კონტენტზე გადახტომა






სურათი

ივანიშვილი მითვისებული მილიარდების დაბრუნების სანაცვლოდ ,,ნაციონალებს" პოლიტიკურ ამნისტიას სთავაზობს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 10 June 2013 · 839 ნახვა

,,ვანო მერაბიშვილის დაჭერის შემდეგ სააკაშვილი გვარიანადაა შეშფოთებული და მზადაა, ბევრ ისეთ კომპრომისზე წავიდეს, რომლის გაგონება მას ადრე არც კი სურდა. სააკაშვილი ივანიშვილს სთავაზობს, რომ, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, მზადაა, საპრეზიდენტო ვადა მშვიდად ჩაამთავროს, ოქტომბერში დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები და გაეცალოს აქაურობას....სააკაშვილი კიდევ ბევრ დათმობაზე მიდის, რადგან ხვდება, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა და მერაბიშვილი ის იარაღია ხელისუფლების ხელში, რომლის ძალითაც მისი ციხეში გამომწყვდევა არ გაუჭირდებათ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზად არიან ბაჩო და დათა ახალაიები და რაც დრო გადის, ამის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებას დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე აწარმოებენ და თუ წინასწარმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, მხოლოდ შემდეგ ჩაერთვებიან ამ პროცესში პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი. ამ ეტაპზე, სააკაშვილის ასეთი მოწადინების მიუხედავად, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.
ბიძინა ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი ყოფილა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესის შეჩერებისა, რადგან მას ,,ნაციონალთა" მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმდენი და ისეთი ამაზრზენი ინფორმაციები აქვს, რომ ერთადერთ გამოსავალს ხედავს – ყოფილი ხელისუფლების ყველა იმ ლიდერმა, რომლებიც გულმოდგინედ ანგრევდნენ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანას, თავად უზარმაზარი ქონება იშოვეს და მოსახლეობა უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მიიყვანეს, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ამ განწყობის მიუხედავად, ივანიშვილი მზადაა, ორმხრივ კომპრომისზე და მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს სააკაშვილთანაც და მის თანაგუნდელებთანაც.ახალი მთავრობის ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს იმ მიმართულებით, რომ დაითვალონ, ,,ნაცმოძრაობის მმართველობის" პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა რაოდენობის თანხა მიითვისა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კლანმა...უხეში გათვლებით, ამ 9 წლის მანძილზე, სააკაშვილის კლანმა, სულ მცირე, 9 მილიარდი დოლარი მოიპარა და ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ციფრი.
ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობის მიერ მოძიებული ეს ინფორმაციები, უტყუარი დამადასტურებელი მტკიცებულებების თანხლებით, მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნა დავით უსუფაშვილის ხელით და შეუთვალა – ამ 9 მილიარდიდან, 6 მილიარდის დაბრუნება პრობლემებისა და სასამართლო დავების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია, შენ და შენმა თანაგუნდელებმა, საკუთარი ნებით დათმეთ ფული და ქონება და შემდეგ მზად ვარ კომპრომისებზეო.
თუ სააკაშვილი და მისი კლანი ამ პირობებს დასთანხმდება, მაშინ ივანიშვილი მზადაა პოლიტიკური ამნისტიის გამოსაცემად, კორუფციისა და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით ციხეში არავინ წავა. ცხადია, ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი....
რეალურად, დღეს ქართული ეკონომიკის 80 პროცენტს ,,ნაციონალების" კლანი განაგებს, დღემდე, მათი კლანის არცერთი წევრისთვის უკანონოდ მითვისებული ქონება არ ჩამოურთმევიათ. ერთადერთი, მგონი, აჩიკო გეგენავაა, რომელსაც ეყო ჭკუა და ყვარელში, ლოპოტის ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიას ძველ მფლობელს უბრუნებს, რომელსაც, თავის დროზე, ძალით წაართვეს ყველაფერი...
აღნიშნული საკითხი ,,ნაცმოძრაობის" ვიწრო წრეში განხილვის საგანი გახდა. ამ პროცესში, ადვოკატის მეშვეობით, ვანო მერაბიშვილიცაა ჩართული. მერაბიშვილი თანახმაა, ივანიშვილს, რაც თავად იცის, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ყველა იმ კომპანიის მონაცემები გაუმხილოს, სადაც ,,ნაცმოძრაობის" მიერ მითვისებული ქონების ერთი ნაწილია დარეგისტრირებული. ასევე, მზადაა, უცხოურ ბანკებში მისი აგენტურის სახელზე გადარიცხული ფული დააბრუნოს. თუმცა, ამას სჭირდება კლანის ყველა წევრის დასტური. სააკაშვილის გუნდში არიან ადამიანები, რომელთაც ეს მილიარდები არ ეთმობათ და მას ბრძოლის გაგრძელებას მაშინაც ურჩევენ, როცა პრეზიდენტი არ იქნება. ამ იდეის აქტიური მხარდამჭერი გივი თარგამაძეა. მისი რჩევა პრეზიდენტისადმი ის არის, რომ ერთი ცენტიც არ დააბრუნოს უკან.... გიგა ბოკერია კი ურჩევს მიხეილ სააკაშვილს, რომ დათმოს ფული და ქონება და მშვიდად წავიდეს პოლიტიკიდან. ბოკერია შედარებით არხეინადაა. მისი ხალხი კორუფციასა და ამ ტიპის დანაშაულებში ნაკლებადაა გარეული. საკუთარი გუნდის წევრები ბოკერიას არასამთავრობო სექტორში, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში, საელჩოებში ჰყავდა დასაქმებული და ისინი სოლიდურ გასამრჯელოებს იღებდნენ, მოსაპარად და ბიუჯეტში ხელის საფათურებლად არ ჰქონდათ საქმე. ბევრი მათგანი 3–4 ადგილზე მუშაობდა. მაგალითად, დეპუტატი აკაკი მინაშვილი კიდევ 2 ადგილზე იყო გაფორმებული და დეპუტატის ხელფასის გარდა, დამატებით 2 ხელფასს იღებდა...მინაშვილის დღიური შემოსავალი, 2008–2012 წლებში, 400 დოლარს შეადგენდა...
თავად მიხეილ სააკაშვილი უფრო იმისკენ იხრება, რომ დაყაბულდეს ივანიშვილის წინადადებას, მშვიდობიანად გაერიდოს ქვეყანას და თავი და თანაგუნდელები გადაარჩინოს...
მას აქეთ, რაც ბიძინა ივანიშვილის წინადადების შესახებ შეიტყვეს, ,,ნაციონალთა" ნაწილმა საკუთარი ქონების უცხოელებზე გაყიდვა დაიწყო, რათა ხელისუფლებას ამ ქონების დაბრუნების პერსპექტივა დაუკარგონ...არა მარტო საქართველოში, უცხოეთში არსებული ქონების დიდი ნაწილის გაყიდვას უკვე აპირებენ კობა ნაყოფია, მერაბ სამადაშვილი, დავით ბეჟუაშვილი, აჩიკო გეგენავა, თემურ კოხოძე, ბეჟან ბუცხრიკიძე და სხვა ოლიგარქები. საქართველოში საკუთარი ბიზნესის გაყიდვასა და კვლავ რუსეთში გადაბარგებას გეგმავს კახა ბენდუქიზეც.
თუ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ეს გარიგება არ შედგა, ბენდუქიძე იმ სიის სათავეშია, რომელსაც ბიუჯეტის ხარჯზე უკანონოდ ათეულობით მილიონი აქვს ნაშოვნი და მალე ხელში ,,ვირის აბანოს" ბილეთსაც შეაჩეჩებენ...
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილსა და ,,ნაცმოძრაობას" თავის გადარჩენის რეალურ შანსს აძლევს და გამოიყენებენ თუ არა, ეს მათ ჭკუასა და მადაზეა დამოკიდებული".

(,,კვირის ქრონიკა"N23; ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)