Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.132

როცა ზურგს უკან სიმართლეა, ფეხქვეშ ბაზრები იწვის, ანუ სუნელური ნატყვიარები პატრიოტთა გულის ფიცარზე


katya

3.510 views

blog-0556558001499745737.jpg„ზაფხულია ცხელა-ცხელაში“ და ფეის-ბუღში სეზონის მეექვსე კვირაც წამოგვეწია თავისი ორშაბათით. „ცხელა-ცხელა“ ტექსტის და ტრადიციის მიხედვით თორემ, ნაყინის და წუწაობის სეზონმა ენგურის ბორანს გადაუსწრო „ჭირის მოჭმაში“ და მალე ფეხებზე გადავა. აი ორშაბათი რისი ორშაბათია, არ იორშაბათოს? გვეტაკა კიდეც ცეცხლით და მახვილით, ამჯერად ფოთიდან... ფაქტი ჯიუტია - ვიღაცას აშკარად არ ეძინა იმ ძველ საპორტო ქალაქში ორშაბათის მოლოდინში და კიდევ სეირის...

მიხვდით ალბათ - სასიამოვნო ღამის თევები აღარაა მოდაში. ხალხი სასარგებლოზე გადავიდა. სასარგებლოც არაა აუცილებელი ყველას მოერგოს „ვიტიჩკებში“. რამდენიმე მოსარგებლეც საკმარისია... სარგებელიც, ისე როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში, დასწრებაზეა. სამაგიეროდ, ნეგატიური ინფორმაციის ერთგული მკითხველია გადასწრებაზე . ეძებენ გაფაციცებით , აცეცებენ თაგუნიებს ნაცნობ თუ უცნობ კედლებზე და თუ სადმე საკბილოს წააწყდნენ, სულ კინწისკვრით მოარბენინებენ საკუთარ აკვატორიაში სათანადოდ შეცხადების და აღშფრთოვანების მიზნით, რასაკვირველია...

ასეა ბატონო! ემოციური ხალხი ვართ ჩვენ და კიდეც ვიმართებით ემოციებით. ეგაა, ემოცია კუჭს ვერ აძღობს და, ხანდახან მაინც გვიხდება ხელ-ფეხის გაქანება. ბედი ჩვენი რომ, მაგ დროს ტვინი,ძირითადად, ისვენებს. დასვენებული ტვინი სამომავლოდ დაგვჭირდება - იბერია რომ გაბრწყინდება, თავისით, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, მაშინ...

ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ! ვისაც არა - იწუწუნეთ და იწუწუნეთ! თქვენი მოსაწონი ჯერ მაინც არაფერი შეუქმნია გამჩენსაც კი, თქვენს გარდა...

ზაფხული რომ ცხელი უნდა ყოფილიყო ამას მაინც ვიყავით შეგუებული ისტორიული წყაროებიდან, მაგრამ, ჩვენ რისი სოციალურადაქტიური საზოგადოება ვართ, ამინდსაც კი უხერხულად თუ არ ვაგრძნობინეთ თავი?!

ხომ გვახსოვს, წინა წლებში ტყეები იწვოდა სიცხისგან და ყველა ერთად ვშფოთავდით , ვდარდობდით. სანაცვლოდ ვითხოვდით ან გვპირდებოდნენ მილიონ ან ტრილიონ ახალ ხეს... დიდად მოსაწყენი სანახაობა იყო...

ეს მაინც აღიარეთ რომ, ბოლო დროს აშკარად პროგრესი გვაქვს - ჩვენს ქალაქებში სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრებს ცეცხლი პირდაპირი მნიშვნელობით უკიდიათ და ყველაფერი ერთ კაცს ბრალდება...

მართალია იმ ერთ კაცს ერთი პარტიაც აქვს, თავისი საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობით, მაგრამ, პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე მაინც მასზე მოდის - „ნომერ პირველ მოქალაქეზე“... მძიმე ყოფილა ეგ სტატუსი ხომ? აბა როგორ გინდათ, პატივცემულო?!

ვისაც მივმართავ იცის იმან! იმან ყველაფერი იცის მაშინაც, როცა არ იცის და როცა არ ჩანს, მაშინ რომ ჩანს, ეგ ამბავი სოზარმა იცის საზეპიროებით. ახლა არ მკითხოთ სოზარი ვინააო?!.

ვინაიდან და რადგანაც, დამწვარი ბაზრების ნაცვლად, მილიონ ბაზარს ვერ მოვითხოვთ, ვითხოვთ მხურვალე იდეების ავტორთა გამოვლენას და დასახელებას საჯარო აპლოდისმენტებისთვის რასაკვირველია, აბა მაგათ სასჯელს ვინ აკადრებს? მასეც კი არ ბნელა... გეთანხმებით - ითაფლო, თაფლოს შაქრო პაპა და რუსი ჯარისკაცი არაა ცუდი ვერსია, ცოტა მტვრიანია უბრალოდ...

და საერთოდ, „რაც ხდება რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია და მეტის ღირსები ვართ“ ეგ ყველაზე მისაღები ვერსიაა ჩვენისთანა ჭინჭყლი მეწისქვილე საზოგადოებისთვის.

ჰოდა, იფქვება ტყუილ-მართალი ქატოდ და ფქვილად, ზოგჯერ ჭირად და ჩირადაც ასხმულ-დაშაქრული. ტყუილი წვრილმანი თუ მსხვილმანი. წვრილმანი ტყუილი რომელია და თავისი მოკლე ფეხებით სისხლის სამართლის კოდექსამდე რომ ვერ მიდის... ეგ გზა დიდი ხნის წინ აყარეს, მაინც არავინ დაიარება ზედო და ახლა მოგინდათ? საარჩევნოდ მაინც დააგონ არა ის?!

და საერთოდ, - თუ ტყუილის საპასუხოდ იტყუები, ეგ ტყუილი კი არა "საერთო ენის გამონახვის" მცდელობაა, ან „დიდი პოლიტიკა“.

გამოუსწორებელი პესიმისტი გაბედავს და იტყვის - რა შუაშია ჩვენთან პოლიტიკაო? არ ჰქონია მსგავსი ტრადიცია ამ ქვეყანას?. ისე, თუ ჰქონდა, სად წავიდა მერე?

რაც სიტყვა პოლიტიკა სამომხმარებლო კალათის ჩამონათვალში გაჩნდა, „ჩვენები“ ორ შემთხვევაში მიძვრებოდნენ მანდ - თუ ბიზნესი არ გამოსდიოდათ და თუ ბიზნესი გამოსდიოდათ. ბოლოს პოლიტიკა ჰარმონიულად გადავიდა ყველაზე წარმატებული ბიზნესის კატეგორიაში. და ახლა ვიღაცას სურს ის დაუბრუნოს ძველ კატეგორიას? ოლოლო ვიღაცას!

გაგანია ქართლში რუსებმა სასაზღვრო ხაზი გადმოაჩოჩესო და ისეთი ამბავი ატყდა, პუტინს ეგონა, ბალისტიკურზე დაეჭირა თითი...

არადა მაგ დროს საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტები ერთმანეთს სოხუმში შეხვდნენ. ხაჯინბამ ბიბილოვი მოჰაჯირების ბულვარზე გაასეირნა და ცნობილი ,,ბრეხალოვკის,, ყავაც ახუხა. ამ ამბავში შემაშფოთებელი ისაა რომ მიჩვევა იცის სოხუმურმა „ ბერეგის ყავამ“...

ბიბილოვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, იმედია, ქალბატონი ადა ჩამოგვიტანს მალე. მებრძოლი რაზმი 111 გამოვიდა მეზობელი სადგურიდან! გადაირბენს მარშანია მოსკოვში ქართული „მარშის“ ფონოგრამისთვის და გადმოირბენს... როგორც რუსულ პოლიტიკურ ელიტაში იტყვიან - Собрался народ в Раю, а поговорить-то, не о чем...

ეჰ... ვოლგა-ვოლგა!

შიშველი სიმართლე გაშიშვლებულ მაღალი ძაბვის კაბელზე უარესიაო ამბობენ და ცხოვრებისეულ კიბეზე ერთი საფეხურით ასამაღლებლად საკმარისია საკუთარ თავს გადააბიჯო.

როგორც ჩვენი მეგობარი და უფროსი ძმა ოკუპანტები ამბობენ - ჭკვიან ყვავს ღმერთი ყოველთვის უგზავნის უფასო ყველის ნაჭერს, დუმილის საფასურადო... დუმილი რომ ოქროა, ეგ ჩვენმა წინაპრებმა მაგათზე ადრე იცოდნენ, მაგრამ ზოგი ოქროს სიყვარულმა გადაიყოლა...

ოქროს სიყვარულმა კი არ უნდა გადაგვიყოლოს კაცო. ამოიღეთ ზოგჯერ ხმა!ზოგჯერ ხმაზე უარესიც!

ყრუ მუნჯისთვის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია. მიდი და გაიგე სულელია თუ ჭკუაგაფანტული?

ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი ენძელას ჯიშის ობიექტებზე დაკვირვებაა. რომელი ენძელა და „დაბადების დღის სჩუქარი“ და საპარლამენტო უმრავლესობის „ქინდერ სიურპრიზი“. მეყოს უხერხულია? უხერხული რომაა, მეც მაგას არ ვამბობ?

გასულმა კვირამ გაარკვია რომ ტყვიით შენელებული სანელებელია ჩვენი ეროვნული სიმუხრუჭის მიზეზი. სწორედაც რომ ტყვია გვამძიმებს , განსაკუთრებით წელიწადში ერთხელ, საცივში...

საპარტნიორო ფონდს ერთობ თემატური დელეგაცია სწვევია - პაკისტანის ბიზნეს-წრეებს, საინვესტიციო პროექტებთან ერთად, სუნელების დიდი პარტია ჰქონიათ შემოტანილი...

ჰო, "ევროპული საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. უფრო ქალური ვარიანტი არ ჰქონდათ და მიტომ.

ჩვენმა ბახუტამ ხბოც მოიგო და ბინაც! კურთხეულ ციანიდს გველის შხამი დაემატა მალამოდ...

ჩვენი წმინდა ჯაფარა წვიმის წყალში განიბანა, მაგრამ, ჩემი ფეხები - ჟმოტი და ბნელი სასტავები ხელს მაინც არ უწერენ...

7 ოქრო, 2 ვერცხლი, 8 ბრინჯაო - საქართველოს ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატებზე ყველაფერმა გადაფარა...

 

გზა, წყალი, შუქი და ინტერნეტი! მეტი „ რა ჯანდაბაა ხოჩეშ, შე უმადურო ქართველო“, გაგანია 21–ე საუკუნეში?

ღვაწლმოსილი მცხეთის სალობიე 50 წლის გახდა! თუმცა მანდ ლობიოზე უკეთესი ღვეზელები ქონდათ ყოველთვის.

არაფერია ხალხო! გუშინ მოსკოვი და ლონდონიც ბოლავდა. აგერ ბაღდადში მგლები მოგვიხტნენო, შემოგვითვალეს თბილისში და თბილისში პედოფილი ლინჩის წესით მიუძაღლებიათ...

უნდა გავუძლოთ!

ისეთი დროა, თუ ცეცხლი გიკიდია და მეგობარს საშველად უხმე, საუკეთესო მეგობარი აუცილებლად მოვარდება წამებში და, საუკეთესო აიფონით, ყველაფერს გადაიღებს...

აი, როცა ღორების ფერმა იწვის, მაგ დროს წყალი ნაკლებად ახსენდებათ და მისაშველებლად ზოგი ტყემლით მორბის, ზოგი პურით, ზოგიც „მშობლიური რვა ნომერით“...

ოპერატიულობაზე გამახსენდა, - ძალიანაც კარგი რამეა ეს 100 ქულიანი მართვის მოწმობები. მერე რა რომ უმრავლესობა ამ ქვეყანაში უ-მანქანო, უ-ქულო და უ-ფულო „ვდვიჟენიობთ“...

ხომ არ იცის ვინმემ, სად აპირებს წელს დასვენებას, იამაიკისა და კენიის მერე, ცესკოს სკამთუნახავი ბოსი? იმ ჯამაგირის ფასად, შთაბეჭდილებების გაზიარება მაინც დავავალდებულოთ ჩვენს ხარჯზე.

ჩვენ რა? ტყვია ვერაფერს გვაკლებს, ცეცხლში არ ვიწვით,, წყალში არ ვიძირებით.

არატრადიციული პოლიტიკური ორიენტაცია წარმატებით აყალიბებს ნეგატივზე ორიენტირებული საზოგადოებრივ აზრს.

ადრენალინის ენდორფინად გარდაქმნის პროცესია ქვეყანაში მოსაწესრიგებელი, თორემ არაფერი ჩვენ არ გვეშველება...

ჩვენ, კულტურულმა საზოგადოებამ, უკვე ვიცით, რომ სოციუმი ცხოველთა სამყაროსგან მხოლოდ თავისი არასრულყოფილი კანონებით განსხვავდება!

ჩამოყალიბდით, ბატონებო! ჩამოყალიბდით!

როგორც გამოცდილმა კულინარებმა იციან თქმა - ყველასთვის მოვძებნით შესაფერის სუნელს და საკმაზს, ოქტომბერში...

 

 

ცვლილებების, ყველაზე მეტად, კეფის პარაზიტებს და „ცხოვრება რომ იციან“ მაგ კატეგორიას ეშინია.

ნუ გეშინიათ, ცვლილებების ქარი ჩიხში არ უბერავს...

მერე რა რომ სულ უფრო ხშირად გვიხდება თავის მოსულელება, იმიტომ რომ იდიოტებივით არ გამოვიყურებოდეთ....

სიმართლე სწრაფად უნდა ილაპარაკო, თორემ, თუ დიდხანს იფიქრე, შეიძლება გადაიფიქრო. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ტანკიდან დაახლი და მოკურცხლავ...

ცხოვრება თეატრი კი არა, კინოა! ადამიანები - პოპკორნი. სამყარო პესიმისტებს ეკუთვნით. რეალისტები სალაროში სხედან და ბილეთებს ყიდიან...

 

დღეს შოკოლადის მსოფლიო დღეა!. კარგია, როცა დღესაც და ცხოვრებასაც შოკოლადის გემო აქვს. შოკოლადის დღე შოკოლადის ღამით იწყება..

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...