Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.127

კონსტიტუცია პირველი ღამის უფლებით, ანუ „ყოჩაღები“ დაგვეწვიეთ ყავაზე!


katya

2.696 views

blog-0462998001498372025.jpgვიდრე არსებობს დრო, აუცილებლად მედროვეც იქნება

ოთარ ჭილაძე, მედროვეები და დრო

„სხვა დროს კარგად დააკვირდით, ვისთან ერთად ბანაობთ, წყალში ნებისმიერი შიშველი ადამიანი დეპუტატს გავს, მკვლელიც რომ იყოს“...

„საგიჟეში ყველას ყველაფრის ლაპარაკი შეეძლო, რაც კი თავში მოუვიდოდათ, ისე როგორც პარლამენტში“...

„შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ თუ რაღაცაზე ძალიან დიდხანს ფიქრობ, აუცილებლად დაუშვებ შეცდომას“...

ნაცნობი ფრაზებია არც ისე შორეული და უცნობი წარსულიდან? იქნებ ნაცნობი რეალობიდან?...

 

ოოო.... დეჟავუს მადლო! ტონუსის გამხარებელო!..

 

ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ გემახსოვრებათ, რეალურად არც ისე ყოჩაღი, ერთი უქნარა ეფრეიტორი იყო, თავისი წვრილმანი მიზნებით, დიდი ფანტაზიით და კარგი იუმორით... რა თქმა უნდა, დროის და სიტუაციის საოცარი შეგრძნებით... გაგიკვირდებათ და, ეს პიესა გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოში დიდი წარმატებით დაიდგა, პეტრე ოცხელის მხატვრობა ცალკე ბლოგის ღირსია, ოღონდ ამის თავხედობა მე არ მეყოფა. მე ისიც მეყოფა, პამფლეტისტობას რომ ვთავხედობ... ერთი არც ისე ყოჩაღი საშუალოსტატისტიკური პამფლეტისტი ბლოგერი ვარ, კიდევ მშობლების დედისერთა შვილი და სამი შვილის მარტოხელა დედა. ხოდა, რა გეშვეიკება და გეპამფლეტებაო?!- შემიკურთხებს ვინმე. მომეცით ბატონო სხვა საქმე და ვინ ტიალი?...

რამ გამახსენა შვეიკი? თქვენი აზრით, გამიჭირდებოდა გაგანია „ყოჩაღების დროსა და ქვეყანაში?“ რა თქმა უნდა - ააარა...

ჩვენთანაც ყველაფერი მხიარულად ხდება, ყველაზე სევდიანი ამბებიც კი, ოღონდ ჯერ არ ვიცით ამის შესახებ და რის შესახებაც ვიცით, ის რომც არ ვიცოდეთ დიდი არაფერი დაშავდებოდა.

უმრავლესობისთვის მთავარი მშვიდობაა!. უმრავლესობასაც გააჩნია. არსებობს ზოგადი, საზოგადოებრივი უმრავლესობა, რომლებიც ქმნიან ხმათა უმრავლესობას, ხმათა უმრავლესობა იგებს არჩევნებსაც კი და იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა. ამ უკანასკნელი უმრავლესობის მშვიდობა ჩვენს სიმშვიდეს ხშირად არ ემთხვევა. საპარლამენტო უმრავლესობის აზრთან საზოგადოებრივი უმრავლესობა ძირითადად უმცირესობაშია, მაგრამ, იდეაში, ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა, „ყველაფერი ერთად და მალე ხომ არ მოხდება?“ ხალხი ნაღები საზოგადოებისთვის მუდამ დარჩება მეწველ ძროხად . სახელმწიფოც, სხვათა შორის...

ძალიან მივგრიხ-მოვგრიხე და დაგაბნიეთ ხომ?

არც მე ვარ უკეთეს სიტუაციაში, თუმცა მე დაბნეულობა თანდაყოლილი მაქვს - ვგიჟდები ბრინჯზე! „ფანტია ფლავზე“ - განსაკუთრებით...

გაფანტულობის და კარგვის დიდოსტატი ვიქნებოდი, ეგ უნარ-ჩვევები სპორტის სახეობად რომ დაერეგისრირებინათ. არაა ეგ კარგი თვისება, მაგრამ, დამიჯერეთ, იმისთვის რომ რაღაც მნიშვნელოვანი იპოვო, იმდენის დაკარგვა გიხდება...

უკაცრავად პირადული წეაღსვლისთვის. თქვენის ნებართვით, დავუბრუნდები დაწყებულ თემას.

იმას ვამბობდი რომ, როგორც ის ჩვენი მეგობარი შვეიკი იტყოდა, ახლა რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო - ქრონიკულად სულ ერთი ჭირი გვჭირს - ხელისუფლება და ოპოზიცია...

ფსიქოლოგების დასკვნით, ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ იტყუება, როცა თვლის რომ მართალს ამბობსო... ხოლო თუ ტყუილის საპასუხოდ იტყუები, ეგ ტყუილი კი არა, თურმე, "საერთო ენის გამონახვის" მცდელობაა... მიხვდით ხომ სადაც ვართ?

ბატონებო (ქალბატონებოც) ! ნებისმიერ ეპოქაში, დემოკრატიულ სივრცესა და საზოგადოებაში საჯარო მოხელეობა მმართველი პარტიის მოხელეობას არ ნიშნავს, მითუმეტეს ლაქიობას.

ამ ჩანაწერსაც კონსტიტუციაში ხომ არ შევიტანთ? ისედაც საოჯახო ელექტრო ტექნიკის ინსტრუქციას დაემსგავსა ეგ საბრალო .

გეთანხმებით, რთული მისიაა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, თან ისე, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური. დარწმუნებული ვარ, აშშ-ს 1787 ანუ, მსოფლიოში პირველი კონსტიტუციის ავტორებს, ჩვენებური მწვადი გასინჯული არ ექნებოდათ. შესაბამისად, არც ეგ ანდაზა იცოდნენ... არც ფრანგებმა, არც იაპონელებმა, იტალიელებმა და გერმანელებმაც არა, რა თქმა უნდა...

ჯანდაბას მაგათი თავი და ტანი! მენიუც! ჩვენი აბურდულიც გვყოფნის და გასტრიტიც... ის კი საინტერესოა კანონშემომქმედი საზოგადოებიდან რამდენს ახსოვს - რა პირობებში მოხდა პირველი ქართული კონსტიტუციის მიღება?

აბა ბატონებო, ცოტა უკან დავიხიოთ წარმოსახვით! წარმოსახვით! ისტორიაში და არა დარბაზში. წარმოიდგინეთ 1921 წლის 21 თებერვალი. წარმოიდგინეთ? რთულია? კი, მაგრამ, საჭირო რომაა? ვის სჭირდება? თქვენ ბატონებო! თქვენ! აბა ჩვენ რა გვენაღვლება - გაგივათ ვადა, გაგიშვებთ პენსიაზე და გავაუმრავლესებთ სხვებს... ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ და წარმოიდგინეთ დღე, როცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საგანგებო სხდომაზე ერთხმად მიიღო პირველი კონსტიტუცია.

მაგ დროს, თბილისის მისადგომებთან, ბრძოლები მიმდინარეობდა ბატონებო!. რა თქმა უნდა, არც ერთი იქ მყოფი დამარცხებაზე არ ფიქრობდა. კონსტიტუციის პროექტის განხილვა დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 24 ნოემბერს დაიწყო. მართალია სოცდეკებს , როგორც უმრავლესობას, შეეძლოთ კონსტიტუციის მოკლე ვადაში მიღებაც, მაგრამ საჭიროდ ჩათვალეს კონსტიტუციურ საკითხებზე ფართო დისკუსიის გამართვა. საბჭოთა რუსეთის თავდასხმა რომ არა, კონსტიტუციის მიღებას გაზაფხულზე ვარაუდობდნენ, შემოდგომაზე კი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა.

მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ვგეგმავთ. მომავალს თავისი გეგმები აქვს... იმის თქმა მინდოდა, რომ მაშინ ომი იყო, ომი და მაინც ისე არ ჩქარობდნენ, როგორც დღეს „ჩვენები“- მშვიდობაში... ჰო მართლა, მშვიდობაში „ახალი კონსტიტუცია“!

იმ დღეს ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ნუკრი ქანთარიას მოკრძალებულად შეახსენა რომ „კონსტიტუცია ბელეტრისტიკა არ არის“. ბატონო ირაკლი, არ გეჩვენებათ რომ ქანთარიას და ბევრი სხვა პერსონის პარლამენტში ჯდომა მსუბუქი ყოფაქცევის დრამაა?

ზოგჯერ?

თქვენი ნერვები მოგვცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას!..

აი პრეზიდენტს და მის აბაშიშვილს კი მიაჩნიათ რომ „სკანდალური შეურაცხყოფაც ვერ გადაფარავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.“

დავიკიდოთ?

კი ბატონო! როგორც კონსტიტუცია გვიბრძანებს...

ვინ უნდა დაიცვას მაგ კოლექტიური ძალადობის მსხვერპლმა, თვითონ საჯიკებელიაო ! ბირჟაზე კითხულობენ... სამეფო კარზეც...

ადრე თუ გვირგვინი და კვერთხი გვყოფნიდა, ახლა ამ კონსტიტუციას რა პონტში გვაჩეჩებენო?

ზედმეტი კითხვების გარეშე, თუ შეიძლება! ზოგს თავზე გვირგვინი ადგას ჰგონია, მაგრამ ბოლოს რქები შერჩებათ ხოლმე... ფაქტი კია ჯიუტი ვინმე, მაგრამ, ზოგჯერ, მაგასთან "დალაპარაკებაც" მოსულა.

კონსტიტუცია ვერ დაიცავს ადამიანებს! კონსტიტუცია ქაღალდია. ადამიანებმა უნდა დაიცვან კონსტიტუცია და ამას რაც უფრო მალე მივხვდებით, მით უფრო მალე გვეშველება.

მეფე-მეფეო! რომ გაიძახით, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ვერ მოგივლიათ კანონის ფარგლებში და ერთი წუთით მაინც დაფიქრებულხართ, რა ხასიათზე დადგებიან საქართველოს „მაკარები? და “ქართული ბომონდი?“

 

თუ გსურს არასოდეს გქონდეს დრო, არაფერი უნდა აკეთო და ეს იციან „ჩვენებმა“. უმრავლესობის უმრავლესობასაც კი, თითქმის არასოდეს სცალია, უმცირესობაზე აღარაფერს ვამბობ. რა ვიცი, ის ავსტრალიელი სენატორი ლარისა მშვენივრად ახერხებს ძუძუმომართული კანონშემოქმედებას. ვისაც ქვეყანა და მომავალი აინტერესებს, უპრობლემოდ ზრდის შვილს სხდომათა დარბაზშიც. .

 

ჩვენმა გივიმ თუ იცის ეგ ამბავი ნეტავ? არ უთხრათ, არაფერი დაემართოს... კარგი ამბებისთვის უკვე ძალიან ბებერია, ისეთი ბებერი რომ მის დანახვაზე ტელევიზიის მფარველი წმინდა კლარა მოთქვამს და, მალე, ანათემასაც გადაგვცემს... გვარი მაინც არ ჰქონდეს ამ ტიპს ასეთი... სიხარული კი არა, სიცოცხლე აღარ მოგინდება მაგის თანამედროვეს...

გივი, გულის კუნჭულებში, უეჭველად იქნება აბსოლუტური მონარქიის აღდგენის მომხე. მეფეები მასხარებს ყველა ეპოქაში „იშინაურებდნენ“. ამიტომ, გივი თავშიც არ იხლის კონსტიტუციას... ნეტა ერთი ვის დაკარგვია კანონების კრებული? გივიას ლექსების კრებული უკეთესი საკითხავია...

რა გიყო გივი? მაიძულებ შენს ენაზე გელაპარაკო . ხოდა, დრო და მომენტი, როგორც დომენტი ამბობდა, პრეზერვატივივითაა - ერთს ორჯერ ვერ გამოიყენებ. პროქტოლოგი და გინეკოლოგი კიდევ ცხოვრებას სხვადასხვა მხრიდან უყურებენ, ეგეც ნუ გავიწყდება...

 

ზოგიერთებმა, რაც არ უნდა კრულოთ და მალოთ საკუთარი წარსული, სხვა მაინც არ გექნებათ...

ეჰ, იყო იმ ტრადიციაში რაღაც კარგიც - დიქტატორ-ფარაონებთან ერთად მთელ მის ყურმოჭრილ საყმოს რომ მარხავდნენ.

თქვენ გგონიათ ახლა არ ეყოლება ამ ტრადიციის აღდგენას მომხრეები? ერთი ალავერდი მეგისთან და მიდიიი... საფრანგეთის რევოლუციის მერე, ბასტილიის ნანგრევებზე დიდხანს დაიარებოდნენ ციხის ზედამხედველები და უყვებოდნენ ხალხს - როგორი დიდებული ციხე იყო ბასტილია...

ჭორვილაში მეგის და მისი ალქაჯების ბოლო ვიზიტმა კი ცხადყო - როგორ არამიზნობრივად იხარჯება ამ ქვეყანაში ნაკელიც კი.

 

მესმის რომ ჩვენს დიდ ფსიქიატრიულ კლინიკაში ლოგიკის გამოვლინება გმირობის სინონიმია..

დეპუტატის „ხალხის მსახურად“ მოხსენიება ისეთივე უხერხულია, როგორც მეძავის - ქალიშვილად...

როგორც იმ ჩვენი ყოჩაღი შვეიკის ამბავშია - „იმ დროს, როცა აქ მეფეს ტუზით ჭრიდნენ, შორს, ბრძოლის ველზე“... ო ლა-ლააა...

რას არ იტყვის ადამიანი, ოღონდ ჩუმად არ იყოს...

რაზე არ გაჩუმდება, იმის შიშით, რომ არაფერი წამოაყრანტალოს...

რაზე არ იფიქრებს, ოღონდ საქმე არ აკეთოს...

ეგაა მთელი ფილოსოფია...ჰოდა, იყუჩე ენძელავ! იყუჩე!.. „დიდებული მეგობრის“ და „დიდებული პატრონის“ ხათრით მაინც...

ჩვენ რა? ჩვენ აივანზე ფსიქოლოგები ვართ, სამზარეულოში – პოლიტიკოსები, სოციალურ ქსელში – ფილოსოფოსები, რეალურ ცხოვრებაში კი ...

ჩვენი მეგობარი დათო მდივანი კი იტყოდა: „ზავსეგდატიე ლესტნიჩნოი პლოშჩადკი... ვიღაცას ყავის ჭიქა დარჩენია, მობრუნდება ალბათ“-ო...

 

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...