კონტენტზე გადახტომა






სურათი

,,რუსეთს უნდოდა, აფხაზეთში საკვანძო სამსახურების უფროსებად რუსები ყოფილიყვნენ"

დაპოსტა: PLANETA_INFO, ში რეგიონი 13 January 2020 · 66 ნახვა

#აფხაზეთისაქართველოა
დადებული სურათი
ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიციური პარტიების 4 დღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ პოსტიდან გადადგომის შესახებ, ოფიციალურ განცხადებას ხელი გუშინ მოაწერა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი აცხადებს, რაულ ხაჯიმბა მომავალ ,,საარჩევნო მარათონში“ მონაწილეობას არ მიიღებს და არც ადგილობრივი უზენაესი სასამართლოს დადგენილებას გაასაჩივრებს, რომლის ძალითაც გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმებულად გამოცხადდა.
ბარციცის თქმით, რაულ ხაჯიმბამ თავისი ხალხისთვის ბევრი რამ გააკეთა, თუმცა მისი ,,მოღვაწეობის“ შეფასება ჯერ ნაადრევია.
,,გადადგომის შესახებ მისი განცხადება კარგად აწონილ-დაწონილია. ასეთი ვაჟკაცური ნაბიჯის შემდეგ, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩემის ზარით, მართებული არ იქნება. დაე, ისეთი პოლიტიკოსები მოვიდნენ, რომლებიც რეალურად შეძლებენ ჩვენი ხალხის გაერთიანებას.“ - აღნიშნა ეგრეთწოდებულმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არ არის გამორიცხული, ხაჯიმბას მოხმრეებმა მხარი ერთ-ერთ კანიდატს დაუჭირონ.
,,რაულ ხაჯიმბას დიდი ელექტორატი ჰყავს. ბუნებრივია, შეგვიძლია რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პატარა საიდუმლოებები, რომელთაც ჯერ-ჯერობით არ გავამხელთ. ჩვენ უკვე გაგვაჩნია პოლიტიკური გამოცდილება და ხმას იმ კანდიდატს მივცემთ, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ყველაზე მაღლა დააყენებს. რომელი იქნება ასეთი, მას შემდეგ გაირკვევა, როცა ვნახავთ, ვინ დააყენებს თავის კანდიდატურას.“- განაცხადა ასლან ბარციცმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მისი გადადგოის მოთხოვნით, ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა შტურმი 9 იანვრის დილიდან მიიტანეს და ძალადობრივი გზით, შენობაში შეღწევა მალევე მოახერხეს.
მომიტინგეთა ნაწილი, 4 დღის განმავლობაში შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე რჩებოდა, გუშინ საღამოს მათ ეგრეთწოდებულ სამთავრობო აგარაკთან გადაინაცვლეს, სადაც ხაჯიმბა იმყოფებოდა. მის დაცვასა და აქციის მონაწილეებს შორის იქაც ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. იმ დროისათვის შენობასთან, უკვე, რამდენიმე ასეული მომიტინგე იყო შეკრებილი.
გარკვეული დროის შემდეგ მათთან გავიდა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ეგრეთწოდებული პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სერგეი შამბა, რომელმაც ხაჯიმბას მიერ პოსტის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება წაიკითხა, რასაც აქცციის მონაწილეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეწოდებული პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის მარტში გაიმართება, ვინ იყრის კენჭს და კონკრეტულად ვინ იბრძოლებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ამის შესახებ, ჯერ-ჯერობით განცხადებები არ გაკეთებულა.
არჩევნებამდე ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვალერი ბგანბა დაინიშნა, რომელიც აქამდე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყო.
რაც შეეხება რიგით აფხაზებს, ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა ან ,,სახელმწიფოზე“ ზრუნვა არაფერ შუაშია, ძალაუფლებაზე მეტადაც ხელისუფლებაში მოსვლა ყველას ფულის მოსახვეჭად უნდა.
Planeta.ge სოცილაური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთ აფხაზ მოქალაქეს ესაუბრა და ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების მოკლე შეფასება თხოვა.
(ობიექტური მიზეზების გამო, რესპონდენტის ვინაობას არ ვახმაურებთ, მის მოსაზრებას კი უცვლელად გთავაზობთ.
,,აქ რაც ხდება, ამ მოვლენებში პოლიტიკა არაფერ შუაშია, აფხაზეთში ძალაუფლება დაკავშირებულია ფულთან. ვინც ხაჯიმბამდე იყო ხელისუფლებაში, ყველა მილიონობით ხარჯავდა ბიუჯეტის ფულს. როცა რაულ ხაჯიმბა ავირჩიეთ პრეზიდენტად, მან კორუფციაში გარეული თანამდებობის პირები მოხნა, ბევრს სახემწიფო თანხებთან მისასვლელი არხები გადაუკეტა, ხელ-ფეხი შეუკრა, რამაც ისინი გააცოფა, რადგან მანამდე ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. არადა თანამდებობის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონდათ და საიდან მოჰქონდათ ამდენი თანხა? ხაჯიმბამ ისინი მშრალზე დატოვა, ამიტომ თავიდანვე უკმაყოფილოები იყვნენ.
მიუხედავად ბრძოლისა, ის მაინც ვერ მოერია კორუფციას და ბანდიტიზმს, რომელიც აქ მეფობს. აფხაზეთში კანონიერი ქურდების მმართველობაა.
რაც შეეხება თავად რაულ ხაჯიმბას ქონებას, ვერავინ იტყვის, რომ მან ამ წლების განმავლობაში, რამე ღირებული შეიძინა, საკუთარი მანქანაც კი არ ჰყავს. საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, სუსტი აღმოჩნდა, სიძნელეებს ვერ გაუმკლავდა, წესრიგი ვერ დაამყარა.
ადამიანურად, მასზე გული გვწყდება, მაგრამ იქნებ მისი წასვლა ჯობდეს. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, აღარ ვიცით, რა იქნება უკეთესი. დღეს ღირსეული კანდიდატი არ ჩანს.
რუსეთის როლს რაც შეეხება, მათ უნდოდათ, აფხაზეთში საკვანძო სამსახურების უფროსებად რუსები ყოფილიყვნენ, რასაც, გარკვეულწილად ხაჯიმბაც ემხრობოდა, მაგრამ ამასთან შეგუება არავის უნდოდა...
ზოგადად, ჩვენს ხალხს წესრიგი არ უყვარს, ურჩევნიათ ქაოსი იყოს და გვაქვს კიდეც.“