Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.853

ყავა ორისთვის - მზისფერი ოპიტა და ქარების მომთვინიერებელი მიმოზები


katya

2.872 views

blog-0428338001396189095.jpgაშკარად "ნელიოტნაია პაგოდა".. არადა დიდ ავიაციაში გვინდა, საიდანაც არც წავსულვართ, უბრალოდ, საუკეთესო საფრენ ბილიკებს და აეროდრომებს ვირჩევთ.

 

მარტმა გაზაფხულს მთელი პარტიტურა თავზე დაახია.... თმის სარჭები გადაყარა, აშარი დედაკაცივით დალალი გაიშალა და გამოდგა ყეფით შარაზე...

სადღაც იწვიმა, სადღაც ითოვა, სადღაც იქარა და სადღაც იქალა..

ფბ-ს ერთი მეზობელი იწერება - სამტრედიაში თოვსო. მეორე - ვერონაში ზაფხულს 5 წუთი უკლია და ყვავილების დღესასწაული გაიხსნაო...ასეა, ქარმა გადაგვფანტა ქართველები ალთას, ბალთას და კიდევ იმის იქით.

 

ვაცილებთ მარტს - მარტინით ხელში, მარტივი ჭეშმარიტებებით თავში და ენის წვერზე.

მარტი გიჟია! გიჟი - თავისუფალი... გიჟებს ყველაფერი ეპატიებათ და ამაში დამნაშავე "თავისუფლებაა".

თავისუფლებას ვერ დაიმსახურებ. ის ან უნდა მოიპოვო, ან უნდა მოგდგამდეს.

 

ფანჯრის იქით ისე უბერავს, რაღაცის ბოლომდე გადაშლას, გადახვეტას და შორს გადახვეწას რომ ჩაიფიქრებ. კვალი რომ არ გინდა დარჩეს, რაც გუშინდელს გაგახსენებს. მაგრამ და კიდევ კარგი, რომ ტკბილად მოსაგონარიც იმდენიააა..

ჩემიც, იმისიც, კიდევ იმისიც და გადარეკავს ღრუბლებს ემოციები ქოქოსის და ნუშის არომატით, ზედ დართული ყავის სურნელით...

მთელი დღე, მერე მთელი ღამე და მერე კიდევ მთელი დღე შეგვიძია ვილაპარაკოთ. არა, ამას ლაპარაკი არ ქვია. ვქაქანებთ, ვქაქანებთ დაუსრულებლად და მერე ვხარხარებთ ისტერიულად, გიჟებივით, ანუ "თავისუფლებს" რომ მოსდგამთ ისე.

მიყვარს, როცა თვალებს ეშმაკურად მოწკურავს და იწყებს... თხრობისას თმის ფერიც კი ეცვლება, თვალის ჭრილის მოხაზულობაც. თემას გააჩნია. ხან ბაბუაწვერაა, ხან ორქიდეა, ხან კაქტუსი...

- წარმოგიდგენია, როგორ ავღელდი, რომ ცრემლები მომადგა!?

მეცინება, ოღონდ შიგნიდან. გარედან მხოლოდ კვერს ვუკრავ. იმიტომ, რომ საკუთარი ცრემლი დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით უქმნის უხერხულობას. არადა თვალები სულ ეცრემლება - სიხარულზეც, ტკივილზეც, მოლოდინზეც.. .

 

სარვამარტოდ მიმოზის ხეებს გასაფურჩქნად გამზადებულ ყვავილებს ამტვრევდნენო... სოხუმი - მოსკოვის რეისით აგზავნიდნენ და ახსოვს უსირცხვილოდ გატიტვლებული ხეები მომავალ გაზაფხულამდე ალაგ-ალაგ შემორჩენილი სიმწვანის იმედად დარჩენილი. ისიც ასე ცხოვრობს - გაზაფხულიდან-გაზაფხულამდე და ჩემიანია...

"- ბულგაკოვი მიყვარს...

- რა ყვავილები ეკავა მარგარიტას, როცა ოსტატს შეხვდა?

- ყვითელი ყვავილები.

- რა ერქვა, არ გახსოვს?

- არ წერია.

- წერია, ნარცისები.

- არა, არ წერია… მხოლოდ ყვითელი ყვავილები, სიკვდილის ყვავილები… ალბათ,მიმოზები, ხო, ხო, მიმოზები იქნებოდა…

- აფხაზეთიდან ჩამოსულები ყველანი უაქცენტოდ საუბრობთ რუსულად. ხუთიანი.გვარი შემახსენეთ. უწყისში არ არის თქვენი გვარი.

- არ ვიცი, ეხლავე გავარკვევ, სირბილით მოვალ..."

ჰო, ასე, მთელი ცხოვრება სირბილში, მისვლა-მოსვლაში, ემოციებში...

.."მეორე სართულზე ამავალ პომპეზურ კიბეებზე ნაფეხურებზე თოვლი პატარა ჭუჭყიან ტბებად დნებოდა. ხელში ჩაბღუჯული თეთრი უზარმაზარი ცხვირსახოცის ნაპირებს ლურჯი ზოლები მიყვებოდა, რომელიც ერთმანეთში გადადიოდა და ოდნავ უფრო მუქ ტოლკუთხედებს ხატავდა. ნეტავ, რა ყვავილები ეკავა მარგარიტას, როცა ოსტატს პირველად შეხვდა?"..

ახლა თბილისშია. თითქმის ბავშვობიდან თბილისშია. უყვარს, ძალიან უყვარს ეს ქალაქი, მაგრამ მისი ქალაქი მაინც სოხუმია. გაღმა, უხეშადგავლებულ საზღვარს იქით დარჩენილი სოხუმი...

"დილით, სანამ ყველას სძინავს, მაშინ უნდა გაიპარო ზღვაზე... ფეხაკრეფით უნდა გადაჭრა წინა ეზო, არ მიაქციო ყურადღება ცისფრად გადაბარდნილ ჰორტენზიებს და თეთრი პიონების ჩამოცვენილი ყვავილების ბალახზე გაფენილ სურნელოვან ფურცლებს. ჭიშკართან პალმის მჩხვლეტავ მარაოებს თავი აარიდო, ეს პალმა ირაკლი რომ დაიბადა, მაშინ დარგო დედამ..."

სოხუმი ენატრება, იქ დარჩენილი ზღვა, სახლი, რომელიც მისი ბავშვობის ლანდებს ინახავს..

ჰოდა, როცა სოხუმი ენატრება მიდის დედასთან და მას ეხუტება. ეხუტება პატარასავით აცრემლებული და უყვარს..

ყველა უყვარს: კოლია ბიძიაც, მუშნი ბაბუაც, მეზობლის ავი ძაღლიც... მეზობლის ქალიც, წითელ კაბაში...

.."-მე? მე ნათელმხილველი ვარ..."

წლების მერეც სჯერა, რომ იმ დღეს სოხუმიდან გამოფრენილი ბოლო თვითმფრინავი მისმა ბავშურად, ჩურჩულით ნათქვამმა “მამაო ჩვენომ” გადაარჩინა და რაღაცისთვის დატოვა... "და დიდხანს, როცა ვიღაცა რაღაცას მთხოვდა, პირველი გაფიქრება, იქნებ ამისთვის, იქნებ იმისთვის, რომ ვიღაცას კარგი სიტყვა უთხრა, ან უბრალოდ გაუღიმო, ან მოუსმინო...

ჰოდა უსმენს, ყველას უსმენს, მერე იბრძვის, მოქმედებს... მოუსვენრობა დაყვა და არა მხოლოდ საკუთარით, სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაც..

.." უკან უნდა დავბრუნდეთ, გაფუჭებული გზა რომ შეგხვდება, იმას უნდა ავყვეთ ბოლომდე. აბა, როგორ იქნებოდა, გზა ეკლესიამდე ეკლიანი ხომ უნდა იყოს"

ჰო, ამ გოგოზე დიდხანს წერა სისულელეა, ბევრის წერაც...

დღეს მისი დაბადების დღეა. გიჟივით თავისუფალ მარტს ვაცილებთ ქარით, ღრუბლები რომ უნდა გადაყაროს და მზე გამოაჩინოს. მერე მზე იცეკვებს ნინა სიმონეს ნამღერზე და მზე გაიღიმებს...

სოფოც გაიღიმებს, პატარა მეოცნებე "ოპიტას" ღიმილით... მერე შეიყვარებს ნამდვილი ქალივით და იქნება ბედნიერი.

ასე მინდა და ასე იქნება!

ჰო, დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს სოფო ხორგუანი.

გუშინ ერთმანეთს ერთდროულად მივწერეთ,- რა მაგარია, რომ გიპოვე!

და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო პირველი და ვინ მეორე?

მე მიყვარს სოფო, თავისი "გასვანებით", ცრემლით და სიხარულით. ჰო, აღტაცება იცის კიდევ განსაკუთრებული - მზისფერი...

ჰოდა, მინდა ბევრი პატარა ქუჩქუჩა სოფო, ღიმილიანი და ენერგიით სავსე, რაც შეიძლება მალე...

მოკლედ, ნამდვილი გაზაფხული მინდა!

გილოცავ, ოპიტა და მიყვარხარ! <3

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...