კონტენტზე გადახტომა






სურათი

ფარდობითობის თეორიისა და პორნოგრაფიის როლი პოლიტიკურ გრავიტაციაში, ანუ უშაბათო კვირის ყავა

დაპოსტა: katya, 07 May 2017 · 740 ნახვა

ფარდობითობის თეორიისა და პორნოგრაფიის როლი  პოლიტიკურ გრავიტაციაში, ანუ უშაბათო კვირის ყავა იყო და არა იყო რა კი არა, ნამდვილად იყო ერთი გადარეული ფიზიკოსი აინშტაინი, რომელმაც, დაბნეულ საზოგადოებას, ფარდობითობის თეორია ასე განუმარტა : -შეყავით ხელი ცხელ ღუმელში და წუთი საათად მოგეჩვენებათ. დაჯექით ლამაზი ქალის გვერდით და საათი ერთ წუთში გაივლის.სწორედ ეს არის ფარდობითობა!!!
ჰო, ეგააა - „სიკვდილი ტიფანისთან“ და „საუზმე ვენეციაში“....
დიდი ხნის წინ, ვიღაც თმაგაჩეჩილი წვეროსანი, იმასაც მიხვდა, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა დიდი მიხვედრა უნდოდაო!? - გამოჩნდებიან მაგის მთქმელებიც, მაგრამ ეგ ის კატეგორიაა, სხვისი მიხვედრილის მიხვედრასაც რომ ვერ ახერხებს ხოლმე, ძირითადად.
მოკლედ, შესაკრებთა გადანაცვლებაზე ორი აზრი არ არსებობს. სამაგიეროდ, სიტყვათა გადანაცვლებით იცვლება აზრი და, შესაბამისად, შედეგიც... პირველად იყო სიტყვა და ბოლოსაც რომ ეგ იქნება, ეგ ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ, ზოგჯერ, ვითომ გვავიწყდება...
ჯერ-ჯერობით არცერთ უცხოელ თუ აბორიგენ მეცნიერს არ გამოუთქვამს კომპეტენტური აზრი საქართველოში მიმდინარე „მიზანმიმართულ პოლიტიკურ თვითგაბანძების პროცესთან დაკავშირებით“ ... ზოგადად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკა არა სამეცნიერო, არამედ „ყოფითი იუმორის“ თემაა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რას მიკეთებს იმ ენაგადმოგდებული და თმაგაჩეჩილი ტიპის თეორია?!
დიახ, ბატონებო! ფარდობითობა ყველგან და ყველაფერში! ასე პოლიტიკაც მარტივია და ცხოვრებაც...
პრინციპში, ერში „როცა ასეთი სიყვარულია“, „პოლიტიკოსებს“ რას ვერჩით? ვებგვერდების პოპულარობის მთვლელი Alexa.com-ის მონაცემების მიხედვით, დღეისათვის საქართველოში ყველაზე პოპულარული უცხოური ვებგვერდების სიის სათავეში პორნოსაიტი – Porn555.com-ია. მერე მოდის Youtube.com, მერე უკვე, ჯეჯეს რჩევითა და ზოგიერთი პარლამენტარის გარჯით, მე-3, მე-4 ადგილებს Google.ge და Google.com-ი ინაწილებენ. ჩვენ რომ გვგონია, ძალიან ფბდამოკიდებული ერი ვართ, ნურას უკაცრავად!. მხოლოდ მე-6 პოზიციაზეა Facebook-ი და მას Ok.ru უსწრებს. და რაზე მეტყველებს ყოველივე ეს? ან ის რაზე მეტყველებს რომ პირველადგილოსანი პორნო საიტი აზერბაიჯანში მე-18, სომხეთში მე-10 , ხოლო უკრაინაში 28-ე ადგილზე? რა თქმა უნდა იმაზე რომ მეზობელ სახელმწიფოებში რეალური სექსი უფრო ხელმისაწვდომია. საქართველოში კი სექსმაც პოლიტიკური დატვირთვა მიიღო და საოცნებო- ვირტუალური სიამოვნებების კატეგორიაში გადის. მერე ვიღაცეებს უკვირთ, რატომ გვაქვს ამდენი ხარჯი ჯანდაცვის სფეროში? ან, რატომ ვიკლებთ გამრავლებაშიო?
აგერ, ჩვენს ოკეანსგაღმაკარისმეზობელ ამერიკაში ჩვილები უკვე ხელში სპირალით იბადებიან.. სიცოცხლის ჟინი და ცხოვრების ტემპი დედამიწის ყველა კუთხეში მატულობს, ჩვენ არ გვეჩქარება არსად. დრო? დრო მოვა და ხვალ ჩვენი ფეხის ნაბან წყალს დალევს, დიახაც!...
რახან ამერიკელი ჩველი ვახსენეთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აშშ-მ ყველაზე გულითადად მოგვილოცა გიორგობა. ისე რომ ყველა, ვისაც წინასაარჩევნო პერიოდში დონალდზე უკბილოდ გვიოხუნჯია, მისი ახალგაზრდობის თმის ფერივით შევიფაკლეთ უხერხულობისგან.
მაშასადამე! ამერიკის ტრილიონიან ბიუჯეტის კანონში შავით თეთრზე ჩაიწერა ოქროს სიტყვები: ამერიკის შეერთებული შტატები წყვეტს და უკრძალავს სხვებსაც, მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებს, რაიმე ფინანსური დახმარება განახორციალონ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. აქტში ისიც წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებია. ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შენ შემოგევლე ბიძია-ბაბუა! გეკუთვნის ის ქალიც ცოლად და ამერიკის პრეზიდენტობაც ალალია!
რა მარტივი ყოფილა უყვარული კაცის შეყვარება, საშენოს რომ იტყვის რამეს. დაფასება, გადაფასება და ჩამოფასება ძმები არიან, მააშ!
ფსიქოლოგთა დასკვნით, ადამიანის გაცნობას სულ რაღაც 3–4 წუთი სჭირდება. მოკლევადიანი პირველადი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება, ხოლო გრძელვადიანი - პირველ 4 წუთში. ჩვენ სრული 4 წლიანი კურსის მერეც ვერ ვცნობთ ერთმანეთს და ყველაფერს სუფთა ფურცლით ვიწყებთ საარჩევნო ურნასთან.
იმის ოჯახი აშენდა, ვინც მაგ ყუთს „ურნა“ პირველმა უწოდა...
გასულ კვირას რელიგიურ ექსტაზში მყოფმა ნაცურმა კარტელმა , სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ისევ სახალხო პანიკის ხერხს მიმართა - არიქა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფასიანი გახდაო ! მაგათ ტყუილს მოკლე კი არა, საერთოდ აღარ აქვს ფეხები...
„კვირა პლუსმა“ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ქორწილის კადრები მოიპოვა. ვინ თქვა კობახიძე არ იღიმებაო?! კიდეც იღიმება, ვახტანგურებსაც სვამს, არღანზეც ქეიფობს, ცეკვავს, ხუმრობს და, შესაძლოა, მღერის კიდეც... მართალია, „კვირამ“ ჯერ ვერ მოიძია რით დასრულდა ქართული სექსმარკეტის სახე იუნა შაფათავას ერთ დროს ღიად დაფიქსირებული „ ინტერესი“ პარლამენტის თავმჯდომარის ტუჩების, მიბნედილი მზერის და „ჩёლьკის“ მიმართ, მაგრამ, არც ეგ დაიმალება, თუ დასამალი იქნა რამე...
კიდევ იმის თქმა მინდოდა რომ, ზოგჯერ, შეთანხმების უნიჭო პროცედურით ნებისმიერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივის მკვლელობაც შესაძლებელია.
კი ბატონო, დაუკარი შენი მუსიკა და აცეკვე ხალხი, ოღონდ ის მუსიკა თანამოსაუბრის საყვარელ სტილს ოდნავ მიუსადაგე და შედეგი არ დააყოვნებს.
საქართველოში კონსტიტუციის საჯარო განხილვის მეორე ეტაპი დაიწყო, ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს კანონშემომქმედების მიერ, თუმცა „ხალხოსნური“ ნარატივის იდეა, მაინც შელახულიუფლებებითაცკმაყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნის.
ასეა ბატონო, ამ ქალაქში კი არა, ამ ქვეყანაშია ყველაფერი დასწრებაზე.
მოკლედ, პირველების ქვეყანაში პირველობის მეორე ეტაპი დაიწყო ქუთაისიდან და რაჭიდან სტარტი მიეცა პარლამენტის თავმჯდომარის „მოგზაურობას დასავლეთ საქართველოში“...
ისე, მაგასაც თუ უნდოდა „მარგველაშვილების ექსკურსიაზე“, ეთქვა კაცო, რას გაბრაზდა?
თბილისის მერის პასუხს მავანთა მორიგ ცილისმწამებლურ გამოხტომაზე - ,,აიღეთ ბარი და დარგეთ ხეები,ასე თუ შეგტკივათ გული"- მწისიერად გამოეხმაურა გარემოს დაცვის სამინისტროც და საქართველოს პარლამენტიც.
„სუფთად ევროპისკენ“ აქციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის და მედიის წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, მუხის, ნეკერჩხლის და ფიჭვის 150 ნერგი დარგეს. ამ აქციაში , რატომღაც, არ მონაწილეობდა პარლამენტარი მაღრაძე. მაგას „სუფთად ევროპისკენ“ მარტო თუთუნის კვამლის სველი პირსახოცით დევნა ჰგონია.
მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო ელის, როგორ დაეცემა გმირულად თამბაქოს ყანაში (ვიცით პლანტაცია რომ ჰქვია თამბაქოს დიდი რაოდენობით მოყვანის ადგილს, მაგრამ მაღრაძის შემთხვევაში, „ყანა“ უფრო უპრიანია.), ბრძოლის ველზე ქალბატონი პოლიტიკოსი მაღრაძე. აბა გუგულს არც ცრემლების სჯერა, არც მწეველების და არც ახლობლების. სულ გადაირია, სულ... როგორც სჩანს, სოლოლაკელი მოქალაქე, პარლამენტის მოქალაქე მაღრაძის პერსონალურ მონაცემებსაც კი გაერიდა, არათუ მასთან პირისპირ შეხვედრას, რამეთუ გუგულიც კი ცხვარდება, როცა აცხარებენ...
სამაგიეროდ, განსაკუთრებული ხიბლი შემატა იმ „საბუნებისმეტყველო აქციას „ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის „შემოსწრებამ“. ქალბატონი ეკა „აბსულუტურად“ ამოვარდნილი იყო თავისი სამოსით კონტექსტიდან, თუმცა, კლასიკურ-რომანტიული სტილის ოცნების ფერმა „კოსწიუმჩიკმა „ ჟაბოებით და „ლოდოჩკა შპილკებმა“ ამ დღეს განსაკუთრებით საზეიმო ელფერი მისცა.
რატომ იყო შემოსწრებული ქალბატონი ბესელია და არ იყო წინასწარ ინფორმირებული, ამაზე პარლამენტის ადმინისტრაციას „კომენტარი არ გაუკეთებია“. ჰოდა, ამის მერე მაინც დაიმახსოვრეთ, რომ ქალბატონ ეკასაც უყვარს ბუნება. ეგ რომ გადაგემოწმებინათ, აღარც მისი „შპილკებიანი“ ფოტოს გაქრობა მოგიწევდათ ვიღაცეებს იმ დღის ოფიციალური ფოტო-დაიჯესტიდან...
სკოლებში დიდი დასვენება ბრუნდება! რა თქმა უნდა მინისტრის პირადი გამოცდილებისა და სასიამოვნო მოგონებების სრული და აქტიური მხარდაჭერით.
როგორც იქნა, ჯეჯემ განათლებისთვისაც მოიცალა და ტუალეტის სუნით გამორჩეული სკოლები „დაბომბა“.. მოუწესრიგებელი საპირფარეშოს გამო სკოლის დირექტორის სამსახურიდან გაშვება, შესაძლოა, ვიღაცისთვის ძალიან უხერხულია, მაგრამ, ჩემი პირადი აზრით, ბავშვების ანტისანიტარიაში აღზრდა და „ღორული საქციელის“ ყოველდღიური თვალსაჩინოება უფრო უხერხულია. ამიტომ, კეთილი ინებეთ, გამოუყავით სკოლებს სველი წერტილების მოსაწესრიგებელი თანხები და მერე მგლის ბილეთით გაუშვით ყველა უუნარო. სახლიდან ხომ არ მოიტანენ დირექტორები გახეხილ უნიტაზებს? საპონს ან ტუალეტის ქაღალდს? თუმცა, არც იმ შემთხვევებს გამოვრიცხავ, დირექტორები საპნის მოხმარების უნარებს რომ ვერ ფლობდნენ სათანადო დონეზე.
რახან საპირფარეშოების თემა აიწია, ბარემ კიდევ ერთ სიახლეზე მოგახსენებთ - მოძრაობა თანასწორობისთვის ახალი პეტიციით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს მიმართავს - არა საპირფარეშოების სქესობრივი ნიშნით დაყოფას!-ო
„ვინაიდან ყველა ადამიანი თანასწორია მათ შორის სქესის განურჩევლად, იგი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს როგორც საკუთარი გენდერული იდენტობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ისე სად და როდის, ან ისარგებლოს თუ არა საპირფარეშოთი.“ - ციტატა პეტიციიდან. სავარაუდოდ, ეს იმ კატეგორიის მოთხოვნაა, რომ აღარ იცის სად წაასწროს საწინააღმდეგო სქესს ნახევრად ჩახდილი საცვლით. მოგეხსენჯებათ, მაგ დროს წინააღმდეგობის გაწევა არც ისე ზნეობრივი და ჰუმანურია.
ნეტავ რომელ ინტრიგანს მოუვიდა თავში ერთ დღეს მსოფლიო ბეჭდური პრესის თავისუფლების და სიჩუმის საერთაშორისო დღის დაწესება? თუმცა, ჩვენ, მწერალი ჟურნალისტები ხომ ჩუმად ვწერთ, თუმცა, ხშირად ხმამაღლა გვკითხულობენ ან მოგვიკითხავენ...
თუმცა, სათქმელი უნდა დაიწეროს - დროშიგაწელილი აუხდენელი ოცნებები უსასრულო პრელუდიას გავს, რომელიც ორგაზმით არ სრულდება, მითუმეტეს ორსულობით და ნაყოფით...
რაც შეეხება პოტენციას, პოტენცია , ფიზიკის თვალსაზრისით, წნევის ძალის წინააღმდეგობაა გრავიტაციასთან. ..
იმ ხალხს კიდევ შემიძლია გავუგო - არაყს რომ ლუდს აყოლებენ, მაგრამ ყავას რომ ჩაის დააყოლებ, ამის „გაპრავება“ მხოლოდ ფსიქოლოგიური გადახრით შეიძლება და მასეთებისგან ყველაფერს უნდა მოელოდე... კიდევ იმათი გაგება მიჭირს, ყოველ დღე ჩემს ეზოში რომ მოდიან და ჯართს იბარებენ, მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია არავის არაფერი ჩაუბარებია. თუმცა, ესეც ოპტიმიზმის ერთგვარი ფორმაა.
რიცხობრივად კი ვმცირდებით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენთან სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა სარეკლამო პაუზების ხარჯზე.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადებში ჯერ-ჯერობით ე.წ. გამოსასვლელი დღეებიც შედის.
ნებისმიერი ორშაბათი კი ცხოვრების ფილოსოფიურად გააზრების დღეა.
წარმატებული ორშაბათი და მშვიდობიანი ყავა !
კატო ჩულაშვილი




ნოემბერი 2017

   1234
567891011
12131415161718
192021 22 232425
2627282930