კონტენტზე გადახტომა






სურათი

რას ითხოვდა პრეზიდენტის დაცვის უფროსი და რა გახდა სკანდალის მიზეზი?

დაპოსტა: Redaqtori, 27 February 2013 · 1125 ნახვა

..სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეორგანიზაციის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვა 350 ადამიანით, ბიუჯეტი კი 7 მილიომ ლარზე მეტით განისაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო მისი პირადი, მეუღლის, შვილებისა და დამატებით მიხეილ სააკაშვილის დედის უსაფრთხოების დაცვა; რეზიდენციების სრული დაცვა; დაჯავშნული VIP მანქანები; ესკორტის 2 ეკიპაჟი სრული შემადგენლობით; 4 ექიმი; ოპერატიული და ოპერატიულ–ტექნიკური სამსახური; სვლა–გეზის სამსახური, ადმინისტრაცია და სხვა სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, პირადი დაცვის გარდა, შსს, თავდაცვის, დაზვერვის, სპეცტექნიკის და ქალაქებში კეთილმოწყობის სამსახურები მოემსახურება...საქართველოს დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობა 2850 თანამშრომლით, ბიუჯეტი კი 42 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრება. ამ ფონზე, პრეზიდენტის მხარემ, კომისიის სხდომაზე, აღნიშნული სამსახურიდან 1000 თანამშრომელი და 20 მილიონი ლარი მოითხოვა. და ეს მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კერძოდ, სააკაშვილის მეგობარ ესტონეთში პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახური 57 ადამიანისგან შედგება, ლიტვასა და ლატვიაში დაცვის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა 300–ს არ აღემატება. ჩვენთვის სამაგალითო ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში – ბელგიაში, დანიასა და შვედეთში ქვეყნის პირველი პირების სპეციალური დაცვის თანამშრომელთა რაოდენობა 150–ზე ნაკლებია. საინტერესოა, რა ასეთი საგანძურია მიხეილ სააკაშვილი 1000–კაციანი დაცვა და 20 მილიონი რომ სჭირდება? ამის არგუმენტად დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების დიდი რაოდენობა, გაზრდილი რისკები და მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი აგრესია დაასახელა ანუ ბატონმა ჯანაშიამ ბიუჯეტში ხალხის მიერ გადახდილი ფულით მოსახლეობისგან პრეზიდენტის 20–მილიონიანი დაცვა ითხოვა. ჯანაშიამ ასევე მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებისას, გზის სავალი ნაწილების გადაკეტვაც....სხვათა შორის, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თბილისში 3–4 ავტომანქანით გადაადგილდება, რეგიონებში კი ამ რაოდენობას 1 მანქანა ემატება იმ დროს, როდესაც პრეზიდენტის განკარგულებაშია 10–12 მანქანა. ბიძინა ივანიშვილის გადაადგილებისას არ იკეტება ქუჩები, პრემიერი ითხოვს მხოლოდ საგზაო წესების დაცვას – ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, ალბათ, გასაგებია რატომ გახდა რეორგანიზაცია სახელმწიფო დაცვის სამსახურში სკანდალის მიზეზი და რატომ გაიბუტა პრეზიდენტი სააკაშვილი".

(,,ვერსია"N22(778); ავტორი:ანა დადიანი)