Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.946

სტრატეგიული თამაშები ყოველდღიურ სტილში, ანუ ცხოვრება შედგა!


katya

4.348 views

blog-0336220001501486158.jpgგაექეცით საკუთარი თავისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას.

როგორი ამაზრზენიც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, არ დაადანაშაულოთ ამაში გარე ძალები: ისტორია, სახელმწიფო, ხელისუფლება, რასა, მშობლები, მთვარის ფაზები, ბავშვობა, უდროო დაჯდომა ღამის ქოთანზემენიუ ვრცელი და მოსაწყენია. იმ მომენტში, როცა გადააბრალებთ დანაშაულს, ძირს უთხრით საკუთარი გადაწყვეტილების უნარს, შეცვალოთ რამე და აფართოვებთ უპასუხისმგებლობის ვაკუუმს, რომელიც ასე უყვართ დემონებს და დემაგოგებს, რადგან პარალიზებული ნებისყოფა ანგელოზებს არ ახარებთ.

იოსიფ ბროდსკის გამოსვლიდან მიჩიგანის უნივერსიტეტში.

 

დღევანდელი საორშაბათო განწყობა ასეთია. საჯარო წერილის დატოვება და „თამაშიდან გასვლა“ გამოსავალი არაა. ჩემი აზრით, სისუსტე და უპასუხისმგებლობაა...

ცხოვრება სტრატეგიული თამაშია იმპროვიზირებული გრაფიკით, სპეცეფექტებით... წესებს სიტუაცია წერს, სიტუაციას მხოლოდ საკუთარი ქცევა არ განაპირობებს...

ცხოვრება საოცარი თამაშია ირგვლივ მიმოფანტული გახსნილი და გაუხსნელი კვანძებით, სხვენის მოჩვენებებით, განჯინის მაკნატუნებით, სარკმლის ფერიებით, საკვამურის აჩრდილებით, კომოდის ჩონჩხებით...

ცხოვრება ურთულესი თამაშია! ჩვენ ვეპაექრებით ობიექტურ რელობას სუბიექტური შტრიხებით, ვიგებთ, ვაგებთ, "სიცოცხლეებს ვაგროვებთ" და ფინიშისკენ მივიწევთ თავგამოდებით... არადა, რა გვეჩქარება?! სად გაიქცევა ეს ფინიში?

 

ცხოვრებას თავისი ზაფხულიც აქვს, ზამთარიც, გაზაფხულიც და შემოდგომაც...

ბოლო დროს დავაკვირდი ასაკობრივ აღქმებს და საზომებს. ბავშვობაში ზაფხული მთელი 90 დღე გრძელდებოდა. დიდობაში სულ რაღაც 13 შაბათ-კვირაა...

თუმცა, რატომ? დღეში 2 დილა, კვირაში 7 პარასკევი და ყოველ დღე შაბათი..იფ!

მერე რატომ გაქვთ ქართველებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაო?

გვაქვს!

დაყარეთ პურმარილი! თბილისის „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ იყო და იქნება...ოღონდ, სიცოცხლე არც ღამის ცხოვრებიდან იწყება და არც „ხრუშჩოვკებიდან“...

თბილისურ პურმარილზე გამახსენდა - პირველი სამწვადე პარიზში, თბილისურსუფრასჩახუტებულმა ალექს დიუმამ გახსნა.. რა კუჭის მონა იყო ეგ ოხერი!...

მაგისთვის დაეხეტებოდა ამდენხანს კავკასიაში?.

ფრანგების გამონათქვამს –– "გენიოსები პროვანსში იბადებოდნენო და პარიზში კვდებოდნენო" – ვერაფერს დავუმატებ, გარდა იმისა რომ დავეთანხმო...

ეგ რაღა შუაშია კი არა, თავშია!

ქართველები 3000 წლის კულტურის მატარებელი ერი ვართ. ამიტომ გვაქვს თანდაყოლილი შინაგანი სიამაყე. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით დაცემული ფსიქოლოგიის ერი, დაცემული მორალი სხვა განზომილებაა, ინდივიდებამდე დასული.

თბილისელების დაახლოებით რა პროცენტია გაბრაზებული, ამას ზაალის „ნაციონალ-რუსთავული“ კლანი არკვევს? ხელისუფლება არკვევს ახალი ხელშეკრულების პირობებს ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერთან, რათა , საარჩევნო კამპანიის პიკში, გაბრაზებულ ამომრჩეველს, წყალი ცივად და უწყვეტად მიეწოდოს, დამატებითი სიბრაზის თავიდან აცილების მიზნით.

აბა კმაყოფილს და მაძღარს არც დაკარგული ტერიტორიებისთვის ბრძოლა უნდა და არც არჩევნები აღელვებს. მაძღარს ძილი ურჩევნია...

ცხოვრება ყველასთვის სამართლიანია, ვიდრე უმართლებთ. მერე სამართალს მხოლოდ წაგებულები დაეძებენ...

აი ასე, ვინც აგვისტო პირზე თბილისს შემოვრჩით, ჯერ-ჯერობით სუნთქვას ვახერხებთ, წუწუნსაც -ზაფხული ზაფხულს აღარ გავს, კაცი- კაცს, ქალი-ქალს, პოლიტიკოსი - პოლიტიკოსს და ვინ დააწესა ზოგადად რა- რას? და ვინ - ვის? უნდა ჰგავდეს?!.

რას მიყურებთ? ჭეშმარიტება ზოგჯერ დემაგოგიაშიც იბადება, მარტო კამათში კი არა.

ეჰ, როგორ „ასწორებს“ ზოგჯერ ჩალით დახურულ ქვეყანაში ცხოვრება!!! იმ ჩალით არა, ჩვენ რომ გვხურავს. აი ის ჩალა - ბალიზე, კანარებზე, მალდივებზე, ბაჰამა, სეიშელი, ფიჯი...

2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული კურორტების ფასები დაიდო. საქართველო მაგ რუკაზე ჯერ არაა, მაგრამ იმედს ნუ გადავიწურავთ. ნურც ფინანსთა სამინისტროს ამოვადენთ ცხვირ-პირში სამივლინებო თანხების ფლანგვას. ბოლო-ბოლო ფინანსთა სამინისტროა, თავისას ხომ არა, ქვეყნის ფულს ფლანგავენ და დასასვენებლად კი არა, საქვეყნო საქმეებისთვის...

ჩვენ კიდევ აქ ბათუმის ფასებზე ვწუწუნებთ! თუ დღეში, მინიმუმ, 100 ლარის დახარჯვის თავი და ტანი არ გაქვთ, რა გესვენებათ ნეტავ?! წადით, იმუშავეთ!

ხაჭაპური ძვირიაო! ქართულ ხაჭაპურზე „ფორბსიც“ კი ალაპარაკდა, ორიგინალი, განა პატენტი?! ქართული ლურჯი სუფრა იუნესკომ­ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. უმაგრესი ამბავია, მაგრამ ვის სცალია ამისთვის?!

 

თუ ლოგიკას მივყვებით, ამ ქვეყანას 100 ახალ საწარმოზე მეტად უახლესი ტექნოლოგიის პარაზიტოლოგიის ცენტრები ესაჭიროება ყველა რეგიონში და დედაქალაქში, ისეთი სისწრაფით მრავლდებიან დანამატ-პრემიანაჭამი „მოჯამაგირეები.“

და ნუ გვიკვირს, რომ ჩვენი ჩინოვნიკები, ხშირად, ჭეშმარიტი ჯენლტმენებივით, დაუმშვიდობებლად მიდიან... რომელი ეროტიკული შოუ შეედრება სანახაობას - როცა ისინი აუჩქარებლად, მომნუსხველი მიხვრა-მოხვრით იხსნიან მხრებიდან პასუხისმგებლობას...

საშუალო რგოლის მენეჯერების ყველაზე მოდური და პრაქტიკული სამოსი ორმხრივი ელვა შესაკრავიანი შარვლებია. გააჩნია რომელ კაბინეტში აქვთ საქმე - ზემოთ თუ ქვემოთ?

შუა რგოლზე გამახსენდა - ბესელიამ მარგველას, კულტურული გაფრთხილების ფარგლებში შეახსენაა, რომ ვეტო არც ნინიას ბაღია, არც ევას პავაროტი, არც ბუს კვერცხები და არც „ამის პატრონმა რა ქნას?“რომ ვეტო იარაღი კი არა ბერკეტია, რომელსაც სერიოზული და აზრზე მოსული პრეზიდენტები იშვიათად, მაგრამ შედეგიანად მოიხმარენ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღება ხდება. ერთი სიტყვით, ქალბატონმა ეკამ, თავისი ჩვეული ხმის ტემბრით და სახასიათო მიმიკით დაუტატანა პრეზიდენტს - ვეტოც გააუფასურე, საკუთარი თავიც და, საერთოდ, ხომ არაფერი გეშლება შენ ბიჭოო?!

ზის ჩვენი მხედართმთავარი მას შემდეგ და ითვლის - სად შეეშალა?

მას შემდეგ რაც პრენზიდენტის საპარლამენტო მოციქულმა ანა დოლიძემ - პარლამენტის თავმჯდომარეს უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“ უწოდა, ზოგიერთმა პარლამენტარმა ბულგაკოვი ჩუმად მოიძია. ძაღლის ბედი როგორ არ ჰქონდათ გაგებული, მაგრამ ძაღლის გული რაღაც ახალია და... ლოგიკურად, უახლოეს მომავალში, საპარლამენტო უმრავლესობის აქტივისგან მოსალოდნელია თემატური სემინარი „ კვაზი ადამიანების“ შესახებ, რომელსაც მოყვება განმარტებები კვაზისა და კვაჭის განმასხვავებელ და საერთო ნიშნებზე. ამ სემინარის მონაწილეთა სიაში მოხვედრას აქტიურად, მაგრამ შეფარულად ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წარმონაქმნები. თუმცა, ამ თემის და პერიმეტრის კონტროლი თავის თავზე ქალბატონმა მარშანიამ აიღო.

ამასობაში, მეზობელ და „აწმეგობარ „ თურქეთში მსოფლიო დონის კანონი მომზადდა - ბებიებისთვის სამ წლამდე შვილიშვილების მოვლისთვის ხელფასის დანიშვნის თაობაზე. ჩვენებიც ამზადებენ კანონებს, ოღონდ ისეთს, 100 წელიწადში ერთხელ რომ შეიძლება 1000-ში ერთ ადამიანს დასჭირდეს.

მაგრამ, როგორც იტყვიან, კეთილ ეშმაკს არ სძინავს და, ისეთ უსიამოვნო წვრილმანში, როგორიც წლების მატებაა, შესაძლოა, ქართველებმაც ვნახოთ ხეირი. არც ისე ავი კულუარული ხმები ამბობენ, მომავალ საპენსიო რეფორმაში, ქალბატონებისთვის პენსიის დანიშვნისას ისიც იქნება გათვალისწინებული - რამდენი შვილი გაზარდა და სამუშაო სტაჟად ჩაეთვლებაო! რა თქმა უნდა, სამჯერ დავაკაკუნე და სალესიც გადავაგდე. თუმცა, აქვე ჩაგეკითხებით - თუ მამაკაცი ზრდის ბავშვებს, მაშინ როგორ იქნება ეგ ამბავი?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ერთხმად დაამტკიცეს რომ მსოფლიოს ნებისმიერი აეროპორტიდან , სასტუმროს ნომრის აბაზანიდან, რესტორნიდანაც კი, სრულიად შესაძლებელია გამოფრენა, გახვანჩალება, გაძღომა ამ პროცედურების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გარეშე. ხომ არ გვეცადა?!

აეროპორტის თემას ამ კვირაში გვერდს ვერ ავუვლით. „ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებო! „ ასე დაემუქრა პოროშჩენკოს ყოფილი უკრაინელი მესაზღვრე და ცხვირი მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითით მოიწმინდა.

ისე, რომ დავფიქრდი, რატომაც არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის სახელით იაროს ერთმა გიჟმა სამყაროში? მსოფლიო გაგვიცნობს, თავი მოგვეჭრება... შავი პიარიც პიარიაო, ასე არ ამბობთ ხოლმე , „პროფები“, როცა გჭირდებათ?Bottom of Form

ქართულ სასმელების ბაზარზე სიახლეა - ახალი ენერგეტიკული სასმელი “ბუღა“ მოგიხსნით უსაქმურობით გამოწვეული დაღლილობის შეგრძნებას და სხვა თვალით დაგანახებთ ეროვნული - პროსტიტუციის წვრილმანებს.

 

გინდ ასქულიანი მართვის მოწმობები შემოიღე, გინდ დედა დააფიცე, ჩვენებური მძღოლები ფორმას ინარჩუნებენ და ბოლო მონაცემებითაც კვლავ, ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმდებიან.

დიახ! ჩვენ ტრადიციების ერთგული საზოგადოება ვართ, კანონი სადმე მოულოდნელად თუ წამოგვეწევა ხოლმე...

ზაფხულზე და კანონზე გამახსენდა - ჩემს ბავშვობაში მახსოვს, მატარებლის ბილეთები რომ იყიდებოდა "ლევი" , 1 ადგილი 2-ჯერ და 3-ჯერ რომ იყო ხოლმე გაყიდული და მიდიოდა მერე კუპე-კუპე-პლაცკარტ-პლაცკარტ გარჩევები - მე პირველი ამოვედი, მე პირველმა ვიყიდეო და ბოლოს „პრავადნიკს“ ან „პრავადნიცას“ რომ ბეთქავდნენ და წეწდნენ... ეჰ, კარგი იყო ბავშვობა, მაგრამ, ამ შემთხვევაში იმ ხარაგაულელი ბაბუს ამბავი სჯობს - „ხათრის გულობიზა რომ ჩაჯდა მანქანაში“...

ასეთი ხათრიანებიც ვართ ჩვენ! ძალიან თუ არ გაგვიჭირდა, არც ის გვახსენდება - ერთი ზუსტი და დროული ამოკვრა ყბაში წარმატებით რომ ცვლის სამსაათიან აღმზრდელობით მუშაობას. უმოქმედობის ინერცია გაცილებით ძლიერია აზროვნების ინერციაზე...

ცხოვრება შედგა იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად არ გვჭირდება საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრება შედგა.

ცხოვრება გენიალური თამაშია, როცა ერთდროულად შვილობანას და დედობანას თამაშობ.

წუხელ მითხრა ნიკოლოზამ, "ბუქში" ცხოვრებობანას ვთამაშობო...

მე მაგის ასაკში სახლობანას ვთამაშობდი..

ეს, როგორც მომავალი ნადვილი მამაკაცი და ინდიგოთა რასის კლასიკური ნიმუში, დიდ მასშტაბებს შეეჭიდა..

ცხოვრება უმხეცესი თამაშია! სადაც შეგიძლია იყო მშობელი, შვილი, შვილიშვილი და იყო ბედნიერი შენთვის ძვირფასი ადამიანების ნაბიჯების ხმით, ღიმილით, მონატრებით და მარტოობითაც, რადგან არაფერი სჯობს იმ მარტოობას, როცა იცი სადღაც სულ გელიან და სულ ახსოვხარ...

ყოველ დილით, გაღვიძებისას, ვირჩევთ განწყობას, როგორც სამოსს.

ჰოდა, ჩაიცვით ბედნიერება და სიყვარული. ეგ სტილი მოდიდან არასოდეს გადადის...

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...