Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.942

დიდი ზეციური მოლოდინის კვირა და პატარა ქვეყნის მიწიერი შეცოდებანი


katya

1.768 views

blog-0506734001492769854.png„მსაჯული მართალ სჯიდე… მართალნი ნეტარებდნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი...“

ცეცხლი აინთო! თამაში დაიწყო!

დიახ! ცეცხლი კვლავ გადმოვიდა. სულ გადმოდის, მაგრამ ერთხელაც რომ აღარ?! ამიტომ, გვეხება თუ არ გვეხება, გვჯერა თუ არ გვჯერა, ყველა ერთხმად ვნერვიულობთ...

გადმოვიდა და ქრისტიანულმა სამყარომ, ღრმად ჩასუნთქულზე, ქშენით ამოსუნთქული კიდევ ერთი წლის გარანტია შორისდებულთა გამით დააფიქსირა...

კაცობრიობა კოსმიური მასშტაბის დიდი თამაშებისა და ვარსკვლავური ომების ნამცეცობის კლიენტებად ვრჩებით. ისევ რაღაცის მოახლოვების და ჩაქროლების მოლოდინში.

თუმცა, მიდგომები იცვლება „ტრადიციებთან მიმართებაში“ . მაგალითად, ჭიაკოკონობის ოთხშაბათი წელს არატრადიციულად დასჯადი იყო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მკაცრად გაგვაფრთხილა - კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავები და პლასტიკური მასალები არ გამოგვეყენებინა, თორემ „გამოიწვევდა დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე“. რა თქმა „გამოწვევები“ იყო, ახრჩოლეს მითითებულიც, მაგრამ დაჯარიმებულის ველური ხავილი არ გაგვიგია... სამაგიეროდ და სასიხარულოდ, 2 დღის წინ უკვე დაფიქსირდა გარემოს პირველი დანაგვიანების ფაქტი, შესაბამისი საჯარიმო ქვითრით. პირველი რა თქმა უნდა პირობითი სახელია, ანუ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ პირველი, თორემ... უკანასკნელი მსგავსი ფაქტის დაფიქსირების დრო ნაკლებად გვაინტერესებს. პროცესია მთავარი! პროცესი! მთავარიც და სასარგებლოც. ვაიდა, წესრიგი და სისუფთავე ხასიათში გადაგვივიდეს, ამაზე ვინმეს გიფიქრიათ? და უცებ ქართველობა რომ დავკარგოთ? მთავარია, რომ ხალხი დასაქმდება! ახალი შტატი გაჩნდა ქალაქში - დასუფთავების ინსპექტორი. ამ ვაკანსიის საჭირო უნარ-ჩვევებში პირადი ჰიგიენის საკითხი თუა მოხსენიებული, დანარჩენს ეშველება.

გაგიკვირდებათ და, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი, ერთობ გამაცადინებული ყოფილა სექსში.. მრჩეველი რომ ასეთია, მინისტრი რა იქნება!? ეს ისე, გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობადობის ამაღლების მიზნით გავიხსენეთ, თორემ აწი სოლომონისეულ სიბრძნეს ღრმაშინაარსიან საუბრებს სექსზე, ერთი ფასი აქვს.

არსებობს გონივრული ეჭვი რომ, იმ გაფრენილი საფერფლის გამო, ოთო კახიძეს, უკუღმართი კახელები, „რეკოშეტაი“ დაუძახებენ, „ყველაი მოსახვედრი მაინც მაგაი ხვდებაო და“...

ფრეკენ ბოკი და ბიძია იულიუსი გვაკლდნენ პარლამენტში და ეგენიც გვყავს. კვიციანი-მარშანიას სახელზე ხმაურის გადაჭარბების ჯარიმის გამოწერა რომელ უწყებას ევალება? ქუთაისის მერიას? თუ მეზობლები არ წუხდებიან, კი ბატონო... ჩემი მეზობლებიც, 24 საათი მშვენიერ მუსიკას უსმენენ, და სულ არ აქვს მნიშვნელობა უნდათ ეს თუ არა?

რას ერჩიან პატრიოტები „ევროპულ საქართველოს“ იცის ვინმემ? და ჩვენ რაღას გვერჩიან? ჩინოვნიკებს მიხედეთ და, თუ გინდათ, ბოლოდანაც დაიწყეთ! პაატა ბურჭულაძე სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელად ჩვენ კი არ დაგვინიშნავს...

რაც შეეხება სოხუმს, ლავროვი 2 დღეს დასეირნობდა დამოუკიდებელ აფხაზეთში. მთავრობაში ბრძანეს - სპეციალურად შვება მაგას, ჩვენ რომ გაგვაღიზიანოსო... გამოსაცვლელი ყავთ მანდ მრჩეველ-ექსპერტები. ამდენი წელია არ გავღიზიანებულვართ და ახლა რა ჯანდაბა გვეტაკება ვითომ?

ნეტავ კვირიკაშვილს სუპერმენის ფორმას არ ამოაცმევდნენ საოქტომბროდ მისი იმიჯმეიქერები და ფრაზეოლოგიურ სიბრძნეებს გადავიტანთ. პრემიერი ქამრების შემოჭერის მსგავს პრაქტიკაზეც საუბრობდა, როგორც მახსოვს, ხარჯების ოპტიმიზაცია თუ რაღაცო..

ის კი საუბრობდა, მაგრამ ჩვენებურ დინგიან მოხელეთა მადას საზღვარი არ აქვს. 78 მილიონი კი არა 7 მილიონი ლიტრით გადაადგილებული მანქანების საბურავის კვალი ეტყობოდეს ამ ქვეყანას, რაღა გვიჭირდა?!

აგერ, მეზობელ გვატემალაში ისე „ჰუმანურად“ გაუსწორდნენ ჩინოვნიკს, ქალაქ კონსეფსონის ადგილობრივი მაცხოვრებლები - სახლიდან გამოათრიეს და ბენზინი გადააასხეს კარგი გაძუყვნის მერე. ხოდაა.. ამ ბაზილიო ხურაკანს იმდენი არამგონია გაეფუჭებინა, რასაც ჩვენი ჩინოვნიკები აფუჭებენ, თუნდაც დედაქალაქის მასშტაბით.. ბენზინი კი იცოცხლე, უყვართ მთავრობაშიც და ყველა სახელმწიფო უწყებაშიც! ხოდა, ძალიანაც კარგი! ბენზინი მაინც საყიდელი არ გვექნება, თავისივე მარაგებიდან გავხარჯავთ მაგათ შესაპიწკინებლად და ეს ფრაზა სულაც არაა მოწოდება ძალადობისკენ. წესიერ და პატიოსან ჩინოვნიკობისკენ მოწოდებაა...

 

უსაქმურობაში სამშობლოს გზებზე დამწვარ ბენზინს ვინ ჩივის, აწი ჩვენი დღესასწაულების და უქმეების ამბავი თურქებს უნდა შევუთანხმოთ, ასე მოითხოვს ევროპა! შემოუთვლიათ კარიმეზობლებს - ჩვენს დამარცხებას თქვენ რა პონტში ზეიმობთო? ხოდა, დაფიქრდნენ ესენიც - ქუთაისში ჩალოკაციებული კანონშემომქმედნი. აცადეთ, იფიქრონ...მოიფიქრებენ კიდევ რამეს სახალისოს და მეზობლების გულისგასახარს.

დილემაა აბა რა - იტყვი - ვერ მიხვდებიან. როცა მიხვდებიან, გვიან იქნება. არ იტყვი და ვერ გაიგებენ, როცა გაიგებენ, იმ დაკარგულს ვინღა დააბრუნებს...

პარლა-მენტ!

ერთი სემინარი გლიჯეთ, როგორ უნდა გამოიყენო "საპარლამენტო უმრავლესობა" ქვეყნის სასიკეთოდ. არ გაინტერესებთ?

 

ერთიანი ნაცმოს წევრებმა და არა მხოლოდ მათ, საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. მაგრამ რომან გოცირიძის დე მარში იყო რაღაც არაამქვეყნიური. უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ წასვლა. უფრო მეტი, ვიდრე კანონი.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა, განაღდებული რეფერენდუმის მერე პირველი რაც თქვა, კიდევ ერთი რეფერენდუმი გვჭირდება სასწრაფოდო, სიკვდილით დასჯის აღმდგენიო და გადაირივნენ ევროპელი თურქები... მაგ რეფერენდუმის ფონზე, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის 29-ე ადგილს იკავებს ტურისტული ინდექსით და უსწრებს ჩეხეთს, მალტას, ბელგიას, რაც მთავარია, აზერბაიჯანს, რუსეთს და სომხეთს!

მიხეილ ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალი წუწუნებდა ამას წინათ - ჩემს ძმას უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლება გაუუქმესო! - ამ ჩვენს ტერფებს, თუ გაუუქმეს! დადეთ აწი სააკაშვილებმა კვერცხები გუგულის ბუდეში!

 

ქრონიკული მეოცნებეები, თითქოს, მთელი ცხოვრება რკინიგზის სადგურის მოსაცდელ დარბაზში ცხოვრობენ..

მატარებლები კი აივლიან, ჩაივლიან... კარტოფილიანი ღვეზელის და უყველო ხაჭაპურის ფასები პერიოდულად იცვლება.

 

გასულ კვირას, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედის მიწოდების გამო, ორი ინდმეწარმე გასკვანჩეს სისხლის სამართლებრივად. ჯერ კიდევ არიან კაბინეტებში ექიმები, რომლებიც სიცხიან ბავშვებს არ იღებენ - სამუშაო დრო დასრულდა, დავიღალე და ხვალ მობრძანდითო! .კარგმა ექიმმა ზუსტად იცის, რომ ზოგჯერ უფრო მარტივია რამის ამოჭრა პაციენტისთვის, ვიდრე რაღაცის რჩევა, მითუმეტეს ადამიანობა...

ზემო და ქვემო შუხუთელები სააღდგომოდ ლელობურთის დევნაში დაჯლიგინებდნენ. ეს იმედის მომცემი ინფორმაციაა, ისე, როგორც ცეცხლის გადმოსვლა. ესე იგი, ყველაფერი კარგადაა და იქნება გურიაშიც და მის საზღვრებს გარეთაც.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტ, ფერმერ და საზოგადო მოღვაწე როკო ხოჯანაშვილის ძროხას ხბო შეეძინა. ჩვილის სქესს არ ახმოვანებენ, ჭიათურა ევროპული ქალაქია და მაგ ამბავს თავად გადაწყვეტსო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გულმხურვალე მოლოცვით შემოვიფარგლოთ და შევახსენოთ პატარას - როგორ გაუმართლა რომ როკოს ოჯახში მოევლინა სამყაროს.

 

გახსნილდა და გაიხარა კუზანოვების დინასტიამ. ჩიოდნენ - "რაც მარხვა დაიწყო, საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაციების რიცხვმა იკლოო". მალე გაყიდვაში ახალი "გურჯული " ბრენდი - "ქალიშვილობა კუზანოვურად".

 

გასულ კვირას ფბ-საქართველოს მამრთა 95% კომკავშირის ნიშნით მკერდდამშვენებულ ფოტოზე ერეგირებდა...არადა, სსრკ-ში სექსი არ იყო.. აი, თუ არ იყო! აბა იმ „კამსამოლკას“ აზღუდი ვინ მოიპარა?

ბორბალი გამოიგონა ოპტიმისტმა.

სათადარიგო ბორბალი - პესიმისტმა...

კითხეთ ნებისმიერს - რისი მიღება სურს ცხოვრებისგან?

პასუხი იქნება ერთფეროვანი და მარტივი - ბედნიერების!

ყველას სურს იყოს ბედნიერი, მაგრამ, ზოგჯერ, ბედნიერების სურვილი და მისი მოლოდინი აჩლუნგებს შეგრძნებებს და გვიშლის ხელს, მივიღოთ ის, რაც მართლა გვინდა..

 

"ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუ მუდამ ქვევით იყურები;

იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილი გამოსახო, საჭიროა დიდი ტკივილის განცდა;

ცხოვრება მშვენიერია, თუ მისი არ გეშინიაო" - ჩარლიმ...

როცა გზაზე ბევრი წინააღმდეგობა გხვდება, ესე იგი, სწორ გზას ადგახარ..თუ ამ სამყაროს ნამდვილად ერთი შემომქმედი ყავს, მაშინ ყველაფერზე პასუხისმგებელიც ის ერთია...

ჩვენ კი, ადამიანები, სასწაულის მოლოდინში, ქვიშის საათებს ვემსგავსებით, არადა რესურსი ამოწურულია, გადაბრუნების დროა...

 

თუმცა, ყველა ჩვენგანის ყოფა ყელზე ბაფთას არ ატარებს, მაგრამ, ცხოვრება მაინც საჩუქარია. არც იმის გარანტია არსებობს რომ ხვალ ეს საჩუქარი უკეთესი არ გახდება.

 

ცხვარი შევიდა სახლში, დაინახა სიღარიბე და ფეხები დაუბაკუნა - გადი სიღარიბე გამეცალე აქედანო! თან ისეთი არგუმენტები დაულაგა ყველა კუთხეში, ადგა სიღარიბე და გაეცალა იქაურობას.

ჰოდა, თითო ცხვარი გვინდა ყველა ოჯახში, მეტი კი არა..

ეგაა, გამძღარი ფაშვით გმირობა ყველას ეზარება...

ერთნი ცხოვრობენ სტანდარტით - „ღვთის გულისათვის“, მეორენი - „ღმერთმა ნუ ქნას!“ , "მესამენი - ღმერთმა ინებოს!" ბოლოს მაინც „ო, ღმერთო ჩემო“ გამოდის...

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...