კონტენტზე გადახტომა






სურათი

"ჩამოსაშლელი მუხლი" ქალაქის ბიუჯეტში, ანუ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაბინდული პერსპექტივა

დაპოსტა: PLANETA_INFO, 10 March 2014 · 1801 ნახვა

თბილისის საკრებულომ, სამთვიანი ბატალიების შემდეგ, როგორც იქნა, 7 მარტს ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა.
უკვე წლებია, ბიუჯეტის უმწვავეს საკითხად რჩება კოოპერატიული ბინათმშენებლობის თემა, რომელსაც წინა ხელისუფლება დიდი წარმატებით იყენებდა წინასაარჩევნოდ, როცა სპეკულირებდა ამ საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარების პერსპექტივთ. იყო ცალკეული გამონათებებიც, როცა, მართალია, მთელი რიგი დარღვევების ფონზე, მაგრამ მაინც ხდებოდა "დაზარალებულთა" გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება. თუმცა, ამ კატეგორიის მოქალაქეების უმრავლესობისთვის საკითხი ისევ ღიად და პრობლემად რჩება.
საინტერესო ისაა, რომ მთელი სამი თვის მანძილზე საკრებულოს თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში წარმატებით "პორტირებული" ბატონი შიხიაშვილი, მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაუმჭვირვალეობას აპროტესტებდა და წარმოდგენილ თანხებს საეჭვოდ მიიჩნევდა.
მოხდა ისე, რომ საკრებულოს მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ ბიუჯეტში, კონკრეტულად მის ხარჯვით ნაწილში, გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა თუნდაც 46 მილიონთან დაკავშირებით, რომელიც , როგორც ბატონი ჯაბა სამუშია განმარტავს, შემდგომში უნდა ჩამოიშალოს.
ჩვენს არასტაბილურ და იმედგაცრუებებით სავსე ქვეყანაში ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ვაიდა, არ ჩამოიშალოს?
როცა უმწვავესი პრობლემა, რომელიც წლობით ქუჩაში დარჩენილ და სახელმწიფოს მიერ დაზარალებულ ადამიანებს ეხება ჩამოშლა-არჩამოშლაზეა დამოკიდებული, ცხადია, საზოგადოება გულდამშვიდებული ვერ იქნება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯაბა სამუშიას კვირა დღეს გამართული შეხვედრა დაზარალებულებთან, იმედის საფუძველს ჯერ-ჯერობით ვერ იძლევა. შეხვედრას ასზე მეტი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ესწრებოდა და მათ იმ კორპუსების ჩამონათვალი წარუდგინეს, რომელთა დასრულებაც წელს იგეგმება. სამუშიას თუ დავუჯერებთ, 2014 წლის ბიუჯეტში, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემების მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარია გამოყოფილი და, შესაბამისად, 7 მარტს დამტკიცებული ბიუჯეტი წინგადადგმული ნაბიჯია. სამუშია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ თავის დროზე თბილისის ბიუჯეტიდან გიგი უგულავას მიერ გაყინული თანხები, დღევანდელმა საკრებულოს უმრავლესობამ ბიუჯეტში შესაბამისი პუნქტის გაჩენით გაალღო და რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარება დაიწყება. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისგან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ადლობებიც მიიღო იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც, ჯაბა სამუშია წლების განმავლობაში ეწეოდა მათი პრობლემის მოსაგვარებლად.
ეს ამბავი, ცხადია ყველას გაგვიხარდებოდა, რომ არა ერთი საეჭვო დეტალი - მერიის მიერ 28 თებერვლით დათარიღებულ, ბიუჯეტის რიგით მე-4 ვარიანტის პროგრამული ნაწილი და საკრებულოს მიერ 7 მარტს დამტკიცებული, საკრებულოს ვარიანტის ბიუჯეტის პროგრამული ნაწილი აბსოლუტურად იდენტურია, ხოლო ხარჯვით ნაწილში, გაცილებით გამჭვირვალედ გამოიყურება მერიის ვარიანტის პუნქტი 2.2.-რომელიც თავიდანვე ჩამოშლილია ქვეპუნქტებად, და, ერთ-ერთი, 2.2.3.-კოოპერატიული კორპუსების დასრულებაა,თანხით 3 მილიონი ლარი.
საკრებულოს ვარიანტის პუნქტი 2.2. არ არის გაშიფრული და მითითებულია მხოლოდ თანხა - 46 მილიონი ლარი.
ჩნდება მარტივი კითხვა - რატომ უნდა ვენდოთ სამუშიას სიტყვაზე, როცა შესაძლებელია, ამ სიტყვების გადატანა ფურცელზე და განმტკიცება დოკუმენტალურად. რატომ ართულებს საკრებულო დოკუმენტს, როცა შესაძლებელია მისი გამარტივება?
ხომ არ არის ეს რიგითი წინასაარჩევნო სვლა, რომ მოცემულ ეტაპზე გაიმყარონ დაზარალებულთა ნდობა და არჩევნების შემდეგ, აღმოჩნდეს ისე, რომ ჩაივლის არჩევნები და ეს მუხლი კი არ ჩამოიშლება, მის ნაცვლად ჩამოიშლება ის დასამავრებელი კორპუსები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ?
სასაცილოა, როცა მერიის მრავალწლიანი, ყველასთვის კარგად ცნობილი "მოღვაწეობის" ფონზე დღევანდელი საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ეჭვს ბადებს. არადა, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ვარიანტის უპირატესობა მოცემულ ნაწილში აშკარაა, სამწუხაროდ. რას ემსახურება საკრებულოს დოკუმენტის ამ ფორმით ჩამოყალიბება, იმედია, საკრებულოში იციან. არადა, იყო იმის საშუალებაც და მოვალეობაც, რომ ქალაქის ძირითადი კანონი ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და თვალსაჩინოდ გაწერილი, რაც, რატომღაც არ მოხდა. მოხდება თუ არა კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარის ჯერ ჩამოშლა და მერე მისი რეალობაში განკარგვა, ეს შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ.

Attached Thumbnails

  • მიმაგრებული სურათი
  • მიმაგრებული სურათი






ვის შეუკვეთა შიხიაშვილმა "ხრუშჩოვკების" დანგრევა 600 მილიონად - საკრებულო პროექტის შინაარსსა და არაბული კომპანიის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს!

"შიხიაშვილმა 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს მოაწერა ხელი, მაგრამ საკრებულოში არავინ იცის, ეს ხელშეკრულება ვისთან გაფორმდა. ყოველ შემთხვევაში, პრესსამსახური უკვე რამდენიმე დღეა, არკვევს და დღემდე ვერ გაარკვია იმ კომპანიის სახელწოდება, ვისთანაც საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. ხელმომწერი პირის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც არ იძებნება. ხელმოწერილი დოკუმენტი კი თვალითაც არავის უნახავს. ეს ყველაფერი კი წინასაარჩვენოდ გაპიარებული ე.წ. ხრუშჩოვკების აღების ინიციატივის გარშემო ხდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვის შეუკვეთა შიხიაშვილმა "ხრუშჩოვკების" დანგრევა 600 მილიონად / საკრებულო პროექტის შინაარსსა და არაბული კომპანიის შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს.

"ხრუშჩოვკების აღების იდეა შიხიაშვილმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გაახმოვანა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღება არავინ მიაქცია და გასაკვირიც არ არის, რადგან ეს კორპუსები თბილისის თითქმის ყველა უბანშია. ზოგან კი, ძირითადად იმ უბნებში, რომლებიც თბილისის სწორედ 1950-იან წლებში დაემატა, კორპუსების უმეტესობა სწორედ ასეთია. ამ კორპუსების და აქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზე ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მაგრამ მიახლოებითი გათვლებითაც კი, ამ პროექტის განხორციელება და თანაც ასე ერთბაშად, წარმოუდგენლად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, წინა კვირაში საკრებულოს თავმჯდომარემ ხრუშჩოვკების აღებისა და მათ ადგილას ახალი და თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსების აშენებისთვის ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურმა გაავრცელა, რომლის თანახმად, საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას. მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მიმართულებასაც ითვალისწინებს. მემორანდუმს საკრებულოს თავმვჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს ხელი. პროექტი დაწყებამდე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს", - აღნიშნავს გამოცემა.

"მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას, რომ ცენტრალური ხელისუფლების ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი იქნეს ეს პროექტი და შესაბამისად, შემდგომში ხელი მოეწეროს იმ მუშა დოკუმენტს, სადაც იქნება პროექტის სრული აღწერილობა. ჩვენი სურვილია ეს მოქმედებები ზაფხულის შუა პერიოდისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს", - განაცხადა შიხიაშვილმა. სალიმ უმაიდ საიფის თქმით კი, პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი განხორციელება ოთხ თვეში დაიწყება. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილმა კი განაცხადა, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. მისი თქმით, კონცეფციის ჩამოყალიბებაში ჩართულები იქნებიან ექსპერტები, ურბანისტები და არქიტექტორები - "ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ბინებს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ. ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია. ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სჭირდება უზარმაზარი თანხები", - აცხადებს ხაჩირაშვილი, რომლის თქმით "ეს არის აუცილებლობა ქალაქისთვის", - დასძენს გამოცემა.

"პროექტი სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ კეთდება. იმის გამო, რომ ეს პროექტი თბილისის მოქალაქეების დიდ ნაწილს ეხება, ცხადია, კითხვები არსებობს, რაზეც პასუხის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. პირველი კითხვა შიხიაშვილის პარტნიორს შეეხება. საკრებულოს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დოკუმენტს ხელი საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერა. რა კომპანიას წარმოადგენს ის, ამის შესახებ არაფერი არ არის ამ განცხადებაში ნათქვამი. საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს კობა ალხაზიშვილს ამ კომპანიის სახელწოდების გარკვევა ჯერ კიდევ 11 მარტს ვთხოვეთ, როდესაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ხელმომწერი პირის კომპანიის გარკვევას ვითხოვდით, დღემდე ვერ გაარკვია და მუდმივად იმას ამბობს, რომ შეხვედრაზეა. არადა, ეს ინფორმაცია ხელმოწერილ დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული და ამას, წესით არანაირი დრო არ უნდა სჭირდებოდეს", - წერს სტატიის ავტორი.

"ეს საკითხი განსაკუთრებით იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ, თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, 600-მილიონიან პროექტზე მემორანდუმი ამ ფორმით - კომპანიის მხრიდან მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მონაწილეობით - არ ფორმდება. მით უმეტეს ისე, რომ კომპანიის დასახელება საიდუმლოდ დარჩეს. ეს საკითხი კი უკავშირდება იმას, თუ ამ კომპანიამ ეს თანხა, რომელიც არცთუ ისე მცირეა, საიდან უნდა მოიტანოს და ამისთვის რა გარანტიები გააჩნია. გარდა ამისა, თავად ამ პირის - სალიმ უმაიდ საიფის შესახებ ინტერნეტში მხოლოდ ის ინფორმაცია იძებნება, რომ მან ხელშეკრულება გააფორმა შიხიაშვილთან - მის შესახებ სხვა არანაირი მონაცემი არ არსებობს! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ის დოკუმენტი, რასაც შიხიაშვილმა ამ გაურკვეველ პირთან მოაწერა ხელი, მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რაც უკვე კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ამიტომაც ცხადია, რომ ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა", განაგრძობს სტატიის ავტორი.

"პირველი არის ის, თუ რატომ არ იყო ამ მოლაპრაკებაში ჩართული ეკონომიკის სამინისტრო და რამდენად არის შესაძლებელი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი ეკონომიკის სამინისტროს გარეშე განხორციელდეს. ფაქტია, რომ როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ განაცხადა, მათთვის უცნობია, თუ რას ითვალისწინებს ზემოთაღნიშნული მემორანდუმი. ამასთან, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, მოლაპარაკების პროცესის შესახებ არ არის ინფორმირებული არც თბილისის მერია და არც საკრებულოს წევრები. გარდა ამისა, თუკი ამ პროექტის რეალურად განხორციელებაა დაგეგმილი, გაუგებარია ვინ იქნება მასზე პასუხისმგებელი და გათვლილია თუ არა ის რისკები, რაც ამ პროექტს უკავშირდება. და თუკი არ არის განხორციელება დაგეგმილი და მხოლოდ წინასაარჩევნოდ სალაპარაკო თემა უნდა იყოს, მაშინ რა გარიგება დაიდო შიხიაშვილსა და ამ სრულიად უცნობ ადამიანს შორის და რა კავშირები არსებობს მათ შორის", - დასძენს სტატიის ავტორი.
© ipn.
  • Report