კონტენტზე გადახტომა






სურათი

უცხო სიტყვათა ლექსიკონი ქართული პოლიტიკის ნაცნობი თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის

დაპოსტა: katya, 11 May 2017 · 731 ნახვა

უცხო სიტყვათა ლექსიკონი ქართული პოლიტიკის ნაცნობი  თეორეტიკოსებისა და პრაქტიკოსებისათვის „საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.
ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე...“
გურამ დოჩანაშვილი, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“

მეც მენატრება სოფელი, უკვე ხანდახან კი არა, ხშირად. კიდევ ის დრო მენატრება - სულ რომ მეჩქარებოდა, ყველგან რომ მაგვიანდებოდა და მაინც ყველაფერს ვასწრებდი...
ახლა რა, ახლაც, მახარაშვილივით, სულ პოსტზე ვარ და ყველაფერს ვასწრებ - ძირითადად ვპოსტავ.. თქვენსავით, იმ ქსელში, რამდენიმე წლის წინ სულწასაწყმედმა ცუკერბერგმა რომ გაგვხვია სოციალურად აქტიურები და პირადი წიგნაკები კი არა პირვანდელი სახე აგვახია.
არანაირი პრეტენზია იმ ჭკვიან მილიარდელთან. პირიქით, ჩემებურ ლოცვებში მუდამ ვიხსენიებ, როგორც გადამრჩენს, როგორც კარგ ხალხთან შუამავალს და როგორც საუკეთესო ინფორმატოს. კიდევ იმისთვის, რომ ჩვენ, საქართველოს აგულებს მის კუთვნილ სივრცეში პატარ-პატარა „არაჩვეულებრივი გამოფენების“ მოწყობის საშუალება მოგვცა.
მოკლედ, ბევრი რომ არ ვიტლიკინო ისეთ რამეებზე, რაც ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ ხშირად ყოველი ახალი დღისთვის მადლობის თქმა გვეზარება, იმას მოგახსენებთ რომ მრისხანება კეთილი ადამიანების ხასიათის ნაწილია და ის მაშინ გამოდის სინათლეზე, როცა მათ სიკეთეზე ფეხების შეწმენდას იწყებენ...
რატომ ასე მკაცრად? იმიტომ!
რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ყველა ეშელონშიც და ბიზნესშიც არიან ტიპები საპასუხისმგებლო პოსტით და ვალდებულებებით, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა „პასუხისმგებლობა“.
ტყიბულის მსხვერპლი არც პირველია, არც უკანასკნელი, არც გაკვეთილი და არც მონანიება. ტყიბული და მსხვერპლი იქნება ყველგან, ვიდრე სახელმწიფო არ დაიცავს ადამიანის ერთ-ერთ მთავარ უფლებას - შრომის უფლებას. ხოლო ჩვენ არ შევცვლით ღირებულებებს და არ მივხვდებით, რომ თუ ევროპელობა გვსურს, იმ სივრცეში მთავარი ღირებულება ადამიანია და მერე ყველა დანარჩენი.
ამ ყველაფრის გაგება და შეგნება ძალიან მარტივია, ბატონებო! თუ, სულ 5 წუთით, წარმოიდგენთ საკუთარ თავს ან თქვენი ოჯახის წევრს გარდაცვლილის ადგილას, საკომპენსაციო თანხით ხელში.
გეთანხმებით, არც ისე სასიამოვნო სიუჟეტია. დანარჩენზე თავად იფიქრეთ, ჩვენ, როგორც გვახსოვს, ფიქრისთვის და საქმისთვის დაგიქირავეთ!.
აშშ-ის პრეზიდენტისგან ძალიან მკაფიო გზავნილებით და მხარდაჭერით დახუნძლული პრემიერი ამაყადთავაწეული დაუბრუნდება სამშობლოს, სადაც ეს ვიზიტი საზოგადოებამ ობიექტური კმაყოფილებით შეაფასა, მიუხედავად დემაგოგიური ელემენტების არითმიული ციმციმისა.
ყოველი ახალი ისტორიის სახელმძღვანელოს გამოსვლისას, სამართლიანობა საფლავში ტრიალებს.
სახელმძღვანელი იმისთვის იქმნება, რომ იხელმძღვანელო და გაითვალისწინო. ჩვენ დიდი ხანია ისტორიის პრაქტიკაში გამოყენების უნარში „საშემოდგომო“ გამოგვაყოლეს. ამის ბრალია უსაზღვრო ემოციაც და უსაზღვრო გაურკვევლობაც - როგორ უნდა მოიქცეს ერი კონკრეტულ სიტუაციაში, როცა საქმე ოკუპანტს ეხება? კანონები კი იმისთვის იწერება, რომ მათში ზოგჯერ ვიღაცამ მაინც ჩაიხედოს, გამოყენებას ვინღა ჩივის?!
საზღვარი ამ დღეებში აქტუალური თემა იყო, მესაზღვრეც, ტურისტიც, ოკუპანტიც და უსაზღვრო თავხედობაც...
ჰოდა, რომ გადაირიეთ, რა იცის ზაზა ხუციშვილმა ოკუპაციის კანონი? ჟურნალისტებს რომ არ ეთქვათ - მილიონერი ხარო, ეგეც კი არ იცოდა...პრინციპში მარტო ხუციშვილმა კი არა, დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის 50%-ს ყურიც არ ჰქონდა მოკრული იმ კანონზე, თვალის შევლებაზე ხომ ზედმეტია ფიქრი. სამაგიეროდ, მშვენივრად დაიტესტნენ. დავინახეთ - ვის აქვს შერჩენილი გენეტიკური თავმოყვარეობა და მის ფონზე პროტესტის დაუკითხავად გამოთქმის უნარი და ისინი, ვინც უსაზღვროდიპლომატიის მანტიაში ისე აიხლართა რომ სულ მისხალ-მისხალ გამოუჩნდა ტუნტულა სიშიშვლეები. მონძიეე! ქარი სულ იმ მხრიდან კი არ უბერავს, საიდანაც თქვენ გაწყობთ, ბატონებო!..
ზღვარი კარგსა და ცუდს შორის, როგორც წესი, ჩვენის და სხვისას საზღვარზე გადის.
პენსიონერ-პილიგრიმ ლუჟკოვისა და ბატონი ვოლსკის კომენტარებზე კი ის ანეკდოტი გამახსენდა:
- Ты не помнишь, чем там в «Войне и мире» все кончилось?
- Все умерли.
- Да ты что! Не может быть!
- Так двести лет с тех пор прошло.

აქვე კიდევ ერთი ცოცხალი ანეკდოტი მკვდარ რუს პარლამენტარზე: ისრაელის მედიის ცნობით, მკვდარ ზღვაში ჟირინოვსკის ყველაზე მდიდარი თანაპარტიელი დაიხრჩო. არადა, მკვდარ ზღვაში მარილის მაქსიმალური შემცველობის გამო, ფიზიკის ყველა კანონით, ადამიანები არ იხრჩობიან.
ამ დღეების ემოციურ ფონზე პაწია ღვარძლი და ცინიზმი ქართველებსაც გვეპატიება.
პატიებით უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც გვეპატიება, ისიც, თუ მაშინაც არ გვჯერა ჩვენი პოლიტიკოსების, როდესაც სიმართლეს ლაპარაკობენ. საპარლამენტო კომისიამაც გვითხრა- დაგვიჯერეთ, ბევრი ვიფიქრეთ კონსტიტუციაზეო, მაგრამ, ხომ ხედავთ, რაღაც-რაღაცეები მაინც თავიდან საფიქრალი გაუხდათ.
ექსპერტმა ხუხაშვილმა, რადგანაც ვერ ხუხა ბოლომდე „ქოცური ნექტარი“, ფარსი უწოდა სახალხო განხილვებს კონსტიტუციისას. ანუ მისი აზრით თქვენ ვინ გამოდიხართ? „ფარსმენები“?
უსუფაშვილმა სამი მოთხოვნა წამოაყენა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, კობახიძის დეპეშის ტექსტი მოთხოვნების პასუხად ასეთი იქნება: „პატივცემულო კოლეგავ! თქვენს სამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ გაცნობოთ - ოქროს თევზი ცოტა იყო და გათავდა. „
ისე, თქვე კაი ხალხო! თუ ჩვენ მაინც არავინ გვეკითხება არაფერს და ვენეციის კომისიის წყალში გატოპილ აზრს ველოდებით, რას დადიხართ ზევით-ქვევით და კონფერანსიობთ? მარგველას ჯინაზე?
საკუთარ თავზე გამარჯვებულები - თავის მჯობნი და მომრევი საზოგადოება დროშებით რომ დაყიჟინობენ, მაგ დროს დამარცხებული ვინაა?ცალ კარში თამაში ყველაზე მეტად ცხვრებს უყვართო ამბობენ.
სანდრო გირგვლიანის საქმის 1 მოსამართლეს, გიორგი ჩემიას, ხმების უკმარისობით გაეცა პასუხი თავის უაპელაციო ამბიციაზე, სააპელაციო სასამართლოს ჩეროში მოეწყო ბუდე. შემდეგი გაჩერება, იმედია, ასევე უაპელაციოდამბიციური უფალიმოსამართლე მურუსიძე იქნება.
„ელისო-მტყუანმა“ რა ჰქმნა და თავისი ქოცი წყაროები წინწყაროსავით ჩამოარაკრაკა. ისეთი საინტერესო შენაკადებია, 1 თვე გარანტირებული თემებია ტვ-შოუებისთვის. წარმოიდგინეთ, ელისოსაც მოაქვს სარგებლობა. მაგალითად, მისი არსებობის საფუძველზე ფეხს იკიდებს ახალი მიმართულება თუ თემატიკა ქართველ ექსპერტთა შემოქმედებაში - კილაძისტიკა. კარგია ეს. ხალხი გაერთობა, ხალხი დასაქმდება, ხალხი ნერვებს და ფანტაზიას გაავარჯიშებს. და ზოგადად, ხალხიც და ქართული პოლიტიკაც, ელისოს გარეშე ძალიან მოიწყენდა.
თბილისის საკრებულომ დიდი დავის და ალიაქოთის მიუხედავად, გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი მაინც დაამტკიცა და ეს იყო თბილისის საკრებულოს უმრავლესობის კიდევ ერთი შეცდომა, რაშიც სულ მალე თავად დარწმუნდებიან და ინანებენ.
ხატის ტყე და ფასანაური იყო კიდევ ერთი ხმაურიანი პროტესტის ლოკაცია და მიზეზი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამინისტროში თავმოყრილი ენერგომამები საკავშირო სტანდარტებს ვერ გასცდნენ...ელოშვილის ფსიქოტიპის მოხელეები კი როცა საჯაროდ, ტელეეთერით სასამართლო დავებს მიესალმებიან, სწორედ იქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები სასამართლოს მიმართ...
როცა ჩვენში ყველა საიდუმლო გაცხადდება, აღმოჩნდება, რომ ყველამ ყველაფერი ისედაც იცოდა..

ამასობაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, მარიშკამ პარიზში თავისი „უკანასკნელი ტანგო“ იცეკვაო... თუმცა, ის როკვა არ ჰგავდა არც ტანგოს და არც უკანასკნელს. დიდი ქართული განხილვების ობიექტი - ჰუმანისტი, მუსიკოსი და უბრალოდ ფილოსოფოსი კი - უკვე საფრანგეთის პრეზიდენტია. რაც საშინლად არ მოეწონებოდა ბრიჯიტს, თუ მის წინასაარჩევნო აგრესიას გავითვალისწინებთ მაკრონის შეუბრალებლობასა და ცხოველების მოსალოდნელ დაღუპვაზე!
კარგი რა ბარდო! დალოცე ეგ ბიჭი ბორდოთი და შეეგუე იმას, რომ მისი მეუღლე შენზე გაცილებით ახალგაზრდაა..
ღვინის სამშობლოში ჭეშმარიტება დეკალიტრებში უნდა იზომებოდეს და რაღა დარჩა ღვინის ფესტივალამდე, წავალთ მაძიებლები, მუხლს გავშლით, თვალს წყალს დავალევინებთ, ყელს - ვაზის ნაჟურს.
რაც შეეხება ევროვიზიას და ჩვენს მარადიულ დაუძლეველ ლტოლვას მისდამი, გაუფრთხილდით ქართველი შემსრულებლების ნერვებს და პრესტიჟს. „ერთხელ დაეცა ბიჭი, ორჯერ დაეცა, აღარა კმარა კაცო!?“ ევროვიზიაზე ევროვიზა არ მოქმედებს, მანდ სხვა ბილეთია საჭირო, რუკაც, შენდაუკაც!. და საერთოდ, საბჭოთა ეპოქის დროინდელ საერთაშორისო ფესტივალებს ქართველები მხოლოდ ბავშვობის ასაკში ვიგებთ. „სან რემო ჯუნიორი“ ვერ მოიგო 11 წლის ლიზი წერეთელმა თუ რა?
ჯერ კიდევ გაურკვეველია თბილისის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდისგან. პრემიერმა - რა გეჩქარებათო!? ნელა ხო, ნელა და...
ზის ალბათ ახლა „ქართული ოცნების“ პოლიტ-მარკეტინგული სრული შემადგენლობა და ფიქრობს, ამ არჩევნებზე ვისით შეგვაშინონ. იმიტომ რომ, შეშინებულზე უფრო კარგად „ვიძლევით“.
მაგრამ ჩვენ მაინც არ გვეშინია! ჩვენ ხომ მკურნალობასვერდაქვემდებარებული ოპტიმისტები ვართ! ისეთები - მეცხრე სართულზე ფანჯრების წმენდისას, სანამ წმენდას დავიწყებთ, ჯიბეში სახლის გასაღებს რომ ვიდებთ, - ვინიცობაა გადავვარდეთ, კარს შიგნიდან ვინ გაგვიღებსო?!.
ბოლოს ხომ მაინც გაგაცინეთ?!
ღმერთმა ნუ ქნას, ახლა ინტერნეტი გაითიშოს. ახლანდელი ერთსაათიანი უინტერნეტობა, უინტერნეტო ეპოქაში, სამთვიან უსექსობას უდრის...
ჰო, გაბრომ, ჩემს მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ და წვიმაზე მეტი საწუწუნო არაფერი გქონოდეთო!
ჰოდა, ყავამშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი




ოქტომბერი 2017

1234567
891011121314
151617181920 21
22232425262728
293031