Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.116

"ლურჯი ვეშაპი" და "მკვახე ატესტატები" მწიფე სიმართლის პირისპირ... ანუ, სად წავიდა „დამჭერი მოთამაშე?“


katya

3.240 views

blog-0477236001496469540.jpg„თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით.

ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო. ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.

და, თუმცა, თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ.

შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები.

რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.

შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა - სულები,

რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება.

შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი,რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება“.

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი

 

ნორმალურ ავადმყოფებს აქვთ წოლითი რეჟიმი... მე, როგორც, უ–მსგავს–ოს , მაქვს წერითი რეჟიმი!

ამასწინათ მამაჩემმა ძალიან მაგარი რამე თქვა – ასაკთან ერთად ხვდები, რომ ყველაზე მაგარი დღესასწაული ხვალინდელი დღეაო... ლამაზად თქვა, მაგრამ მაინც მეტკინა... აღარც მე ვარ იმ ასაკში, ასაკოვნები რომ დანატრიან. ახლა მე ჩემი შვილების ასაკს დავნატრი და თავს ხშირად ვიჭერ უნებური ძალადობის ფაქტზე - ჩემი აუხდენელი ოცნებები, გაცდენილი დრო და გაუქმებული შანსები წიხლით მინდა ჩავტენო მათ წილ საბარგულში, სახელად „ცხოვრება“...

როგორ აიტაცებს ხოლმე მედია თემას და ციმ-ციმ დაატარებს, მიწაზე ფეხის დაუდგმელად უსაფლავო და უპატრონო მიცვალებულივით..

ლურჯი ვეშაპიო და დაიწყო გუგლვა, უცებ გაჩნდა განმარტება - „ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბი“ - რა ბედნიერება ყოფილა და არ ვიცოდით...

ჩემი თაობა მელვილის „მობი დიკზე“ შფოთავდა. თეთრ ვეშაპზე მონადირე ბიჭებზე - სვირინგებიან წარმართზე კოკო-ვოკოდან და ახალგაზრდა ამერიკელ, კუბოთიმცურავ ისმაილზე... „უსიცოცხლო ნიღბის მიღმა გონიერი საწყისის უხილავი ნიშნებია, ბოროტება რომ მოსპო, ნიღბიანად უნდა განგმირო“, - ეს ფრაზაც ამ წიგნიდან შემომრჩა და წყლის შიშიც, მითუმეტეს, თუ ვეშაპიც სადმე ახლო-მახლო კუდს აქიცინებს...

ეჰ, რამდენი არაჩვეულებრივი წიგნია კიდევ წასაკითხი - აქვს ცხოვრებას აზრი აბა რაა...

 

ბავშვს რომელსაც გაზრდი და ვერ შეიყვარებ, ატკენ და გიკვირს თუ ეკლები გაჩვენა, იმ ინფორმაციის მატარებელიც უნდა იყო შინაგანად, რომ უკვე მკვდარი ხარ, როგორც ადამიანი, როგორც დამნაშავე, რადგან სხვას გამოაცალე ხელიდან უმთავრესი უფლება - ყვარებოდათ.

მოზარდი, ვინც უკეთესი გასართობი ვერ იპოვა - საკუთარი სხეულის და ტვინის კაწვრა-ჩეხვის გარდა, საკუთარი მშობლების მსხვერპლია...

თაობა, რომელსაც უმთავრეს ღირებულებებზე ვზრდიდით ჩვენ - თავისუფლებას დახამებული თაობა - დღეს ვირტუალურ სივრცეში ეძებს „მბრძანებელს“ რომ გახდეს უპირობო „შემსრულებელი“ და ამით იღებს სიამოვნებას.

რა გამოდის? ცივილიზაციისა და პროგრესის მსხვერპლნი ვართ თუ სადღაც უსაშველოდ შეგვეშალა?

არადა, როგორ არ გვიყვარს ეს სიტყვა...

უკვე მერამდენედ, ის შემთხვევაა, როცა „შემეშალას“ აღიარებას ბოდიშის მოხდა არ შველის. იმიტომ რომ დრო გაგვექცა. დროს ვერაფრით ჩაანაცვლებ, არც საკერებელი ედება, არც უჯრედები ახლდება. მოვიდა და წავიდა - ეგაა დრო...

არც იმ დიდოელი ლეკის ნაბადი გაითელა...

რა მძიმედ ვიწყებ? რა წუმპე და სუსხიანი გაზაფხულიც იყო, ის კვირტები შეგვარჩინა ზნეშიც და ნაყოფშიც.

11 000 მეთორმეტეკლასელის გონებრივ სიმწიფეში დაეჭვება ლამის ეროვნულ ტრაგედიად გამოაცხადეს მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ , ქართველები უფალმა მხოლოდ კაბინეტების სუფრის თავში, ბაფთიანი გიტარით ხელში, პარლამენტის პულტებთან და ორი ან მეტი დიპლომით იღლიაში გავჩნდით...

განათლება თანამედროვე ქართულში, უმეტეს შემთხვევაში, დაოსებული მშობლების დოღს ნიშნავს.. ქართველი მშობლის ორი უკიდურესობა - „რა ვქნა ყველაფერს ვუკეთებ!“ და „რა ვქნა ? ვერაფერს ვუკეთებ“. ოქროს შუალედი მარადიულ დეფიციტშია, თუმცა არსებობს.

ჰო, დიპლომზე გამახსენდა - ყური მოვკარი, ლაურა კოდუას უნივერსიტეტი გაუხსნიაო და რა საინტერესოა ამ ამბავზე ინგას რეაქცია..

პოლიტიკოსების და ბომონდის საცვლების მტვერი არ გვყოფნიდა თითქოს და საპატრიარქოს ციანიდში გავლებული ფოხნები აგვიფრიალეს..

უკაცრავად და მაგალითის ძალა და ობიექტური რეალობა რას გვასწავლის რომ გვასწავლის?

„უმრავლესობა“ ყველა დროში ცდილობს, უკვე დასმულ კითხვებს ისე უპასუხოს, რომ სხვას შემდეგში, მათი დასმის სურვილიც აღარ გაუჩნდეს.

საჭიროა „ ნიჭი“, რომ შეუგნებლებს ყველაფერი სათითაოდ თითებზე აუხსნა. ჰო, ყველას სათითაოდ რომ დაუწყებ თითების წაცლას, მერე ყველაფერს კარგად აგნებენ, იგნებენ და იგებენ... ეს „ძალადობის შემცველი აზრი“ და „სიძულვილის ენაა?“ ვერ მოგართვეს - ეს რეალობაა...

ხოლო მკაცრადდოზირებული სიმართლე ორგანიზმს არსებით ზიანს არ აყენებს.

ეჰ, წლებს თავისიც მიაქვთ და სხვებისაც...

ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი რომ შოკოლადი და ბედნიერება ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.

რომელი ჩემი თანატოლი იფიქრებდა იმას, რომ გავიდოდა დრო, გავიზრდებოდით, გვეყოლებოდა შვილები და მათ სრულფასოვან ბავშვობას უამრავი რამ მოაკლდებოდა, თუნდაც სრულფასოვანი კვების, დასვენების, ჯანმრთელობის დაცვის ან სწავლის დონეზე. ვერც იმას ვიფიქრებდით, რამდენნაირი სტრესისგან გვეყოლებოდა შვილები დასაცავი და ყოველდღიური დღესასწაულის რეჟიმიდან, ,,ბედნიერი გამონაკლისების,, რეჟიმზე გადაგვრთავდნენ?!

ჩვენი თაობის მშობლების სახელით, ბოდიშს ვუხდი ყველა იმ პატარას, ვისი ბავშვობის დაცვაც ვერ შევძელით...

 

15 წლის მოზარდებში წაკითხულის გააზრებაში საქართველო 70 ქვეყნიდან 62-ე ადგილზეა. რატომღაც დღეს დაინახა ზოგიერთმა ქართული განათლების სისტემის შავი ხვრელები, ლაქები და ორღობეები.. და კიდევ კარგი, რომ დღეს მაინც დაინახა...

შერჩევითი სამართალი, შერჩევითი არჩევანი, შერჩევითი პანიკაც კი ტრადიციად ჩამოყალიბდა. პრობლემა იმაშია, რომ კარგად აღზრდილ ადამიანებს მუდმივად საკუთარი თავით უკმაყოფილების შეგრძნება სტანჯავთ. სამაგიეროდ, გადაგვძოვეს თვითკმაყოფილმა იდიოტებმა... ყველაზე ხმამაღლა თავის აზრს ხშირად ისინი გამოთქვამენ, ვინც საერთოდ არ იცის მაგ სიტყვების მნიშვნელობა უპრაქტიკობის გამო...

სანამ ხიდებს დაწვავ, ჯერ კარგად უნდა დარწმუნდე, ნამდვილად იმ ნაპირზე ხარ თუ არა, სადაც გინდა, რომ იყო - არაა ეს რთული... თუმცა, ჩვენდა ბედად, ამინდმა შეგვიწყო ხელი და ჩვენს უგუნებობას და ყველა უ-ობას უამინდობას მაინც დავაბრალებთ.

თუ წვიმს და სხვა გზა არაა, უნდა ჩავიცვათ ბოტები და ვაჭყაპუნოთ ოცნების გუბეებში, ან საოცნებო გუბეებში, ან უბრალოდ გუბეებში...

ქარია? გავშალოთ ხელები და ... არა, ქარი მერისია და ვაცადოთ! უკეთესად მოიფიქრებს რამეს....

ბოლო დროს რას ვფიქრობ იცით? ქალს ქმარიც სჭირდება ოჯახში. ყველაფერს მთავრობას მართლა ვერ დააბრალებ...

ძნელია, აუხსნა სხვას, ვინ ხარ. მაგრამ ზოგჯერ იმის თქმას მაინც ახერხებ, ვინ არ ხარო.- მხოლოდ ამ ფრაზის გამოც შემიყვარდებოდა ალბერტი...

ზოგიერთის აზრით, "ახალგაზრდობის შეცდომებიც" თავის დროზე უნდა დაუშვათ,რომ მერე „გაპრავება“ არ გაჭირდეს.

გამოთქმა - ყველაფერს თავისი ასაკი აქვს, „ მოსაწყენი ადამიანების მოგონილია. საბედნიეროდ, მათი აზრის მიუხედავად, არაფერია ადრე და არაფერია გვიან. ყველაფერი ხდება მაშინ, როცა უნდა მოხდეს და არაფერი შემთხვევით არ ხდება.

ეს ისე, უბრალოდ, დროზე, აცდენებზე და დაგვიანებებზე მოწუწუნეთათვის.

მისმა უდიდებულესობა შემთხვევამ, უკეთ იცის, როდის და რატომ უნდა შეგემთხვეთ.

ბავშვობა რომ დასრულდა ყველაზე მწარედ მაშინ ხვდები, დივანზე რომ ჩაგეძინება და ისევ იმ დივანზე გაიღვიძებ...

ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად მიყვარდა სკოლა?! ბოლო ზარის დღე რომ დაღამდა, ცას მივჩერებოდი, ასე მეგონა ტიტრებად იქაც უნდა ამოცურებულიყო „სკოლის დასასრული“ .

არის დღეები, მხოლოდ სურნელებისგან რომ შედგება. ასეთ დღეებში სამყარო შემოდის შენში ერთი ნესტოდან და მეორიდან გადის და ყნოსვის გარდა, სხვა შეგრძნებები, თითქოს არ არსებობს... როცა ხარ თუნდაც დაგლასი და ხარ 12 წლის!....

ჩემი თაობის კიდევ ერთი „საპროგრამო ფინალი“ : “მინდა ვიდგე ციცაბო კლდის ნაპირას და დავიჭირო ყველა, ვინც დაღმა დაშვებას დაიწყებს. თუ ისინი სირბილით დაეშვებიან, ვერც კი დაინახავენ, თუ საითკენ გაქანდებიან. მე იქ როგორღაც უნდა აღმოვჩნდე და ისინი დავიჭირო. მთელ დღეს ამ საქმეს მივუძღვნიდი. მე ვიქნებოდი დამჭერი მოთამაშე ჭვავის ყანაში .. „

ჩემში მძინარე გენიოსმა გვერდი იცვალა და ფშვინვა განაგრძო...

ყავამშვიდობისა, კოლეგებო!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...