Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    82
  • comments
    5
  • views
    138.567

აფხაზეთში ახალი კორონავირუსი უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ გამოვლენილი არ არის


maxresdefault.jpg

 

აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის არსებობის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ ეთერში, აგუძერას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ განაცხადა და კორონავირუსისგან თავის დასაცავად, ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა .

,,თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ კორონავირუსი ჩვენთან არ არსებობს, გარწმუნებთ, ის უკვე აქ არის, უბრალოდ ჯერ არ გამოვლენილა.

ის ფაქტი, რომ ფსოუს გამშვები პუნქტი დაკეტილია, არაფერს ნიშნავს, რადგან სრულად ჩაკეტილი მაინც არ არის. იქიდან შემოდის ხალხი, რომელთაც არავინ აკონტროლებს. ადგილზე უმოწმებენ მხოლოდ სხეულის ტემპერატურას, თუ ადამიანებს მაღალი სიცხე არა აქვთ, მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე უშვებენ ისე, რომ არავინ იცის, არიან თუ არა ვირუსის მატარებლები.

ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად დაუცველები ვართ.

ამ დღეებში ჩამოვიდა მოსკოვი-სოხუმის მატარებელი, რომელსაც მგზავრები ჩამოჰყვა, არ ვიცი, ტურისტები თუ ადგილობრივები, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ისინი არავის შეუმოწმებია, ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, არადა, ყველა მათგანი კარანტინში უნდა მოთავსებულიყო.

გაიგეთ, ჩვენ არ ვართ ღვთის რჩეული ერი. როცა ჩვენს სამეზობლოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენთან ამბობენ, რომ არ გვყავს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები, მე ამას ვერ დავეთანხმები.

უნდა ვაღიაროთ, რომ კორონავირუსი აქ უკვე გავრცელებულია.

რასაც ჩვენ ვამბობთ, ყველაფერი არის მომავალ დროში, წერენ და ამბობენ: ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ მოვამზადებთ, ჩვენ ჩამოვიტანთ…

ის სხდომები, რაც გუშინ და გუშინწინ ჩატარდა, ძალიან დაგვიანებულია, ეს სხდომები დეკემბრის თვეში უნდა ჩატარებულიყო ან მაქსიმუმ, იანვარში.

უნდა გვესმოდის ერთი რამ, დღეს ყველა წამყვან ქვეყანაში, როგორც ომის დროს, პრეზიდენტები და მთავრობა ყოველდღე აკეთებენ მოხსენებას და ანგარიშს აბარებენ ხალხს.

ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ეს აუცილებლად შეგვეხება, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს ვირუსი გვერდს ვერ აგვივლის, ამიტომ უნდა ვიყოთ მზად.

მით უმეტეს, როცა დღითი დღე იზრდება დაავადებულთა რიცხვი ჩვენს დასავლეთ და აღმოსავლეთ სამეზობლოში. საქმე იმაშია, როგორ შევებრძოლებით მას, რამდენად მზად არის ჩვენი საავადმყოფოები, როგორ არის აღჭურვილი, როგორ ფინანსდება?

რა თქმა უნდა, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, ლაბორატორიაც გააკეთებს თავის საქმეს, ხელისუფლებაც იმუშავებს, მაგრამ ეს საკმარისი იქნება, გვიშველის?

ვართ ჩვენ მზად იმისთვის, რომ ვთქვათ, გავუმკლავდეთ ისეთ აფეთქებას, როგორიც იტალიაშია, რა თქმა უნდა, არა, არც ექიმები, არც - სახელმწიფო და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად არ არის მზად.

იტალიელები მენტალურად ჩვენ, კავკასიელებს გვგვანან, ისინი არ მოერიდნენ არაფერს, ატარებდნენ საფეხბურთო მატჩებს, არ დახურეს თეატრები, დადიოდნენ ოპერაში, კაფე-რესტორნებში, ყველაფერს არასერიოზულად უყურებდნენ და მიიღეს ის, რაც მიიღეს.

ასე დაგვემართება ჩვენც, თუ სათანადოდ არ მოვემზადებით. ვერავინ ვერავის გადაარჩენს, თუ თავად მოქალაქე არ შეასრულებს ელემენტარულ წესებს.

უპირველესად, ყველა აფხაზმა უნდა შეიგნოს, რომ თვითიზოლაცია არის გადარჩენის გზა.

ისეც არ არის, ხალხს რომ აშინებენ, თითქოს ყველა დაიხოცება, არა, მთავარია, დავიცვათ წესები, გამოვიჩინოთ სიფრთხილე.“- განაცხდა ზურაბ აჩბამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...