კონტენტზე გადახტომა






სურათი

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და წინა ხელისუფლების ხერხემალს თავისუფლება 5 წლით აღუკვეთეს!

დაპოსტა: PLANETA_INFO, 17 February 2014 · 1140 ნახვა

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და წინა ხელისუფლების ხერხემალს თავისუფლება 5 წლით აღუკვეთეს!

ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დღეს ქუთაისში, მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით. მას ასევე ეკრძალება თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით,
სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას გულისხმობს. ამ ბრალდებისთვის, ამნისტიის გათვალისწინებით, მერაბიშვილს 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მერაბიშვილი ასევე დამნაშავედ სცნეს:
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა), რისთვისაც ამნისტიის გათვალისწინებით, მიესაჯა 4 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნტით (მითვისება-გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებაში, რისთვისაც მიესაჯა 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოო ჯამში, მერაბიშვილის სასჯელის ზომად განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამ საქმეში მერაბიშვილთან ერთად ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილს მხოლოდ 50 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რადგან წარდგენილი ბრალდება - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მულის მე-2 ნაწილი) სამსახურებრივი გულგრილობით (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი) ბრალდებით შეეცვალა, ჭიაბერაშვილს უკან დაუბრუნდება გირაოს სახით გადახილი 20 ათასი ლარი.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარუდგინეს.

საქმე ეხება 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. პროკურატურა მიიჩნევს, რომ სოციალური აგენტები ამ პროგრამის ფარგლებში თვალთმაქცურად დაასაქმეს და ისინი სინამდვილეში წინასაარჩევნო პერიოდში ასრულებდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ დავალებებს. იმ დროისთვის მერაბიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი.

მერაბიშვილის საბრალდებო საქმეში ფიგურირებს მეორე ეპიზოდიც - შინაგან საქმეთა მინისტრობისას კერძო საკუთრების - კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება.