Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    475.710

დღეს სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ,,ნაციონალურ" მიღებას აწყობს–პოლიტიკურად და ძალაუფლებრივად მოშიებული თანაპარტიელებისთვის


PLANETA_INFO

1.517 views

,, 29 მაისს, გვიან ღამით, სააკაშვილის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა და პრეზიდენტი პირდაპირ ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისში მივიდა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და ადგილობრივ მთავრობას შეხვდა. ასეთი ხალხმრავალი ოფისი სააკაშვილის მხარდამჭერებს 1–ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ უნახავთ.

სააკაშვილმა პარტიულ ,,ბიჭებს" კიდევ ერთხელ განუმარტა, რას ნიშნავს თითოეული ,,ნაციონალისთვის" გენერალური მდივნის დაკავება, მისთვის ბრალის დამძიმება და ყოფილი მმართველი გუნდისთვის რა საბედისწერო შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ეს სიტუაცია. გარკვეული სტრატეგიაც შემუშავდა, როგორ უნდა გადაირჩინოს ,,ნაცმოძრაობამ" თავი და დაეხმაროს გენმდივანს, რომ რაც შეიძლება მალე იგრძნოს ,,ქვეყნის ხერხემლად" მონათლულმა ვანო მერაბიშვილმა ,,სვაბოდის" გემო. კონკრეტული ნაბიჯებიც დასახელებულა, კიდევ უფრო გააქტიურება და პერმანენტური ხასიათის აქციების ჩატარება. ანუ, ერთი კვირის შემდეგ, ,,ნაცმოძრაობა" და მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა, იმ რეგიონებსა და ქალაქებს შემოივლიან, სადაც ჯერ კიდევ ჩაესვლებათ და სიტყვა ეთქმით მოსახლეობასთან. მათ რაც შეიძლება მეტი უნდა აკრიტიკონ ახალი ხელისუფლება და იმ პრობლემებზე ისაუბრონ, რომელთა მოგვარებასაც ივანიშვილის გუნდი ჯერ ვერ ახერხებს. მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლა მოუწევთ რეგიონის გუბერნატორებს, იმ საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს, სადაც ჯერ კიდევ ,,ნაციონალური" ჰეგემონიაა შემორჩენილი.

სააკაშვილის მოდელის მიხედვით, ,,ჯაჭვური პროტესტი" შემდეგი სქემისაა: დაიწყებს ერთ კონკრეტულ დღეს ერთი რეგიონის ერთი ქალაქი თუ რაიონი საპროტესტო აქცია–მანიფესტაციას, გენმდივნის განთავისუფლების მოთხოვნით, ასევე პედალირებით იმ თემებზე, როგორიცაა: ,,საქართველო უარს ამბობს დასავლურ ღირებულებებზე", ,,ოპოზიცია პოლიტიკური ტერორის მსხვერპლია", ,,ნაცმოძრაობას" ვერავინ გააქრობს" და ასე შემდეგ, მომდევნო დღეს იმავე შინაარსით გამოეხმაურება სხვა ქალაქი და რაიონი და ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ საქართველოს ყველა რეგიონი რესურსს არ ამოწურავს და სანამ ხალხს არ ,,გამოაღვიძებს" მათი გადასახედიდან. ამ შეხვედრებზევე დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას მერაბიშვილის განთავისუფლების მოთხოვნით.

სააკაშვილი 30 მაისს პრეზიდენტის სასახლეში ვახშამს მართავს და გუბერნიებიდან ოც–ოცკაციან დელეგაციას ეპატიჟება დელიკატესებით დახუნძლულ გრძელ მაგიდასთან! ვისთვის და რის გამო ხდება საზეიმო მიღება, რატომ ანაყრებს პოლიტიკურად და ძალაუფლებრივად ,,მოშიებულ" ,,ნაცებს" ქვეყნის პრეზიდენტი, ძნელი მისახვედრი არაა!"

 

(,,ალია"N55; ავტორი: ნანა თვალაბეიშვილი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...