კონტენტზე გადახტომა






სურათი

აფხაზებს ეშინიათ, რომ რუსეთი მათ ,,სხვა თვალით" შეხედავს

დაპოსტა: PLANETA_INFO, ში რეგიონი 10 January 2020 · 145 ნახვა

#რეგიონი
დადებული სურათი
როგორც ვიცით, 9 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაცია შტურმით აიღეს. ისინი 2019 წლის შემოდგომაზე გამართული, ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
ამის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო სპეციალური პროექტი, რომლითაც ხაჯიმბას პოსტის ვადაზე ადრე დატოვებისკენ მოუწოდებენ. მისგან მიიღეს პასუხი, რომ ,,საერთო ნაციონალური“ შეთანხმების მისაღებად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, უმჯობესია, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
აფხაზმა პოლიტოლოგმა, ბესლან ხაგბამ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, აღნიშნა, თუ რატომ არ შეიძლება ახლა სოხუმში საგანეგბო მდგომარეობის გამოცხადება და როგორ უნდა გამოვიდნენ ისინი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.
მისი აზრით, აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევა მხოლოდ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის გზით არის შესაძლებელი, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ,,ქვეყანაში“ შექმნილ რთულ ვითარებაზე კიდევ უფრო უარყოფითად აისახება.
ამის დასტურად ხაგბამ ,,სხვა ქვეყნების“ მაგალითები მოიყვანა.
,,ჩვენ უნდა გვახსოვდეს მიტინგების მწარე გამოცდილება აზერბაიჯანსა და საქართველოში. მე მახსოვს ბაქოში არსებული წინააღმდეგობები, სადაც მიტინგი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადება ცუდის ნიშანია.“
ბესლან ხაგბას აზრით, ვითარების სტაბბილიზაცია იოლი არ არის, ამიტომ საკითხს ცოდნით უნდა მიუდგნენ, რათა ხალხის დაპირისპირება არ გამოიწვიონ.
,,მკაცრი პოლიტიკური კრიზისის ნიშნები სახეზეა, თუმცა კატასტროფამდე ჯერ არ მივსულვართ, ამიტომ პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ისაუბრონ არა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს, არამედ გამოსავალზე შექმნილი ვითარებიდან.“ - აცხადებს აფხაზი პოლიტოლოგი.
მისი თქმით, აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი ახლა არ დამდგარა და ,,რესპუბლიკაში“ ჯერ კიდევ 2004 წლიდან მიდიოდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის.
,,ვითარება ძალიან დაძაბულია და ჩვენ ძალიან შორს წავედით... მთელი ეს წლებია, მიდის პოლიტიკური ბრძოლა. ვერ ვიტყვით, რომ 2004 წლიდან ჩატარდა რამე რეფორმა აფხაზური ენის განვითარების მხრივ, დემოგრაფიული საკითხის მოგვარების ან ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მხრივ. მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ეს არის ჩვენი თანამედროვე საზოგადოების სენი. თუ აფხაზები დაპირისპირებას არ შეწყვეტენ, მაშინ შეიძლება ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რუსეთმა სხვა თვალით შემოგვხედოს და მაშინ აფხაზეთის მომავალი ძალიამ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს უნდა გვახსოვდეს.“- აღნიშნა ბესლან ხაგბამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სოხუმში საპროტეტსო აქციები გუშინ, 9 იანვარს დილიდანვე დაიწყო. აქციის მონაწილეები ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.
ასობით მომიტინგემ ადმინისტრაციის შენობა, კარებისა და ფანჯრების შემტვრევის შემდეგ, შტურმით აიღო. მათი ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში შენობის შიგნით, ნაწილი კი - ქუჩაში მორიგეობდა. დილით აქციის მონაწილეებმა თავიანთ თანამოზარეებს მოუწოდეს შეერთებოდნენ საპროტესტო აქციას.
ამასთან, დღეს დილიდან სოხუმში შეკრება დაიწყეს ხაჯიმბას მომხრეებმაც.