კონტენტზე გადახტომა






სურათი

არც ისე თეთრი თეთრეულის ამბავი, ანუ ამბავი ბოლომდე უთქმელი და მოსასმენი

დაპოსტა: katya, 25 July 2017 · 397 ნახვა

არც ისე თეთრი თეთრეულის ამბავი, ანუ ამბავი ბოლომდე უთქმელი და მოსასმენი წინა კორპუსში, მეზობლის ქალმა თეთრეული გაფინა...
არც ისე თეთრი თეთრეული, სიყვითლედაკრული, მაგრამ ასე ქვია...
ვიცი, დედაჩემი ირიბად გადასწევს ფარდას ყავის სმის დროს და არ დატოვებს მეზობლის გაფენილ თეთრეულს უკომენტაროდ.
ასეთია - ვერ იტანს გაუქათქათებელ თეთრეულს.
გადასწევს ფარდას, მოპრუწავს ტუჩებს და იტყვის - ხალხმა თეთრეულის გარეცხვა ვერ ისწავლა!
და თუ მეტად არ ირეცხება? - ვუპასუხებ მე.
დედაჩემი ფინჯანს დადგამს, ორივე ხელისგულს მაგიდაზე ფრიადოსანი მოწაფესავით დაალაგებს ერთმანეთზე, მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს აპრიხავს და მიპასუხებს: „ნუ სულელობ რაღაცას! რას ნიშნავს მეტად არ ირეცხება? უნდა რეცხო გათეთრებამდე. თუ არ თეთრდება, უნდა გადაყარო, თუ ვერ ყრი, ხალხის თვალს მაინც უნდა მოარიდო. არავის სიამოვნებს სხვისი ჩაყვითლებული თეთრეულის ყურება. ამდენი მაინც უნდა გესმოდეს, თუ რეცხვა არ იცი“...
მე გავჩუმდები და გავხედავ მეზობლის არც ისე თეთრ თეთრეულს და გამახსენდება, როგორ უხერხულობას ვგრძნობდი წლების წინ, როცა პატარა, მაგრამ, არც ისე პატარა ვიყავი, უკვე გამობერილი ღიპით, ან მერე, უკვე დაჩუტული, პირველი შვილის რამდენჯერმე გამოხარშულ საფენებს რომ ვფენდი, წინა კორპუსში კი რამდენიმე თოკზე ჯარისკაცის ფორმები შრებოდა, ზოგან არც ისე კარგად გარეცხილი, სისხლის ლაქებშერჩენილი ყვითლად...
მოხდა ისე რომ ჩემი ოჯახიდან სამხედრო ფორმა არავის ცმია, თუ მშობლების მამებს, ბიძებს და ახლობლებს არ ჩავთვლით. არც ავტომატი ჭერია არავის, თუმცა, ჩემი შვილების თანაავტორს ეჭირა სამაჩაბლოში, სანამ მე მისი ცოლი გავხდებოდი. როცა მისი ცოლი გავხდი, უკვე სძულდა, სასტიკად სძულდა იარაღი.
მისი სახლიდან გასვლა დედაჩემის ტექსტით სრულდებოდა - მეზობლების მრცხვენია, ახალგაზრდა კაცი ყოველ დილით გადის სახლიდან და საღამოს მოდის, თითქოს არაფერი ხდებოდეს, თითქოს ბიჭები არ იხოცებოდნენ...
მე მაშინ ვბრაზობდი, დედაჩემზე ვბრაზობდი - როგორ შეუძლია ასე სძულდეს თავისი მომავალი შვილიშვილის მამა, რომ უნდოდეს მისი ომში წასვლა, თუნდაც არდაბრუნებით...
თავისი ქმარი გაეშვა? რა გგონიათ, იმაზე არ ბრაზობდა? მაგრამ მამაჩემი 18 წლის ასაკში დატოვა „სამხედრო ბილეთის „ გარეშე შესაბამისმა კომისიამ, როგორც არმიისთვის და ფრონტისთვის გამოუსადეგარი. იმ დროს, 90-იანებში რომ გამოცხადდა მოხალისედ - წადი ბიძია სახლში და ფრონტისთვის რაც შეგიძლია იქიდან გააკეთეო. მართლა ასე იყო, კალაშნიკოვს რომ ვშლიდი და ვაწყობდი არ ჯეროდა, სანამ თავისი თვალით არ ნახა, იმიტომ რომ, იქამდე, კალაშნიკოვი მარტო ფოტოებზე ჰქონდა ნანახი. პაპაჩემის ორლულიანი თოფიც კი არ ჭერია. ერთხელ სიძე-ბატონი დათვზე სანადიროდ დაპატიჟეს გურულებმა და, მთელი ღამე ისე უნერვიულია, დილით გაშანშალებული 39 უჩვენებია თერმომეტრს თანაგრძნობის ნიშნად.
მოკლედ, დედაჩემი შეგუებული იყო მეუღლის ამ ნაკლს, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ უხსნიდა სიძეს. „გვიან ღამით მაინც მოვიდეს სახლში, ან დილით ისეთ დროს გავიდეს , ხალხმა არ დაინახოს, ფანჯარაში გახედვის მრცხვენიაო“... მე ისევ ბრაზობდი, ვტიროდი და ვიბუტებოდი...
მერე, წლების მერე, ანუ რამდენიმე წლის წინ ჩემმა შვილმა მკითხა - მამაჩემი ომში რატომ არ იყოო? ბებიამ უპასუხა - დედაშენმა არ გაუშვაო... მე გავჩუმდი...
ბიჭმა - როდის იყო ომში კაცებს ქალები უშვებდნენ? წასულიყო, იმას მაინც ვიტყოდი, მამაჩემი აფხაზეთისთვის ომში დაიღუპაო...
ბებია ამ დროს იყო უზომოდ ამაყი და ირონიული ნიშნისმოგებით მომზირალი. მეც ვიყავი ამაყი, მაგრამ დამნაშავის გამოხედვით.
რას მოვაყოლე ეს და მეზობლის არც ისე თეთრ თეთრეულს და აგვისტოს სიახლოვეს. კიდევ, „პატარა ოთოს“ ქამარში გაჩრილ იარაღს და ფაშიზმითა ფაშიზმით დამთრგუნველ თავყრილობას...
შიშმა იცის მოგონებების აშლა, შიშმა, რომელიც უკვე იყო და მისი ფერიც გახსოვს, სუნიც და გემოც...

დილის 6 საათია. სადმე კარგადაღზრდილი და პასუხისმგებლობაშეყრილი მამალიც იყივლებდა უკვე. ეგეთი მამლების ხმა ჟანგბადნაკლულ ქალაქამდე იშვიათად აღწევს. ამიტომ, ქალაქელები, ძირითადად, ტელეფონ-სმარტფონ-აიფონების იმედად ვართ... გუგულიანი საათების დრო წავიდა. უფრო სწორედ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალ ფრინველთა უფლებების მერამდენიღაცა მუხლს შეეწირა მექანიზმზე გამობმული, ფეხებგაბორკილი ყველა გუგული. სამაგიეროდ, გუგულის იშვიათი ჯიშები შემორჩნენ ქართულ პარლამენტში და მორჩენილ საკენკს აქეთ გვიყრიან...
დილის 6 საათია და ყველაფერი რიგზე რომ იყოს, ამ დილაუთენია მეზობლის ფანჯრების ჭვრეტას და თეთრეულში ქექვას არ დავიწყებდი...
ყველაფერი რიგზე რომ იყოს, ვერც მიშას ნაციონალური მოძრაობის „დიდი ხელოვნური აფეთქების“ შედეგად წარმოქმნილი სუბიექტები გაბედავდნენ „სახალხო პროტესტის“ მოწყობას ხალხის სახელით...
ყველაფერი რიგზე რომ იყოს, გუშინ ოთო წელზე იარაღით კი არა, მატროსოვის ცნობილ მისამართზე მისატანი ამანათით ხელდამშვენებული უნდა ყოფილიყო...
მაგრამ, ისეთი პროვოკატორის რა ვთქვი, საკუთარ თავს რომ ვერ უპროვოცირებს და კიდეც გაამართლა ოთომ ჩვენი იმედები!
მადლობა ოთოს!
ყველაფერი რიგზე რომ იყოს, ჩვენ, საზოგადოების პოლიტიკურად მიუკერძოებელ ნაწილს, გაგვიკვირდებოდა "ევროპული საქართველის" ანტიფაშისტურ აქციას რესპუბლიკელები და თავისუფლი დემოკრატები რომ შეუერთდნენ, მაგრამ არ გაგვკვირვებია. და რა შუაშია სინდისი? სინდისი მაგათაც „სუფთა“ აქვთ, უბრალოდ მტვერი ედება ხოლმე უქმად დებისგან...
ოპოზიციას, ჩვენში, საერთო ლიდერი კი არა, საერთო მოწინააღმდეგე აერთიანებს. ტრადიციაა ასეთი...
ზოგჯერ ნებისყოფის მთელი მარაგის მობილიზება გჭირდება, რომ მხარი ან მიმართულება იცვალო კი არა, უბრალოდ, საწოლში მეორე გვერდზე გადაბრუნდე. ჰოდა, ასე მარტივი ეჩვენება ვინმეს კუზის გასწორება?

1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები ნიკოლოზ ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი ერთ-ერთი საზეიმო შეხვედრის დროს ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. როცა ჩაცმულობის გამო ერთმა ხანდაზმულმა ლორდმა მათი ვინაობა-სადაურობა იკითხა, ბრიტანეთის პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა უპასუხა:
- ნუ გიკვირთ ლორდ, ესენი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც შეუძლია მთელი ევროპა მოამარაგოს მინისტრებითო.
ხოდა... რა კატასტროფული ცვლილებები მოხდა ამ 100 წელიწადში ისეთი ქართველთა აზროვნებაში, რომ ქვეყანა ფეხზე ვერ დავაყენეთ? არადა, ევროპულ წარმოდგენებსაც ხომ მტვერი ედება...
მტრების იმედებს რომ ვერ გაამართლებ, ეგეც ერთგვარი წარმატებააო, ამბობენ, მაგრამ ძალიან საშიშია, როცა მტერ-მოყვარის სათვალავი აგერევა...
ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის სიტყვის ფასი აბსოლუტურ შეუსაბამობაშია ახლანდელ ლიდერთა უსიტყვო მოძრაობის ფასთან.
დღეს პოლიტიკა დიდი ქარვასლაა!
მაკაარ!
ძლიერები ცურავენ დინების საწინააღმდეგოდ, სუსტები - დინების მიმართულებით. ჭკვიანები ნაპირზე სხედან...
როგორც წესი, აქამდე ჩრდილში მყოფთა ფერი კარგად შენახული და ხასხასაა, ბევრს იზიდავს. წილობიას იწილო-ბიწილოს "აკადემიკოსებმა" უკვე დასვეს რიტორიკული კითხვა - ახალი სახე სჯობს თუ ჭკვიანი თავი? საკითხზე მსჯელობა დაწყებულია...
როგორც ებრაელები ამბობენ - ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, საღი აზრის გარდა...
ყველაზე ცუდი განცდა შეცდომის დაშვების შიშია. მორიგი შეცდომის...
ყოფილი მტრებისგან, ზოგჯერ, არც ისე ცუდი მეგობრები დგებიან. აი ყოფილი მეგობრებისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე...
კიდევ კარგი რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ნაკლი გვყოფნის და მაგის ვალად აღება მაინც არ გვჭირდება...
ძნელია, მუდმივად იყო "მაგალითის მიმცემი". მათ, ვინც ხშირად მოყავთ იდეალურობის მაგალითად, სიბერეში გასახსენებელი არაფერი აქვთ ხოლმე და ეს ფენომენი ქართულ მენტალობასთან ისე მწარედ შეუთავსებელია...
წინასაარჩევნო პერიოდში (და ჩვენთან ქრონიკულად ეს პერიოდია) სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ხოლმე, რომ პოლიტიკური სტატუსისა და ჩინის მაძებარ ადამიანებს არც მშობლები უყვართ და არც შვილები. რომ უყვარდეთ, არ გაიმეტებდნენ იმ საშინელი შეურაცხყოფისა და დამცირებისთვის, რომელიც თავს ატყდებათ ოპონენტებისგან. საქართველო ხომ ჯერ კიდევ არატრადიციული პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყანაა, თავისი სპეციფიური მორალური გადახრებით... ოღონდ ახლა არავინ მითხრას- სამაგიეროდ, სამშობლო თავს ურჩევნიათო! კიდეც ეტყობა სამშობლოს...

როგორც ბაბუა ჩერჩილი ამბობდა, „ ადამიანები მშვენივრად ინახავენ საიდუმლოს, რომელიც არ იციან“...
რა საჭიროა ჩხუბი და ლანძღვა-გინება, როცა არსებობს იგნორიო, პიარ-ტექნოლოგმა მაროშკინამ, თუმცა, მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას და, იგნორის ნაცვლად, კონფლიქტის მეორე ტალღა ააგორა პირდაპირ ეთერში... აბა კორკოტოსანთა მოდგმამ საიდან უნდა იცოდეს ერთხელ გაჩუმება რომ სჯობს მერე, ერთხელ ნათქვამზე, ასჯერ ბოდიშის მოხდას. ზოგადად ბოდიშის მოხდის კულტურაში არც ვბრწყინავთ და ვერც დახვეწილობით მოვიწონებთ თავს. ბოდიშის მოხდას მაშინ აქვს აზრი, თუ მერე „მაგრამს“ არ მოაყოლებთ...
არადა, ზოგჯერ, ჩახედავ სიმართლეს დეკოლტეში და თვალები შუბლზე აგივა...

ჩინური სიბრძნეა - როცა კოღო კვერცხებზე გაზის, იწყებ ფიქრს იმაზე რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზაცო...
არც შემთხვევა გაქცევს კაცად და, განტევების ვაცსაც კარგად უნდა შერჩევა.
ჩვენ, ბიძიკოებო, მხართეძოზე გვინდა ცხონება.. არადა, სამოთხეც შეიძლება, ჩიხი აღმოჩნდეს...

ჰო, ჯოჯოხეთზე გამახსენდა - გიორგი პლეხანოვის სულმა შემოთვალა, ამ ჩემი მიტაცებული ტერიტორიების დღევანდელმა მეპატრონემ, ვინმე „აღმაშენებელმა“ ანდერძში სხვა მისამართი მიგითითათ ქართველებს წინ და უკან სასიარულოდ და ჭკვიანურად საფიქრალად და თუ არ კითხულობთ, იკითხეთ მაინცო...

არც ისე თეთრი თეთრეულის ამბით დასაწყისში შეგაწუხეთ, რაც შეეხება სამოსს!
სამოსი თუ კარადაში შესადებად არც ისე სუფთაა, მაგრამ არც საკმარისად ჭუჭყიანია სარეცხის კალათისთვის, სკამის საზურგეზე ასეთებისთვის ყველაზე ოპტიმალური ადგილია. რასაკვირველია, სკამსაც გააჩნია და ზურგსაც.

ზოჯერ გვეჩვენება, რომ ადამიანი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, მაგრამ, კარგად რომ დააკვირდები, ხვდები, რომ შენ არ უსმენ გულისყურთ და ბოლომდე.
ზაფხულმა ვერ გაამართლა, არის რაო! თორემ, ჩვენ ხომ ვართ, რააა!?...
ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი




ნოემბერი 2017

   1234
567891011
121314151617 18
19202122232425
2627282930