კონტენტზე გადახტომა






სურათი

ღიმილი ტუჩის კუთხიდან, ანუ ორმაგი ყავა ერთჯერადი მოხმარებისთვის

დაპოსტა: katya, 23 July 2015 · 2453 ნახვა

ღიმილი ტუჩის კუთხიდან, ანუ ორმაგი ყავა ერთჯერადი მოხმარებისთვის აი ის მომენტი, როცა ფინჯანი ყავით და წიგნით ხელში მიდიხარ დისლოკაციის ადგილამდე ლიტერატურულ-კოფეინური ნეტარების განწყობით და, წიგნის ნაცვლად, საწოლზე ფინჯანს მოისვრი, ჰაეროვნად და საყვარლად...
როგორ ვიქცევით ამ დროს?
გაგვეცინება, ვიგინებით, საწოლს წიხლს ვუთავაზებთ თუ ახალი ულუფა ყავის ჩამოსასხმელად მივდივართ?
მყისიერი პასუხი არაა საჭირო. დრო გვაქვს. უბრალოდ, თავიდანვე ერთ რამეზე შევთანხმდეთ, - ზოგჯერ გამოძინებაც საჭიროა... თან ისე უნდა გამოიძინო, რომ „საყვარელმა ადამიანმა“ კი არა პატრონმაც ვერ გიცნოს...
ძილში, იქნებ, სიზმარიც ნახო. კარგი სიზმარი, რომელიც შეიძლება ახდეს...
ზოგჯერ უსიამოვნებებსაც მოაქვთ სარგებელი - მათ ფონზე სიამოვნებები უფრო შეგრძნებადი და ხილულნი ხდებიან.

„შეუძლებელი არაფერია“ ყველაზე ხშირად მათ ბაგეთაგან ისმის, ვინც, რეალურად, შესაძლებელსაც კი არ აკეთებს... ესეც თანამედროვე ცხოვრების სტილია...
უმოქმედობის ინერცია კი გაცილებით ძლიერია აზროვნების ინერციაზე.

უსაფრთხო გზაზე მხოლოდ სუსტებს უშვებენ... ძლიერები ეკალ-ბარდებშიც კარგად ივლიან და მიტომ...
რაც სათქმელი იყო დიდი ხნის წინ ითქვა, მაგრამ, რადგან თავის დროზე ბევრმა ვერ გაიგო, პერიოდულად, უკვე ნათქვამის ახლებურად თქმის საჭიროება დგება.
თუ ბოლო დროს ხშირად გეუბნებიან - სხვანაირი გახდი, არა ისეთი, როგორიც იყავიო, ნუ ინაღვლებთ. მხოლოდ თავს გამოუტყდით, რომ, უბრალოდ, ისეთი კომფორტული ვეღარ ან აღარ ხართ მათთვის, როგორც აქამდე იყავით და ეს თქვენი პირადი არჩევანია.

სხვადასხვა ადამიანების მიერ გამოთქმული ერთი და იგივე სიტყვა განსხვავებულად ჟღერს.
ბევრი ამსტერდამს „ცოდვების ქალაქად“ მიიჩნევს. არადა, რეალურად, ერთი თავისუფალი ქალაქია. უბრალოდ, უკიდეგანო თავისუფლების პირობებში, იქ უმრავლესობა ცოდვას ირჩევს...
რამდენი ხანია "ყავა წერით" პრაქტიკაში არ მქონია და, ეგებ ვერც ისე დავწერო ადრე რომ ვწერდი და სხვებს მოსწონდათ.
ეგეც გაივლის..
სამაგიეროდ, არიან ადამიანები, რომლისთვისაც არც ვიცვლებით, არც ხასიათი გვიფუჭდება, არც ვბერდებით. მათთვის უბრალოდ წლები გვემატება და, რაც უფრო მეტი წელი გვემატება, უფრო ვფასობთ.

ყველა მშობლის ოცნებაა შვილის ბედნიერებას მოესწროს. ზოგი ახერხებს, ზოგი - ვერა... მოლოდინი კი არსად მიდის - დგას!..
მშობლის მოლოდინს სხვა ენერგეტიკა აქვს. დროსაც ასეთი მოლოდინი აჩერებს. გაიხსენეთ, ტრადიციული საწუწუნო ტექსტი - „ რა ნელა გადის ეს ოხერი?! „
არ მიყვარს ლოდინი.. მაგრამ, ცხოვრებაში იმდენი რამის კეთება გვიწევს, რაც არ გვიყვარს, მოლოდინი იმათთან შედარებით ნეტარების აქტია....
ცხოვრება ის კი არაა რასაც ძღვენივით ვიღებთ, არამედ ის - ამ ძღვენს როგორც მოიხმართ.
ყველამ ვიცით - შეუძლებელია იყო განათლებული თუ მხოლოდ იმას წაიკითხავ რაც მოგწონს.
ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია - მარცხნივო... ასე ამბობდნენ „ჩვენებურები“...
ადამიანის ტვინი პროგრამირებადი მატერიაა და თუ თავად არ შეურჩევთ პროგრამას, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც ისარგებლებს თქვენი უპროგრამობით და მერე იწყება თავდავიწყება ყველაზე პირდაპირი და ყველაზე ირიბი გაგებით.
როცა საკუთარ თავზე არც ისეთი წარმოსადეგი წარმოდგენის ხარ, ეგ თავმდაბლობა კი არა თვითლიკვიდაციაა. ცხოვრება საკუთარი თავის რწმენის გარეშე სერიული თვითმკვლელის ცხოვრებას ჰგავს.
ისე ვწერ, თითქოს ვიღაცის ცხოვრების შეცვლა ან გადარჩენა მინდა. არადა რეალურად საკუთარზე ვჩალიჩობ.
მერე რა თუ ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვართ - გულ-ღვიძლი იქით გვეხვეწება - დავლიოთო!
სიფხიზლე არაა ყოველთვის მარგებელი... ჰოდა, კიდეც დავლევთ, კიდეც მოვწევთ, ქალებშიც ვივლით, კაცებშიც და მერე კმაყოფილები სიგარეტის კვამლს გავაყოლებთ თავში ტარაკნებისგან გამონთავისუფლებულ ადგილზე ჩაბუდებულ ფილოსოფიურ აზრებს...
ცხოვრება ფიქრია და მოქმედება. ბოლო დროს მის „სავალდებულო პროგრამას“ სექსიც დაამატეს. არადა, აქამდე სექსი უსიტყვოდაც იგულისხმებოდა.
კარგი რამეა ცხოვრება. ურთიერთობების აკადემია. სწავლა უფასოა, მაგრამ დიპლომი მაინც ძვირი ჯდება.

ზოგჯერ ნებისყოფის მთელი მარაგის მობილიზება გჭირდება, რომ მხარი ან მიმართულება იცვალო კი არა, უბრალოდ, საწოლში მეორე გვერდზე გადაბრუნდე.
კედლისკენ წოლას დამსახურება უნდა. დილის ყავის ლოგინში მორთმევასაც და კბილის ჯაგრისის მოთავსებას რჩეული პარტნიორის აბაზანაში.
ადამიანებს არც სასმელი აფუჭებთ, არც საჭმელი, არც წამალი, არც ცხოვრების წესი. ეგ ყველაფერი წვრილმანებია იმასთან შედარებით, თუ როგორც აფუჭებენ ადამიანები ადამიანებს.

კეთილი ადამიანები რომ არავის ენდობოდნენ, მათ არავინ არასდროს მოატყუებდა.
კარგი ადამიანისთვის კეთილი რჩევის მიცემაა ალალი. კეთილისთვის - კარგი რჩევის. მთავარია, არაფერი აურიო...
სიკეთეს პრაქტიკა ყოველდღიურად და ყველას მიმართ სჭირდება, თორემ შეძენილი უნარ-ჩვევები მალე ჩლუნგდება.
როცა ადამიანს პირველად უკეთებ სიკეთეს, საპასუხოდ იღებ „დიიიდ მადლობას“
მეორე ჯერზე - უბრალოდ „მადლობას.“
მესამედ - არაფერს...
აი მეოთხედ აუცილებლად გკითხავს „სიკეთის ობიექტი“ - სად ხარ ამდენ ხანს, დაგავიწყდა სიკეთე რომ უნდა გამიკეთოო? და თუ „შე-ჩე..“-ც არ დააყოლა, დიდი შეღავათია...

მთავარი პირად ურთიერთობებში მაინც განსხვავების მოძებნაა მათ შორის ვინც, შენთან მხოლოდ თავისუფალ დროს მესიჯობს და ვინც დროს ითავისუფლებს შენთან სამესიჯოდ..
მამაჩემს რომ ჰკითხო, - ყველაფერი რომ გააკეთო, რასაც ცოლი ითხოვს, მაგისთვის 10 სიცოცხლე არ გეყოფაო. არადა რას ითხოვენ ასეთს ეს ცოლები?
კარგი ჯამაგირი, თითო ბინა შვილებისთვის, ერთი აგარაკი მთაში, მეორე - ბარში - შვილიშვილებისთვის, ერთი კარგი პირადი ავტომობილი, ფასდაკლების რეჟიმში შეძენილი კარგი საოჯახო ტექნიკა, ღამით დროზე და ფხიზლად მოსვლა, მეორე სათადარიგო ტელევიზორი, კიდევ ათასი წვრილმანი და, რაც მთავარია, ხშირად გამეორებული „მიყვარხარ“!
ამ ყველაფრის შემდეგ ისეთი მარტივი სათქმელია, - მოყვარული ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტევაო...
ახლა მანქანით ვერავის გააკვირვებ. სამაგიეროდ სიძე საბანკო კრედიტის გარეშე ღვთის საჩუქარია!

მამაკაცებს რა? მაგათ, რეალურად, ან ქალი უნდათ და ან იმ ქალისგან მოსვენება...
მინიმალიზმი რაიმეს დეფიციტს და ნაკლულობას კი არა, რაღაცის იდეალურ რაოდენობას, ფორმას და ზომას ნიშნავს.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მახსენდება როდენის ცნობილი „მოაზროვნე“ და თუ ვინმე ვერ ჩამოყალიბდა "ის ტიპი" რაზე ფიქრობს? მაშინ მივანიშნებ - რაზე უნდა ფიქრობდეს შიშველი მამაკაცი?
ჰო, რაც მთავარია!
როცა მამაკაცი გატყობინებთ, რომ უნდა ბავშვი, იქვე აუცილებლად დააზუსტეთ - მხოლოდ ბავშვის შექმნის პროცესს გულისხმობს თუ მის აღზრდასაც.
თუ გულმა რეჩხი გიყოთ და კალიგრაფიაზე შეეტყო ურთიერთობას, რომ ჰორიზონტზე ვიღაც „შენზე უკეთესი “ გამოჩნდა, არაა საჭირო ფეხის ფრჩხილების კვნეტა. კარგი პედიკიური არც ისე იაფი სიამოვნებაა. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად მოიძებნება ვინმე „მასზე უკეთესიც“...
დაპირება - „მთელი ცხოვრება მეყვარები“ - უიშვიათესი გამონაკლისების გარდა- ისეთივე აბსურდული და უსირცხვილო ტყუილია, როგორც „უკვდავება“...

და მაინც... ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საერთო მოგონებები, ვერასოდეს გახდებიან ერთმანეთისთვის უცხო...

ცნობისთვის, იმისთვის რომ თქვენს ბიო-სივრცეში რაიმე გაიზარდოს, ჯერ დათესვაა საჭირო.
მერე კი, როცა „კეთილ თესლზე“ აღმოცენებულ ნერგთან აღმზრდელობით საუბრებს შეუდგებით, რაც შეიძლება ხშირად მიდით სარკესთან და ანარეკლს გაუმეორეთ - „ეს შენც გეხება!“

დილით ყავის მირთმევამდე ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სირბილი კარგი რამეა...
სირბილს საღამოსაც არაუშავს, მაგრამ დილა იმ მხრივაა კარგი, რომ მთელი დღე ყველაფერი კარგად იქნება. გარანტია სადაა? დილით რომ 10 კილომეტრს გაირბენ უზმოზე, მაგაზე უარესი იმ დღეს რაღა უნდა მოხდეს?
ბებიაჩემი ზინკა მეტყოდა ხოლმე - ნამდვილმა ლედიმ ტუჩის კუთხეებით უნდა გაიღიმოსო. მე კიდევ ამ ყველაფერზე დღემდე ისე ვიღიმები, ზოგჯერ ტუჩის საცხი ყურის ბიბილოებზე მრჩება.
ზოგჯერ ისე გრძნობ თავს, როგორც თქეშში მოყოლილი. დგება მომენტი, როცა ყველაფერი სულერთია...
ო, მთავარია, ცხოვრება არ იყოს უწმაწური და ყავა იყოს მშვიდობისა! ;)

კატო ჩულაშვილი




გემრიელად წერს, ყველა სანელებელი ზომიერად აქვს, ბრავო!, წიგნი თუ არა პატარა წიგნუკა მაინც გამოუშვას ვინმემ, არა?! ასეთ სახალისო და გემრიელს ადვილად ვერ წააწყდები ............
heart emoticon
  • Report
ყავით წერის დიდოსტატი- კატო! <3
  • Report
სევდა შეგპარვია ხმაში, კანტ :)
  • Report
ეს ის თემაა ინ, გამოუსწორებელ ოპტიმისტებსაც რომ ასევდიანებთ. ))) ჩვენ იმ ასაკში ვართ, თავის მოტყუება რომ ტეხავს უკვე.;)
  • Report

ოქტომბერი 2019

  12345
6789101112
1314 15 16171819
20212223242526
2728293031