Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    405.934

ინაუგურაცია პოლიტიკური დრეს-კოდით ანუ ვინ შეკმაზავს ქართულ კონსტიტუციას?


katya

1.857 views

blog-0219487001384887961.jpg18 ნოემბერს საქართველოში სულ სხვანაირი ორშაბათი გათენდა.

უმიხეილო და მიხეილის მრევლისთვის დიდად უხეირო ორშაბათი.

ორშაბათი, რომელიც მიხეილის ოფიციალურმა თანამეცხედრემ შაბათ-კვირას გამოიტირა, - ვარდები არ არიანო!..

ეი, სანდრა რულოვს-სააკაშვილისავ, ვარდები მოითხოვე ჰოლანდიაში. ჩვენთან მოიქეცი მაღალი რანგის ეჭვმიტანილის ცოლივით. თუ გაგვიმართლა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა „პატიმრის პატრონის“ რანგში გიხილეთ, მერე შევეცდებით გაგიგოთ - როგორც კანონის წინაშე თანასწორებმა, ეგებ მოვახერხოთ და შენთან და შენს შვილებთან მიმართებაში მთელი ჩვენში დარჩენილი და გადარჩენილი ადამიანურობის კვალი და ნიშანწყალი მოვმართოთ.

ჯერ არ ვიცით. ჯერ მხოლოდ შენი მეორე ნახევრის მმართველობის ეპოქა დასრულდა, წყაროზე იმასაც ამბობენ, კოაბიტაციაც დასრულდაო... ვნახავთ, არც ეგ გამოგვრჩება...

ასე იყო კი! გასულ კვირას რაღაც ძალიან ცუდი და ხანგრძლივი დასრულდა და რაღაც ახალი დაიწყო.

 

ჯერ კიდევ დიდხანს ვიქნებით გადალაგების რეჟიმში. ჯერ თავშიც ბევრი რამ არ გადაგვილაგებია. რა გვეჩქარება?

ასე ნელ-ნელა მოკრძალებულად ცხოვრებასაც შევაჩვევთ ჩვენს დაქირავებულ და მანდატგადაცემულ ხელისუფალთ.

ჯერ ყველაფერი წინაა...ჯერ ბიძინაც კი არ გადასულა ორივე ქვედა კიდურით იმ რაღაც სამოქალაქო სექტორში.

ჯერ მხოლოდ მოკრძალებული საზოგადოების მოკრძალებული პრეზიდენტის მოკრძალებული ინაუგურაცია იყო თავისი დრეს-კოდით, ეტიკეტით, პროტოკოლით, მადლობებით, გამოთხოვებებით, მილოცვებით და მოკრძალებული თხოვნებით.

კვირის დასაწყისიდან საზოგადოება გაყურსული ელოდა მოსაწვევებს. ისეთი სიჩუმე იყო, ლოტოს გათამაშების დროს რომაა - ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას - არა.

აკრედიტაცია და მოსაწვევის ადრესატები - გასული კვირის მთავარი თემა. კონკურენციის შემდეგი ეტაპი ტელეკამერების და მედიის ყურადღების მიპყრობა იყო. ამჯერად სხვა ქალბატონს - ერთ-ერთი მინისტრის მეუღლეს და ერთ-ერთი მინისტრის დას გაუმართლა. ზოგჯერ რა ცოტაა საკმარისი ყურადღების ეპიცენტრში მოსაქცევად... ერთი უხერხული მოძრაობა და ყველაფერი რიგზეა. ერთკვირიანი რეიტინგი გარანტირებულია.

გასულ კვირას ყველაზე მეტი გარანტიებით საკანონმდებო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრთა მეუღლეებს ერგოთ. ტესტირება მეტ-ნაკლებად წარმატებით დაძლიეს.

პირველმა სამეულმა - ყოფილი პრემიერის, მომავალი პრემიერის და მოქმედი პრეზიდენტის მეუღლეებმა წითელ ხალიჩაზე ისე გაიარეს, ყველაზე ინტრიგანებმაც კი ხინჯი ვერ უპოვეს, არც ნაბიჯი არევიათ. საეჭვოდ არსად ჩანდა ქვეყანაში რანგით მე-4 ქალბატონი, ანუ თინა...ანუ რა უნდა ვიფიქროთ?..

17 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქში, ტრადიციულ ადგილას, საქართველოს მე4 პრეზიდენტმა დაიფიცა...

მთავარი ისაა, ფიცი გვწამდეს და ბოლომ არ გაგვაკვირვოს...

9 საათზე ფეხით რომ მივა პრეზიდენტი კაცი სამსახურში, საკითხავი ისაა, იმ უსახურ შენობაში ლიფტი თუ მუშაობდა, თორემ მართლა მოგვეჭრა თავი...საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო დღე თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ლაშა აბაშიძესთან, ივანე მაჭავარიანთან, შალვა რამიშვილთან და თინათინ მჟავანაძესთან გამართა.

მთავარია, კონტროლის მექანიზმი არ დავკარგოთ ამ ჩვენს არჩეულ პრეზიდენტზე, თორემ ეგ სამუშაო დღეებში ისევ წვერს მოუშვებს და თმასაც აღარ დაივარცხნის. მერე ადგება და ამ ყველაფერს „შემოქმედებით უწესრიგობად“ შეფუთავს.

ისე, ყანდიაშვილის „ნიუსმა“ კი ჩამაფიქრა - ანუ რა გამოდის? მძღოლი, ესკორტი და პრეზიდენტის სამსახურის მთელი ადამიანური ინფრასტრუქტურა ფუნქციების გარეშე რჩება?

მაგას მეგობარი ქალიც ისეთი ყავს, დილით ყავას სახლში დაალევინებს, არც სადილის და სამხარის აცუნცულება დაეზარება საყვარელი მამაკაცისთვის "პოსტზე."

და რა აქვთ ჩაფიქრებული ვინ იცის? წინა ხელისუფლების პოლიტიკური ელიტის „ოჯახურ იდილიებს „ ბზარი უნდათ გაუჩინონ თუ სინდისის ქენჯნამ უნდა დაახრჩოთ ამომრჩევლის წინაშე...

კარგი რა მარგველ რა! ასე სასტიკად შალიკოც არ მოიქცეოდა, შენ და ბიძინას რომ არჩევნები არ გაგეყალბებინათ მიშასთან და ბაქრაძესთან ერთად...

რანაირი ქართველი ხარ და რანაირი პრეზიდენტი ხარ შენ?

 

ახლა მთლად მაგ შეცვლილ-გადაკეთებულ კონსტიტუციასაც კი ნუ დაუჯერებ? პატარა გაუძალიანდი, შე კაცო!

 

აგერ ხომ ხედავ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საგანელიძე რა ოპტიმისტია?! არ დაელია მაგას გაზაფხული და შემოდგომა. ასე სეზონიდან-სეზონამდე ატყუებს იმ პატიოსან პარლამენტარებს თბილისში დაგაბრუნებთო. ვერ აბრუნებს ჯერ-ჯერობით, მაგრამ ამის გამო ფეხით სიარული და ბოდიშობა კი არ დაუწყია...

დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო პარტიაში - გენერალურ მდივნად კალაძეო, უშიშროების საბჭოს მდივნად - იმერლიშვილიო.

პარტიის თავმჯდომარედ ღარიბაშვილიო და პარტიის პოლიტსაბჭო 26-დან 12 კაცამდე თუ შემცირდა რა გასაკვირია?

გასაკვირი ისაა, სასჯელაღსრულების მინისტრს მრჩეველი მოროშკინა რომ ისევ გაუთხოვდა. თანაც ისე გაუთხოვდა, არ დაუკონკრეტებია საბოლოოა ეს ქორწინება თუ კიდევ სცდის? აშკარაა, მოროშკინას მაგალითზე გამოთქმა „მესამე და სამართალი“ განუვითარებელი სარძევე ჯირკვალივით გამოიყურება - უხერხულად და სასაცილოდ.

ღარიბაშვილის მთავრობის კაბინეტს მხარს არ დავუჭერთო, უმცირესობის რამდენიმე კოლორიტმა ბრძანა.

ამათ საზოგადოების წინაშე არანაირი დამსახურება არ აქვთო.

პრინციპში მართალია ეგ უმცირესობა... ჯერ უნდა ავუხსნათო რა პრობლემების წინაშე დგას ქართველი საზოგადოებაო. მაგათზე უკეთ აბა ვინ იცის რა პრობლემებიც შექმნეს ამ ქვეყანაში?

ჰოდა, ეს რომ იციან, ამიტომაც გარბის კირკიტაძე ამერიკაში სასწავლებლად. გუბერნატორობა არ დააცადეს და ახლა მაგისტრის ხარისხი მოუნდა ბიჭს... რას უშვება ამ ხალხს შინაგანი ფარული კომპლექსები?! ხომ არ დამთავრდა არასდროს ამათი სწავლა -განათლება.

კიდევ კარგი მარიამ საჯაია მაინც რომ მიაბრძანა პარლამენტმა სამთვიან სასწავლო შვებულებაში.

ნაძალადევში უკვე დავით აღმაშენებლის ორდენოსანმა გიგიმ ახალი გამგებელი მოგვამაგრა. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ბალავაძე. უახლოესი მომავალი მარტივად გასაშიფრია - ასე დატრიალდებიან „კრუგში“ სულ თავისი ნებით გადამდგარი გუბერნატორები მომავალ არჩევნებამდე და რაღა დარჩა?

გიგის ის ურჩევნია ქალაქის დასუფთავების სამსახურის უფროსი დაატრიალოს სადაც საჭიროა, თორემ დაემსგავსა მისი სატახტო ალაგი შევარდნაძის დროის თბილისს - გამოტენილი ნაგვის ურნებით და სანაგვედ გადაქცეული ქუჩებით. ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ ერთი შანსი ხომ გაქვს ბიჭო? თუ შენი დაჭერაც უკვე გადაწყვეტილია? რა თქმა უნდა, ვიღაც-ვიღაცეებს დემოკრატიის გადმოსახედიდან თუ არ ეუხერხულათ...

გარდა ალექსანდრე ჭიკაიძისა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს შეცვლის, მთავრობის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯერ-ჯერობით. თუ თანამდებობებს ვერ შეიფერებთ, კი აგისრულდებათ "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ოცნება - "თუ პრეზიდენტმა ფეხით უნდა იჩანჩალოს, მაშინ პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტმაც ფეხით იარონო"...

ფეხით სიარული კი რას ნიშნავს ჩვენს დროში, კარგად მოგეხსენებათ. ჰოდა, თეას ჯინაზე მაინც იმუშავეთ, თუნდაც ხადურივით 24 საათი. ხადურის ზომის პრემია მაინც არ გინდათ ხალხო?

ჯერ-ჯერობით თანამდებობრივ ალაგს ინარჩუნებენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელსაც ბოლოს აუდიტის სახელმწიფო სამსახურში გადაყვანა დააბრალეს და თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი, რომელიც მწარედაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.

არ ვაპირებდი საყვედურს, მაგრამ, სულ შალიკოობა რომ დამაბრალოთ, მაინც ვიკითხავ - ვისი იდეა იყო იმ დაფიცების ცერემონიალზე მიშას „დაწინდული“ სანაკოევის დაპატიჟება? მერე ვიღაცა იკითხავს - რა ეწყინა ნინოსო?

ხშირად თავი სხვებზე ჭკვიანი გვგონია, იმ სხვებს რომ კითხო, ჩვენზე ჭკვიანები არიან და ბოლოს რა გამოდის _ რაღაც საშუალო არითმეტიკული.

ზოგჯერ სინდისი მარტო კი არ ხრავს, მწარედ წკავწკავებს კიდეც...

იმ საკვირაო ცერემონიის ტელე-სპიკერმა თქვა მომავალი პრეზიდენტი სავარაუდოდ ფიცს კონსტიტუციაზე დადებსო. ზედმეტი ვარაუდები კანონებს აუგემურებს. კონსტიტუცია გურმანთა შესაფერისი კერძია და არა საბავშვო ბაღის ასაკში საკითხავი საუკეთესო ზღაპარი - თავისუფლებებზე, უფლებებზე და მოვალეობებზეც...

ეგეცაა, ზოგჯერ ხვალინდელი დღის მიმართ იმდენად მომთხოვნები ვართ, დღევანდელობას თვითონ ვაუფასურებთ.

 

 

კატო ჩულაშვილი

"ქრონიკა+' / 19. 11. 2013

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...