Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.975

ყავლგასული დუნია თავგასული ადამიანებით, ანუ სიმართლის ამაოების ბაზარი


katya

2.531 views

blog-0718553001496662588.jpg

-
გამარჯობა! სიმართლეს ხომ არ ინებებთ? ცოტაღა დამრჩა და იაფად გაგატანდით...

- მადლობა გენაცვალე, ჩემიც მეყოფა..

ყავლი - ძველი ქართული სიტყვაა ჯავახური ლექსიკონიდან.

ვადას, გასავალს, ფასს ან ღირსებას ნიშნავს. არ ვიცი, როგორ მოხვდა ეგ სიტყვა გურიაში, მაგრამ, როცა ცუდი ამინდი იყო ანდა, ცუდი ამბები ხდებოდა, ჩემი დიდი ბებია ზუსტად ასე ამბობდა - „ყავლი გოუვიდა ბებია დუნიასო!.“

ყველაფერს გასდის ყავლი და გაუვიდა მზესაც..

თბილისში და მთელს საქართველოშ ფეხის სოკოს ეპიდემიაა ამდენი ნესტისგან. ბაყაყები ჭკუაზე არ არიან სიხარულით.

ცნობილი დეკანოზ მამალაძის ასევე ცნობილი ადვოკატ რამიშვილის აღიარებით, უსამართლობა განაპირობებდა უამინდობას. როგორც ჩანს, აღნიშნულმა სინდიკატმა ლოცვები გააძლიერა და თუ მზემ სტაბილურად ინება ნათება, ბრალდებულ დეკანოზს გამამართლებელი განაჩენის იმედიც უნდა ჰქონდეს. ლოგიკურად ასეა ბატონებო და თქვენებურად თქვენ ელაპარაკეთ შემომქმედს ...

ბნელა, რა თქმა უნდა ბნელა... დღეს პლურალიზმი ბევრს სხვებზე ფურთხით თავდასხმა ჰგონია.. განათლება გონების სინათლე კი არა - დიპლომი.

ამ დღეებში, იმ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში, კონკრეტულად, მის განათლების კომიტეტში დაიბადა ჩაჭრილი მე-12 კლასელებისა და აბიტურიენტებისთვის მეორე შანსის მიცემის აზრი. აზრი, რაღა დაგიმალოთ და, მთლად განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს ეკუთვნოდა. არგუმენტად მან ემოციური ფონი და ტექნიკური ხარვეზები მოიყვანა. პირველიც და მეორეც ყოველთვის ახლავს თან ნებისმიერ საგამოცდო პროცესს. იმის გამო რომ არჩევნებიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრი პროცესია, არც ისე იშვიათად, პოლიტიკოსებს მოსდით ხოლმე მსგავსი აზრები თავში. მათი მხრიდან ასეთი დაშვებები დასაშვები და გასაგებია, მაგრამ მერე დანარჩენი საზოგადოება რატომ მოთქვამს განათლების დონის დაცემაზე ეგაა გაუგებარი.

გუმბარიძის ოროსანი მედიკები ხომ წამოგვეწივნენ და ყოველ დღე მათგან გადარჩენისას ვსვამთ „განსხვავებულებით“, ვინც გადავურჩით და ახლა „კიდევ სცადეთ“-ი გაერთეთ უწიგნური მოსწავლეების დიპლომების კვალდაკვალ. ვინ იცის, რამდენი იქნება მათში ექიმობის მსურველიც!?. ჰოდა, ის დროა, ჰიპოკრატეს ფიცის ახალ რედაქციაზე იწყებდეთ მუშაობას პარლამენტის განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტებში.

 

ამ გაღლეტილ ქვეყანაში 90-იანებში რომ უცებ ძალიანპერსპექტიულები და მილიონრები გახდნენ, აი იმათი ზღაპრების „პატიოსანი ოფლით მოპოვებულ ქონებაზე“ ვერა გვჯერა...

"კუპონის ლომები" და "პრიხვატიზაციის სვავები" კი ისევ სკამებისკენ იქაჩებიან და ჰალსტუხებს იღეღავენ .

ეროვნული და სხვა მოძრაობების ლიდერების მოძრაობების ფასი გადაფასებას მუდმივად ექვემდებარება.

პოლიტიკა დიდი ქარვასლაა, მაკარ!

ბრმა თემიდას ვიღაც-ვიღაცეები ხელკავით თუ დაატარებენ, ესეც ჩვენი ბრალია ხელკავიანის და წელკავიანის კი არა.

გემახსოვრებათ ალბათ, გასულ წელს, შვეიცარიაში ამომრჩეველთა 78%-მა ქვეყნის მოქალაქეებისათვის "გარანტირებული შემოსავლის" დაწესების წინააღმდეგ მისცა ხმა. ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ მსგავსი შინაარსის რეფერენდუმი ჩატარდეს, ხმები როგორ გადანაწილდება? ყოველთვიური გარანტირებული შემოსავალი - გეკუთვნის თუ არა, იმის მიუხედავად... უხ, შენი გულისავ! იტყოდა ღაბაბფაფუკი ლუარსაბი და, კმაყოფილი, მეორე გვერდზე გადაკოტრიალდებოდა.

არც ისე სახალისო ამოცანა ჭიათურის სინამდვილიდან:

"ჭიათურაში, გედების ტბაში მცხოვრებ გედს 4 ჭუკი ჰყავს. ჩვენი ინფორმაციით გედმა ჭუკები გუშინ გამოჩეკა. გედების ტბაში მცხოვრებ გედს ჭუკები პირველად ეყოლა, რაც ნამდვილად სასიხარულო ფაქტია. გედების ტბასთან დღეს ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძეც იმყოფებოდა, რომელმაც გედი და თავისი ახალშობილი ჭუკები მოინახულა.“ ამოცანა გვეკითხება - რამდენი ჭუკი ჰყავს ჭიათურის გამგებელს თავის აპარატში დასაქმებული, განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და რა სახის დახმარებას და მზრუნველობას დაპირდა პატივცემული კუპატაძე ახალშობილი ჭუკების დედას?

ხოდა, მართალია, ტვინი გარედან არ ჩანს, მაგრამ მისი არარსებობა აშკარად თვალშისაცემია ხოლმე.

თუ ამ ამოცანას წარმატებით ამოხსნით, არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში „საინტერესო“ შემოთავაზებას წამოკრათ ფეხი და წინასაარჩევნო დასაქმების სიაშიც მოხვდეთ, შემდეგი კარიერული წინსვლის პერსპექტივით და ლოჯიის მიშენების უფლებით.

ყალბი გამარჯვებებისგან, ხშირად, არც არაფერი რჩება თავბრუსხვევის გარდა, თორემ ხელისუფლებაში მოსვლა ოთხითაც შეიძლება და ორითაც...

დინების წინააღმდეგ ცურვა ადვილი რომ იყოს, მსურველიც ბევრი იქნებოდა. მაგ მიმართულებით ცურვა მითუმეტეს ძნელია, თუ იმ მხარეს არც არაფერი გესაქმება.

 

და საერთოდ თუ ტყუილის ნიჭი არ გაქვს სად ეტენები გინდ პოლიტიკაში და გინდ ეკონომიკაში?

შეუცვლელი ადამიანები, როგორც წესი, შეუმჩნევლები არიან...

გაგიკვირდებათ მაგრამ, მხოლოდ სინდისს ახასიათებს ქენჯნა, არავის სხვას...

 

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის რჩება საპატრიარქოს იურისტად და შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებს მათ შენიშვნებს. როგორც ჩანს, იგავ-არაკების თაობაზე ყუფარაძემ ისევ დარეკა.

აღარ მოვიდა ის დრო, კრავები რომ დუმილს არღვევენ?

მოკლედ, სანამ ჩვენ და მთელი მსოფლიო რაღაც სისულელეებზე ვნერვიულობთ და ვღადაობთ, აგერ მეზობელი ჰაოსი კულტურულ-ისტორიული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპლექს “ნოეს კიდობანის” მშენებლობას იწყებს, ძველი აღქმის სტანდარტებით. მთავრობა როგორც კი ტერიტორიას გამოყოფს, მაშინვე შევუდგებით საქმეს მთელი ერიო.. კიდობანი 200 პავილიონით, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილნი. გალერეა, ბიბლიოთეკა, დარბაზები. გარდა ამისა, კიდობანში ტურისტებისა და მომლოცველების განთავსებაც იქნება შესაძლებელიო. ქართველებს, როგორც კარის მეზობლებს და თვალში დირეს, იმედია, მოსაწვევებს მაინც გამოგვიგზავნიან. ფასიანს, რა თქმა უნდა, სომეხი ნოეს კიდობნის გახსნაზე სომხური ღვინო „კახეთი“ რომ დავაჭაშნიკოთ მთელი ჩვენი სიამაყით და ამპარტავნული დიდებულებით.

 

საქსტატის ცნობით უმუშევრობის მიღწევებით განსაკუთრებით საამაყოდ გვაქვს საქმე იმერეთის, თბილისის და შიდა ქართლის მოსახლეობას. თუმცა, დედაქალაქი ლიდერობას აქაც არავის უთმობს.

რატომ უნდა გიხაროდეს ადამიანს ამ „უმუშვართა და უმადურთა ქალაქის“ მერობა, ამოუცნობი ფენომენია. ალბათ მომავალი მერიც ასეთივე ფენო-მერი გვეყოლება.

რა დამავიწყებს ასმათ ტყაბლაძის წინასაარჩევნო დაპირებას - რა დროსაც მერი გავხდები ყველა ვიქეიფებთო!

ნეტავ კალაძე რას დაგვპირდება? როგორც დავით საგანელიძე დაგვპირდა: ''კახი კალაძე თქვენც დაგანახვებთ, მეც დამანახვებს და მთელ მსოფლიოსაც დაანახვებს-ო.'' როგორც ჩანს, მაგ პატივცემულს ის რაღაც უკვე დანახული აქვს...

ნარმანია კი დაიღალა ბატონო მერობით... აჰა თქვენი „კრასკები“, თვითონ ამოარჩიეთ და „გაკრასკეთო“! მართალია ეგ ტექსტი სიუჟეტის განვითარების სცენარიდანაა ამოგლეჯილ-ნაკარნახევი, მაგრამ მაგასაც ხომ სჭირდება კარგი შემსრულებლის უნარი?!

ჰეი, არისტაფან!

არ გვიხუმრია, მაგრამ არ გეწყინოს რაა...და თუ „ნემცებთან“ მართლა გაგიშვეს ჩვენი ერის სახედ, სინდისად და ნამუსად, დაივიწყე კოკი და იყავი ქართველი! ნუ იქნები ბამბუჩა...

 

ყოფილმა მერმა, ყოფილმა პატიმარმა, ყოფილმა ქმარმა და ა.შ. გიგი უგულავამ, „პოსლეზე“ პენსიის ზრდა დააანონსა და ხანდაზმულ საზოგადოებას საქმიანი გარიგება შესთავაზა. იმ განცხადების შემდეგ - „სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაიონის ბიუჯეტიდან პენსიას გავზრდითო,“ – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი , თავადაც ვერ მიხვდა, ისე გადაიქცა ურჩხულად. მსგავსი სისასტიკე და ცინიზმი ჯეჯეს ლიცენიზირბულ ზღაპრებშიც კი არ გაგვიგონია, წინასაარჩევნო ზღაპრებში კი არა.

აქვე დავსძენთ რომ ზღაპები საშუალო ფენაზე, თანაბარ შესაძლებლობებსა და დემოკრატიულ არჩევნებზე ერთი და იგივე ხალხის მოგონილია.

მიშიკოს უპატრონოდ დაყრილი ბავშვები - ვაშაძე, გვარამია და ბოკუჩავა სამ ხმაში მოთქვამენ - სადაა ჩვენი ოქროს სარაიებიო? ბიძიებო! დეიდებო, ბიცოლებო და ვინც არ უნდა იყო მანდ! დაგვეხმარეთო!

ადამიანი მაშინ ითვლება ზრდასრულად, როცა შეუძლია მას გაუღიმოს, ვინც ძალიან ატკინა. ხოდა, გავუღიმოთ ბატონებო ფუჩეჩითმოსილ საზოგადოებას და გავიაროთ...

 

ბრიტანელებმა ნაწილობრივ აუხდინეს ქალბატონ გუგული მაღრაძეს სურვილი - სიგარეტის ყვავილით გადაფარვის. თურმე, ნუ იტყვით და, ყველა ღერის ფილტრში დებენ თურმე ყვავილის თესლს, საიდანაც, მოწევის შემდეგ, მისი დაგდების ადგილას ყვავილები ამოდის. ესეც მწეველებისგან მოტანილი სარგებელი! არ ვართ ჩვენ დასაკარგი ხალხი მეთქი, ვეუბნებოდი მაგ ქალბატონს მაგრამ რომ არ სჯერა? მოგვინიშნოს მერიამ გასამწვანებელი ადგილები ქალქში, სადაც „ბიჩოკებს“ მიზნობრივად დავყრით, ეკონომიკის მინისტრმა თამბაქოს მწარმოებლებსა და იმპორტიორებს დაავალოს ფილტრის გათესლიანების აუცილებლობა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება.

აგერ უცებ, ჩვენს თვალწინ გაჩნდა ორი კურდღლის დამჭერის თვალსაჩინო მაგალითი. ისე, თავშივე სულელური იყო ეგ ანდაზა და სიმართლეს არ შეეფერებოდა. ათასის დევნაში 2 კურდღელს როგორ ვერ დაიჭერ?

ჩვენ, კულტურულმა საზოგადოებამ, უკვე ვიცით, რომ სოციუმი ცხოველთა სამყაროსგან მხოლოდ თავისი არასრულყოფილი კანონებით განსხვავდება!

ჩამოყალიბდით, ბატონებო! ჩამოყალიბდით!

ყველა ყვავის ოცნებაა, შავთუთანაჭამზე, ვინმე თეთრებში გამოწყობილს თავისი ტოტის ქვეშ წაასწროს.

ისე, ამბობენ, შიდსისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალება იმპოტენციააო ბაბაიებო და აბა თქვენ იცით!

ნეტავ საზოგადოებრივი მაუწყებლის მახრა გიორგი ჭანტურიამ ასეთი რა უნაკლო პროექტი დადო რომ ვასილის და იას გამჭრიახმა თვალებმა ერთი პაწია ხინჯიც ვერ უპოვა? სამეურვეო საბჭოს ისეთი პირი უჩანს, „ოცნების გმირები“ დააკომპლექტებენ...კომისიის გაზრდის მიზნით, მეხუთე კაცად რაფიელ დევდარიანის ჩაწერა არ დაგავიწყდეთ, ჩვენი ახალი ვახტიორი რომაა კაცო..

 

კიდევ რა, წინასაარჩევნოდ ყველას გვეძლევა უფლება, მახლობელ ფერდობზე დაკრიფოთ ფხალის ნაირსახეობა დინდრა! ერმილე ხურციძის სულს ეს არ ეწყინება დამიჯერეთ.

 

- გაგიმარჯოთ! სიმართლით ხომ ვერ გამიმასპინძლდებით?

 

- სადაა სხვისთვის მისაცემი სიმართლე? საკუთარი უნდა იქონიო, გენაცვალე! აწი სხვა დროა...

 

ამპრედუზო-მედუზო!

მიდი, მოვდივარ!

ყავამშვიდობისამეთქი!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...