Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    83
  • comments
    5
  • views
    140.695

ნინო ახობაძე: ფეისბუკში ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა


blog-0302107001562147481.jpg

სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და დედის სურვილის გათვალისწინებით, ექიმი თერაპევტი გახდა.

სოციალურ ქსელში მის სტატუსებს თუ გადავხედავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართო საზოგადოებას საკუთარ აზრს ბევრ ჟურნალისტზე უკეთ აწვდის, წერის თავისებური სტილიც აქვს და ზოგჯერ, ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი იუმორით გვიყვება.

ასე იკმაყოფილებს ჟურნალისტობაზე ვერახდენილ ოცნებას. კარგა ხანია, წიგნის გამოცემაც გადაწყვიტა და ახლა დეტალებს აგვარებს.

,,პლანეტა.ჯი“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადამიანს და ყველაზე კითხვადი სტატუსების ავტორს, ნინო ახობაძეს ესაუბრა.

- ნინო, როგორ მოხვდით ფეისბუკზე?

- ყველა ჩემი მეგობარი იყო ფეისბუკზე დარეგისტირებული, მე არ ვეკარებოდი, კატეგორიულად არ მინდოდა. მერე მეგობარმა გამიხსნა და პერიოდულად მთხოვდა, მოდი, შემოიხედე, ნახე, ვიღაცამ მეგობრობა გამოგიგზავნა, ვიღაცამ ,,დაგალაიქაო“. რას ნიშნავდა მეგობრობის გამომიგზავნა, რა ლაიქი, რის ლაიქი, არაფერი მესმოდა.

ჩემი დისშვილი ფეხბურთელია და ერთხელაც, მისი თამაშის ყურება რომ მინდოდა, ჩემმა დამ, ,,ლინკს“ ჩაგიგდებო. ეს ხომ საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ ვიკადრე და შევედი ამ ფეისბუკზე, ჰოდა, ისე შევედი, იმის მერე ვეღარც გამოვედი.

- შეხვედით და რა აღმოაჩინეთ?

- აღმოვაჩინე, რომ ხალხი სოციალურ ქსელში ცხოვრობს, აქ უყვართ, აქ სძულთ, ჩხუბობენ, იბუტებიან, რიგდებიან, პოლიტიკაც აქ კეთდება და სახლიდან გაუსვლელად შეიძლება ყველაფრის თანამონაწილე იყო...

ვიღაცეები რომ ამბობენ, აქ ვირტუალური ურთიერთობააო, ვირტუალური კი არა, ზუსტად რომ ნამდვილი ცხოვრებაა.

- სტატუსების წერა როდიდან დაიწყეთ?

- წერა სულ მიყვარდა, მაგრამ თავიდან მხოლოდ სხვის ნაწერებს ვკითხულობდი და სხვების აქტივობებს ვეცნობოდი.

პირველი პოსტი, წლების წინ ჩემს სახლში დაბრძანებული ხატის მოსალოცად მოსული ახლობლის საცოლის და მის გარშემო დატრიალებული ამბების შესახებ დავწერე, რომელსაც ძალიან ბევრი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. რომ დავინახე, ჩემი დაწერილი სტატუსი რამდენმა მოიწონა და დადებითად რამდენი ადამიანი გამოეხმაურა, მეც ძალიან გამიხარდა. მერე შევყევი და შევყევი წერას.

ბავშვობაში ხომ ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი და მეცხრე კლასიდან გაზეთებში მასალებს ვაქვეყნებდი კიდეც. იმ პერიოდში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ჩაგებარებინა, მანამდე შენი პუბლიკაციები აუცილებელად სადმე უნდა დაბეჭდილიყო. ის ძველი გაზეთები, სადაც ჩემი სტატიები გამოქვეყნდა, დღემდე შენახული მაქვს.

ძალიან კი მინდოდა ჟურნალისტი გამოვსულიყავი, თუმცა ოჯახს და დედაჩემს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე.

- ისტორიები, რომელსაც ფეისბუკზე წერთ, ნამდვილია თუ თქვენ იგონებთ?

- აბსოლუტურად ყველა ისტორია ნამდვილია, უბრალოდ, ცოტას ვალამაზებ ან ვუმატებ რამეს, რადგან ყველა ამბავს თავისი რეალური გმირი ჰყავს და არ მინდა, ჩემს ნაწერებში ამოიცნონ.

როცა სტატუსს ვინმეს ისტორიაზე ვწერ, ყველას წინასწარ ვაფრთხილებ, ხოლმე, რომ ჩემს მეგობარზე ვწერ ახლა ან ჩემს ახლობელზე და ლანძღვა არ დაიწყონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ძალიან მაბრაზებენ, რადგან რომელიმე მაინც წერს: უიმე, რა დეგენერატი ყოფილა, ტვინი არა აქვს თავში და ასე შემდეგ.

- ფეისბუკმომხმარებელების სტატუსებს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო, ხშირად ავტორთან შეუთანხმებლად აქვეყნებს. სააგენტოების ყურადღების ცენტრში თქვენი სტატუსებიც ბევრჯერ მოხვდა. გთხოვენ ნებართვას თუ დაუკითხავად ბეჭდავენ?

- არის თითო-ორი მედიასაშუალება, რომელიც აუცილებლად ჩემგან ითხოვს ნებართვას და ჩემს ფეისბუკ-სტატუსებს ისე აქვეყნებს, მაგრამ ძირითადად დაუკითხავად მიაქვთ.

დაუკითხავად გამოქვეყნებაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სათაურს არქმევენ ან რაღაცას ისე გადააკეთებენ, რომ უხერხულობაში ვვარდები ან თავის მართლება მიწევს. ეს ჩემი უფლებების სრული დარღვევაა და ვიცი, ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლო, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენი ძალისხმევა და რესურსი უნდა დავხარჯო, ამიტომ არ მიღირს.

ერთხელ კონკრეტულმა პირმა წაიღო ერთი ჩემი ისტორია და თავის გვერდზე, როგორც საკუთარი სტატუსი ისე დადო.

ჩემმა მეგობრებმა მისწერეს, რომ რაც გააკეთა არასწორი იყო და უსაყვედურეს, იმან კი ბოდიშის მოხდის ნაცვლად, აქეთ დაგვანამუსა.

- სამედიცინო საქმიანობა სად დაიწყეთ?

- როცა ქართული არმია საბჭოთა ჯარს გამოეყო, თბილისში ქართული სამხედრო ჰოსპიტალი შეიქმნა, რომელსაც სამხედრო ექიმი გენერალი რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ჰოსპიტლის შექმნაში მან მთელი სული და გული ჩადო, სათითაოდ შეარჩია ყველა კადრი, შექმნა საოცრად კარგი კოლექტივი, მაგრამ სამწუხაროდ, ჰოსპიტლის გახსნამდე ავტოავარიაში დაიღუპა.

ჩემი პირველი სამსახურიც იქ იყო და შექმნის დღიდან ვმუშაობდი ჰოსპიტალში, რომელიც გენერალ ალექსანდრე რამიშვილის სახელს ატარებდა. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მან არაჩვეულებრივი, შეკრული გუნდი დაგვიტოვა, რომელიც ერთი ოჯახივით ვიყავით. ჩვენთან არ იყო ფულის გამო ერთმანეთთან დაპირისპირება, კონკურენცია, პაციენტების წართმევა.

სამხედროებთან ერთად, სამოქალაქო პაციენტებსაც ვიღებდით, რადგან როგორც ჩვეულებრივი კლინიკა, ისე ვმუშაობდით და შესაბამისად, როგორც პროფესიონალები, ყოველდღიურად ვვითარდებოდით.

მიხეილ სააკაშვლის გაპრეზიდენტების შემდეგ, ჰოსპიტალს ჯერ სამოქალაქო პირების მიღება აეკრძალა, შემდეგ კი, ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, თბილისში გაუქმდა და გორში გადავიდა. ოქრუაშვილმა ახალი თანამშრომლების ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა, რომლის მერეც სრულიად ახალი კადრები მიიყვანა და ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი გამოგვიშვა. ისინი, ვისაც სამხედრო ჰოსპიტალში, წლების განმავლობაში, უხელფასოდაც გვიმუშავია, ვის მხრებზეც მთელი ჰოსპიტალი იდგა, ვისაც სული და გული იქ დაგვრჩა, უმუშევრად დაგვტოვა.

სამწუხაროდ, 2008 წლის ომმა დაგვანახა, რაოდენი სიბრიყვე იყო სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანა, ვინაიდან, დაჭრილ სამხედროებს იქ ვერ აჩერებდნენ და მათი თბილისში გადმოყვანა ხდებოდა საჭირო.

- ამის შემდეგ პირდაპირ ჯარში ამოჰყავით თავი თუ იყო სხვა ეტაპიც, თქვენს ცხოვრებაში?

- ამის შემდეგ აღმაშენებლის გამზირზე გავხსენი ბავშთა გასართობი ცენტრი ,,ლიმპოპო“ და სამი წელი ვიყავი ჩემთვის. იქაური სახალისო ამბებიც მრავლად მაქვს მოყოლილი ფეისბუკზე.

ერთ მშვენიერ დღეს, დამადგა ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომელი, ჩემი მეგობარი ლაშა ქოიავა, რომელიც იმჟამად თავდაცვაში მუშაობდა, სამედიცინო ბატალიონს ქმნიდა და სამსახური შემომთავაზა. ამ შემოთავაზებაზე ერთი-ორი თვე ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ჯარი მაშინებდა, მაგრამ როცა გავიგე, ბატალიონში ჩემი ჰოსპიტლის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც იქნებოდნენ, დავთანხმდი.

2008 წლის აპრილში დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა გავერკვიე ჯარის ამბებში და უცებ, აგვისტოს ომში ამოვყავი თავი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ომში ჩემმა ექიმებმა, მედდებმა და სანიტრებმა სასწაულები გააკეთეს.

სამწუხაროდ, ჯარში ჩვენ არ გვიყურებდნენ, როგორც ექიმებს, ჩვენგანაც ისე და იმდენს ითხოვდნენ, რამდენსაც ჩვეულებრივი სამხედროსგან. მარტო ომის დროს ვიყავით, ლამის, ღმერთები, დანარჩენ დროს იყო წვალება და გამუდმებული ჭიდაობა ზედა ეშელონებთან.

ასმეთაური ვიყავი და 128 ადამიანი მებარა, რომლებიც საკუთარი მინისტრის ,,პოხონდრიებისგან“, ლამის, ყოველდღე მყავდა დასაცავი. იმ დროში ეს ადვილი არ იყო.

აი მაშინ, იმ წლებში, სულ სხვა ადამიანი გავხდი...

- რა შეცვალა სამხედრო სამსახურმა თქვენში?

- პირველ რიგში, ის, რომ ძალიან მძიმე სიტუაციებში თავის გატანა ვისწავლე. ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ ომს... იყო ათასნაირი სწავლებები, ველად ცხოვრება, ამდენი დასიცხული თუ გაყინული ადამიანის მოვლა-პატრონობა, რომლებიც მებარა, მაშინ, როცა არანაირი თანაგრძნობა არ მოდიოდა ,,ზემოდან." ჩვენ, თანამშრომლებს ერთმანეთის თანადგომითა და გამხნევებით გაგვქონდა თავი. ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ძალიან შორს წავალთ.

ვისწავლე უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება მაშინ, როცა ეს ძალიან საშიში იყო. ასევე, იქ, სადაც ხისტად და მიწოლით არაფერი გამომივიდოდა, ჯარმა ცოტა დიპლომატიაც მასწავლა.

- ჯარის პერიოდზეც არაერთი სტატუსი გაქვთ დაწერილი, იმ პერიოდის წნეხზე, ხელმძღვანელობის დავალებების პოლიტიკურ მოტივებზე, დირექტივებზე. ჩვენთან რას გაიხსენებდით?

- რა დამავიწყებს, 2012 წლამდე, როცა სამხედრო ნაწილში ვმუშაობდი, თანამშრომლებს უფლება არ გვქონდა სოციალურ ქსელში რამე დაგვეწერა ან მოგვეწონებინა, ყველაფერი კონტროლდებოდა. მერე, უკვე, როცა ის ძალა წავიდა, ჯარში ეს პრობლემა მოიხსნა. არათუ იმას გიკონტროლებდნენ, ვინ მოიწონე ფეისბუკზე ან ვის რა დაუკომენტარე, იმასაც არ გეკითხებოდნენ, იყავი თუ არა არჩევნებზე.

მანამდე, არჩევნების დროს ყაზარმული მდგომარეობა ცხადდებოდა, ხოლმე და გვატრენინგებდნენ, გამუდმებით გვითითებდნენ, ხომ იცით, ხმა ვისაც უნდა მისცეთო.

ნებისმიერი არჩევნების ჩატარებამდე, იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სამხედრო ნაწილში ჩაგვკეტავდნენ და ამას ყაზარმულ მდგომარეობას დაარქმევდნენ. ჩვენ სამხედროები ვიყავით და არანაირი უფლება არ გვქონდა, გაგვეპროტესტებინა ან წინააღმდეგობა გაგვეწია, ხმასაც ნაწილშივე ვაძლევდით.

მანამდე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი გვიტარდებოდა და პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად მიგვანიშნებდნენ, გვეუბნებოდნენ, ხმის მიცემამდე ხუთჯერ უნდა დაფიქრდეთ, ასევე, გვაფრთხილებდნენ, რომ კამერები ყველგან ყველაფერს აფიქსირებს, ამიტომ ფრთხილად იყავითო და ბუნებრივია, ეს ყოველივე ჩვენზე მოქმედებდა.

ყოველთვის ყველა თანამშრომელზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ოჯახიდან ან სანათესაოდან ვის ჰყავდა რუსეთში ახლობელი, ან ვის ჰყავდა პატიმარი. ეს მუდმივად იწვევდა იმის შიშს, რომ თუ მათ ნება-სურვილს წინ აღუდგებოდი ან მიშას გააკრიტიკებდი, ან არჩევნებზე ხმას ნაციონალებს არ მისცემდი, შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შეგქმნოდა.

ვერ ვიტყვი, რომ ამას პირდაპირ გვეუბნებოდნენ, მაგრამ საკმაოდ გასაგები მესიჯები მოგვდიოდა. ამიტომ, პირადად მეც კი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, შევდიოდი საარჩევნო კაბინაში და ხუთიანს ვხაზავდი.

2012 წლამდე ეს წნეხიც მიშლიდა ხელს და სოციალურ ქსელში მუნჯივით, ჩუმად ვიჯექი. მერე, უკვე შეზღუდვები რომ მოიხსნა, ისეთი ადამიანები დავიმეგობრე, ვისთან ურთიერთობაც მანამდე ძალიან მაინტერესებდა.

- თქვენ სხვა უბანში დაიბადეთ და გაიზარდეთ, სხვა ქალაქშიც გიცხოვრიათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც მთაწმინდაზე ცხოვრობთ. რითია მთაწმინდა სხვა უბნებისგან გამორჩეული?

- მთაწმინდა მართლაც განსხვავებული და გამორჩეული უბანია.

ჯერ ის რად ღირს, რომელ ქუჩაზეც არ უნდა ჩაიაროთ, სახლებზე გაკრული აბრა რომ გაუწყებთ: აქ ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი, ესა და ეს და იმ ადამიანების სახელ-გვარები წერია, ვინც ძალიან შენები იყვნენ და არიან...

ბევრი რამიდან გამომდინარე, თბილისში მეორე ასეთი უბანი არ არსებობს.

მთაწმინდაზე თბილისისთვის დამახასიათებელი ქალაქურობა ჯერ ისევ შენარჩუნებულია, რასაც ვერ ვიტყვი ვაკეზე, რომელიც შეიცვალა, სხვა ხალხი მოვიდა. მთაწმინდაზე სახლებიც, არქიტექტურაც, ყველაფერი ისევ ისეთია, როგორიც ადრე.

აქაურობა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ინტერნაციონალური უბანია, ყველა ეროვნების ადამიანი კეთილმეზობლურად ცხოვრობს, ქართველი, სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი, იეზიდი, ებრაელი ერთად, ერთ სივრცეში ურთიერთობენ. სპეციფიური უბანია, განსაკუთრებული.

ამ ძველ უბანს, არ უხდება დიდი და მრავალსართულიანი სახლები, ეს სიძველე უნდა შენარჩუნდეს. ყველა სახლი, ეზო, ღობე თუ აივანი არის განსაკუთრებული და ლამაზი. უმეტესად კი ყველა გასარემონტებელი და აღსადგენია, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

არსებულ ისტორიულ სიძველეს მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამისთვის ახალი ტიპის პოლიტიკოსები უნდა მოვიდნენ, ვისაც გული შესტკივა და იზრუნებს ჩვენზე.

შუალედური არჩევნების პირველი ტური რომ ჩატარდა, იმედი მქონდა, მთაწმინდელები თავიანთ მაჟორიტარად სწორედ ასეთ პოლიტიკოსს აირჩევდნენ და სოფიო ხორგუანს მისცემდნენ ხმას, რაც არ მოხდა. ამაზე ძალიან მწყდება გული. მანამდე ხო ყველა წუწუნებდა და ამბობდა, მუდმივად ორ ძალას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება და რა ვქნათ თუ არც ნაციონალები გვინდა და არც - ოცნებაო, ახლა ნამდვილად ჰქონდათ არჩევანის საშუალება და შეეძლოთ უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყვნენ, რაც არ გააკეთეს.

- თქვენ რომ იყოთ თბილისის მერი, რას შეცვლიდით მთაწმინდაზე ან რას გააკეთებდით?

- მთაწმინდა მარტო მელიქიშვილის, ლეონიძის ან შანიძის ქუჩა არ არის. რამდენი ისეთი ქუჩაა ზემოთ და ზემოთ, მიკარგული, მინგრეულ-მონგრეული, ყურადღების გარეშე დარჩენილი, აი, იმ ქუჩებიდან დავიწყებდი რეაბილიტაციას, ჯერ ზედა ვერას მივხედავდი და ასე შევუნარჩუნებდი მთაწმინდას იერსახეს.

იმ ზედა ქუჩებზე მარტო ტერიტორიები არ არის, იქ ხალხიც ცხოვრობს, რომელთაც კიბეებს, ეზოებს მოვუწესრიგებდი, დანგრევის პირას მისულ სახლებს გავურემონტებდი, რათა იქ ჩაკარგულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ ისიც ამ ქალაქის ნაწილია, ისიც ჩვენი მოქალაქეა.

ქალაქის ხელისუფლებისთვის არ უნდა არსებობდეს პრესტიჟული და არაპრესტიჟული უბნები. მე რომ ვიყო ქალაქის მერი, დავიდებდი წინ ქუჩების ჩამონათვალს და პრიორიტეტად სწორედ იმ მიკარგული ქუჩების ბინადართა პრობლემების მოგვარებას გავიხდიდი.

სხვას შეიძლება არ ახსოვდეს ისინი, მაგრამ შენ, ქალაქის ხელმძღვანელს არ უნდა დაგავიწყდეს.

- ფეისბუკში ასეთი მხიარული და იუმორით სავსე ნინო ახობაძე როგორია რეალურ ცხოვრებაში?

- ბუნებრივია, ყოველთვის მხიარული ვერ ვიქნები, მეც უამრავი პრობლემა მაქვს, რომელსაც ვაგვარებ ან ვერ ვაგვარებ და განვიცდი, მეც ბევრ რამეზე ვნერვიულობ, მაგრამ რომ შემოვალ ფეისბუკზე, რაღაცას დავწერ, ჩემს სათქმელს ვიტყვი და მერე უამრავი ადამიანი რომ მეხმიანება, ჩემს ნაწერს იწონებს, ან ხუმრობაში ამყვება, ან მესიყვარულება, თბილ სიტყვებს მწერს, მეც მსიამოვნებს, ჩემზეც გადმოდის მათი დადებითი განწყობა და ის პრობლემები უკანა პლანზე გადადის.

ძალიან მახარებს ემიგრანტები რომ მეხმაურებიან, ჩემი ამბების წაკითხვა რომ უხარიათ, მწერენ, მლოცავენ, პირადში უამრავ შეტყობინებას მიგზავნიან. ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ეს ურთიერთობა მათთვის.

სოციალურ ქსელში ახალ ნაცნობებს და მეგობრებს ვიძენთ, მერე ერთმანეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი ვხდებით. ვირტუალურად გაცნობილი ადამიანები, ხშირად, ერთმანეთს რეალურად ვხვდებით, ზოგს ვკარგავთ კიდეც, ზოგი ფიზიკურად მიდის ჩვენგან, გვტკივა, გვიყვარს, განვიცდით. ამიტომაც ვამბობ, რომ ფეისბუკზე აბსოლუტურად ყველაფერი რეალურია და ნამდვილი.

 

ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...