიცდია, მაგრამ ღმერთზე საუბარს როცა იწყებენ, თავი ისე მოაქვთ, თითქოს აბსოლუტურად პირნათელნი არიან მასთან და სხვასთანაც.

და სულ ვფიქრობ, აი, ეს კატეგორია რომ მივიდეს მღვდელთან აღსარებაზე და მან ცოდვების ჩამოთვლა სთხოვოს, რომელ ერთს გაიხსენებენ ან გაიხსენებენ კია საერთოდ? მათ ხომ ცოდვა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურად მოკვდინება, ქურდობა ან მრუშობა ჰგონიათ და რადგან ამ სამიდან არც ერთი არ ჩაუდენიათ, დარწმუნებულები არიან, რომ ცოდვები მათგან შორსაა. მათ არაფერი იციან ადამიანის სულიერ სამყაროზე, ამიტომ წარმოდგენა არა აქვთ, რამდენჯერ მოუკლავთ სხვა არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, ზოგჯერ გაუცნობიერებლად და უფრო მეტად, სრულიად შეგნებულადაც.

მე განვსჯი ახლა სხვებს და ვიცი, ეს ცოდვაა, მაგრამ ვთქვი და გავიმეორებ, ამისთანა ადამიანების დანაშაული, სრულიად უსამართლოდ, ბევრჯერ მიწვნევია საკუთარ მხრებზე და ბევრი გულისტკენა მიმიღია მათგან და მერე, მათსავე საკეთილდღეოდ, რამდენჯერაც მიცდია, ერთი მაინც შემეხსენებინა, რათა სინდისის ხმას გაეღვიძა მათში, ისე უუკადრისებიათ და ისეთი რისხვა დაუტეხავთ ჩემთვის თავზე, ეს რა გვაკადრეო, ვეჭვობ, ოდესმე შეაწუხოთ სინდისმა და ან ეკლესიამ, ან მღვდელმა შეაძლებინოთ ცოდვების მონანიება.

ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, მათზე ვილაპარაკო.

თუ ადამიანს, მის მიერ ჩადენილი დიდი თუ პატარა შეცდომის და ცოდვის გამო, სინდისმა ერთხელ მაინც არ დაუკარგა ძილი და მოსვენება, თუ საკუთარ თავთან ვერ შეძლო ყველაფრის აღიარება და მონანიება, თუ თავი შეუცდომელი და ყოველთვის ყველასთან მართალი ჰგონია, სხვასთან როგორ აღიარებს და მოინანიებს რამეს?

არადა, სულო ცოდვილო, რამდენი ასეთი ადამიანი დადის ჩვენს გვერდით და რამდენ მათგანს ჰგონია, რომ ღმერთი სწამს?

და მაინც, მიუხედავად ამისა, მადლობა ღმერთს, არსებობს ჭეშმარიტად მორწმუნე მრევლი, რომელიც ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ კატეგორიაზე მაღლა დგას და რომელიც ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე, თავმდაბლად დგას ეკლესიის წიაღში, რათა ჩვენთვის, ყველა ცოდვილისთვის და შეცდომილისთვის ილოცოს, ჩუმად ადიდოს ღმერთი და ყველა ის წესი პირნათლად შეასრულოს, რაც წმინდა მამებს მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დაუწესებიათ.

სწორედ ასეთი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანების მხრებზე დგას საქართველოს დედა ეკლესია, მრევლის, რომელიც ტაძარში სალოცავად დადის, ღმერთს კი მუდამ გულით დაატარებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...