Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.906

ოთხმოცთეთრიანი ექსკლუზივი ღამის თბილისიდან


katya

1.785 views

blog-0514265001393106406.jpgთბილისი, ღამის 22:20...

ავტობუსში, თუნდაც "მიკროში" და "ყვითელში" თბილისში გინების გაგონება ვის უკვირს? ჰოდა, არც მე გამკვირვებია... იმდენად არ გამკვირვებია, რომ თავიც არ მომიბრუნებია, მოულოდნელი დამუხრუჭების ხმაზე, მძღოლის ძველქალაქურად შეკურთხებაზეც, ვიღაცის უკმაყოფილო ბურდღუნზეც, მუჯლუგუნის თანხლებით რომ უფრო მკვეთრად გამოიხატა. მხოლოდ მაშინ მოვიხედე, ვიღაცამ სახელოზე რომ მომქაჩა და, ყურადღების მიქცევისთანავე, ჩემს ცხვირთან ხელის ჩაქნევით გაუჩინარდა უკანა რიგებისკენ. ამასობაში მძღოლმა ჯაჯღანი განაახლა:

-კიდევ დიდხანს უნდა გელოდო? რას შვები გამაგებინეო...

- მაცადე, ვეძებ ვიღაცას! უხეშად და ასეთივე ხმით უპასუხა უცხომ და, ხმის შესაბამისად, დაიწყო კარისკენ გადაადგილება...

- ჩავდივარ ხო, და წადი, შენი დედაც!

და ჩავიდა...

მიკრო-ბუსის მძღოლმა სიბრაზისგან ღრმად ჩაისუნთქა.

მისი "ხომალდის "“შიგთავსმა" -ღრმად ამოისუნთქა.

მერე თანმიმდევრობით გაისმა უმისამართო კითხვები: ვინ იყო? რა უნდოდა? ვის ეძებდა? მარტო რატომ იყო? ქალს ეძებდა თუ კაცს? რატომ ჰქონდა წვერი? ფხიზელი არ იყო ხომ? საერთოდ რატომ გაუჩერე?

მძღოლი, რა თქმა უნდა ამხელა ცნობისმოყვარეობის ტალღას მშვიდად ვერ შეხვდებოდა და ერთი გემრიელ-თბილისურად იყვირა - თუ მაგდენი რამე გაინტერესებდათ, სანამ აქ იყო, გეკითხათ. მე თუ გადამეყარა სადმე, კი ვიცი, რასაც ვკითხავ...და ისეთი ენერგიით "მისცა გაზი" და მოუკიდა სიგარეტს, ჩავთვალე, რომ ნაფაზი 3 ღერზე ერთდროულად დაარტყა.

მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, ჩემს გვერდით ერთი ფრიად "ჩაქუთაისებული" "დამა" შფოთავდა - დაანებეთ მძღოლს თავი, არ შეიძლება მაგის ყურადღების გაფანტვა და შენ კიდე, იარე დროზე! აღარ გააჩერო, თუ კაცი ხარ, გადამიტრიალდა გული!...

ჩემი მარჯვენა თვალის ქვედა კუთხეში მისმა უზარმაზარმა ბრილიანტის "ბაღჩამ" გაკვესა. გულის გადატრიალების მიზეზი სახეზე იყო. ასეთი "ბაღჩები" ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში აჭარის პლაჟზე იტალიელებივით მოლაპარაკე ქალების ყურებზე და ფუმფულა თითებზე. როგორ ვერთობოდი მაშინ მათი ემოციებით, - ერთი კვირის საგზალს რომ ამოალაგებდნენ ხოლმე საგულდაგულოდ გაშლილ "ადიალაზე". და იყო ერთი კივილ-წივილ-მიწყევლა-მოწყევლა, თუ თანმხლები ბავშვებიდან რომელიმე ჭამაზე უარს იტყოდა.

მახსოვს, ერთხელ, ისე გავერთე მათზე დააკვირვებაში, შემამჩნიეს. მერე, ალბათ ისინიც დამაკვირდნენ, შევეცოდე და ისეთი მკერდაჩუყებული გამომეტყველებით გამომიწოდა ერთ-ერთმა ფითქინა-ფუმფულამ მთლიანი ხაჭაპური, ასე მეგონა, დეკოლტედან თბილი რძეც ჩამომისხა.

რახან ბავშვობა გამახსენდა,"ჩაქუთაისელებულის" მისამართითაც კეთილად გავიღიმე, თუმცა მას ეს არ შეუმჩნევია, ჰოდა, მეტის ღირსია...იყოს ასე აფორიაქებული, - გავიფიქრე მე... ის იყო ისევ, სათვალე უნდა წამომეკოსა და მოკლენეტრაჟიანი თვლემა გამეგრძელებინა, ისევ საბურავების ღრჭიალი და სართულებიანი გინება დამატყდა თავს. "სამგზავრეთი" უკმაყოფილო სახით ჯერ ერთ მხარეს გადაიხარა, მერე - მეორე...

კარი არ გაღებულა, არავინ ამოსულა. ლოგიკამ მიკარნახა, რომ მძღოლის გინება ამჯერად გარე სამყაროს მისამართით ვრცელდებოდა.

- აბა ხოდა ამას ეხლა ჭკუა რო კითხო, გეტყვის, სუ ტაქსისტი კი არ ვიყავი, 3 დიპლომი მიდევს სახლში ან "ბარდაჩოკშიო."

- ბარდაჩოკში თუ უდევს, რას ერჩი? კი ყოფილა პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი, - გავძახე მე.

- მძღოლმა სარკეში გამომხედა, მაგრამ, არაფერი მიპასუხა.

ამასობაში, ნახევარი შიგთავსი ჩაიხვეტა, დავრჩით 4-ნი, სადღაც მალაკნების ბაზარს გაცდენილები..

მძღოლი თუხთუხს და სიგარეტის ბოლებას პარალელურ რეჟიმში აგრძელებდა. არადა, არ მიყვარს ძილი იმ ოთახში, სადაც ეწევიან! ძალიანაც ნუ შეიცხადებთ, ჩემი კაპრიზები კიდევ ცალკე თემაა....

- აი ხომ ხედავ, ძმაო! აბა გადაითვალეთ, - ზიხართ 5 პასაჟირი?

"ძმამ" უკან გამოიხედა და უცებ გადაგვთვალა

- ეგრეა!

მე "ძმას" არ ვენდე და ხელახლა გადავითვალე.

- ისე, ამ დროისთვის უჩვეულოდ ხალვათობა გაქვთ, - გავუწოდე ჩემი აზრი.

მძღოლმა ისევ სარკეში გამომხედა, ახლა უფრო ხანგრძლივად და დაყოვნების მერე მიპასუხა:

- ხალვათობა იქნება, აბა რა იქნება, რასაც კი ბორბალი აქვს გამობმული, ყველა ამ ხაზს დაასვეს თავზე. შესატანს ითხოვენ და სახლში 30 ლარზე მეტი ვერ შემაქვს.

- დღეში 30 ლარი არაა ცუდი თანხა, - ვთქვი მე და გადავსკუპდი წინა რიგში.

მძღოლმა ინება და ამჯერად, უსარკოდ ამათვალიერა, ნახევრადმოჭუტული ცალი თვალით. აზრს მივუხვდი და არ მინერვიულებია :

- მე რომ მიყურებთ ბატონო, ინტრიგანი კი არ ვარ, ჟურნალისტი ვარ მეთქი.

ისევ სარკეში გამომხედა,

- არადა, რომ ამოხვედი, რატომღაც ექიმი მეგონე...

- ვითომ რატომაო?

- რა ვიცი, გენაცვალე, ისე მშვიდად იყურები, რა გიგავს ჟურნალისტს. მაგათ სხვანაირი გამოხედვა იციან. თანაც ჩაცმულიც იმნაირათ ხარ, ექიმობა გეკუთვნის, ჩემმა ღმერთმა...

- გიყვართ ეტყობა თქვენ ექიმი ქალები, - ჩავუპაჭუნე თვალი.

- ეჰ, მე რო მიყვარს ეგრე სადაა. აგე სამდიპლომიან ტაქსისტებსაც ვკითხოთ, მე ერთი ორთაჭლელი კაცი ვარ, თბილისს სუ 4-ჯერ ვარ გაცილებული...

- იმათაც ვკითხავ, სამდიპლომიანებს და თქვენ უდიპლომოებში გადიხართ თუ სად მიგაწეროთ?

- ეხლა შენა რამეს გადაღებას აპირებ?

- რა უნდა გადავიღო?

- აი აქ რასაც ვშვებით ეხლა.

- რას ვშვებით რო? რას კადრულობთ ბატონო! გზას უყურეთ და ჩემს კითხვებს უპასუხეთ, ხალხი გვისმენს აქ, ასე კი არაა საქმე?! ექიმის გამოხედვა მაქვს მე, დანარჩენი ჟურნალისტი ვარ...

- ბიძაჩემო, შუქნიშანზე გაგვიჩერე !

- არის, ძმისშვილო.. ნელა დაკეტე შვილო კარები, ზაპასკა კი არ მოყვება!... ვახ, გამაგიჟებს ეს ხალხი... რა ძალა ერჩით კაცო!

- ეს მანქანები რაღაც კომპანიამ ჩამოიყვანა და მერე თქვენ დაგიქირავათ არა? ანუ მანქანები თქვენი არაა.

- ჰო, ეგრეა, მაგრამ მანქანა რომ იყოს, რაღა გვიჭირს... სათამაშოა. რაც უფუჭდება, არაფერი უკეთდება. მატორმა თუ დაგისტუკა, მორჩა! არ კეთდება. აი ერთს დაუსტიკა ჩვენი ხაზიდან, მერე იმან ფული სიესხა და გაზზე გადაიყვანა. იმაშიც პოლნი წილში ჩაუსხდნენ, აი შენ, გზაში ეკონომიას აკეთებ და მეტი გჩებაო!

- არადა არაა იაფიანი მანქანები, არ უნდა იყოს ეგრე, გიყვართ შოფრებს წუწუნი, - ჩაერია კიდევ ერთი ცნობისმოყვარე და მოცლილი.

- საწუწუნოდ და სატირლად ღმერთმა ნუ გამიხადოს საქმე, მაგრამ 18 საათს რო მუშაობ, სახლში 20 ლარი მიგაქ, აღარც ვიწუწუნო კაცო?

- აბა წეღან 30-იო?

- ეგ ლუჩში ვარიანტია, პატალოგ ნაზივაეტსა... ამ მანქანებში 20 000 ევრო გვაქ გადახდილიო, ეგრე შემოგვტენეს. დღეში მინიმუმ 45 ლარი შეგვაქ, ვის როგორ რა... ეხლა შენა ეგ თვეში დათვალე, მერე 7 წელზე დაიანგარიშე და რამდენი 20 000 ევრო გამოვა მერე მითხარი...

- 7 წლის მერე რა ხდება?

- ჩვენი ხდება, მარა ამათ ხელში ვის რა გარანტია აქ რომ 7 წელი იცოცხლებს?

- ვის ხელში?

- შენა გენაცვალე ზარუბეჟნი კარესპანდენტკა ხარ?

- ნეტ, მესტნაია ია.

- ტემ ბოლეე, მაშ რა კითხვებს მისვამ? გარანტირებულ ქვეყანაში კი არა ოჯახში არა ვცხოვრობ. ამათი სულელი ცოლ-ქმრობის შემხედვარე, ან ცოლი როდის გამექცევა და ან მე როდის გავექცევი, ეგ არ ვიცი. ესენი კიდე მეუბნებიან, 7 წლის მერე მანქანა შენი იქნებაო.

- ჯვარი გწერიათ და მშვენივრად გამოუყურებით. არც იმ ტიპს გავხართ, ცოლები რომ გაურბიან...

- ჰო არა? ეგრე შენაც ექიმსა ჰგამდი, მაგრამ ინტრიგანი გამოდექი...

- არ ვარ ინტრიგანი, რა ჭირს ამ მანქანებს, მართლა ასეთი ცუდია?

- სულ უკანა მჯდარხარ?

- სკამზე მეუბნები?

- ჰო მა რაზე გეტყვი კაცო?

- კი ვმჯდარვარ.

- მერე არ გატოკებდა?

- კი მიტოკებდა ცოტას.

- ხომ გითხარი, ორთაჭლელი კაცი ვარ, რულის ტრიალი მასწავლეს და მაგითა ვჭამ პურსა. მთელი თბილისი ჩემი ცხვირივით ვიცი.

ამ მანქანას არანაირი რესურსი არა აქ, თან საიმისო რო 7 წლის მერე მშვიდობაში მოიხმარო. დიდი მაიმუნი ხალხი ზის იქა, -ჩვენა იმდენი ფული დაგვიჯდა თქვენი დასაქმებაო! ეგ სიტყვაც მაგათგან ვიცი.

-რომელი სიტყვა?

- "რესურსი". სულ მაგითი გველაპარაკებიან, ჩვენ თქვენი შენახვის რესურსი არა გვაქ, მაგრამ მანქანას დიდი რესურსი აქო! არადა არაფერიც არა აქ. ესენი მასწავლიან მე მანქანას? რათ მინდოდა დასაქმება, მოეცათ ჩვენთვის ეგ 20 000 თუ მართალია და ისეთ მანქანებს ჩამოვიყვანდით, 20 წელიწადს გამარჯობის გარდა რომ არაფერს გაგაგონებდა. თვითონ 1500 და 2000-ბი დაინიშნეს ხელფასები და არ ყოფნით, თან არაფერს აკეთებენ, მარტო წუწუნებენ. ჩვენ და ჩვენმა ცოლ-შვილებმა რა ვთქვათ? ადრე ხაზებს ჭკვიანი ხალხი ადგენდა. ეხლა ყველა ხაზი ერთმანეთს აზის. აი იმ სიტყვას რა ქვია გამახსენე?

- რომელს?

- აი მარტო შენ რომ გაქვს და სხვას რო არა აქ...

- ეგ რომელია? რა კითხვაა ახლა ეს?

- დიდი მაიმუნი ხარ შენა! აი გეტყვი ეხლა რაცა გვჭირს და მიხვდები რა სიტყვა დამავიწყდა. ამ 49-ს ერთი კიევის ქუჩა ქონდა დარჩენილი, სადაც ჩვენს გარდა, არცერთი ტრანსპორტი არ გადიოდა. ეხლა კაცო, ყველა მარშუტკა ხო თავზე დაგვასვეს და ბოლოს ავტობუსიც კი გადაგვატარეს ხოდა მერე კიდე გიკვირს, - ცარიელი რატო ხარო. აბა უნდა ეხლა ამ დროს გამოსულ დაღლილ კაცს შენი ძვირიანი მარშუტკა? ჩვენ რა გვაწყობს ეს ფასი? გვკითხა ვინმემ?

- აა, ესე იგი, 49 ნომერს ქონია ექსკლუზივი კიევის ქუჩაზე, - ამერიკის აღმომჩენის ინტონაციით გამოვაცხადე მე..

- აი გაიხარე რა, ვახ, ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ მაგ სიტყვას, არადა ეგრეა რა, - ექსკლუზივი გვქონდა და ეგა გვშველოდა.

- კუთხეში გამიჩერე, ორთაჭალელო და ისე, ექსკლუზივი ჟურნალისტიკაშიც კარგი რამეა და სხვა რამეებშიც, ვახ! ...

 

არაფრით მართმევდა რკინის ლარიანს,

- აბა, ამდენი ლაპარაკის მერე ფული როგორ გამოგართვა შენაო?!

ძლივს დავაჯერე, რომ ოცთეთრიანი ლიფტი მქონდა და მე-9 სართულზე ვცხოვრობდი... რა მექნა, მე-5 მასე კარგად არ გაჭრიდა.

აი, "ვახ" - ზე კი იფიქრა, მაშაყირებსო, არადა, თქვენც ხომ იცით, როგორ მიყვარს ეგ სიტყვა, - ვახ!

 

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...