კონტენტზე გადახტომა






სურათი

უნდა დამთავრდეს სოციალიზმი და სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლდეს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 12 June 2013 · 760 ნახვა

ინტერვიუ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან

,,იუსტიციის საბჭო არის ის ორგანო, რომელიც უნდა იცავდეს თავად მოსამართლეების ინტერესებს და ასევე მოქალაქეებს უკანონო გადაწყვეტილებებისგან. ამჟამად სამართლის კოდექსში აღარ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, არასწორი გადაწყვეტილების გამო მოსამართლე დაისჯება, რჩება ერთადერთი იუსტიციის საბჭო და იქაც თუ არასწორად წავიდა საქმე, იქით რჩები დასჯილი, რასაც აღარაფერი ეშველება. მე ვერ ვიტყვი, რომ ვინც იუსტიციის საბჭოში აირჩიეს, არიქა, ყველა ტენდენციური და არაპროფესიონალია–მეთქი, იქ არიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად იმ საშინელი პერიოდისა, მაინც ბედავდნენ ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანას, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები. ახლა, კოტე კუბლაშვილი რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყო და არის, ამაზე ლაპარაკი არც ღირს. მოკლედ, როგორც საჭირო იყო, მოვლენები ისე არ განვითარდა, ახლა ჯერი პარლამენტზეა, 6 წევრი დეპუტატებმა უნდა აირჩიონ და გამოდის, რომ ხმათა უმრავლესობით ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი ვხდებით. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ეს პარტია გამინაწყენდება თუ ის პარტია? როცა საკითხი ასე დგება, იქ სამართალზე ლაპარაკი ზედმეტია.
მე ვიცნობ იმ მოსამართლეებს, სამი–ოთხი კაცია, თავს მოიკლავენ და ,,ნაციონალებს" არ უღალატებენ. ამას პირად საუბრებშიც მიდასტურებენ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სასამართლო ბერკეტი არ გაქცეოდა ხელიდან. ამიტომ ვიძახდი, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერიონ დამკვირვებლები–მეთქი. აი, აქ დაუშვეს შეცდომა, თავად მოსამართლეთა კორპუსის განწყობაც არ იქნა გათვალისწინებული, მე პირადად მეუბნებიან: დავიღალეთ იმ ძალის ზეწოლისგან, ამ ძალის ზეწოლისგან და ასე შემდეგო. ამოვიღოთ სტატისტიკა, ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი მოსამართლეა დასჯილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო? ლოგიკურად დავალაგოთ ყველაფერი, თუ 200–ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, მაშინ რა ხდება, ამ მოსამართლეებმა არ მიიღეს ასეთი უკანონო გადაწყვეტილებები? წამდაუწუმ იძახიან, 17 ათასი განცხადებაა შემოსული პროკურატურაშიო, აქედან, დავუშვათ, ყველა მომჩივანი არ არის მართალი, სადღაც 10 ათასი ხომ მართალია? მარტო ჩემთან არის 200 საქმე და დარწმუნებული ვარ, აქედან 190–ს აუცილებლად მოვიგებ, ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ხალხს 20–25 წელი აქვს მისჯილი. ვის გამოქონდა ასეთი განაჩენები? არაერთი ვერდიქტი გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, მხოლოდ გირგვლიანის თემა გახმაურდა, თორემ ასეთი საქმეები ბევრია....იყო ლაპარაკი, თითქოს კუბლაშვილი დაპირდა მოსამართლეებს, ხელფასები გაგეზრდებათ, სამუდამო ვადით დაგნიშნავთო. კი, მაგრამ ასეთი მოსამართლეები მუდმივადაც რომ დანიშნო, რა, სავლეები პავლეებად იქცევიან?...თავად ამ მოსამართლეებსაც უნდა შეეკავებინათ თავი, პირდაპირ ცეცხლს ეთამაშებიან. მე დარწმუნებული ვარ, ასე იოლად არ დამთავრდება ეს საქმე! წულუკიანი დავას გააგრძელებს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გასარჩევი გახდეს. ამ კუბლაშვილის საქციელისაც ვერაფერი გამიგია...პრემიერ–მინისტრი შეხვდა, ორჯერ გააკეთა განცხადება, მაგ სკამიდან არ ჩამოგსვამთო. არადა, ობიექტური სასამართლო თვითონ უფრო სჭირდებათ. აგერ, მერაბიშვილია დაპატიმრებული, ბაჩო ახალაია, სხვებსაც მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარსდგომა. უნდა დავამთავროთ ეს სოციალიზმი! როგორ შეიძლება, სასამართლოს კოლეგიის წევრი იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი? ასე არ ხდება არცერთ ქვეყანაში! იგივე კუბლაშვილი რატომ უნდა იყოს საბჭოში? მე პირადად არ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან აშკარად პოლიტიკაში ვარ წასული, ვერ ვიქნები ობიექტური. უახლოეს ხანში 200 პოლიტპატიმარი მოითხოვს საკუთარი საქმეების გადახედვას, ეს მოსამართლეები სად მიდიან, თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა გააუქმონ თუ როგორაა საქმე? ვინც ასეთ რაღაცას აკეთებს, ის ანგრევს ქვეყანას!".

(,,ალია"N62; ავტორი: გელა ზედელაშვილი)