Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    472.276

აფხაზური მხარე ორმხრივ დიალოგზე საუბარს განაგრძობს


PLANETA_INFO

1.185 views

1029260542.jpg

პარტია ,,ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერმა სერგეი შამბამ ქართულ მხარესთან აფხაზების შესაძლო მოლაპარაკების შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ,,საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტები დამყარდეს,“ აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას.

,,აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის ნათქვამი, რომ იმისათვის, რათა პოლიტიკური კონტაქტები დამყარდეს და ღირებული შედეგები მივიღოთ, აუცილებელია ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და უარი ითქვას ისეთ პოლიტიკაზე, სადაც აფხაზეთს იხსენიებენ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიას და უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთიდან არის ნაკარნახევი. რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს შეთანხმება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. როცა შესაბამისი დრო დადგება, რეალურ შედეგსაც მივიღებთ, ახლა კი საუბარი იმაზე, რომ დიალოგი არ გვჭირდება, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამის თქმა ჭკვიან ხალხს როგორ შეუძლია.“ - განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, ომის დამთავრებიდან, ,,ქვეყნები“ სხვადასხვა დონეზე ადრეც აწარმოებდენ მოლაპარაკებებს. მან მაგალითად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, არძინბასა და შევარდნაძეს შორის, 1997 წელს დადებული მემორანდუმი და სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართული შეხვედრები მოიყვანა.

,,ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და რა თქმა უნდა, საჭიროა, როგორმე საერთო ენა გამოვნახოთ.“ - აღნიშნა სერგეი შამბამ.

დღეს, 17 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც ეხებოდა ქართველი პოლიტიკოსების რეაქციას, ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით. დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, სწორედ სერგეი შამბამ ისაუბრა.

უწყებამ გაკვირვება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ გახმოვანებული მზადყოფნის გამო.

ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ემხრობიან ორმხრივი დიალოგის ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც გაითვალისწინებს აფხაზეთის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე ეკოლოგიას და სხვა თემებს, რაც ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება.

აქვე, მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსი არავითარი მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს.

,,ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი და სოხუმსა და თბისლისს შორის ამა თუ იმ ფორმის დიალოგის მიზანშეწონილობის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც ორივე მხარეს იურიდიულად დაავალდებულებს, არ გამოიყენონ ძალა ერთმანეთის მიმართ.“- განმარტებულია განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...