კონტენტზე გადახტომა






სურათი

ოპტიმისტური იმედგაცრუებები ჭეშმარიტ მოქალაქეთა ცხოვრებაში, ანუ ევამ კუდი მოიქნია

დაპოსტა: katya, 28 April 2017 · 506 ნახვა

ოპტიმისტური იმედგაცრუებები ჭეშმარიტ მოქალაქეთა ცხოვრებაში, ანუ ევამ კუდი მოიქნია „იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედის გაცრუება?.. პატარა, უმნიშვნელო ხელის მოცარვა კი არა, დიდი საერთო იმედის გაცრუება, რომელსაც ცხოვრება ადამიანს უმზადებს! ეს თქვენ არ გეცოდინებათ, მე კი ახალგაზრდობიდან მისი მეგზური ვარ და ამან ეული, უბედური და უნდა გამოვტყდე, ცოტა უცნაურიც კი გამხადა. შეგიძლიათ კი გამიგოთ, ბატონო ჩემო? მაგრამ, ალბათ, ორიოდე წუთი ყურადღებას არ დამამადლით, ორიოდე წუთით, რადგან გულგატეხილობის გამოხატვას, თუკი საერთოდ შესაძლებელია ეს, დიდი დრო არ სჭირდება..“
იმედის გაცრუება / თომას მანი
ყოველგვარი სამეცნიერო დასკვნების და ექსპერტიზების გარეშეც ცხადია, რომ ბორბალი ოპტიმისტმა გამოიგონა, ხოლო სათადარიგო ბორბალი - პესიმისტმა...
ოპტიმისტი ფიქრობს - წვიმის მერე დიდი, მცხუნვარე და ალერსიანი მზე გამოვაო. პესიმისტი ფიქრობს - სურდოს ავიკიდებო...
იმის თქმა მინდოდა, რომ ოპტიმისტები, ძირითადად, კარგი ადამიანები არიან. კარგი ადამიანი ყოველთვის გამოძებნის მიზეზს და დროს, რომ რაღაც სასარგებლოზე იფიქროს და აკეთოს. პრინციპში, ცუდი ადამიანებიც სულ რაღაცას აკეთებენ, პლუს, დამატებითი საქმეც არ ელელვათ - შეუშალონ ხელი კარგ ადამიანებს...
ხოდააა...
სისხლის სამართლის კოდექსში მალე ახალი ჩანაწერი გაჩნდება და ადევნება დასჯადი გახდება. ჩამონათვალში ადევნებულ აკვიატებულ აზრებზე არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, წინა სახელისუფლებო პარტიის „დიდი აფეთქების“ შედეგად წარმოშობილი არასახელისუფლებო-საპარლამენტო პერსონები ისევ ძველ გრამ-ფირფიტებზე შემორჩენილ რეპერტუარს დასცხებენ, შაბაშის მოლოდინში.
მოსამართლეები სამართალს კვლავ აშიმშილებენ და პურს ნამცეცობით გამოუზოგავენ . მერე იწყენენ, რატომ თქვეს აუგი ჩვენზედაო?! გოცირიძე ევამ ისიც კი გაბედა უკვე - „სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არასწორად არის გააზრებული მედიაშიო“. მედიის ჭვალი და თემიდას მათრახი თქვენა!
ევას ნათქვამზე თვით გოგორიშვილსაც კი ისეთი რეაქცია ჰქონდა, როგორც საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს უნდა ჰქონოდა ნებისმიერ შეზღუდვაზე. ხომაა ჯანზე ნეტავ და ხომ არ უარყო ჭეშმარიტი მრწამსი სისტემისა? ერთი სიტყვით, ხათუნა გოგორიშვილმა ევას ენა გამოუყო და საფეთქლებთან ცერათითებმიტანილი დაეჯღანა.. ამაზე უარესად მოიჯღანა მოსამართლე მურუსიძე - გვიშველეთ ბატონო, დაგვიცავით ეს პატიოსანი, უმწიკვლო და სამართლისთვისმოწამე მოქალაქენიო!
დედისდაწყევლილმა „იდეინი „გირჩებმა“ ნაადრევი დამტვერვით ნაშობი რელიგიური ორგანიზაციის ხელდასმით, აქამდე უბრალოდ ქადაგადდავარდნილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია მღვდელთმსახურად პირდაპირ ეთერში აკურთხეს. ამ რიტუალს ბევრმა ტელევიზორთან მსხდომმა შეუკურთხა, მაგრამ გრიგოლიას უკვე ბიბლიური თავისუფლების ეკლესიის სახელით კურთხეული ქადაგების უფლება მიენიჭა და აწი ვერაფერი შეაჩერებს. მაგრამ მეორე მხარეა აქ ბეჭდის - არ მოუხდება ინგას წვერი. არც ანაფორა, თუნდაც დეკოლტირებული და სხეულზემომდგარი...

ჩვენი ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ კვალიფიცირებული პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიტყვას არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა ექნება ის ფასი, რომ საარჩევნო პროცესებზე რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს, ხოლო ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული.
ეჰ.. ამაში გამოიხატება ზუსტად თქვენი ახალგაზრდობა და გამოუცდელობა, პატივცემულო თავმჯდომარევ! სად გგონიათ თქვენ თავი? პოლიტიკურად მომწიფებული პოლიტიკური პარტიები რომ გვყოლოდა, არც ის წინა 9 წელი იქნებოდა და არც ეს უკანა 5...
"კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ჩაწერით ჩვენ გზავნილს ვუშვებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომ საქართველო არ გახდება არასდროს ცისფერების ქვეყანა", - განაცხადა თავდაჯერებულმა ქუცნაშვილმა და ახალ ვარცხნილობას გაუსვა ხაზი...
„ქართული ოცნების“ ოფისში თავშეყრილმა თუ თავმოყრილმა საპარლამენტო უმრავლესობამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თემაზე არც ისე კმაყოფილი სახით იმსჯელა. გუნდურობის პრინციპებზე აშკარად დასამატებელი აქვთ ლექცია-სემინარების რაოდენობა, თორემ...
ნარმანიამ ხოხობზე ნადირობა „პლუსმილიონხიან“ თბილისში გადაიფიქრა და, სავარაუდოდ, განათლების სისტემაში გადაინაცვლებსო... განათლების სისტემის დირექტორი-მინისტრიც სადღაც ინაცვლებსო და, თბილისის მომავალი მერიც თუ ისევ მოქალაქეთა მოქალაქის ხელით სატარებელი გახდა, „ნაციონალური ქვედანაყოფები“ მოძრაობაში მოიყვანენ ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს.. როგორც ცნობილია, მაგათთან თბილისის მერობის კანდიდატურაზე დუელი ნიკანორსა და პრიმადონას რუს დიპლომატ მეუღლეს შორის გაიმართება..

თბილისში ბუნებრივი აირის უსტაბაში ყაზახები აბობოქრდნენ და არბიტრაჟით იმუქრებიან. ვიცე-კალამ - ყველაფერს „მოვაყომარებთ“, პანიკის თესვის დრო არაა, მადლი თესეთო...
პატივცემულო მოქალაქის ხელდასმულო მოქალაქენო!
ისტორიაში შესვლისას, კეთილი ინებეთ და, ფეხები კარგად გაიწმინდეთ!

თუ თქვენი თავი არ გედარდებათ, შვილებს მაინც გაუფრთხილდით - საფიცარებს და ძვირფასებს და საკუთარი „გაკვალულით“ პრობლემებს ნუ შეუქმნით. რა შეიძლება დაუტოვო შვილს - თავაწეული სიარულის შესაძლებლობაზე მეტი, მშობელმა?
არც რა...
ხოდააა....
კარგია როცა მდიდარი ხარ.მეტი არჩევანია -
გინდა მდიდრებს დაუდგები გვერდით, გინდა ღარიბებს...

თანამედროვე პოლიტიკური "სპიჩის" ხელოვნებაც სხვა რამეა, ჩვენო კეთილებო! საბჭოთა პოლიტბიუროს ანგარიშის არქიტექტონიკას როგორღაც შეელიოთ - იქნებოდეს-იქნება...
საქმეს თუ მშრალად აკეთებ, ის საქმე აუცილებლად დაიწყებს მალე ჭრიალსო, წინაპრები ამბობდნენ.
თანამედროვე საჯარო მოსამსახურეებს კი 1 ივლისიდან ისეთი საჩუქრების მიღება ეკრძალებათ, რომლებმაც, შესაძლოა, გავლენა მოხდინონ მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე. ჩვენებურად მაგას - ვალში არ უნდა ჩაიგდო თავი ჰქვია და დავალებულად ყოფნას ნიშნავს.
ამ სიახლით იმის შეხსენება გვინდოდა, რომ ტვინი ადამიანის ყველაზე სუფთა ორგანოა, თუმცა, ყველა ხელისუფლება მისი რეცხვით დიდი მონდომებითაა ხოლმე დაკავებული.
გავკადნიერდებით და იმსაც შეგახსენებთ, რომ ყველა საუკუნეს თავისი შუასაუკუნეები აქვს და იმ ჩვენს უკვე მრავალჯერადად გაბახებულ კონსტიტუციაში ახლა რომ გენერალურ რესტავრაციას უპირებთ, ქორწინების დეფინიციის გვერდით , „ყოფილი მეუღლის“ განმარტებაც ჩაგვემატებინა.
და ნამდვილი ქალური და ნამდვილი მამაკაცური ბედნიერების დეფინიცია კონსტიტუციაში არ ჩავწეროთ?

ისიც მაინტერესებს, თუ თამბაქოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი ფასების ზრდაა, კონტრაცეპტივებზე ფასებს რატომ არ უმატებთ, შობადობის შემცირებასთან ბრძოლა თქვენს გეგმებში არაა თუ?
არჩილ თალაკვაძის რეკომენდაციით, ელისო კილაძეს მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვამენ. მაგრამ ელისო სასტიკ უარზე გაიბოტა და სკუპს არ შვება.
ამასობაში ლარი ისევ გაუფასურდა, არ ხართ თქვენ ადამიანური მოპყრობის ღირსები, ახლა ვნახოთ, თუ უცებ არ ამეწევა რეიტინგი ფიფლმეტრებშიო...
ვაშა! დიდება და გაუმარჯოს საღ აზრს თბილისის მერიაში! ხუმრობა ხომ არაა, თბილისში 30 კეთილმოწყობილი და ნებისმიერ სტანდარტზე მორგებული საპირფარეშო აშენდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გულწრფელი ინტერესით ველით საზოგადოება არტისტული ხელჯოხიანი ადვოკატის ახალ რედაქციას მამალაძის ჩვენებებისას. დეკანოზის ცოდვით თუ დეკანოზის ცოდვებმა გვიწიეს არ ვიცით, მაგრამ, ბედიაში ჭაში წყალი კი დუღს თურმე..
კარგი ისაა, რომ პოლიციამ დმანისელი „ბარიგა“ განგრეულ კაიფში დააკავა. ფაქტია, ზოგჯერ ჰეროინის მოხმარებასაც მოაქვს სარგებლობა. 16,29617 გრამი ჰეროინის ამოღებას ეხუმრებით?!
მაისიდან თბილისს ახალი მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ შეემატება.მაისიდან თბილისი-სოჭის მიმართულებით პირდაპირი ფრენებიც დაიწყება და ...
ა ბატონო, ევროპამ კარი გაგვიღო და ჩვენ ისეთი ჩავუტართ ჭადრაკ-ძიუდო, ფარიკაობა-თავისუფალში, მგონი ამბობენ, ესენი ან აგვაშენებენ, ან დაგვაქცევენო..
მაკრონებში გასული კვირა სლოკინის კვირად გამოცხადდა და მაკრონის ცოლმა - აქ თუ არაფერი გამოგვივიდა, საქართველოში წავიდეთო!
აშშმ თავისი ბირთვული პოტენციალი გაამარიაჟა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდით და ფხენიანს სანქციები გაუმკაცრა, ატომური პროგრამის გაჩერების იმედით. რა ენაღვლება იმ თავაფეთქებულს?! ქვეყნის საიდუმლო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დასახელება მოასწრო. საზღვაო ქვეითთა ყოფილი გენერალი რენდოლფ ალესი ! კაიალესილი კი იქნება, კოჭებში ეტყობა...


კიდევ ერთი ბედნიერვარსკვლავზე ამოსული ხის მოგზაურობა დაიწყო ნატანებიდან-შეკვეთილამდე. 115 წლის წაბლს მეორე ამოსუნთქვა გაეხსნა და , იმედია, ჩასუნთქვასაც მშვიდობით მოახერხებს. ეჰ... ხეებს რომ წერა შეეძლოთ...
არადა, რას არ აკეთებინებდა სულმნათი ვაჟა ხეებს, რას არ ათქმევინებდა და აგრძნობინებდა... ეს სიარული მომკალით და არ მახსოვს...
''სიმართლე ისე უნდა მიაწოდო, როგორც აწოდებენ პალტოს და არა სახეში ნატყორცნი სველი პირსახოცივითო'', - ჩვენი მარკი ამბობდა...
ღრმა ჩასუნთქვები აზრებს ამშვიდებს თურმე...
მრჩევლები და კრიტიკოსები ბლომად გვყავს, ოსტატები არ გვყავს, ვისგანაც რაიმეს სწავლა შეიძლებაო, დაიწუწუნებენ ზედა ეშელონებში. გვყავს ოსტატებიც, გაგიკვირდებათ და. თქვენ მოძებნა და გამორჩევა არ იცოდეთ, ვისი ბრალია?
გემახსოვრებათ, პირველი დიდი მეოცნებე თომას მორი იყო, ოცნების ქვეყანა შექმნა ცხონებულმა - კანონებისა და კერძო საკუთრების გარეშე , სადაც სუფევდა რელიგიური შემწყნარებლობა , პიროვნების თავისუფლება , მშვიდობა და სამართლიანობა. მაგრამ მერე ამ ქვეყანას თავად უწოდა „უტოპია“
ყავამშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი.




აგვისტო 2017

  12345
6789101112
13141516 17 1819
20212223242526
2728293031