Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.137

ალუბლების ქვეყნის საიდუმლო, ანუ ტყემლის ყვავილობა ქართულად


katya

2.609 views

blog-0212955001493875290.jpg"იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ რა შენ ეს, გერასიმე - ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიოცებს, ის წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს... ჩვენ, ადამიანების დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა , მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო." (ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე)

ჰოდა, ვრჩებით ასე გაყიდულები საკუთარი ნებით, საქციელით და სიყალბის შემორჩენილი მარაგებით. სამყარო მართლა პატარაა, სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც ყველგან საკუთარ თავს წამოკრავ ფეხს ან შეასკდები და თვალი ხომ უნდა გაუსწორო "ყველაზე კეთილისმსურველს" ?. საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და აქებდე, დიახაც. ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს უცხოს ხომ არ დაავალებ?

ცხოვრება ტყემალი არაა, შენი მსუყე ოცნებები რომ ამოაწო და გემრიელად შეახრამუნო. ისე, ტყემლით ცხოვრების მირთმევის უპირატესი უფლებით სარგებლობა ქართველებმა რომ მოვითხოვოთ, მაგას მაინც შეგვარჩენენ "მანქურთები?" მანქურთი „ასავალ-გასავალის“ ენაზე „მტრის ხატს“ ქვია. მაგ ხატზე ვინ ლოცულობს? სულ გადაირიეთ ხომ? მტერზე ვინ უნდა ლოცულობდეს? და რა საჭიროა ხატი, რომელზეც არავინ ლოცულობს?

არ ვარ ბატონო აქაური, სხვას კითხეთ...

არც ტყემალი მიყვარს და არც ალუჩა და, საერთოდ, ყველაფერს ალუბალი მირჩევნია... ბავშვობაში ალუბლების ქუჩაზე ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე - ალუბლების ქვეყანაში ცხოვრება მომინდა... ოო რა ანდამატი აქვს ალუბლების ქვეყანას... თუმცა, იმ ქვეყანაშიც თავიდან ქლიავით დაიწყეს. იყო ერთი ქვეყანა, სახელად - იაპონია, იაპონიაში - ქლიავი და მისი ყვავილობა. მერე, ნარას ეპოქამ სილამაზეს და სიცოცხლეს სხვა თვალით შეხედა და ის თვალი ალუბალს დაადგა. საკურას ქვეშ, მისი ყვავილობის ხანს, საკე თუ არ შეგისვამთ, ვერასოდეს გაიგებთ ჭეშმარიტი იაპონელის სიხარულს...

იაპონელებს 50 000 100 წელს გადაცილებული ადამიანი ჰყავთ, მაგრამ ამით შეშფოთებული იმ ქვეყანაში არავინაა. სამაგიეროდ, მოხუცთა სიმრავლით შფოთავს ჩვენი მთავრობა. 130 000-ით გაიზარდა პენსიონერთა რიცხვიო, საიდან მოვიტანოთ ამდენი ფულიო? ფული თორემ ... ფაქტიურად, ხანდაზმულთა ნამუსზე აგდება და სუიციდისკენ მოწოდება იყო ის, რაც გუშინ იყო, რომ დავუკვირდეთ, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ ჩვენ დაკვირვება ზოგადად არ გვჩვევია. ემოციების და სპონტანური აზროვნების ხალხი ვართ. იმ ალუბლადდაღვრილ ოკინავაზე კი უხუცესები დაუჯერებლად ახალგაზრდულად გამოიყურებიან. რა სიმსივნე ? რა გული და რა ინფარქტი? 100 წლის მოტოციკლებით მოსეირნე, მოცეკვავე, მოვარჯიშე, ბაღებში მომუშავე ბაბუკები და ბებუკები... რა საპენსიო ასაკი? რა პენსია? ...

ვითომ წყალიო, იქაური, კალციუმიანიო, მაგრამ სწორი კვება, ცხოვრებასთან სწორი დამოკიდებულება და ფიზიკური აქტივობის ფასი ჩვენც რომ ვიცოდეთ, აქაურ წყალს რამე დაეწუნება? ვიდოთ ასე ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ინტერნეტში და ვითვალოთ ლაიქში უფრო მეტ კალორიას დავწვავთ თუ „ჯიკებაში“ ?, ვიკვებოთ რაც ხელში მოგვხვდება იმით, ვთქვათ უარი სექსზე, იმიტომ რომ კიდურებზე ეპლაცია გვეზარება ან სამაგისო ფული არ გვაქვს, და წყლის ყლურწვა გვიშველის ლიტრობით. აბა რააა!!! ზედმეტი წონის მოშორების ლონდონურმა მეთოდმაც რომ სულზე მოგვისწრო! რა ტრენაჟორები და აუზი? აიღებ ბილეთს, ჩაფრინდები ლონდონში, შეხვალ დარბაზში, დგას გაზიმზიმებული საწოლები. დაწვები, 45 წუთი წაუძინებ. ისეთ მუსიკას გასმენინებენ და ისეთ ტემპერატურაზე ფშვინავ, ძილში კარგავ ეგრევე კალორიებს... ხოდა, თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაამატეთ, ფასები გაასამმაგეთ, რა თქმა უნდა! ვინ არ გადაიხდის მაგდენს ჯანსაღი სხეულის ფასად...

 

ჰოდა, იმას ვამბობდი, აპრილის დასაწყისში , ოკინავას ალუბლის ბაღებში, როდესაც იქ ალუბალი პირველად აყვავდება, დიდ ლამაზ და არომატულ ტრადიციულ დღესასწაულს ზეიმობენ . ამ დღესასწაულის ზუსტი თარიღი არ არსებობს, მას ყოველ წელს მებაღე აცხადება... ოოო რამხელა მისია აქვს ოკინავას მებაღეს. თავისი ცოდნა, ინტუიცია, გამოცდილება, ამინდის პროგნოზი, კვირტის ასაკი - ყველაფერი უნდა შეაჯეროს, გამოთვალოს და ისე დაასახელოს თარიღი - ალუბლების აყვავების თარიღი! იმ დღეს პედანტი და შრომისმოყვარე იაპონელები მოსწყდებიან რუტინას, თვალებს უფრო ფართოდ მოჭუტავენ სიამოვნებისგან და გადაეშვებიან თავით, ფეხებით, სულით, გულით, ალუბლის ბაღებში, რათა დაიმართონ სილამაზის და განახლების იმედი...

ალუბლების ქვეყანაში , "შეყვარებულთა თვითმკვლელობის" გარდა, მებაღის თვითმკვლელობაც მოსულა. სამი წლის წინ იყო ეგ ამბავი, მგონი - დაუძახა მებაღემ ხალხს - მოდით , ამ დღეს აყვავებულ ბაღს გახვედრებთო. მივიდა ხალხი, მიატოვეს საქმე, წაიყვანეს შვილები, შვილიშვილები...ჰოი საოცრებავ! ბაღი არ ყვაოდა... მებაღემ ხეების აყვავების თარიღი ვერ გამოიცნო. ალუბლები რამდენიმე დღის დაგვიანებით აყვავდნენ, მაგრამ მებაღე მათ ყვავილებს ვერ მოესწრო. იმიტომ! თავისი შეცდომის სასჯელად თავი მოიკლა...

სასჯელად თვითმკვლელობით „გამზრდელის“ ქვეყანაში იაპონელები ვერ გაგვაკვირვებენ, მაგრამ წარმოსადგენადაც კი უმძიმესი იქნება, ჩვენთან რომ ასეთი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ადამიანები საკუთარ მოვალეობებს და პროფესიულ შეცდომებს... ისედაც ხომ 4 მილიონამდე ვერ მოვგროვდით, ტენდენციაც ისეთი ოპტიმისტური გვაქვს, კონსტიტუციით განსაზღვრული დეფინიციის მიხედვით შექმნილ ოჯახებშიც კი გამრავლების მიზნით თანაცხოვრება ეუხერხულებათ.

არ გვინდა ბატონო! ვიყოთ ისე როგორც ვართ - დინების მიმყოლები, არხეინები და მედროვენი...თუ დრო და დრო ვინმეს პასუხისმგებლობის გრძნობის მაჩვენებელი აუწევს, ამის დარეგულირებასაც მოვახერხებთ. აბა ხომ არ ამოვწყდებით მეზობლების გასახარად?!

როცა ხელისუფლება წუწუნებს პენსიონერთა გაზრდილ რიცხვზე და ვერც პენსიის გაზრდას ახერხებს, ის საპენსიო ასაკს ზრდის ხოლმე, ხოდა, ე მანდ ვიყოთ ფრთხილად. ვიღაცამ ყური არ მოკრას ოკინაველ უხუცესთა ასაკს... მე შენ გეტყვი და არ დაქრიან „საბიუჯეტო მივლინებებში“ საქმიანი სახეებით...

ამ სამეზობლოგაზონგათელილ და ღობეჩარღვეულ ქვეყანაში ზოგი, თმასთან ერთად, თავის ზედაპირულ აზრებსაც ივარცხნის. ზოგი სოკრატსა ჰგავს სიმელოტით და ცოლით, მაგრამ... თუმცა, ბოლოს ყველა თავისას იღებს, ზოგი სხვისასაც..

საკურას ქვეყანაში პენოპლასტის სახლების შენება დაიწყეს და ჩვენ ხე არ დავტოვეთ გამოუწვავი, „ციხესიმაგრეების“ დასაცემად . სადღაც 20 წელიწადში ოპტიმიზმის დიაგნოზიანებს პირდაპირ საგიჟეში გაგვაქანებენ, თუმცა, ფსიქიატრიულიც სადღა გვაქვს?

ქართველობის ნაწილი მაინც დიდი ოპტიმიზმით ელოდა შრომის, მშრომელთა, ვარდობის თვეს, მაისს, ქუთაისურად „გვირილობისა“ რომაა. ნაწილი მაისის პირველ ჟუჟუნა წვიმას შეჰხაროდა, ნაწილი პირველ ძიგძიგა მიწისძვრას, რისთვის? საქეიფო მიზეზი არ გვინდოდა აბა? ასე "უპრაგონოდ" როდის იყო ქართველი ჭიქას იღებდა ხელში, სავსეს...სულ სხვა გემო აქვს გადარჩენისას რომ იტყვი დილის სისხამს ან საღამოს ბინდ-ბუნდში...

აგერ ვიღაც ირლანდიელი წყვილი საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებობს, მისტერ და მისის მანინგები აქ აპირებენ დასახლებას და გამრავლებას. ჩვენ რა ხარისხის დოზანა გვეტაკა, ამ ქვეყნიდან ხეირი რომ ვერ გამოგვირჩევია..

საქართველოდან საუდის არაბეთში ცოცხალი ცხოველის ექსპორტი, ხორცის, მშრალი ხილის, თაფლის და სასმელი წყლის გატანა იგეგმებაო. ა ბატონო თავი რომ მოჰქონდათ თავისი ნავთით.. ვერ არიან მშივრები უჩვენოდ?

 

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - რაც უფრო უარესდება ცხოვრების დონე, მით უფრო მეტ ადამიანს სჯერა სასწაულის... სასწაულის რწმენა რწმენის ამაღლების პირდაპირპროპორციული კი სულაც არაა.

თუ ცხოვრებას ისე მივუდგებით , როგორც ჰობის, საინტერესო წლების კოლექციის შეგროვებაც შესაძლებელია. ხშირად ადამიანები ყურებს ღიას მხოლოდ იმიტომ ტოვებენ, რომ ის გაიგონონ, რისი გაგონებაც სურთ.

ჰოდა, ეგებ ახლა მაინც მოუვიდეს ვინმეს აზრად იმ კანონშემოქმედებითი შემადგენლობიდან, გუშინ რომ დიდი დუჩეს სულის სახსენებელი ჰქონდათ გამართული და ერთმანეთს ფაშიზმის ისტორიის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, ახალი ინიციატივით შესვლა. დიდგორი და იყალთო კიარა, დავაწესოთ ქვეყანაში "სიზარმაცის დღე", რომ იმ ერთ დღეს მოვითავოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი ზარმაცობები და დანარჩენ დღეებში ვიშრომოთ, თორემ ახლა პირიქითაა და, მალე ოცნების დროც კი აღარ დაგვრჩება, ახდენილი ოცნებები კი არა.

არა? კარგით, ჩემით გავიტან უკან ამ ანაზდად შემოგდებულ ინტრიგას...

ხომ არსებობს წიგნები: ,,როგორ გავხვდეთ მილიონერი“, ,,როგორ შევიძინოთ მეგობრები“ ,,როგორ ვისუნთქოთ“ და ათასი მსგავსი სისულელეები. ..

რატომ უყვარს საზოგადოებას ეს მზა–მზარეული რეცეპტები? ოღონდ არ მითხრათ ეს ყველაფერი პროგრესს აჩქარებსო...ასეთი წიგნები ცხოვრებისეული ზარმაცებისთვის იწერება. ანუ, ვინც დაბადებით იწყებს არსებობას და სიკვდილით ამთავრებს. რომ დავბერდები, იქნებ ისე გამოვჩურჩუტდე, რომ ,,ცხოვრების რეცეპტების წიგნი,, დავწერო... ვხუმრობ! ვხუმრობ! მე ვის რა უნდა ვასწავლო, თავად ვერაფერი ვისწავლე ორმოცდაათს მიკაკუნებულ ასაკში...

და პროგრესის დაჩქარებაზე სულ ის მახსენდება, საბჭოთა კავშირში ტელევიზორის პულტის ფუნქციას ოჯახში ასაკით ყველაზე უმცროსი რომ ასრულებდა. რა ქვეყანა დავანგრიეთ და რა ნეტარი დრო იყო პროგრესის! ეჰ, კარგი დრო იყო, კარგი! ჩვენ ბავშვობაში, კომპიუტერის და ინტერნეტის მაგივრად, ბავშვობა გვქონდა.

ჰოდა, ერთი ფეხი რომ მოგონებებში გვიდგას და მეორეთი ოცნებებში დავპარპაშებთ, ხომ უნდა წარმოვიდგინოთ და გავითვალისწინოთ, როგორი სანახავები ვიქნებით რეალობიდან?!..

საშიში ის კი არაა, რომ ახლა ჩვენ დიდები ვართ, ყველაზე მეტად, ალბათ, ის გვაშინებს,რომ ახლა ჩვენ ვართ დიდები და ყველაფერზე პასუხიც და პასუხისმგებლობაც ჩვენ მოგვეთხოვება...

სახეზე ღიმილის მორგება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ბედნიერებას. ბედნიერი ადამიანები თვალებით იღიმებიან. და მაინც არავინ, არავინაა პასუხისმგებელი ჩვენს გარდა, ჩვენს ბედნიერებაზე. ასე ამბობენ საკურას ყვავილობის ჟამს იმ დალოცვილ ქვეყანაში.

2 დღის წინ ისე მშურდა ჩვენი ბედნიერების იმ 21 წლის უსინათლო ჭკუის კოლოფის - გოდერძი გოგოლაძის შემხედვარე... ჩვენს სამთავრობო მარკეტოლოგებს რომ ჭკუა ჰყოფნიდეთ ან არ ეზარებოდეთ, იმ ნათელი ბიჭის ფოტოებს დავბეჭდავდი და გავავრცელებდი ხალხში ცოდნის, სიკეთის და სიცოცხლის სიყვარულის სამოტივაციოდ.

არადა, ზოგი როგორ ამოიოხრებს ხოლმე - ,,ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან”-ო ... მასეთები ვერც აყვავებულ ალუბლებს ამჩნევენ და, სავარაუდოდ, არც მისი მწიფე ნაყოფის ფერი მოსწონთ.

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...