Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.488

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება


PLANETA_INFO

826 views

231189147.jpg

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის, მათ შორის ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს მედიისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. დაკავებულია საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს, ფხვნილის სახით 21 კილოგრამამდე და სითხის სახით, 10 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ასევე, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა საერთაშორისო ორგანიზებული დაჯგუფება, ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით, სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.

აღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების რეგიონალური მენეჯერი, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. ორგანიზაციისთვის შესაბამის კადრებს არჩევდა, შერჩეული კადრები საქართველოში ჩამოჰყავდა და მათ კოორდინაციას უწევდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყირგიზეთის მოქალაქე დ.კ. თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ხოლო საქართველოს მოქალაქე გ.რ. ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორის შერევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს ამზადებდნენ და დამფასოებლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდნენ.

მათ უშუალო კავშირი ჰქონდათ თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდნენ. რუსეთის მოქალაქე რ. ი-ს ფიქტიური ფირმის სახელზე საზღვარგარეთიდან იგზავნებოდა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ნარკოლაბორატორიაში მომუშავე პირებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე ათავსებდა. მას უშუალო კავშირი ჰქონდა თავის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების განთავსების ადგილების ფოტოსურათებს და სამალავების კოორდინატებს უგზავნიდა.

გამოძიებით, ასევე, დადგენილია, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ხ.ტ. ყირგიზეთის მოქალაქის, დ.კ.-ს მიერ ლაბორატორიაში დამზადებულ და სხვადასხვა ადგილას განთავსებულ ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ალფა-პვპ“-ს იღებდა, აფასოებდა და დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მომუშავე კურიერებისთვის სხვადასხვა მისამართზე ათავსებდა.

ყირგიზეთის მოქალაქეები: უ.შ. და ა.ბ. ნარკოტიკულ ნივთიერება „ალფა-პვპ“-ს, რომელსაც ხ.ტ. სამალავებში ათავსებდა, მითითებული მისამართებიდან იღებდნენ, აფასოებდნენ და მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა ადგილზე დებდნენ.

ყველა ბრალდებული საკომუნიკაციო საშუალებად იყენებდა ინტერნეტ აპლიკაცია „ვიპოლს“, რომლის მეშვეობითაც კავშირი ჰქონდათ, როგორც უშუალო ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოში მყოფ რეგიონალურ მენეჯერთან.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 266-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...