კონტენტზე გადახტომა






სურათი

აპოლიტიკური ყავა! ყველაფერი პირადული...

დაპოსტა: katya, 04 July 2017 · 576 ნახვა

აპოლიტიკური ყავა! ყველაფერი პირადული... „ქრისტეფორემ მონახა სწორი ადგილი და გადაზომა ათი ნაბიჯი.

- სიგრძე უდრის სიყვარულს, - თქვა მან და განის გაზომვა დაიწყო.

- ჩაიწერე, - უბრძანა სანიტარ შვანგირაძეს ნოშრევანმა.

- სიგანე - რწმენას! - თქვა ქრისტეფორემ.

შემდეგ ქრისტეფორემ ცაში აიხედა, თავზევით ხელი ასწია და თქვა:

- სიმაღლე - იმედს!“

“უცხო ჩიტი“ რეზო გაბრიაძე
ივლისის ხვატმოდებულ დილას გახედავ საწოლიდან სილურჯედაკარგულ ქათქათა ცას და გეამება - რა შორსაა!.. რამხელა იმედია...
რიჟრაჟი გეჟღურტულება ჩიტების პირით. პირით არა, ნისკარტით, აგერ ყურის ძირში, ფანჯრიდან ჩურჩუტი მტრედი შემობოდიალებულა და გგონია მხოლოდ შენთვის გათენდა ასე ახლოს და ასე ხმამაღლა...
ახალი დილა ახლადმოდუღებული ყავის ყლუპი და გგონია, ცხოვრებას თავიდან დაიწყებ - სუფთა ფურცლიდანო, რომ ამბობენ, მაგრამ, კალიგრაფია რომ არც ისე მარტივი შესაცვლელია?!.
გაკრული ხელი და სითეთრე სიტყვიდან სიტყვამდე. გამოტოვებული სასვენი ნიშნები (ვინ დაგასვენებს?!), იმ იმედით, რომ ოდესმე ამ ყველაფერს ხელახლა გადაიკითხავ, შეავსებ, ჩაასწორებ...
სამალავიდან პანამაჩამოფხატული იმედი იჭყიტება ფრჩხილებში ჩარჩენილი ხავსით. რამდენჯერ გავაფრთხილე, რომ ფრჩხილების ჭამა უწესობა და სიბინძურეა. არ მიჯერებს...
ჩასაფრებული „სასიამოვნო მოულოდნელობები“ – „საუკეთესო მეგობრის“ სტატუსიდან „შავ სიამდე“ ერთი გასაუბრებაა ნებისმიერ ...... თემაზე.
აი ისიც! დილის გამამხნევებელი ზარი და ერთი განმკლავი ტელეფონამდე. „მეოჯახე მეგობრის“ მარადიული და რიტორიკული კითხვა - „როგორ ავუხსნა ამ ჩემს ქმარს, რომ ცოლად გავყევი, კი არ ვიშვილე? „
- ჰოოო, მაგის ახსნაში ცოტაოდენი ასაკი არ გიწყობს ხელს, საყვარელო...
- შენ იმაზე უარესი დამპალი ხარ!.
- ვიცი და მაგიტომაც არ მომყავს ცოლი...
- უხ, კაცი იყო, გამოგყვებოდი და გაგიმწარებდი ახალგაზრდობას...
- მასეთი აზრები რომ გაწუხებს, იმიტომ გონიხარ შენს ქმარს დედა! ყავა მიცივდება, წავედი!
- ხომ ვიცოდი რომ ქალური სოლიდარობა ვერაგი მამაკაცების მოგონილია?! რას ვრეკავდი საერთოდ?
თქვენ არ იდარდოთ, ხვალ თუ არა, ზეგ დილით ისევ დარეკავს და იგივეს მკითხავს. არადა, რა უნდა გირჩიოთ? ეგებ ძუძუ გაიკრათ „ძიძა ცოლებმა“ რომ გაგანია შვებულების სეზონზე საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე ფიქრის დრო დაგვრჩეს თავისუფლების ჟინით შეპყრობილ მდედრებს...
არა, კი არაფერი გვიკვირს. ყველას გამოგვიცდია მხედველობის მკვეთრი დაქვეითება მწვავე ფორმის სიყვარულის ნიადაგზე, მაგრამ ეგ დიაგნოზი განკურნებადია, თუ ქალი მოინდომებსა!..
არაა საჭირო ქალის სულში ჩაძრომა, უკეთესი ლოკაციებიც მოეპოვება და მიტომ!
ეგ კია, რაც არ უნდა ბევრი მოყვე საკუთარ ცხოვრებაზე, ზურგს უკან ვიღაც მაინც უფრო საინტერესოს მოყვება შენზე...მადლობა ამ დაუზარელ ადამიანებს ამისთვის!.
როდენის სახელგანთქმული „მოაზროვნე“ არ მასვენებს ბავშვობიდან. თქვენი აზრით, რაზე შეიძლება ფიქრობდეს შიშველი მამაკაცი?
ისე, ქალს თუ დროულად არ გააჩენინებთ შვილს, მერე ქმრების აღზრდას იწყებენ და დანარჩენი თვითონ გადაწყვიტეთ ბატონო...
იმ ბერიკაცის უსიამოვნებები იმ დღიდან დაიწყო, თავის „დედაკაცს“ ოქროს თევზის ამბავი რომ მოუყვა და მორალი ისაა, რომ თუ რამეს დაიჭერ, იჯექი რა შენთვის ჩუმად და შეირგე!
მე პირადად, დიდი ხანია იმ ჭკუაზე ვარ, - თუ ადამიანი მოგეწონა, უნდა მიხვიდე და პირდაპირ უთხრა - ადამიანო, მე შენ მომწონხარ! ხოდა მორჩა. ეგ ამბავი უკვე შენი კი არა, მისი პრობლემაა. თვითონ შემოგაწონა თავი და თვითონ „გამოგაწონოს“ თუ კარგია...
მგონი აქამდე არ მითქვამს - ჭკუას ვკარგავ სენტიმენტალურ მონადირეებზე...
კიდევ მიყვარს მზე, მცხუნვარე-მცხუნვარე, აი ისეთი, ჰორიზონტზე კი არა, 3-4 მეტრში ადამიანები რომ სილუეტებად ლაპლაპებენ და იგრიხებიან...
ზღვა - ხმელთა შუა! ფერადი მედუზებით და კოჭზე შერჩენილი ზღვის ქაფით... ზღვის ტალღის ფერი და მკვახე ზეთის ხილის ფერი თვალები (ალაგ-ალაგ მწიფე ზეთის ხილის ფერიც წავა)...
პირველი სიგარეტი და დილის პირველი ყავა...
დილის ძილი? - ისე რა, გააჩნია, ვისთან გძინავს...
“საინტერესო უძილობა“ და მოკლემეტრაჟიანი თვლემა, ცხვირზე კოცნით გამოფხიზლებით...
ორსულობა, თუნდაც ტოქსიკოზით და „კეისრების“ ჭყივილი...
თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება სადმე, სულ ერთია და მერე დაბრუნება, თავისი გულის ჩქროლვებით ხელაწეული ვახტანგის დანახვაზე..., ფელინის მარადიული მოტკბო სითბო, ჟოლოს სურნელით, პატარა თეატრების დარბაზები, სცენიდან რომ მტვერი გეყრება, ახალი წიგნი, ბელგიური შოკოლადი (გაჭირვებაში ავსტრიულიც წავა), ტორტი ,,პრაღა,“ ოღონდ, პრაღის პაწაწუნა კუთხის კაფეში...
მატარებელში ძილი, მზის ახალი სათვალეები, უცნაური თავსაფხატები, ფართხუნა კაბები და ბრახუნა ქოშები...
უცხო ქალაქში მარტო ბოდიალი,შოპინგი სხვებისთვის, თავსხმა წვიმა, კაუჭიანი ქოლგები, სხვისი კატა, კივის ნაყინი, კარგი კონიაკი, თეთრი მშრალი ღვინო და დიდი ხნის დაჭაშნიკებული კამპანია...
ოჯახური ბიბლიოთეკის დალაგება,წიგნებს შორის შეჭყუნული მოგონებებით,
ქაქანი მეგობრების სამზარეულოში, ოჯახური ექსპერიმენტული კულინარია და შვილები თითების ლოკვის პროცესში... საჭმელი, რომელსაც ხელით მივირთმევ, ალუბალი და ალუბლისფერი, ატმის სუნი და წითელი გრეიფრუტის ფრეში... გახლეჩილი ბროწეულის ბრწყინვალება, ძველი ფოტოები, საკუთარ თავზე ღადაობა, ჩაპაჭუნებული უცხო თვალი, ჩუმად მოწერილი- „კარგი ხარ!“... ელემენტარული ყურადღება და სისულელეებზე ტირილი... კიდევ რაღაც–რაღაცეები, ოღონდ ...

გამოგიტყდებით, ისე ალალად შემშურდა იმ 70 წლის ჩინელი ბებოსი, რამდენიმე კვირის წინ პარაშუტით რომ იფარფატა, მაინც შემშურდა, მიუხედავად იმისა რომ სიმაღლის მეშინია და 20 წლის ასაკშიც ვერ ვიფარფატებდი. ასეთი ხარბი და შურიანია ადამიანი, ყველაფერი უნდა, ყველაფერზე ოცნებობს... ჰმ.. ზოგიერთს დედოფლობაც კი მოუნდაო!
იმ ქალის რა ვთქვი, დედოფლობაზე რომ არ ოცნებობს...
ქალის მეთქი! ნუ შემჭათ უპუროდ! ძალიან ნოყიერი და გემრიელი ვარ, მაინც გასუქდებით!..
გასუქებაზე გამახსენდა - ზაფხულს თავისი ხრიკები აქვს. გაააქტიურეთ სეზონური „მასობრივი ფსიქოლოგიური ზეწოლის“ უებარი საშუალება - დეკოლტე - მამაკაცების პერიფერიული მხედველობის განვითარების საუკეთესო ტრენაჟორი...

მერე რა რომ თანამედროვე ურთიერთობები, ძირითადად, „ლაიქით“ იწყება და „ტროლინგით“ მთავრდება? ცოტა ხანს მაინც გაერთობით და კალორიებსაც გადააყოლებთ...

დამიჯერეთ! ყველაზე უპრინციპო ცხოვრებისეული პრინციპებია...
სინდისი იმდენად გავს სარკეს, დრო და დრო კარგად უნდა დააფურთხო და მერე სახელოთი გაწმინდო...

გასულ კვირას ონკოლოგიურ გამოკვლევებზე გამამწესეს, მაგრამ არ მივდივარ, იმიტომ რომ, ყველაზე საშიში სიმსივნე ეგოს სიმსივნეა...
საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი - ძალიან ზარმაცი თვითმკვლელები ბოლოს სიბერით კვდებიან...


პატარა ადამიანებზე დიდი იმედები რომ არ უნდა დაამყარო, ეგ ვერ ვისწავლე ჯერ კიდევ, მაგრამ, პირობას ვიძლევი, გამოვსწორდები!...

ბავშვობაში მეგონა, რომ 30 წლის მერე სიბერე იწყებოდა. როგორ მიყვარს, როცა ასე მწარედ ვცდები ხოლმე!
გგონია, რომ ყველაფერი შეგიძლია, სანამ ნამდვილ სირთულეს არ შეასკდები. შეასკდები და, მერე იმითაც კმაყოფილი ხარ, რომ „რაღაც“ მაინც გამოგივიდა...
ადამიანები ფანქრებივით ვართ, ყველა ჩვენებურად ვხატავთ- გვეხერხება თუ არა, ვიღაცას წვერი ტყდება, ვიღაცას უბლაგვდება, ვიღაცა ითლება, ითლება დაუსრულებლად და აგრძელებს ხატვას...
მერე ვჯდებით მუხლებზე პლედშემოხვეულები და განვლილ დღეებს ვაფასებთ. ღამურები, ალბათ, თავიანთ ცხოვრებას განვლილი ღამეებით აფასებენ.
ამას წინათ ერთი საშუალოსტატისტიკური ფრანგი „მემარიაჟა“ - ფრანგული ენა იმისთვის არსებობს, რომ დალიო ფრანგული ღვინო და ილაპარაკო. რაზე?
სიყვარულზე! -ო... ისე, გავხედე, ფაქტიურად ენის გამოყოფას უდრიდა, ან შუა თითით მოხმობას. რა თქმა უნდა მიხვდა, რომ ორივე ამბავში დავასწარით და, სადაც საჭიროა იქაც „დავასტუკეთ. „

არ მიყვარს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საუბრისას ხშირად იყენებენ „მაგრამ“-ს. ასე მგონია, რ უნდა დაუჯერო მაგრამის წინ ნათქვამ არცერთ სიტყვას. „არ მინდოდა თქვენი განაწყენება, მაგრამ“... „ჭკუას კი არ გარიგებ, მაგრამ“... „არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ“...
ყველაზე დიდი სიძულვილი კი მათ მიმართ ჩნდება, ვინც გულს შეეხო და მერე სულში ჩაგაფურთხა...
სულ მაინტერესებდა, რას წერდნენ ადამიანები ერთმანეთს, იმიტომ რომ, ხშირად წერილებში იმას წერენ, რასაც ხმამაღლა ვერ ამბობენ. თვალები უშლით...
რაც დრო გადის, ჩემგან ჩადენილი სისულელეების რიცხვი კლებაშია. სამაგიეროდ, ხარისხია მატებაში აშკარად...
ჩემი წილი ეპიტაფია?
„ადამიანი, როგორც შორისდებული...
ცხოვრებით, როგორც მრავალწერტილი“...

სიახლეებს რადგან ისევ აგვიანდებათ, თავს ვირთობ წერა-კითხვითა და მოგონებებით.
ხომ არ იცით, ბოლოს რომ კვდება ის იმედი რა ფერია?
ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი




ნოემბერი 2017

   1234
567891011
12131415161718
192021 22 232425
2627282930