კონტენტზე გადახტომა






სურათი

ივნისი ჩვენი მხურვალებისა, ანუ სეირის, ხეირის და ჩახოხბილის მოყვარული საზოგადოება მეტეხის ჩრდილში

დაპოსტა: katya, 30 June 2017 · 665 ნახვა

ივნისი  ჩვენი მხურვალებისა,  ანუ სეირის, ხეირის და ჩახოხბილის მოყვარული საზოგადოება  მეტეხის ჩრდილში პარასკევი. ივნისის 30. კატის კლანჭებს გადარჩენილი ბედნიერი ძეხვის დღე. ზაფხულის პირველი თვის ბოლო დღე. „ბოლო“ სევდიანია და განწყობას აფუჭებს? კი ბატონო, რა პრობლემაა? იყოს ზაფხულის მეორე თვის წინა დღე. უფრო პოზიტიურია და ოპტიმისტური, რადგან, პირველი თვისთვის ხშირად გვიხდებოდა შეხსენება, რომ წესიერი და პატიოსანი ივნისივით მოქცეულიყო. მზეს ემზევა, მთვარეს - ემთვარა , კაცს ეკაცა და საერთოდ, ყველაფერი სახვეწარი არ გვქონოდა ყოველდღიურობით ისედაც გაბეზრებულ საზოგადოებას.
ზოგიერთისთვის პარასკევი და ზოგისთვის ქრონიკული ორშაბათია მთელი ცხოვრება. იმ „დიმპიტაურმა სასტავმა“ შაბათი საიდან გამოჩხრიკა ვერ გავიგე? ეტყობა, ეგენიც უმუშევრები იყვნენ და არ ესმოდათ ჭეშმარიტი პარასკევის ხიბლი, მადლი და ბრწყინვალება... ვაპატიოთ, სხვა გზა არაა... აქ ისეთებს ისეთებს პატიობენ... მაგალითად შაბათს ჩანიშნულ არჩევნებსაც კი... გაყალბებულს ? მაგას გააჩნია, კონკრეტულ შემთხვევაში ვის მხარესაა „უმრავლესობა“... დიახ!
პოზიტივი გნებავთ? კი ბატონო!
პარასკევ საღამოს გამამხნევებელი პოზიტივი:
დღეს ზაფხულია! ხვალაც ზაფხულია! ზეგაც ზაფხულია! ერთი თვის მერეც ზაფხულია! ორი თვის მერეც ზაფხულია! გაგიკვირდებათ და, ერთი წლის მერეც კი ზაფხულია...
რა ვქნა მეტი ერთმა საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ?!
ზაფხული ძალაში შევიდა!

გასულ კვირას მოქალაქეთა ის განსაკუთრებული, ბომონდურ-ელიტარული ნაწილი, რომელიც თავის თავს „მთელ თფილისს“ უწოდებს, მეტეხის ჩრდილში შეიყარა დაპუდრულ-დალაქული, ხელკავით და ცალ მხარეს ოდნავ გადახრილი თავით, თავის გადახრის საპირისპირო მხარეს მოჭუტული თვალით და მოჭუტული თვალის საპირისპიროდ ცალყბად მომღიმარი. რისთვის შეიყარა და „ლაივში“ გაბრაზებული ზაალ უდუმაშვილისთვის ხელის ჩამოსართმევად, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები - თბილისის მერობა გადაწყვიტა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რა შეიძლება ითქვას?! თავხედობას რომ საზღვარი არ აქვს ამ კატეგორიაში, ეგ ისედაც ვიცით, იაროს, აფრიალოს დროშები და ლოზუნგები, იხმალაოს დაპირებებით, სხვა თუ არაფერი, იმას მაინც დავითვლით, რამდენი ბრაზიანი გვყავს ქვეყანაში. ერთი ობიექტური კვლევა მაინც შეგვრჩება ნაცების ხარჯზე.

არც ისე საშიშია, თუ ვიღაცა სულელს დაგიძახებს. უარესია, თუ ის ვიღაც მართალი აღმოჩნდება. ჭკვიანები სწავლობენ, სულელებმა ისედაც ყველაფერი იციან...
ჰოდა, ინდიელთა ძველისძველი ტომის, დაკოტას, ერთ–ერთი სიბრძნე ამბობს – თუ აღმოაჩენთ, რომ სულთმობრძავ ცხენს „მიაჭენებთ,“ საუკეთესო სტრატეგია გარბენში გადმოხტომააო.
დაკოტას ტრადიციების გათვალისწინებით, ისეთი გადახტომ–გადმოხტომა აქვთ ატეხილი ნაცებს, უკვე საშიში ხდება თვალის მიდევნებაც კი. ვინმე თუა დაკავებული მონიტორინგით - ბოლოს და ბოლოს რამდენ არათანაბარ ნაწილად დაიშალნენ ეგენი და „დაჩორთაობენ“ აღმა-დაღმა?

გახსოვთ ის დრო, მუშაობა და გაზეთის გამოწერა რომ სავალდებულო იყო? გაბრაზებული პოლიტიკოსები მართლა სახლში რომ მიდიოდნენ? და გრანტის მაძიებლები რომ მხოლოდ კაპიტნის შვილები იყვნენ?
ახლა გაბრაზებული ჟურნალისტებიც პოლიტიკაში მოდიან და, როგორც დიდი ჩიკა იტყოდა, „ აი, რა გააკეთოს ამ ქართულმა პოლიტიკამ?“
ეგეც დაღალა ერთი და იგივე, ბოსტნის საფრთხობელებივით გადაღებილ–დაკემსილ – დაფითხული სილუეტების მისვლა–მოსვლამ საქართველოს უახლეს ისტორიაში....

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ქალაქ კრივოი როგში მოსახლეობასთან შეხვედრისას კვერცხები დაუშინეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს.ინციდენტის შემდეგ სააკაშვილმა იხუმრა და განაცხდა, რომ ის მწვანეთა პარტიაში მიიღეს. აბა სხვა რა უნდა ეთქვა?
სამაგიეროდ, სადაც სათქმელი იყო, იქ თქვა ეს: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით და ბევრად უფრო რბილი, ხალხის ჩართულობის მეთოდებით უნდა დავბრუნდეთ, რადგან ეს კი არ უნდა იყოს ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა. ჩვენ ისეთი უნდა შევქმნათ, რაც ხალხისთვის უფრო გასაგები იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასევე შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ". უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში კი პრეზიდენტყოფილმა, მალე თბილისში დაბრუნება და უსამართლობის წინააღმდეგ უფრო ძლიერი მოძრაობის დაწყება დააანონსა.
ჰოდა, სად იყო და სად არა, უკვე ხელ-ფეხ ჩაქნეულ და თვალებში სხივჩამქრალ ნაც-აქტივისტებში სპონტანურად იფეთქა ნაპერწკალმა და უბნებში ისეთი მაჟორულ-რევანშისტული კოცონი გიზგიზებს, მმართველი გუნდის ოფისებში მარტო ხელფასების დარიგების დღეს რომაა!..
მოკლედ, ასეთი ამბავია რა - თუ მდინარესთან "მდგომიარე" დაელოდები მტრის გვამის ჩამოტარებას, აშკარად უფრო ადრე დაინახავ, ვიდრე - "მჯდომიარე".
წინასაარჩევნოპატრიოტიზმი (ეგეთიც არსებობს!) ქსენოფობიის მთავარი არომატიზატორია.
საკრებულოს დეპუტატი ელისაშვილი კბილების დამტვრევას გვპირდება ყველას, ვინც მის კანდიდატურას არ მისცემს ხმას მერის არჩევნებზე. მართალია, ფრაზა სხვანაირად ჩამოაყალიბა, მაგრამ აზრი ეგაა - თუ ის არ გახდება მერი, არჩევნები გაყალბებულად ჩაითვლება და ჩვენ, შესაძლოა, მხოლოდ უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას კი არა, ყბა-სახის ქირურგიულ ჩარევებსაც გამოვკრათ ფეხი.

„კონსტიტუციას, რომელიც ერთი პარტიის მიერაა დამტკიცებული, არ აქვს სრული ლეგიტიმაცია. ქართველი პოლიტიკოსები უნდა ესაუბრონ ერთმანეთსო, - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა ეგ ბატონმა ჯანიმ და გულში დასძინა - ბუკიკიო კი გახლავართ, მაგრამ ბუსავით დიდი თავი არ მაქვს, თქვენს მაგივრადაც რომ ვიფიქროო. ან რატომ უნდა იფიქროს ?
ზმნა, ზმნიზედა, ზმნისპირი თუ ირიბი დამატება, ის კაცი კი წავიდა იმედგაცრუებული ხელების სავსავით და მხრების ჩეჩვით და ქართული პოლიტიკის ფონეტიკაში „სასტავი“ შენ გაარკვიე ჯეჯე-ბატონო!
ბუკიკიო გავაცილეთ და ახლა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი გვყავს რიგში... ამდენი კი არ ცალიათ ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციას? ეგენი აპრავაჟონ თუ ქვეყანას მიხედონ?
დიდი ამბავი თუ ბუკიკიო ცოტა დაიძაბა, სექტემბერში საქართველოს პარლამეტის წევრები იტალიელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებიან და ეგეც გაივლის...
თბილისის მერიის მიერ საზეიმოდ გახსნილი ზაჰესის ხიდის გარკვეული მონაკვეთი ჩაინგრა, პეკინის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას წყლის მილი დაზიანდა და ისეთი სიხარულის ყიჟინა გაისმა - აიი, ხომ ვამბობდით - რამეს გააფუჭებენო!? გეგონება იმ რეაბილიტირებულ ქუჩას ნარმანია კოკში წაიღებს.
პეკინის სახელდახელო შადრევანზე გამახსენდა - რომის ცნობილ შადრევანში წელიწადში მილიონნახევარ ევრომდე გროვდება , რაც ქველმოქმედებას ხმარდება. იმ ჩვენმა ეპოქალურმა გიჟმაჟმა შადრევნები კი აშენა, ოღონდ პრაგმატული დანიშნულება ვერ მოუფიქრა. ხოდა მოიფიქრეთ მსგავსი ლეგენდები უკვე არსებული შადრევნებისთვის, ქვევრებისთვის, ელარჯის და თათარის კარდალებისთვის, ხაშლამის ქვაბებისთვის - რაშიც კი ხურდა ფულის ჩაყრა მოხერხდება... გვაწყენს თუნდაც უფასო ნახევარი მილიონი?იქ ვიღაცას რკინის ფული არ ექნება, პროთეზს ჩააგდებს, ფეხსაცმელს, საყურეს, სათვალეს. რა ვიცი, რაც მოუფრენთ და აქ ყველაფერს გამოუჩნდება პატრონი.

ჰო, ხულოში არსაით მიმავალ თერთმეტსაფეხურიან კიბეც არ გამოგვიტოვოთ, კიბის თავშიც დადგით ერთი სამლიტრიანი მოხუფული ყულაბა , მაინც კულტურის ძეგლი ჰგონიათ თურმე ტურისტებს და წავახალისოთ ბოლომდე..
უშგულში ჩარკვიანების XIV-XV საუკუნეების მურყვამის - სვანური კოშკი და მაჩუბი ჩამოინგრა. 35 კოშკიდან ერთი უკვე აღარ არსებობს. 3-4 წელიწადში იგივე ემუქრება დანარჩენებსაც. სამინისტრო ამ მიმართულებითაც „ავი ძაღლის“ პოზიციებს ინარჩუნებს. ოთხი წელია არც თვითონ უვლის და არც კოშკების მეპატრონეებს აძლევს მიხედვის უფლებას. უშგულის კოშკი ჩამოიქცა, მაგრამ ეგ თუ კულტურაა მინისტრმა კი არ იცის... არც უთხრათ, მაინც არ დაგიჯერებთ...

ქართველმა ტურისტებმა მაისში უცხოეთში 43 მილიონი დოლარი დახარჯეს. შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 49% -ითაა გაზრდილიო. ხომ ვამბობდი, დაგვღუპავს უვიზო მიმოსვლა მეთქი?! ხომ არ მოვამზადოთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომ ვიდრე საქართველოს ყველა უცხოეთში მოგზაურობის მსურველი მოქალაქე არ მოივლის მშობლიურ ტურისტულ ადგილებს, შესაბამისი ფინანსური დანახარჯებით, აეკრძალოთ უცხოეთში მოგზაურობა? რა ვიცი, ჰიმნის, გერბის და დროშის შეცვლას 76 დეპუტატი ეყოფაო და ამას 67 კი უნდა ეყოს დაახლოებით.
თუ უცებ სამყარო ჩვენს თვალწინ ამოყირავდა, სანამ შევიცხადებდეთ, იქამდე კარგად დავაკვირდეთ, - ეგებ უკეთეს მხარეს მოვხვდით...
არც ისე იშვიათად, შიშველი ფაქტები ბრმა რწმენის შეურაცხყოფად აღიქმება.
ჩვენ კი რას არ მოვესწარით - პატრიარქს ეჭვმიტანილი თავდებში ჩადგომას სთხოვს, გელათში კალისტრატეს შარავანდედი გაექცა, სამტრედიელი სარკეების ქურდი ექსპერტიზის წყალობით საკუთარ საფლავზე დაიარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერცერთი მოსამართლე ვერ წარმოიდგენდა რომ ოდესმე, კანიბალიზმის საქმის განხილვა მოუწევდა.
ელტონს ფიკუსი მოუთხოვია კულისებში.. კიდევ სპორტული არხები საგრიმიოროში...ქართველი ქალბატონების ერთი ნაწილი „ტუჩის აბზუებას უცხადებს“ ვარსკვლავის ჩამოსვლას. ეს ის კატეგორიაა, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოინელა სერ ელტონ ჯონის შვიდჯერადი ქალური ბედნიერება...
გაუმარჯოს ცხოვრებისმოყვარე, პატყივმოყვარე და ცნობისმოყვარე საზოგადოებას.
შრომისმოყვარეები ისვენებთ...
რომ იცოდეთ, რა სიბრიყვეა ზღვასთან მზიანი ამინდის ლოდინი, განსაკუთრებით მაშინ თუ ზღვიდან შორს ცხოვრობთ...
სიხარულით ცას ვეწიე, როცა გავიგე, რომ ვერა-ვაკის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩიკა, იგივე ანი ჩირაძე, პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომელია, ერთი ნამდვილად ნიჭიერი და ადექვატური თანამშრომელი მაინც ყოლია მარ-გველს...
რომანტიკოსები იგონებენ ზღაპრებს, ცინიკოსები - ანეკდოტებს, მკვეთრადგამოხატული ცინიკოსები წერენ კანონპროექტებს.
მგონი მართლა ჩამოცხა და ივლისი მაინც შევირგოთ, თორემ აგვისტოდან ზვიგენის კბილი, ვირის ტვინი, მგლის ქონი და ყვავის ნახარში - ყველაფერი ერთად ჩაეშვება საზოგადოებრივი აზრის წარმოებაში...
უმორჩილესი და ლეგიტიმური თხოვნაა ბატონებო! გაუფრთხილდით გარემოს! ნუ დააბინძურებთ ! ნუ მიმოფანტავთ სიტყვებს ჰაერშიც და მიწაზეც....
ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი




ნოემბერი 2017

   1234
567891011
12131415161718
19202122 23 2425
2627282930