Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.972

თვითმმართველობა თუ თვითმმართველობის მმართველობა?


katya

1.779 views

blog-0078579001385565409.jpgდემოკრატიის საფუძველი თვითმმართველობაა. ეს უკვე დიდი ხანია იციან იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ხარისხმა და ნიშნულმა მწვერვალს თუ არა, ოპტიმალურ ნიშნულს მაინც მიაღწია.

დღეს ჩვენშიც ბევრს საუბრობენ თვითმართველობის სისტემის აქტუალობაზე და მასზე გადასვლის აუცილებლობაზე. წლებია, საზოგადოებაში ყალიბდება და მწიფდება აზრი, რომ თვითმმართველობა ეს გაცილებით კომფორტული, დემოკრატიული და პრაგმატული ცხოვრების წესია და ქვეყნის ტერიტორიების ადმინისტრაციული დაყოფა უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, წესებს, კანონებს, ტრადიციებს.

ზოგადად, ცვლილება უნდა ემსახურებოდეს პროგრესს და არა ქაოსს, მითუმეტეს არაჯანსაღი წარმონაქმნების გაძლიერებას და დაკანონებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

წლებია, საუბარი მიდის და მუდმივი კრიტიკა გვესმის გუბერნატორობის ინსტიტუტზე, როგორც არაჯანსაღ წარმონაქმნზე. დიდი სიხარულით შევხვდით სულ ახლახანს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორების გადადგომასაც, თუმცა, მაშინ ძალიან ცოტა თუ ფიქრობდა, რომ უახლოეს მომავალში ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლებაზე იქნებოდა საუბარი.

საქართველოს ახალი მთავრობის მიერ მომზადებული თვითმმართველობის კოდესის მიხედვით, გუბერნატორები რჩებიან ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელ პირებად, თანაც პოლიტიკური ნიშნით დანიშნული გუბერატორები და თვითმმართველობის საოცნებო ხიბლი მხოლოდ არც ისე კარგად შეფუთულ, მაგრამ კანონით გამაგრებულ მმართველობად გარდაიქმნება.

თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რეფორმა უნდა განხორციელდეს, ჯერ პარლამენტს არ განუხილავს, მაგრამ უკვე არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. 22 ნოემბერსაც კოდექსის განხილვამ არასამთავრობო სექტორის და არასაპარლამენტო ოპოზიციის წრეში საკმაოდ მწვავედ ჩაიარა, მკაცრი განცხადებები და შეფასებები გაკეთდა და არც ბრალდებების დეფიციტი ყოფილა.

ვის ინტერესებშია გუბერნატორის ინსტიტუტის გაძლიერება და სახელმწიფო ბიუჯეტში, მინიმუმ, 3 მილიარდი ლარის დამატებითი ხარჯი? წინასწარი გათვლებით, სწორედ ეს თანხა ესაჭიროება პირველად ხარჯად ახალი რეფორმის განხორციელებას მომავალ წელს.

ფაქტია, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში საუბარი იყო გუბერნატორის ინსტიტუტის, როგორც წინა ხელისუფლების მიერ დანერგილი მავნე პრაქტიკის გაუქმებაზე. ახალი კოდექსით გუბერნატორის ინსტიტუტი კანონდება, თანაც კონკრეტულად განსაზღვრული ფუნქციებით.

რამდენიმე თვეში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ყველა გათვლებით, ამ პერიოდისთვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ახალი კანონი საქართველოს ტერიტორიული მოწყობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს და პროგრესის გარანტი იქნება საზოგადოებაში თვითმმართველობის, ანუ, მეტი დემოკრატიის და დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევების დანერგვისა და განხორციელების თვალსაზრისით.

თვითმმართველობის კოდექსის კანონპროექტზე მარტიდან ინტენსიურად მუშაობს ახალი ხელისუფლება, რომელმაც მოახდინა ინიცირება პარლამენტში და ახლა უკვე საპარლამენტო განხილვის პერიოდი იწყება.

კანონპროექტს ყავს ოპონენტები, რომლებიც თვლიან, რომ ამ კოდექსის მიღება და რეალობაში განხორციელება დამღუპველი და, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია.

პროექტი არ პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარების საჭიროებებს – მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავების მიზნებს; შემოთავაზებული ინსტიტუციური მოწყობა, დღეს არსებულთან შედარებითაც რეგრესულია და არა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის, არამედ ერთპიროვნული მმართველობის მავნე პრაქტიკის განმტკიცებისკენაა მიმართული.

პროცესი დაწყებულია - მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თვითმმართველობის კოდექსი დაჩქარებული წესით მიიღოს, მოიწონოს და წარუდგინოს პარლამენტს...

დაიწყებს თუ არა პარლამენტი ამ კოდექსის განხილვას?

ოპონენტები თვლიან, რომ ამ კანონპროექტის მიღება ყოვლად დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი მას მარტიდან ელოდება, სპეციალისტთა აზრით, ესაა არასწორ პრინციპებზე და გათვლებზე დამყარებული რეფორმა, რომელიც ცვლის არა მხოლოდ კონსტიტუციას, არამედ თვით პარლამენტის შემადგენლობასაც.

მოკლედ, საკითხი არც ისე მარტივადაა, როგორც ამას ბოლო დროს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები წარმოგვიდგენენ.

ისიც ფაქტია, რომ წინა პერიოდში, ანუ ოქტომბრის არჩევნებამდე, აღნიშნული რეფორმა უფრო ღიად და გამჭვირვალედ მიდიოდა. მთავრობის შემუშავებული კონცეფცია დიდხანს არ გასაჯაროებულა, არც ამ კოდექსის პროექტიც და ამას, ალბათ თავისი მიზანი ჰქონდა.

პროექტის ერთ-ერთ ავტორს და ინიციატორს, ირაკი მელაშვილს, კარგად მოეხსენება, როგორი „მხიარულება“ გამოიწვია ბატონი შერგელაშვილის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა კომპეტენტურ საზოგადოებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც, რა თქმა უნდა, არ გახმაურებულა - სამი კვირის წინ „იუესაიდის“ წარმომადგენელი ბატონი ვილიამ კარტიე როგორ წამოუხტა რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან არსებულ საბჭოს, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ფინანსდება, რათა ქარტიასთან და ზოგადად კანონმდებლობასთან შესაბამისი პროექტი ან სტრატეგია მაინც შეიმუშავონ და როგორ მიალანძღა ისინი, - 9 თვეზე მეტია ფულს გიხდით და ამ საშინელი დოკუმენტის მეტი ვერაფერი შექმენითო! მეტიც, როგორც ამბობენ, მან „სოროსის ფონდთან“ ხელშკრულება შეწყვიტა და ხელებიც დაიბანა ამ საქმეში.

არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ადგილზე, იქვე უნდა გადაწყდეს. მოქალაქემ ყოველთვის უკეთ იცის რა ჭირდება კონკრეტულად, ვიდრე ნებისმიერმა ჩინოვნიკმა სახელმწიფო აპარატში. იმაზეც აღარავინ დავობს, რომ მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს დამოუკიდებელი რესურსები და უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციის ექსპერტ-იურისტის, დავით ზარდიაშვილის აზრით, დღევანდელი მოცემულობით არა პროგრესული კოდექსის შემუშავება, არამედ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ერთი კაცი ასტრუქტუირებს ამ ძალაუფლების სისტემას, რომელმაც კარგად იცის - მთავარია გავლენის მოპოვება საზოგადოებაზე.

ამასობაში კი ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციის ექსპერტებმა გაანალიზეს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტი და პრინციპული ხასიათის შენიშვნებიც დადეს.

თავად ირაკლი მელაშვილიც აცხადებს, რომ ეს არაა რეფორმა, რომელიც არ გამოიწვევს კამათს, რადგან - საკითხი ეხება ქვეყნის მოწყობას. კამათიცაა და კამათიც. მითუმეტეს, დრო ძალიან ცოტაა. ცაიტნოტს ისიც ემატება, რომ კოდექსის ერთ-ერთი ავტორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, უკვე ოფიციალურად დასახელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატად. ეს სვლა თავისთავად აჩენს უამრავ კითხვას. ამ შემთხვევაში კი ყურადღებას ისიც იქცევს, რომ რამდენიმე დღის წინ, მინისტრმა ჩვენი რესპონდენტი - დავით ზარდიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამხმოვანებლად მოიხსენია.

 

- ბატონო დავით, თვითმმართველობა საკმაოდ რთული თემაა. უკვე კურიოზია ახალი ხელილსუფლების მიერ შემოთავაზებული „ზემოდან“ მართვადი თვითმმართველობა.

- რაშია იცით საქმე? თვითმმართველობის დარგში გაჩნდა ხალხი, ვისაც მეტი გავლენა აქვს ძალაუფლების ცენტრზე. ამჟამად თვითმმართველობის სფეროს საქართველოში აკონტროლებს ერთი ჯგუფი - ესაა ბატონი მელაშვილის უწყება და მისი კონტროლისა და გავლემის ქვეშ მყოფი რეგიონალური განვითარების სამინისტრო.

- ანუ კოდექსი იწერება მათ მიერ.

- დიახ, კოდექსი იწერება ამ საქმეში არც ისე კომპეტენტური და არასაკმარისი კვალიფიკაციის ხალხის მიერ. მსგავსი სისულელები და კანონების გაუთვალისწინებლობა სააკაშვილის ხელისუფლებაშიც კი არ გვხვდებოდა ასეთი დოზით. მაშინ ამ მიმართულებით პალიკო კუბლაშვილი მუშაობდა სერიოზულად.

- რა გინდათ თქვათ, რომ პალიკო უფრო კვალიფიციური იყო?

- რა შედარებაა? კაცი სერიოზული იურისტია და საკითხი ნასწავლი აქვს. სერიოზული პროფესიონალია. სამართალი იცის, გერმანიაში აქვს ნასწავლი. წინა ხელისუფლება ვერ ბედავდა ასეთი დოზით ძალაუფელბის გამოვლენას და ფუთავდა მას სხვადასხვაგვარად. ახლები ფიქრობენ, ისე დაგეგმონ და ჩამოაყალიბონ სისტემა, რომ თვითონ იყვნენ მისი სრული ბატონ-პატრონნი.

- უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- რეგიონებში გავლენის სფეროები და ძალა-უფლება სხვადასხვა თანამდებობების მიერ კონტროლდებოდა. ხან გამგებელი იყო, ხან გუბერნატორი, ხან პროკურორი და ა.შ. 1 ოქტომბის მერე , რაც მიშას გუბერნატორების სისტემა დაირღვა, მათი ჩანაცვლება, რეგიონალური ხელისუფლების კუთხით, დაიწყო ირაკლი მელაშვილმა. პერსონალურად ის აკონტროლებს ამ სეგმენტს. პრემიერის ადმინისტრაციაში ჩამოაყალიბა თავისი კანტორა. დღეს რომ ირაკლი მელაშვილს ძალაუფლება აქვს, ასეთი, თავის დროზე, შვარდნაძის დროს, ბადრი ხატიძესაც კი არ ქონია.

- როგორ მოახერხა ირაკლი მელაშვილმა ასეთი ნდობის და შემდეგ გავლენის მოპოვება?

- პირადი უნარების წყალობით ალბათ. ივანიშვილის გარემოცვასთან ახლო კონტაქტებით. ერთია რეალური ძალაუფლება და მეორეა მისი დაკანონება-გაფორმება. ამ კანონპროექტისთვის გამოიყენეს მოძველებული, უკვე დაწუნებული მცდარი იდეები და მათ გარშემო შექმნეს ძალაუფლება. ახლა ჯერი მის დაკანონებაზეა.

- რამდენადაც ვიცი, შემუშავებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან.

- ქარტიასთან წინააღმდეგობაში მოდის იმიტომ, რომ ტერიტორიების გადაკეთება-გადმოკეთებას და საზღვრების მიხაზვ-მოხაზვას შენ არავინ გეკითხება. ცივილურ ქვეყნებში ეს ხალხთან ერთად კეთდება სერიოზული კვლევების და გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებით. თუ ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს ცვლი, აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თვითმმართველობასთან კონსულტაციები. მთავრობას უფლება არ აქვს რაღაცეები თავის ჭკუაზე გადახადოს და გადმოხაზოს.

- რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს და ხშირადაა განხილვის საგანი - საიდან მოვიდა ციფრი 15 ათასი?

- ამაზე პასუხი არავის აქვს. როგორც ამბობენ, კომპრომისის შედეგია ეს ციფრი.

- ვისთან რისი კომპრომისის?

- ეს იდეა ჰქონდათ 2005 წელშიც მაშინ უკვე ოპოზიციაში მყოფ „რესპუბლიკელებს“ , შეიტანეს კიდეც ალტერნატიული კანონ-პროექტის სახით. მათი გათვლებით, საქართველო 298 თვითმმართველ ერთეულად უნდა დაყოფილიყო. ეს იდეა არ მიიღეს მაშინდელ პარლამენტში თავისი გაუმართავობის და დაუსაბუთებლობის გამო, თანაც, სააკაშვილის ხელისუფლებას მაშინ თავისი მიზნები ქონდა.

- რამდენადაც ვიცი დღეს არსებულ რეგიონალურ დაყოფაში დიდი ხარვეზები და მწვავედ პრობლემული თემები ძალიან ცოტაა. რატომაა აუცილებელი ამ საკითხის გადახედვა, უფრო სწორად ძირეულად შეცვლა?

- როცა კომუნისტებმა ტერიტორიული რეფორმა გააატარე 1921 წელს, ხელი არ ახლეს რუსეთის იმპერიის მიერ დადგენილ დაყოფას და 10 წელი მოუნდნენ ახლის მომზადებას. ნაპოლეონმა, რომელმაც საფრანგეთი 100 დეპარტამენტად დაყო, მეცნიერებათა აკადემია ამუშავა 7-8 წელი ამ თემაზე. ყველა ასეთი ევროპული დაყოფა ისტორიულ გადანაწილებას ეფუძნებოდა ყოველთვის ძირითადად.

- ეს 298 ერთეული საერთოდ არაფერს ეფუძნება?

- როგორ არა?! - გაქვს მოსახლეობის „ენ“ რაოდენობა. ვიცით, რომ თვითმმართველობა ეფექტურია 15-20 ათას კაცმდე. ფორმულა მარტივია - მოდი მოსახლეობის რაოდენობა გავყოთ 20 000-ზე და გამოვიდა დასახელებული ერთეული. მერე აიღეს ფარგალი და სახაზავი, საქართველოს რუკა, 2001 წლის ურბანული მონაცემები, და დახაზეს საქართველოს ახალი ტერიტორიული მოწყობის „სახელმძღვანელო“. საქართველოში 3700-ზე მეტი სოფელია. ზოგი 5 კაციანია. ცხადია, რაღაც-რაღაცეები გამორჩებოდათ. კანონპროექტის სახით მიიტანეს თვითმმართველი ერთეულების ჩამონათვალი მიხეილ მაჭავარიანთან, რომელმაც რუკაზე გადაატანინა შემოთავაზებული ტერიტორიული ერთეულები. აღმოჩნდა, რომ ამ გათვლებით ნახევარი საქართველო არის თეთრი ლაქა. კანონპროექტის განხილვის დროს პროექტორი გამოიყენეს და მაშინ დამსწრე საზოგადოებამ ამ თეთრ ლაქებზე ბევრიც იცინა. „დაშლის იდეა“ აკვიატებულ იდეასავით აქვთ ამ პროექტის ავტორებს. ეს მოდის თვითმმართველობაზე მე-19 საუკუნეების წარმოდგენებიდან. ესაა ბისმარკის იდეები, როცა დადიოდნენ ცხენით და ჯერ ტელეგრაფიც არ იყო გამოგონებული. მაშინ ახალი ადმინისტრაციული ერთეულები იქმნებოდა იქ, სადაც იყო ეკლესია და ფოსტა. მერე ურბანიზაციის მეორე ტალღა დაიწყო და ინდუსტრიალიზაციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ასეთი მიდგომა თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში არის აბსოლუტურად სასაცილო. დღეს გეოგრაფიულ მანძილზე დამოკიდებული კომუნიკაციის პრობლემა აღარაა.

- ანუ ტერიტორიების დანაწილების მე-19 საუკუნის დროინდელი მეთოდი ესაა კონცეპტუალური შეცდომა.

- ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. არაა სწორი ასე მიადგე ტერიტორიებს და დაიწყო ჭრა-კერვა. იქ საუკუნეებია ხალხი ცხოვრობს. დღეს საქართველოში არსებული მუნიციპალიტეტების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. დგას მხოლოდ რამდენიმე წერტილში.

- გარდა ამისა, არის მდიდარი რაიონები, მდიდარი რეგიონები, როცა თვითდაფინანსებაზე და თვითმმართველობაზე გადავლენ, თანასწორობის პრინციპი და ბალანსი როგორ დარეგულირდება და შენარჩუნდება?

- ფაქტია, ეს უთანასწორობას გამოიწვევს. მაგალითად ახლა ბოლნისი რომ დაშალო, კაზრეთი აღმოჩნდება 15 მილიონიან შემოსავლიან სოფლად. დანარჩენები - ნულზე დარჩებიან. ანუ უთანასწორობას შეუწყობს ხელს. ასეთი მიდგომა, რომ 15 000-იანი ტერიტორია ქალაქია და დანარჩენი არა, ეს უბრალოდ დისკრიმინაციაა. როგორ უნდა დაასაბუთო, რომ ვთქვათ კასპი ქალაქია და მცხეთა - არა?

- ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ინტერესი დგას თუ უვიცობით მოსდით ეს?

- ესაა მე-19 საუკუნის კომუნიკაციის კრიტერიუმები. ევროპული გამოცდილება მოყავთ მაგალითად.

- თუმცა, ევროპაც ხასიათდება გამოცდილების სიჭრელით.

- საკითხის განხილვა იმის მიხედვით, საშუალოდ ევროპაში რამდენი კაცია თვითმმართველობაში, სასაცილოა. პროკრუსტეს სარეცლის პრინციპია - წააჭრა რაც ზედმეტია დადგენილ სტანდარტზე. ტერიტორიული მოწყობა ისტორიული პროცესის შედეგია. იყო ბისმარკის რეფორმები, იყო ნაპოლეონის რეფორმები, საბჭოთა რეფორმები..

- დღეს არსებული დაყოფის იდეა, რამდენადაც ვიცი, კომუნისტებს არ ეკუთვნით.

- არა, რა თქმა უნდა, ამის მტკიცება საკუთარი ქვეყნის ისტორიის არცოდნას ნიშნავს. დღევანდელი დაყოფის პრინციპი ეკუთვნის პავლე ინგოროყვას. რომელმაც 1920 წელს მოამზადა საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის გეგმა საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის. მისი იდეა ქართულ ტრადიციულ დაყოფას ეყრდნობოდა, - ანუ აღმაშენებლის პრინციპებს. ესაა ქალაქი და მიმდებარე „ქვეყანაი“ - მისი აგლომერაციის ზონა.

- ინგოროყვას ხედვა იმ დროისთვის იყო ოპტიმალური, მაგრამ არა იდეალური.ანუ არის სადღაც პრობლემური წერტილები.

- დღეს, რეალურად, პრობლემები გვაქვს 3 ადგილას - ესაა გარდაბანი, გეოგრაფიულად ძალიან ცუდადაა დაგეგმარებული. ზუგდიდი, რომელიც ფართობით და მოსახლეობის რაოდენობით ძალიან დიდია და გორი. მაგრამ ამ პრობლემების ასე მარტივად გადაჭრა შუძლებელია და არც შეიძლება - ამას მუშაობა და კვლევა ჭირდება. ტერიტორიული დანაწევრება კი არ იყო კომუნისტური სისტემის პრობლემა, არამედ მმართველობის მახინჯი სისტემა - დემოკრატიული ცენტრალიზმი. პარტიული დიქტატი, ტოტალიტარიზმი გვქონდა სახეზე.

- არის კოდექსში ისეთი ნიუანსები და პრინციპული საკითხები, რომლებიც შეიცავს საფრთხეებს?.

- რა თქმა უნდა. ახალი კოდექსით შემოაქვთ სრულიად ახალი ტიპის ადმინიტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება. ამას ყველა ნიშანი აქვს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის. ტერიტორიული ერთეულის ოთხივე ძირითადი ნიშანი სახეზეა, თუმცა ამბობენ, რომ ესაა ახალი ტერიტორიული ერთეული, მაგრამ ახალს კონსტიტუცია კრძალავს პირდაპირ. და, რა თქმა უნდა, ამის შემოვლა ხდება.

- რა უარყოფით შდეგამდე მიგვიყვანს კონკრეტულად ეს პუნქტი?

- კურიოზულია ის, რომ კანონით არ ადგენენ ამ ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიას.

- ანუ რა რეგიონები შეიქმნება საქართველოში, კანონში არ წერია?.

- არა. ამბობენ, რომ ამ რეგიონების გაერთიანების ტერიტორია დაემთხვევა გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიასო. გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორია კანონით არ განისაზღვრება, განისაზღვრება მთავრობის კანონქვემდებარე აქტით - როგორიცაა გუბერნატორის დებულება. ანუ რა გამოდის, რომ მსოფლიო პრაქტიკაში ენით გაუგონარ ამბავს ტერიტორიული ერთეულის საზღვრებს, ნებისმიერი შეზღუდვის გარეშე, აწესებს მთავრობა. რეალურად რა გამოდის - ესაა ის, რომ სადღაც ტერიტორია შემოგიხაზონ, შიგ შეგრეკონ და გითხრან, რომ ეს იქნება თქვენი გუბერნატორი. თეორიულად იცი რა შეიძლება გააკეთონ? მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტს ხომ დაშლიან და გუბერნატორი დაუნიშნონ ცალკე კახეთს და დანიშნონ თელავშიც. ანუ რეალურად არსებული მუნიციპალიტეტი შეიძლება დაშალონ და გააერთიანონ გუბერნატორის ეგიდით.

მთავრობის შესახებ კანონში წერია, რომ სისტემის მეთაური არის პრემიერ-მინისტრი და ირაკლი მელაშვილმა თავიდანვე ამ მხრივ პოზიციები გაიმაგრა, დღეს ის ამ „კანტორის“ უფროსია, პრემიერ-მინისტრი თვითონ ხომ არ გააკეთებს ამ საქმეს? ჰოდა ფიქრობს, რომ იქნება მთავარმართებელი ამ თვითმმართველობის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების „ნაჩალნიკი“. ქვედა დონეზე იქნება სამინისტრო და რა ხდება - აკანონებენ იმას, რო სამინისტრო აკეთებს კონცენტრაციას ძირითადი უფლების, თვითმმართველობის სისტემის სამართავად. პირდაპირ წერია - სამინისტრო ჩაატარებს ამ სისტემის მონიტორინგს. მეორე, ხდება თვითმმართველობას და მთავრობას შორის კომუნიკაციის მმართველი. მესამე- ძალიან მნიშვნელოვანი უფლება - სამართლებრივი ზედამხედველობაც ამ სამინისტროზე გადადის.

- უკაცრავად და, ამასობაში, ის „სანატრელი თუ საოცნებო თვითმმართველობა“ სად წავიდა?

- ხოდა აი ამ ძირითადი ფუნქციის - ზედამხედველობა, მონიტორინგი და კომუნიკაციის მართვა ერთი სამინისტროს ხელში კონცენტრირდება. ბუნებრივია ეს სამინისტრო ხდება თვითმმართველობების სამინისტრო, ანუ თვითმმართველობებს მართავს. როცა რაღაცას მართავ, ის თვითმმართველობა როგორაა? თუ ზემოთ იქნება, ვითომ პრემიერ-მინისტრის კაცი - მელაშვილი, მის ქვემოთ იქნება სამინისტრო, და მის ქვემოთ - გუბერნატორი.გუბერნატორები იმიტომ, რომ ითქვა - ტერიტორიას მთავრობა ადგენს. მმართველობის სისტემაში კანონით გაწერეს ის, რაც ვერ გაბედა სააკაშვილის ხელისუფლებამაც კი და არც უფიქრია ამაზე შევარდნაძეს. ერთთანაც ვმუშაობდი და მეორესთანაც. ესენი ამას აკეთებენ, თან ევროპული თვითმმართველობის ეგიდით. ცხადია,, ეს პროექტი გაიგზავნება კონგრესში და ცხადია, ვერცერთ კომისიას ვერ გაივლის.. რომ დაიანგარიშეს რა დაჯდება ამ რეფორმის გატარება, ფინანსთა სამინისტროც კი კრიტიკულად განეწყო - ყოველ წელს 400-500 მილიონის წყალში გადაყრაა ესო. ადმინისტრაციის და საოპერაციო ხარჯების, ინფრასტრუქტურის ხარჯები...

დღეს რაცაა ე.წ. გარდამავალ ეტაპზე - ძალიან ეკლექტური და ჭრელი სისტემაა. წარმომადგენლობითი ორგანოა ასოცირებული საკრებულო, რომელიც მუნიციპალიტეტებში შემავალი საკრებულოებისგან ფორმირდება, ძირითადად პარტიული წესით და რაც მთავარია, ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელი არის გუბერნატორი. ამ დროს პირდაპირ კონსტიტუციას ეჯახებიან. გუბერნატორის სტატუსს განსაზღვრავს კონსტიტუციის 83-ე 3 პრიმა მუხლი. და კონსტიტუცია ამბობს, რომ გუბერნატორი რაიმეს ხელმძღვანელი კი არაა, ისაა მთავრობის წარმომადგენელი ადმინსტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

- ანუ გადაწყვეტილებებს ის ვერ იღებს.

- არა. ისაა მხოლოდ წარმომადგენელი ცენტრალური მთავრობისგან მოვლენილი კაცი და მეტი ფუნქცია მას არ აქვს. ახლა რას აკეთებენ? რაღაცა იურიდიული პირის ხელმძღვანელადაა მოაზრებული მთავრობის მიერ დანიშნული გუბერნატორი, რომელსაც ყავს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო.

- სააკაშვილის სისტემის ერთ-ერთი ყბადაღებული თემა იყო გუნერნატიორების თავნებობა. ანუ უარესობისკენ მივდივართ?

- კი, მძიმე შედეგები იქნება. წარმოიდგინე, არის მელაშვილის უწყება, სამინისტრო, ქვემოთ გუბერნატორები, და სადღაც დაშლილ-მიჯირყვნილი მუნიციპალიტეტები...

- ვინ მიჯირყვნავს?

- ვინ და გამგებლობის სფეროები რეგიონების და მუნიციპალიტეტების გამიჯნული არაა. ერთი და იგივე უფლებამოსილებები აქვს რეგიონის მმართველსაც და თვითმმართველობასაც. ასეთი სისტემა იქმნება - კანონით „გაპრავებული“ - პოლიტიკური ხელმძღვანელი სამინიტრო, სათავეში პრემიერ-მინისტრის ოფისით, იქნებიან გუბერნატორები და თვითმმართვეობის ადგილი ამ სისტემაში არაა.

- ანუ რეალურად ხალხს რა?

- არც რა... დეცენტრალიზაცია რა არის - რომ ადგილობრივ თვითმმართველობას და ხალხს ქონდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების თავად მოწესრიგების და მართვის საშუალება. თუნდაც კომუნალური საკითხების. ეს თვითმმართველობის გადასაწყვეტია, მერე ემატება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, პირველადი სამედიცინო დახმარება.რეგიონებს ბიუჯეტი არ აქვთ, ესაა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა. უცნაური რამეა - არის საბჭო, ასოცირებული საკრებულოს ვარიანტი, დანიშნული გუბერნატორი, ისინი განიხილავენ პროგრამებს და ხალხთან ერთად ამტკიცებს საბჭო ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც, თავის მხრივ, სამინისტრო ამტკიცებს. ინსტიტუციონალური უფლებები აღრეულია.

- მთავრობის ბიუჯეტი როგორ შეიძლება პარლამენტის გარეშე დამტკიცდეს?

- ამას ვამბობ - რეალურად ესაა სიტყვის მასალა - ვინ რას შეეკითხება ხალხს, თუ ბიუჯეტი დაუმტკიცა პარლამენტმა მთავრობას, იმ თვითმმართველობამ რამდენიც გინდა იხტუნოს, რას მიიღებს რო? დეცენტრალიზაციით მეტი უფლებები მიეცემათო, მაგრამ არანაირი კომუნალური მომსახურება, გარდა წყალმომარაგებისა, ეს კი ნამდვილად უწერიათ, თვითმმართველობაზე არ გადადის. პირიქით ცენტრალიზაციის ტენდენციაა. მთავარი ფიგურა თვითმმართველობაში იქნება გუბერნატორი. გუბერნატორის გადაყენების საკითხი შეიძლება დააყენოს საბჭომ მთავრობის წინაშე, მაგრამ გუბერნატორს მთავრობის მანდატი აქვს და ის რასაც დაავალებს, ის უნდა აკეთოს. იმას გააკეთებს, რასაც მელაშვილი ეტყვის. ქვემოთ რა ხდება - თვითმმართველობა იქნება წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო და პირდაპირ არჩეული მერი. თვითონ კი წერენ, რომ დაბალანსებული სისტემა იქნებაო, მაგრამ არანაირი ბალანსი იქ არაა.

- ამ კანონის მიღება ადგილობრივ არჩვენებამდე ეჩქარებათ ხომ?

- რა თქმა უნდა? ვენეცის კომისიის რეკომენდაციაა - არჩევნებამდე 6 თვით ადრე ნუ ცვლით სისტემას, არ შეიძლებაო. მეეჭევბა, მოასწრონ. ვთქვათ, საზღვრები შემოხაზეს, მაგრამ იქ ხომ საკრებულო უნდა აშენდეს? მისი აღჭურვა, პერსონალის დაქირავება, ქონების გამიჯვნის საკითხები დაიწყება. ამის გაკეთება უნდათ 3 თვეში, რაც სისულელეა. ადმინისტრაციული კოლაფსის საშიშროება არსებობს. ესაა ერთ-ერთი თვალსაჩინო საფრთხე, მეორე უფრო მძიმე საფრთხე ესაა ეროვნული საკითხი - უსაფრთხოების კუთხით, ტერიტორიებზე, სადაც კომპაქტურად დასახლებული ეთნო-უმცირესობები ცხოვრობენ, სეგრეგაცია მოხდება. ამ კოდექსის მიების შემთხვევაში, ამ კატეგორიის მოქალაქეებს, აღარც სურვილი ექნებათ ინტეგრირების და აღარც მოტივაცია. ელემენტარულ მარტივ მაგალიტს მოვიყვან - მაგალითად ყარაჯალის მუნიციპალიტეტში პირდაპირი წესით აირჩა გამგებელი, იქ აირჩევენ აზერბაიჯანელს ცხადია. ანუ კახეთში, სადაც ინტეგრაციის პრობლემა არ იყო, ხელოვნურად იქმნება პრობლემა. ასევე უნდა დაიშალოს მარნეული, სადაც ხელისუფლების სისტემა ქართულია, დაშლის შემდეგ ქართველები აღმოჩნდებიან სასტიკ უმცირესობაში. თუნდაც რუსთავში, ლოგიკურად, გეყოლება აზერბაიჯანული საბჭო. ეს რატომ უნდა გააკეთო, თუ მტერი არ ხარ, ან - გიჟი? ამას თვითგანადგურების ინსტინქტს თუ დავარქმევთ.

- არის საშიშროება, რომ პარლამენტი ამას მიიღებს?

- არის ამისი საშიშროება.

- ამ საფრთხეების აცილების გამოსავალს რაში ხედავთ?

- იმაში, რომ ეს პროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია უკვე აგროვებს ხელმოწერებს ამ პროექტის წინააღმდეგ.

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+" 26.11.2013

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...