კონტენტზე გადახტომა






სურათი

ახალაია ალაპარაკდა: ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა სააკაშვილს ამერიკის ელჩმა ჩაუშალა

დაპოსტა: PLANETA_INFO, 03 June 2013 · 894 ნახვა

დათა ახალია მერაბიშვილის წინააღმდეგ თანამშრომლობს ჩვენს სამართალდამცავებთან და უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დანაშაულების გახსნაში ეხმარება, ვიდრე მას და მის ძმას ედავება გამოძიება. სანაცვლოდ კი დათა ახალაია თავისუფლებას მიიღებს, ბაჩო ახალაია – მინიმალურ სასჯელს, როლანდ ახალაიაზე კი საქმე არ აღიძვრება...დაახლოებით ერთი თვის წინ, დათა ახალაია ფარულად შეხვდა საქართველოს პროკურატურისა და შს სამინისტროს სპეციალურ ჯგუფს თურქეთში და გარიგება იქ შედგა. სწორედ ახალაიასგან გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
,, 2011 წლის 11 ოქტომბერს, უზომოდ მთვრალმა და კონტროლიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა, ავლაბრის რეზიდენციაში დაიბარა ვანო მერაბიშვილი და მას უბრძანა, სასაწრაფოდ თავიდან მოეშორებინა ბიძინა ივანიშვილი.
სააკაშვილი მოითხოვდა, რაიმე მარტივი პროვოკაცია დაეგეგმათ ივანიშვილის წინააღმდეგ, თუნდაც, პოლიციელებად გადაცმული სპეცრაზმელების მიერ ბიზნესცენტრში ჩხრეკის ჩატარების ან სხვა ამგვარი, მისი დაცვის წევრები კი აეძულებინათ, ცეცხლი გაეხსნათ და შემდეგ, ორმხრივი სროლისას, ივანიშვილი მოეკლათ.
მიშა იძახდა, რომ ეს იმავე დღეს და თან აუცილებლად, ივანიშვილის ბიზნესცენტრში უნდა მომხდარიყო. ვანო მერაბიშვილმა უარი განაცხადა ამის შესრულებაზე, ის შეეცადა სააკაშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს უპერსპექტივო გეგმა იყო, მას ვერანაირად ვერ ,,გაათეთრებდნენ" და საპასუხოდ რევოლუციას მიიღებდნენ.
პასუხად მერაბიშვილმა დედის გინება მიიღო პრეზიდენტისგან. მოგვიანებით, მერაბიშვილის ძალისხმევით, ავლაბარში მივიდნენ ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგა ბოკერია და მისი უახლოესი გარემოცვის კიდევ რამდენიმე წევრი. პრეზიდენტს ყველა უმტკიცებდა, რომ ივანიშვილს სხვა გზით გაანეიტრალებდნენ, ხელისუფლებაში მის მოსვლას არ დაუშვებდნენ, მისი მოკვლა არ იყო საჭირო და არჩევნებამდე იმდენი დრო იყო დარჩენილი, რომ მას პოლიტიკურ გვამად გადააქცევდნენ და რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დატოვებდა სააკაშვილის ხელისუფლებას და მის უამრავ მომხრეს ქუჩაში გამოიყვანდა. სააკაშვილს არაფრის გაგონება არ სურდა, ის უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდა. მასზე ვერ იმოქმედა ვერც ბიძამისის, თემურ ალასანიას ზარმა, რომელსაც ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა. მიშა ვანო მერაბიშვილს დაემუქრა, რომ მას შს მინისტობიდან გადააყენებდა, ამ საქმეს კი ბოლომდე მიჰყვებოდა.
სააკაშვილმა თავისთან დაიბარა კუდ– ის უფროსი დათა ახალაია და მას დაავალა, რომ ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა მოეფიქრებინა და მასვე განეხორციელებინა. ახალაიას 3 საათი მისცა მოსაფიქრებლად. თან დაემუქრა, თუ ამას არ გააკეთებდა, ცოცხალს არ დატოვებდა. ბაჩო ახალაია მიხვდა, რომ მისი ძმა დიდ შარში ეხვეოდა და სააკაშვილს სთხოვა, ძმასთან ერთად ამ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება, იმ მიზნით, რომ, თუ საჭირო გახდებოდა, კუდ–ს თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფებსაც დაახმარდა. სააკაშვილი დაყაბულდა ბაჩო ახალაიას წინადადებას, ვანო მერაბიშვილს ნიშნისმოგებით უთხრა ძმებზე, – ესენი ვაჟკაცები არიან , შენ კი მშიშარა ხარო. მიშამ ძმები გაისტუმრა და თავად ვისკის სმა განაგრძო.
მოულოდნელად, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. სააკაშვილს აუწყეს, რომ მასთან ამერიკის ელჩი, ჯონ ბასი იყო მოსული. ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი პრეზიდენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე გამოცხადდა. ბასი უბოდიშოდ შევიდა სააკაშვილის კაბინეტში და მას, ფაქტობრივად უბრძანა, რომ გარემოცვა დაეთხოვა და მარტო დარჩენილიყვნენ. ჯონ ბასმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთ საათზე მეტხანს ისაუბრეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა მერაბიშვილი დაიბარა და უთხრა მას, რომ თავის განზრახვაზე ხელს იღებდა. მიშამ დათა ახალაიას დაურეკა და უთხრა, სპეცოპერაცია გაეუქმებინა. ჯონ ბასის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვისთვის იარაღი ჩამოერთმიათ. აქედან ჩანს, რომ ბასისთვის არა მხოლოდ ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა, მისი დეტალებიც ცნობილი იყო (ივანიშვილის დაცვის იძულება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ,,პოლიციისთვის"). სააკაშვილი ასეც მოიქცა – თემურ ჯანაშიას უბრძანა, ივანიშვილისთვის დაცვა მოეხსნა, ხოლო დაცვის წევრებისთვის იარაღი იმავე საღამოს ჩამოერთმია. მგონი, ბევრი ახსნა აღარ სჭირდება იმას, რომ ჯონ ბასმა ეს პრევენციის მიზნით გააკეთა, ის ბოლომდე არ ენდო სააკაშვილს, დაუშვა, რომ მისი ჩარევის მიუხედავად, ის თავის გეგმას მაინც განახორციელებდა და ორმხრივი სროლა რომ აეცილებინა თავიდან, იმიტომ უბრძანა სააკაშვილს ივანიშვილის დაცვის განიარაღება.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩააყენა საქმის კურსში ჯონ ბასი – სააკაშვილის თუ ივანიშვილის კეთილისმყოფელმა. ფაქტი ის არის, რომ ბასს ინფორმაცია სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან მიაწოდეს. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ბასი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, მან არსებული ვითარება ვაშინგტონს გააცნო და იქიდან შესაბამის რეკომენდაციებს იღებდა.
ჯონ ბასი და ამერიკული პოლიტიკური წრეები, ამერიკული სპეცსამსახურები, მიხეილ სააკაშვილს მოხარშულს იცნობენ, ამიტომ ერთი წამითაც არ ენდობოდნენ მას. არც მას შემდეგ, რაც ივანიშვილის დაცვა განაიარაღეს. ბიძინა ივანიშვილმა შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამერიკის საელჩოდან მიიღო. დაცვის გარეშე დარჩენილმა კი ისღა მოახერხა, რომ ბიზნესცენტრს განარიდა ცოლ–შვილი და მომსახურე პერსონალი, მათი დაცვა ,,ქართუ ჯგუფის" დაცვის სამსახურმა ითავა. თავად კი მარტო დარჩა ბიზნესცენტრში.
ჯონ ბასმა ესეც არ იკმარა და ბოლომდე საკუთარ თავზე აიღო ივანიშვილის დაცვა. ის წავიდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში და დილამდე იქ იყო. ივანიშვილი მხოლოდ მეორე დღეს, 12 ოქტომბერს, შუადღისას დატოვა. ჯონ ბასი, ცხადია, დარწმუნებული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ გასცემდა ივანიშვილზე თავდასხმის ბრძანებას მაშინ, როცა მასთან ამერიკის ელჩი იმყოფებოდა.
აი, ასეთი გახლდათ ეს დღემდე ბურუსით მოცული ისტორია, რომლის შესახებაც არაერთი ვერსია გავრცელდა, მაგრამ ივანიშვილის დაცვის მოულოდნელი განიარაღების შესახებ სიმართლე ჯერ არ თქმულა".

(,,კვირის ქრონიკა"N22; ავტორი: ხათუნა ელბაქიძე)